განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119002820186
საქმე N 1- 24 -19
განაჩენი
საქართველოს სახელით
11. 10. 2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე - ბოლქვაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: შოთა ჩხაიძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: და----------–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N056281218001
ბრალდებული: ნო--------–----
მამის სახელი: ავ-------ლი
დაბადებული: 19.04.1----–--–-
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი ც----–-------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა ნო--------–----მ, პირადი მოხმარების მიზნით უკანონოდ შეიძინა 0,0098 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი), რომელსაც 2018 წლის 28 დეკემბერს ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად ქ.ოზურგეთში, დ-----------–-----–------------ ე.წ. ,,გმირთა მოედნის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილების დროს და მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ბრალდების მხარის მიერ, ნო--------–---ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.
2019 წლის 8 ოქტომბერს, ბრალდებულ ნო--------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და----------–--ემ შუამდგომლობით მომართა სასამართლოს, ნო--------–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ნო--------–---- გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენით, ნო--------–---- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, მასვე, 3 წლის ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ნო--------–---ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით გაუქმდა და შეეცვალა ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმით - 1875 ლარის ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით, ნო--------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის და----------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნო--------–---- გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ამასთან, ნო--------–----ს აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნო--------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით.
2019 წლის 15 თებერვლის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ნო--------–---ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ნო--------–----მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და----------–--ემ ითხოვა ნო--------–---ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის N1/13/732 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა რა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით, ნო--------–---- გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
საქმის არსებითი განხილვისას, ნო--------–----მ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო--------–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით, ნო--------–---- გათავისუფლდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, იგი ითვლება ნასამართლობის არ მქონედ და აღარ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნო--------–---ის მსჯავრდების საფუძველი, შესაბამისად, ნო--------–---ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო--------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნო--------–---ის ბრალეულობას, სახელდობრ, გიორგი ნემსაძის პატაკი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნო--------–---ის პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, ნო--------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი, სასამართლოს განჩინება ჩატარებული პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, 2018 წლის 28 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: უჩა ლომჯარიას, გურამ სალუქვაძის, გია ნემსაძის და გიორგი შარაშენიძის გამოკითხვის ოქმები, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- აპრილის განაჩენი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აგვისტოს განჩინება, აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროდან მიღებული წერილი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ნო--------–----მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო--------–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რაც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ნო--------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ნო--------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნო--------–---- აღიარებს დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ნასამართლობის არ მქონეა, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ნო--------–----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამდენად, ნო--------–----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნარკოტიკული საშუალება - მეთადონის (მარილი) შემცველი სითხე, ქიმიური ექსპერტიზის შემდეგ დარჩენილი მოცულობით 7,3 მლ, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნო--------–---ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
1.1. ნო--------–---- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
2. ნო--------–---- დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში, რაც დაევალოს სასამართლოს მანდატურის სამსახურს.
3. მსჯავრდებულ ნო--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ ნო--------–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, კერძოდ 2019 წლის 11 ოქტომბრიდან.
5. ნო--------–---- მოთავსდეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
6. ნო--------–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
7. გაუქმდეს მსჯავრდებულ ნო--------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ნო--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ნა----------–---–ის პ/ნ 3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ 2--2--5-.---.) მდებარე ქ.ოზურგეთი, ნ------------------- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
8. მსჯავრდებულ ნო--------–----ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რომელთა ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
9. მსჯავრდებულისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 5. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
10. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
10.1. ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველი სითხე, ქიმიური ექსპერტიზის შემდეგ დარჩენილი მოცულობით 7,3 მლ, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს განადგურების მიზნით.
11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
12. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარინა კიკნაძე