განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
820100119003140216
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003140216

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

საქმის # 1/183-2019 წ

 

15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-------------ა,დაცვის მხარე - ადვოკატი ნ------------–----ე

 

ბრალდებული - ბ---------–----ე (დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, ს-–----–ო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ზ---------ე).

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

2019 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ---------ეში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბ---------–----ემ მეუღლეს გ----–---------ს ორჯერ სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც გ----–---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---------–----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით ბ---------–----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი (ამჟამად მოქმედი 31-ე მუხლი) იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდი არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა გ----–---------მ განმარტა, რომ არ ადასტურებს გამოძიებისას მიცემულ ინფორმაციას. 2019 წლის 13 მაისს რა მოხდა არაფერი არ ახსოვს. 2019 წლის 16 ივნისს ისეთი არაფერი მომხდარა, მ--------------–---მ მიწერა ესემესი ღამის 2 საათზე, რაც გაიგო მისმა მეუღლემ, დაუძახა მის ნათესავებს და წაიყვანეს სახლში, სხვა იქ არაფერი მომხდარა. მომდევნო დღეს რა მოხდა მ--------------–---სთან დაკავშირებით არაფერი იცის. 2019 წლის 16 ივნისს ღამით მის მეუღლეს შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ხელი არ დაურტყამს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება მანამდე მიიღო, რაღაც დაეცა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე მოწმის გ----–--------ის 2019 წლის 17 ივნისის გამოკითხვის ოქმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 17 ივნისს ღამის საათებში მისმა მეუღლემ გააღვიძა და აჩვენა მესიჯები, წამოაყენა ლოგინიდან გაბრაზებულმა და ხელი გაარტყა სახის მარცხენა და მარჯვენა არეში ორჯერ და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

დაზარალებულმა გ----–---------მ მისი გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი არაა მისი ნაკარნახევი სიტყვებით, არ ადასტურებს არცერთ გარემოებას, მართალია გამომძიებელმა აჩვენა გასაცნობად, მაგრამ ბოლომდე არ წაუკითხავს, ბოლო სიტყვები დამატებულია, მას არ უთქვამს ასეთი სიტყვები. ბოლოში მინაწერი და ხელმოწერა მისი ხელითაა შესრულებული. იქ რაც წერია იმაზე არ მოუწერია ხელი და არ ადასტურებს რაც წერია, არ ეთანხმება არც ხელის დარტყმას, არც ზიანის მიყენებას და არც ტკივილს, თუმცა ადასტურებს, რომ იყო ესემეს შეტყობინება და ეს იყო საფუძველი მასსა და მის მეუღლეს შორის უთანხმოების. არანაირი საჩივარი და პრეტენზია მის ყოფილ მეუღლესთან არ აქვს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის მ------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი ბიძაშვილია გ----–---------, რომლის ქმარია ბ---------–----ე. 2019 წლის 17 ივნისს ღამის საათებში მისმა ბიძაშვილმა გ---–-----------ემ მასთან სახლში მიიყვანა გ----–---------, რომელმაც უთხრა, რომ მისმა ქმარმა ნახა მისი ნაცნობი მამაკაცის მიწერილი მესიჯი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხელი გაარტყა სახის არეში ორჯერ და გამოაგდო სახლიდან.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის თ---------------------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს გვიან ღამით მასთან მივიდა მისი მეუღლის ძმა ბ---------–----ე მეუღლესთან გ----–---------სთან ერთად, რა დროსაც ბ---------–----ემ უთხრა, რომ დაერეკა გ----–--------ის ნათესავებისთვის და წაეყვანათ გ----–---------, ვინაიდან ჰქონდა სმს შეტყობინებები, გ----–--------- იქცეოდა ჩვეულებრივად რაიმე აღელვება არ ეტყობოდა და არაფერს ამბობდა, ცოტა ხანში იქ მივიდა გ----–--------ის ძმა გ---–----------ე და წაიყვანა გ----–---------.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის გ---–----------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით 2019 წლის 17 ივნისს გვიანი ღამის საათებში მას დაუკავშირდა თ---------------------–--ე და შეატყობინა, რომ მის დას გ----–---------ს მისმა ქმარმა ბ---------–----ემ ტელეფონში უნახა მესიჯები, რის გამოც ავიდა მათ სახლში სოფელ ერგეში და წამოიყვანა მისი და.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ნ----------–----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი ძმისგან ბ---------–----ისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 17 ივნისს ღამის საათებში მისი მეუღლის გ----–--------ის ტელეფონში ნახა მესიჯები, გაბრაზდა და მიაყენა გ----–---------ს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

ანალოგიური გარემოებებია მითითებული მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის მ----------–--–--ის გამოკითხვის ოქმში.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გ----–---------ს მარჯვენა თვალბუდის მიდამოს გარეთა კიდესთან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებულმა ბ---------–----ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია.

 

საქართველოს კონსტიტუციით და საპროცესო კანონმდებლობით კონკრეტული პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებებით, ხოლო გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არაა დანაშაულებრივი ფაქტის ბ---------–----ის მიერ მისი მეუღლის გ----–--------ის მიმართ ძალადობის უშუალო შემსწრე. დაზარალებულმა გ----–---------მ კატეგორიულად უარყო მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მის მეუღლეს შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ხელი არ დაურტყამს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება მანამდე მიიღო, რაღაც დაეცა. არ ეთანხმება არც ხელის დარტყმას, არც ზიანის მიყენებას და არც ტკივილს. არანაირი საჩივარი და პრეტენზია მის ყოფილ მეუღლესთან არ აქვს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი მოწმეების გამოკითხვის ოქმებში არსებული ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე #1/1/548) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი ... სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ... ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ... სსსკ-ის 76-ე მუხლი ერთ-ერთ ასეთ წესს შეიცავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენების ფარგლებში მოწმეს შეუძლია გამოძიებას ან სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლის თვითმხილველი თავად არ ყოფილა, არამედ „ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ამდენად, ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა... ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს“.

 

შესაბამისად ბრალდების მხარის ყველა მოწმე ეყრდნობა დაზარალებულის გ----–--------ის და ბრალდებულის ბ---------–----ისგან მათთვის ცნობილ ინფორმაციას თუმცა თვით გ----–--------- და ბ---------–----ე ამას არ ადასტურებენ.

 

შესაბამისად არ არსებობს არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ---------–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა მისი დამნაშავედ ცნობისთვის, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც ბ---------–----ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ბრალდების დანარჩენ ნაწილში სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 17 ივნისს, დილის საათებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ---------ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბ---------–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ--------------–---ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2019 წლის 17 ივნისს, დილის საათებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზ---------ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბ---------–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ქვის გამოყენებით დააზიანა, მ--------------–--ის მართვის ქვეშ არსებული, თ-----------–--ის კუთვნილი ,,ტ---------------ს“ მარკის ავტომანქანა, რომელმაც გამოიწვია 1340 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბრალდებულმა ბ---------–----ემ, სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება, თ----------–---–-----ის, ნ----–--–--ის, მ--–----------ას, გ--------------------ის, რ----–--------–--ის, თ-----------–--ის, მ--------------–--ის, ტ------–-------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმები, სასაქონლო და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, პირის ამოცნობის ოქმები, ნივთმტკიცებები.

 

ამრიგად, უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ბ---------–----ემ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მ--------------–---ს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ასევე დააზიანა თ-----------–--ის ავტომანქანა, რამაც 1340 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ბ---------–----ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდებულმა ბ---------–----ემ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სხვისი ნივთის დაზიანებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, რადგანაც ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას და საკუთრებას, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია სამართლიანობის აღდგენა და საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ქმედების განმსაზღვრელი მოტივი იყო ეჭვიანობა. სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია ცალკეულმა პირებმა თავის თავზე აიღონ სხვა პირის დასჯა და ანგარიშსწორება, ვინაიდან უგულებელყოფილი იქნება კანონის უზენაესობა.

 

სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ძალადობრივი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულთა ერთობლიობა, ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბ---------–----ე წარსულში არაა ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილს, რაც მიუთითებს, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ პირობით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, რომლის ზომა ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში საშუალო ზომით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რომლის ჩადენის დროს ბ---------–----ე არ იყო ნასამართლევი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის წესით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით - სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

შესაბამისად ნივთმტკიცება ავტომანქანა ტ-------ა, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეთ მის მფლობელებს, ხოლო სისხლის მაგვარი ლაქები და ქვა უნდა განადგურდეს.

 

უნდა გაუქმდეს ბ---------–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და შესაბამისად უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად ბ--------------–--ის სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---------–----ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ---------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ---------–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ---------–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გაუქმდეს ბ---------–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და შესაბამისად გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად ბ--------------–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე: ქ. ბ----------------–-------–--------ი (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-----------.

 

ბ---------–----ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით.

 

ბ---------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცების სახით არსებული ავტომანქანა ტ-------ა, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი დაუბრუნდეთ მის მფლობელებს, ხოლო სისხლის მაგვარი ლაქები და ქვა განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი