გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
330210019002940341
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7876-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - ნა----------–---–ი

წარმომადგენელი - რე-------------–---–ი, რო-–------------ე

 

მოპასუხე - ლალ--------–-–---–ი, ვა–--------–-–---–ი

წარმომადგენელი - და-–-------------ე

 

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გაუქმდეს ნა----------–---–სა და ლალ--------–-–---–ს შორის 2013 წლის 13 აგვისტოს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება - რეესტრის N13-------;

 

1.2. გაუქმდეს ნა----------–---–სა და ვა–--------–-–---–ს შორის დადებული 2015 წლის 20 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება - რეესტრის N15-------;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 13 აგვისტოს ნა----------–---–სა და ლალ--------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 6 თვის ვადით ისესხა 8 000 აშშ დოლარი, თვეში 4% სარგებლის გადახდით. ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ნა----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა არაუგვიანეს 2014 წლის 13 თებერვალი. ამ დღიდან ლალ--------–-–---–ს წარმოეშვა უფლება, სამი წლის განმავლობაში მოეთხოვა კანონით დადგენილი წესით (აღეძრა სარჩელი) ანდა ამავე ვადაში მიეღო ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც არ გაუკეთებია. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს. ამასთან არ არსებობს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მოქმედების შემდგომ რაიმე თანხის გადახდის ფაქტი, ანდა ვალდებულების რაიმე კანონიერი ფორმით დადასტურება.

2015 წლის 20 აგვისტოს მოსარჩელესა და ვა–--------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 6 თვის ვადით ისესხა 3 000 ევრო და 2 500 აშშ დოლარი, თვეში 3.3% სარგებლის გადახდით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნა----------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

მოსარჩელეს ხელშეკრულების შესრულების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2016 ლის 20 თებერვალი. ამ დღიდან ვა–--------–-–---–ს წარმოეშვა უფლება, რომ სამი წლის განმავლობაში მოეთხოვა კანონით დადგენილი წესით (აღეძრა სარჩელი მოსარჩელის მიმართ) ანდა ამავე ვადაში მიეღო ნოტარიუსისგან სააღსრულებო ფურცელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც არ გაუკეთებია. შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

წარდგენილი შესაგებლებით, მოპასუხე ვა–--------–-–---–ი დაეთანხმა მის ნაწილში იპოთეკის გაუქმებას, მაგრამ არა ხანდაზმულობის, არამედ ვალდებულების შესრულების საფუძვლით. მისი განმარტებით, ნა----------–---–მა მის მიმართ ვალდებულება შვილის, გი--------------–---–ის მეშვეობით შეასრულა, თუმცა მოსარჩელეს არასდროს მოუთხოვია ხელშეკრულების გაუქმება, რაზეც იგი მზად იყო.

 

რაც შეეხება ლალ--------–-–---–ს, მან განმარტა, რომ 2014 წლის 13 თებერვლიდან სამი წლის განმავლობაში, 2017 წლის 13 თებერვლამდე, მას ჰქონდა უფლება, მიეღო სააღსრულებო ფურცელი. მისი მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რაც აღსასრულებლად ჯერ არ აქვს წარდგენილი. მან ასევე მიუთითა, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა საკითხი მშვიდობიანად მოეგვარებინა და მოსარჩელეს ნებაყოფლობით გადაეხადა თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 13 აგვისტოს ნა----------–---–სა და ლალ--------–-–---–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ ლალ--------–-–---–ისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 4% სარგებლის გადახდით. მხარეები შეთანხმდნენ ასევე, რომ სესხის, ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0,15%.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნა----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე დუ–-------------ში, კო---------------–------–------------------–-----------------------------–----------------------------------------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.08.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N13-------;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.1.2. 2015 წლის 20 აგვისტოს ნა----------–---–სა და ვა–--------–-–---–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ ვა–--------–-–---–ისაგან ისესხა 3000 ევრო და 2500 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 3.3% სარგებლის გადახდით. მხარეები შეთანხმდნენ ასევე, რომ სესხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ გადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.12%.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნა----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე დუ–-------------ში, კო---------------–------–------------------–-----------------------------–----------------------------------------------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20.08.2015 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N13-------;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. ლალ--------–-–---–თან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნა----------–---–ს უნდა შეესრულებინა 2014 წლის 13 თებერვლამდე, ხოლო ვა–--------–-–---–ის მიმართ ნაკისრი ვალდებულება - 2016 წლის 20 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 13.08.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N13-------;

- 20.08.2015 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N13-------;

 

3.1.4. კრედიტორ ლალ--------–-–---–ის მოთხოვნის საფუძველზე 2013 წლის 13 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუსმა ირ--------–---–--ამ მოვალე ნა----------–---–ის მიმართ 2016 წლის 22 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს აღსასრულებლად არ წარუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.09.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი N1--------;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნით ნა----------–---–მა სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 11 აპრილს აღძრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იხილეთ სარჩელი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნა----------–---–ს შესრულებული აქვს და ამ შესრულების მიმართ, ვა–--------–-–---–ს პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. მისი გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) მსესხებელს აკისრია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად, დაცული არის თუ არა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ვა–--------–-–---–ი არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნის ხანდაზმულობაა და მიუთითებს, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება ნა----------–---–ს შესრულებული აქვს და მხოლოდ კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

ვალდებულების სადავოობის არარსებობის პირობებში სასამართლო იზიარებს მოპასუხე ვა–--------–-–---–ის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა კრედიტორის სასარგებლო შესრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 141-ე, 142-ე, 144-ე, 145-ე, 427-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 20 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლი, იპოთეკის ინსტიტუტის ლეგალურ დეფინიციას ადგენს, რომლის თანახმადაც, იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ წამყვანი მოთხოვნაა და რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკა. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა.

 

მოსარჩელე ითხოვს 2015 წლის 20 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას, მიიჩნევს, რომ ვა–--------–-–---–მა არ მოახდინა სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადაში მისი, როგორც კრედიტორის მოთხოვნის რეალიზება, არ მოუთხოვია მისგან ფულადი ვალდებულების შესრულება და არც ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიუმართავს. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ ხანდაზმულობის საკითხი საერთოდ არ დგას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნა----------–---–ს უკვე შესრულებული აქვს, შესაბამისად, არც სარჩელის წარდგენის, ან ნოტარიუსის მეშვეობით სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის აუცილებლობა იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

სასამართლომ, მოპასუხე ვა–--------–-–---–ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შესრულებით. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნა----------–---–ს შესრულებული აქვს და ამ შესრულების მიმართ ვა–--------–-–---–ს პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული გარემოება კი საკმარისი საფუძველია 2015 წლის 20 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 13 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

აღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციაა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას, იპოთეკა შესრულების ადგილს იკავებს და კრედიტორს უზრუნველყოფის მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი ძირითადი მოთხოვნის გარეშე არ არსებობს, ე.ი ძირითადი მოთხოვნის ბედს იზიარებს. აქცესორული უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე.

 

ამდენად, უნდა დადგინდეს ძირითადი მოთხოვნის - სესხის თანხის დაბრუნების ხანდაზმულობა, რათა გაირკვეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

სადავო არ არის, რომ ლალ--------–-–---–თან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2013 წლის 13 აგვისტოს დაიდო. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება ნა----------–---–ს 6 თვის ვადაში უნდა შეესრულებინა, შესაბამისად, 2014 წლის 13 თებერვლამდე. ამდენად, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2014 წლის 13 თებერვალი. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2017 წელს. ხანდაზმულობის საფუძვლით იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი მოსარჩელემ 2019 წლის 11 აპრილს აღძრა.

 

ასევე არ არის სადავო, რომ ლალ--------–-–---–მა 2013 წლის 13 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2016 წლის 22 სექტემბერს. საგულისხმოა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულ 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს, ვინაიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან ერთად აუცილებელი იყო აღმასრულებელი მოქმედების განხორციელებაც (სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენა). სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ამ განმარტებას, შემდეგი საფუძვლით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია: სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად; განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის, ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ; აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

სსკ-ის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა წესრიგდებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ, საქმე Nას-960-909-2015, 4.12.2015 წელი).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა შესაძლებელია მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა, მისი დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია შეწყვეტა ვეღარ მოხდება.

 

მოვალემ ვალდებულება კრედიტორის წინაშე ზუსტად ისე უნდა შეასრულოს როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს გააჩნდა, სახელდობრ: ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სწორედ აღნიშნულ დანაწესს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რაც, თავისი შინაარსით ნორმა-პრინციპს წარმოადგენს და ლაიტმოტივად გასდევს მთლიან შესრულებას. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სკ-ის 316-ე მუხლი). შესრულებას ემსახურება მხარეთა ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების განხორციელება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული მხარე სამოქალაქო რისკის მატარებელია, რაც ასევე გულისხმობს, რომ შესაძლოა მოვალემ ვალდებულება ზემოთდასახელებული სტანდარტის შესაბამისად არ შეასრულოს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ლალ--------–-–---–ის მიმართ სადავო არ არის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ვალდებულებას არ ასრულებს, კრედიტორი უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი უფლების მართლზომიერად დაცვის საშუალებები. ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი სასამართლოსათვის მიმართვაა, თუმცა, ეს უკანასკნელი წარმოადგენს უფლებას და კერძო სამართლის სუბიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეთანხმების საფუძველზე აირჩიონ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, როგორიცაა არბიტრაჟი, მედიაცია და ა.შ. ასევე, კრედიტორს შეუძლია ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ასეთ დროს, დაცული უნდა იყოს ფორმალური მოთხოვნები, რაც, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა. კერძოდ, მხარეები ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ კრედიტორის ამგვარ უფლებამოსილებაზე. 2013 წლის 13 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ლალ--------–-–---–მა ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით, ხანდაზმულობის ვადაში 2016 წლის 22 სექტემბერს მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მოვალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააღსრულებო ფურცლის გაცემა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. ამავე ხელშკრულებით მხარეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მომართვისა და სასამართლო წარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მსესხებლის მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის საააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში მოპასუხე ლალ--------–-–---–ის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღება უნდა ჩაითვალოს ისე ქმედით მოქმედებად, რაც უტოლდება სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს - აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად ჯერ არ წარუდგენია, მისი წარუდგენლობით გამოწვეული რისკი კრედიტორზეა და სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით უტოლდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის გათვალისწინებულ ვადას და აღნიშნული ვადა ჯერ არ გასულა.

 

სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი, მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (იხ. სუსგ. №ას-431-409-2012, 14.05.2012წ.; №ას-7-7-2017; 13.04.2017წ.; №ას-67-61-2015, 09.02.2015წ.; №ას-205-198-2012, 06.04.2012წ.).

 

ამ ნორმით გათვალისწინებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადა კრედიტორის უფლება-დამცავი ნორმაა, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის იძულებით რეალიზაცია მოახდინოს 10 წლის განმავლობაში. (იხ. სუსგ. №ას-871-813-2017; 08,07.2017 წ.).

 

კონკრეტულ შემთხვევაში ლალ--------–-–---–ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგინდა კრედიტორის სასარგებლოდ კონკრეტული უფლებები (მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკის საგნის რეალიზაცია), რომლის იძლებით აღსრულების ვადაც 10 წელს შეადგენს.

 

ამდენად, მოპასუხე ლალ--------–-–---–ის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღებით მოხდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და არც დამატებითი მოთხოვნის ვადა არ გასულა.

 

აღნიშნული გარემოება კი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის მოტივით იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის მიერ თითოეულ მოთხოვნაზე გახდილია სახელმწიფო ბაჟი 120-120 ლარი. მოპასუხე ვა–--------–-–---–ი საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე დაეთანხმა მასთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე ნა----------–---–ს უნდა დაუბრუნდეს ვა–--------–-–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი, ხოლო ლალ--------–-–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო დარჩენილი 120 ლარი არ ექვემდებარება ანაზღარებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა----------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. გაუქმდეს 2015 წლის 20 აგვისტოს ნა----------–---–სა და ვა–--------–-–---–ს შორის დადებული N15------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკა უძრავ ქონებაზე მდებარე: დუ–-------------ში, კო---------------–-------–------------------–-----------------------------------------------------------------.

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს ნა----------–---–ის მოთხოვნა 2013 წლის 13 აგვისტოს ნა----------–---–სა და ნა---------–-–---–ს შორის დადებული N13------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე: დუ–-------------ი, კობიაანთდასახელება N4. დ-------------–-----------------------------------------------------------------;

 

2. ნა----------–---–ს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 120 ლარი, რაც სს „თიბისი ბანკის“ 11/04/2019 წლის N0 საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე სახაზინო კოდი 300773150;

 

3. ნა----------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე