განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2019
საქმის ნომერი
330100119002968743
თარიღი
03.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1845-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ვ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი----- ჩ--------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–----- მ------რ-ნი, 2--- კორპუსი, ბინა 2----

 

ადვოკატები - ს------- ჯ--------ე, ვ-----–- მ-----------

თარჯიმანი - ი-------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 17 მარტს 19:00-20:00 საათამდე პერიოდში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი----- ჩ--------მა ურთიერთშელაპარაკების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამარშუტო ტაქსის მძღოლს ბ------ ლ-----ეს. კერძოდ, დანის გამოყენებით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა. შედეგად დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ი----- ჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან ბრალის დადასტურებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ბ------ ლ-----ის და მოწმეების ვ--------–--–-------------------------------–---–----------------–---–------------------------------------------------–--------- გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო, ბიოლოგიური(გენეტიკური, სეროლოგიური) და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, სამედიცინო დოკუმენტაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ამოცნობის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი----- ჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში, დამდგარ შედეგსა და მიზეზობრივ კავშირში. იგი სუბიექტურად შესაძლებელია ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. მოცემულ შემთხვევაში ი----- ჩ--------ის დანაშაული გამოიხატა აქტიურ ქმედებაში, კერძოდ მან დანით განზრახ მიაყენა დაზიანება მსხვერპლს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ი----- ჩ--------ის განზრახვას ბ------ ლ-----ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან მიმართებაში ადასტურებს დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. გამოკითხვის ოქმების თანახმად, ბრალდებულსა და მსხვერპლს შორის არსებობდა კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ბ------ ლ-----ეს დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ღია ჭრილობა. ,, ... გულმკერდის ღია ჭრილობა არშემავალი გულმკერდის ღრუში. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ლოკალიზებულია გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, მე-5 ნეკთაშორის სივრცეში პარასტერნალურ ხაზზე, ზომით 1.0სმ., სწორი კიდეებით...’’, დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის დროს ცივი იარაღი - დანა გამოიყენა და დაჭრა მსხვერპლი, შესაბამისად აშკარაა მისი განზრახვა ამ ქმედების ჩადენისას მიმართული შედეგისაკენ (დააზიანოს მსხვერპლი).

 

3.2.სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.4. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი----- ჩ--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ი----- ჩ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. ი----- ჩ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი - ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისთვის, გარდა ამისა ქმედება ჩადენილია გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საჯარო ადგილზე, ცივი იარაღით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ ასევე დამამძიმებელ გარემოებებს. საქმეში წარმოდგენილია არაერთი დამამძიმებელი გარემოება:

 

5.3.1. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა პიროვნული მახასიათებელი, დანაშაულის რეციდივი და ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრის პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით ი----- ჩ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებით სასჯელად დაუდგინდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ვადით, რომელიც მსჯავრდებულს მოხდილი არ აქვს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. ი----- ჩ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის - 2019 წლის 17 მარტს, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო და არც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ჰქონდა მოხდილი. შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

5.3.2. პასუხისმგებლობას ამძიმებს დანაშაულის ხერხი - მსხვერპლზე ძალადობის განსახორციელებლად გამოყენებული იქნა ცივი იარაღი - დანა, რაც მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას წარმოადგენს.

 

5.3.3. დანაშაული ჩადენილი იქნა საჯარო ადგილზე - დაზარალებულის სამარშრუტო ტაქსში, რომელიც გაჩერებული იყო ქუჩაში და არსებობდა მოლოდინი, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა მგზავრი ჩამჯდარიყო ტრანსპორტში.

 

5.3.4.დანაშაული ჩადენილი იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაც გახდა ერთ-ერთი მაპროვოცირებელი გარემოება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის.

 

5.4.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დამნაშავე პირს უნდა განესაზღვროს ზომიერად მკაცრი სასჯელი. ი----- ჩ--------ის მხრიდან დანაშაულის აღიარება, როგორც პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება აისახება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს.

 

5.5. დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ი----- ჩ--------ის სათანადო ქცევას, კერძო პრევენციას და სოციალური ღირებულებების გათავისებას.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, 1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე, მოწითალო ლაქის ანაწმენდი, დასაკეცი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი----- ჩ--------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს. ბ------ ლ-----ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ი----- ჩ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განაჩენით დანიშნული 1 (ერთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 120 (ას ოცი) საათი და ი----- ჩ--------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი.

 

3.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 მარტის განჩინებით ი----- ჩ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 მარტიდან.

 

4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე, მოწითალო ლაქის ანაწმენდი, დასაკეცი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ი----- ჩ--------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულს.

 

ბ------ ლ-----ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა