გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210118002526816
№2-2798/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს „მ–------–-+“
წარმომადგენელი რ----- ჯ---------ე
მოპასუხე შპს „-----“
წარმომადგენელი ჯუმბერ ქართველიშვილი
დავის საგანი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „-----“-ს დაეკისროს შპს „მ–------–-+“-ის სასარგებლოდ სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 171 500 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ექვივალენტ ლარში.
1.2. შპს „-----“-ს დაეკისროს შპს „მ–------–-+“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „-----“-მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად, მოპასუხე უარს აცხადებს საპასუხო შესრულებაზე. ამასთან მოპასუხე სადაოდ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ნამდვილობას და განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოდგენილია შეცვლილი სახით და მასში ჩამატებულია მოსარჩელის სასარგებლო პუნქტები (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს „მ–------–-+“-სა და შპს „-----“ შორის არსებობდა ნარდობის ხრლშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თანმახმადაც შპს "მ–------–-+“-ს შპს „-----ს“ დაკვეთით უნდა აეშენებინა ქ.ბათუმი, ლ-------ს ქN5-ში მრავალსართლიანი შენობა-ნაგებობა 2500 კვმ ფართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2016 წლის 27 სექტემბერს შპს „მ–------–-+“-ს და შპს „-----“-ს შორის გაფორმებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „მ–------–-+“-მ აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, ქ. ლ-------ს N5-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აეშენებინა შენობა-ნაგებობა, კერძოდ: მოპოვებული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაკეთება. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა მხოლოდ კარკასული ნაწილით.
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „მ–------–-+“-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების წარმოება 2500 კვმ ფართზე.
2016 წლის 27 სექტემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად მენარდე კისრულობდა ვალდებულებას ყველა სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი სამშენებლო მასალებით. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დაანგარიშებული იქნა 1კვ.მ. სამშენებლო ფართზე 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით. ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენდა 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ მენარდეზე თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მთლიანი პროექტის ღირებულება განაწილდებოდა ერთ წელზე და პროპორციულად ყოველთვიურად ჩაერიცხებოდა მენარდეს შესაბამისი თვის პროპორციით თანხა. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად ნარდობის ხელშეკრულება მოქმედებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 27.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება. (ს.ფ. 17-19).
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „მ–------–-+“-მა შპს „----თან“ 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად აწარმოა ქ. ბათუმში, ქ. ლ-------ს ქ.N5-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები. 2017 წლის 03 მაისს მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 188 000 ლარის ოდენობით, რაც შეადგენდა 78.500 აშშ დოლარს.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდეველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა N373 დადგენილება, რომლის თანახმადაც შპს „-----“ ქ. ბათუმში, ლ-------ს ქN5-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოების წესების დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამო დაჯარიმდა 500 ლარით და შეჩერდა ქ. ბათუმში, ლ-------ს ქN5-ში მდებარე უსაფრთხოების წესის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
- სასაქონლო ზედნადებები.
- ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება. 16.01.2017წ.
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება. 07.08.2017.
- სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა
- შესრულებული სამუშაოების აქტი, ფორმა N2.
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
-ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდეველობის სამსახურის 2017 წლის 19 ივნისის N373 დადგენილება.
3.2.3. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით შპს „მ–------–+“-ს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა ერთი წლის ვადაში, თუმცა მოსარჩელემ ვერ სრულად ვერ უზრუნველყო სამშენებლო სამუშაოების დასრულება შეთანხმებულ ვადაში.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შპს „მ–------–-+“-ის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ ქ. ბათუმში, ლ-------ს ქN5-ში განხორციელდა 2500 კვმ ფართის სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, კერძოდ მის მიერ აშენებული იქნა საცხოვრებელი სახლის 8 სართულის მხოლოდ კარკასული ნაწილი და მოთხოვნილი იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად, თუმცა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებული არ იქნა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მტკიცებით შესრულებული სამუშაოები იყო ხარვეზიანი.
2018 წლის იანვარში შპს „მ–------–-+“-ის მიერ სარჩელი იქნა წარდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „-----“ მიმართ, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება 171 500 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ შპს „მ–------–-+“-ის მოთხვნით ყადაღა დაედო „შპს „-----ს“ საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას.
მართალია შპს „მ–------–-+“-ის სარჩელი 2018 წლის იანვარში ორჯერ არ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ წამოებაში მოსაჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხის გადაუხდელობის გამო, თუმცა დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „მ–------–-+“-ის მიერ სასამართლო დავის დაწყების შემდეგ არაერთხელ გაგზავნილი იქნა მოპასუხე შპს „-----ს“ მიერ წერილები შპს „მ–------–+“-ზე, სადაც მოპასუხე აფიქსირებს, რომ შპს „მ–------–-+“-ის მიერ არ არის შესრულებული სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში და ასევე მას პრეტენზია გააჩნია შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებითაც, თმცა საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად რა პრეტენზია გააჩნია მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით და რის გამოსწორებას მოითხოვს იგი. ამავე წერილებში მოპასუხე განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების გამოყენებით მას მოსარცელემ მიაყენა დიდი ფინანსური ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
- სასაქონლო ზედნადებები.
- ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება. 16.01.2017წ.
- სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა
- შესრულებული სამუშაოების აქტები.
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- მოწმეთა ჩვენება.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის N2/149-2018 განჩინება.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 19.12.2017წ.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 01.02.2018წ.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 05.03.2018წ.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 03.05.2018წ.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 16.05.2018წ.
- შპს „-----ს“ წერილი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დასრულების შესახებ. 07.06.2018წ.
3.2.4. დადგენილია, რომ შპს „-----ს“ მოთხოვნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 აპრილის N1330 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილებები ქ. ბათუმში, ლ-------ს ქN5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით გაცემულ არქიტექტურულ პროექტში, შეწყდა შპს „მ–------–+“-თან დადებული ხელშეკრულება და სამშენებლო სამუშაოები შემდგომში ზ/აღნიშნულ ობიექტზე გაგრძელდა სხვა პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 11 აპრილის N1330 ბრძანება.
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, საპროექტო დოკუმენტაცია.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წამომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს „მ–------–-+“-ს მიერ არ იქნა დასრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სრულად და მის მიერ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთი ვერ ადასტურებს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის ნაკლიანი შესრულების გამო გავიდა ხელშეკრულებიდან, უფრო მეტიც, მოპასუხის შედავების თუნდაც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გაზიარება არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ მენარდემ ნაკლიანი შესრულება განახორციელა. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მოსარჩელის ქმედების გამო კომპანიამ განიცადა ფინანსური და მორალური ზიანი, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან არ წარმოდგენილა შეგებებული სარჩელი.
ამდენად, სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია და მას მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ღირებულების სახით, 171 500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ნარდობის ხელშეკრულება;
- მოწმეთა ჩვენება.
- შესრულებული სამუშაოს აქტები.
-მიღება-ჩაბარების აქტი სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N01/10. 24.09.2017წ.
3.2.6. დადგენილია, რომ შპს „-----“ სადაოდ ხდის შპს „მ–------–-+“-ის სარჩელზე თანდართული ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება არის ყალბი, მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა. დადგენილია, რომ მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელესთან ნარდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად დაიდო მსგავსი შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე შპს „მ–------–-+“-ს უნდა აეშენებინა ქ. ბათუმში, ლ-------ს ქN5-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 2500 კვმ ფართის მხოლოდ კარკასული ნაწილი, ასევე მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ შეთანხმების თანახმად 1 კვმ ფართის ღირებულება შეადგენდა 100 აშშ დოლარს. სასამართლოს მიერ დადაგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „მ–------–-+“-ის მიერ შესრულდა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ აშენებული იქნა ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურისაგან მოპოვებული მშენებლობის ნებართვის და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად 2500 კვმ ფართის კარკასული ნაწილი. მართალია შემდგომში პროექტში შეტანილი იქნა ცვლილებები, თუმცა ეს გარემოება არ ცვლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არ ათავისუფლებს მოპასუხეს უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მოპასუხე მხარის განმარტებით წარმოდგენილი 2016 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული და მხარეთა ხელმოწერით დადასტურებული ნარდობის ხელშეკრულება ყალბია, ხელშეკრულების საგანი და ანგარიშსწორების პირობები არის შეცვლილი (გაყალებული), ვინაიდან მხარეები რეალურად გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული იყვნენ, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა მენარდის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელსაც დაემატებოდა 20 (ოცი) აშშ დოლარი 1 კვ.მ-ზე, მისი მტკიცებით მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იყო სამ გვერდიანი და თითოეულ გვერდზე დაფიქსირებული იყო მხარეთა ხელმოწერები. საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულბაში კი მსგავსი შეთანხმება არ არის მითითებული.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების სამივე გვერდზე არ არის მხარეთა ხელმოწერა, თუმცა დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების დედანი და მას ორივე მხარე აწერს ხელს. მხარეთა ხელმოწერები კი სადაოდ არ არის გამხდარი. ის გარემოება, რომ საქმეში დამატებით კიდევ მოიპოვება განსხვავებული შინაარსის იმავე თარიღის ნარდობის ხელშეკრულებები, რომელიც არააა მხარეთა მიერ დამოწმებული და ხელმოწერილი, არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შინაარსით სრულად ემთხვევა მხარეთა განმარტებებს, ჩავთვალოთ ყალბად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს „-----“-ს წარმომადგენელის ზ/აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 27 სექტემბერს ნამდვილად იქნა დადებული ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „მ–------–-+“-მა აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, ქ. ლ-------ს N5-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აეშენებინა შენობა-ნაგებობა, კერძოდ: მოპოვებული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაკეთება. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა მხოლოდ კარკასული ნაწილით. შეთანხმების თანახმად შპს „მ–------–-+“-ის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2500 კვმ ფართზე სამშენებლო სამუშაოები საკუთარი სამშენებლო მასალებით. ამასთან შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო 1კვ.მ. სამშენებლო ფართზე 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 27.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
3.2.7. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ განხორციელდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 03 დღის ვადაში. ხელშეკრულების 3.3. პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი შემკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემიდან 03 დღის ვადაში ხელს არ მოაწერდა მიღება ჩაბარების აქტს, სამუშაოები შესრულებულად (მიღებულად) ჩაითვლებოდა და შესაბამისად შემკვეთს წარმოეშვებოდა გადახდის ვალდებულება. დადაგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე გაგზავნილია მიღება- ჩაბარების აქტები ხემოსაწერად.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 27 სექტემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადასახდელი ქონდა სულ 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საიდანაც მის მიერ გადახდილი იქნა 78 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რის შემდეგაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 171 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 24.09.17წ. მიღება-ჩაბარების აქტი სამშენებლო წარმოების შესახებ N01/10
- 03.05. 2017წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
- 27.09.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ–------–-+“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე შპს „-----“-ს დაეკისროს მოსარჩელე შპს „მ–------–-+“-ის სასარგებლოდ 171 500 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული კურსის მიხედვით ექვივალენტ ლარში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 636-ე, 648-ე, 649-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულებისის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამ ნორმების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია ნამდვილი ნების გამოვლენა და ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს, ესაა ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა. ნორმის ამგვარი დათქმიდან გამომდინარე, ყოველი ნების გამომვლენი პირი, მიუხედავად გარიგების დადების მოტივისა, ამ გარიგებიდან გამომდინარე რისკებზე პასუხისმგებელი თავად ხდება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს შპს „მ–------–-+“-სა და შპს „-----“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგების მიხედვით, მოსარჩელე (მენარდე) კისრულობდა ვალდებულებას ეწარმოებინა სამშენებლო სამუშაოები 2500 კვ.მ ფართზე შესაბამისი ანაზღაურების მიღების პირობით, ხოლო მოპასუხე (შემკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „მ–------–-+“-მა აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, ქ. ლ-------ს N5-ში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად აეშენებინა შენობა-ნაგებობა, კერძოდ: მოპოვებული მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სხვენის საცხოვრებელ ფართად გადაკეთება. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა მხოლოდ კარკასული ნაწილით. ამავე ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად მენარდე კისრულობდა ვალდებულებას ყველა სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი სამშენებლო მასალებით, ამასთან დადგენილია, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „მ–------–-“+მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. მის მიერ ვალდებულების შესრულება დგინდება საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით, ანგარიშ-ფაქტურებით, სამუშაოების ხარჯთაღრიცხვით, განმარტებითი ბარათით და მოწმეთა ჩვენებებით. გარდა ამისა შპს „-----“-ს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია, მასზედ, რომ შპს „მ–------–-“+ის მიერ ვალდებულება შესრულებული არ არის, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა შესაბამისი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება იყო თუ არა იმ ხარისხისა და მოცულობის, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.
ნარდობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ მენარდეზე თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მთლიანი პროექტის ღირებულება განაწილდებოდა ერთ წელზე და პროპორციულად ყოველთვიურად ჩაერიცხებოდა მენარდეს შესაბამისი თვის პროპორციით თანხა. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად შემკვეთი ვალდებული იყო მენარდისათვის დროულად გადაეხადა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა სამშენებლო სამუშაოები და 2017 წლის 24 სექტემბერს შპს „-----“-ს გაეგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ N01/10. შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად უნდა აენაზღაურებინა ერთი წლის ვადაში, რაც მას არ შეუსრულებია. ხელშეკრულების 3.3 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი შემკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემიდან 03 დღის ვადაში ხელს არ მოაწერდა მიღება-ჩაბარების აქტს, სამუშაოები შესრულებულად (მიღებულად) ჩაითვლებოდა და შესაბამისად შემკვეთს წარმოეშვებოდა გადახდის ვალდებულება.
6.4. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოები მენარდის მიერ შესრულდა, სამუშაოები მიღებულად ჩაითვლა, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად. ამდენად სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადასახდელი ქონდა სულ 250 000 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ კი გადახდილი იქნა სულ 78 500 დოლარი, რის შემდეგაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 171 500 დოლარი.
6.5. დადგენილია, რომ შპს „-----"-ს დირექტორმა წერილობით რამოდენიმეჯერ მიმართა მოსარჩელეს და სადაო გახადა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები. აღნიშნული დროისათვის მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ პროექტი შესრულდა არაჯეროვნად, თუმცა მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან მოსარჩელე მხარეს პროექტის არაჯეროვან შესრულებასთან ან ვადის დარღვევასთან დაკავშირებით ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარუდგინა პრეტენზია.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
6.6. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოპასუხე შპს „-----“-მ ვერ დაადასტურა შესაგებელში მითითებული გარემოებები. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „მშენებლი+“-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით და ასევე მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მ–------–- +“-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს „-----“-ს დაეკისროს შპს „მ–------–-+“-ის სასარგებლოდ სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 171 500 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის არსებული კურსის მიხედვით ექვივალენტ ლარში.
1.2. შპს „-----“-ს დაეკისროს შპს „მ–------–-+“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე