გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
190210018002280044
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-304-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია

მოსარჩელე- მ------------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი- ს-----------–-----ე

მოპასუხე-გ---------------–---–ი

მესამე პირი- ქ-------------–------–---–---------------------------------–------ი

მესამე პირის წარმომადგენელი- პ------–------–--ე

დავის საგანი: მშობლის უფლების შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გ---------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, გვარის შეცვლის და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

სამართლებრივი საფუძვლები:

სარჩელში მითითებულია, რომ მ------------ა 2007 წლიდან 2012 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ---------------–---–თან, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი- 2008 წლის 16 აგვისტოს დაბადებული ლ----------ა და 2009 წლის 5 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ი.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ლ----------ას დაბადების მოწმობაში მითითებულია დედის გვარი, ვინაიდან მოპასუხემ არ აღიარა მამობა და არ მისცა შვილს თავისი გვარი.

მოსარჩელის განმარტებით, გ---------------–---–ი არ გამოხატავს შვილების მიმართ ინტერესს, იგი მუდმივად თავს არიდებს მშობლის უფლებების და მოვალეობების შესრულებას, რის გამო ბავშვების ინტერესებს ადგებათ ზიანი, კერძოდ, ისინი ვერ ახერხებენ დედის ნახვას, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და გამოხატავს ბავშვების ნახვის სურვილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:

მოპასუხე გ---------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების, გვარის შეცვლის და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მ------------ას წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა:

მოპასუხე გ---------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ---------------–---–ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლიდან 2012 წლამდე მ------------ა და გ---------------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება

 

3.1.2. მ------------ას და გ---------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი საერთო შვილი- 2008 წლის 16 აგვისტოს დაბადებული ლ----------ა და 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ი.

 

მტკიცებულება: დაბადების მოწმობები (ს.ფ. 18-19)

 

3.1.3. 2013 წლის 19 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გ---------------–---–ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მან ნასვამ მდგომარეობაში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------------ას, რასაც ერთად ცხოვრების პერიოდში ჰქონდა სისტემატიური ხასიათი.

 

მტკიცებულება: გადაწყვეტილება (ს.ფ. 32-35)

 

3.1.4. მ------------ა სამუშაოდ არის წასული ისრაელში, რის გამოც მისი შვილები ცხოვრობენ ქალაქ ქუთაისში, მოსარჩელის მშობლებთან.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, ქ-------------–------–---–---------------------------------–------ის მუშაკის 21.06.2019 წლის დასკვნა

 

3.1.5 გ---------------–---–ს 6 წელია რაც შვილები არ უნახავს.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები, ქ-------------–------–---–---------------------------------–------ის მუშაკის 21.06.2019 წლის დასკვნა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხე გ---------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლი

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5 მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1205-ე, 1275-1279-ე, 1281-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან აღნიშნულის უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელე მ------------ა სამუშაოდ არის წასული ისრაელში, რის გამოც არასრულწლოვანი ლ--------------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელის მშობლებთან ქალაქ ქუთაისში.

ქ-------------–------–---–---------------------------------–------ის სოციალური მუშაკის 2019 წლის 21 ივნისის დასკვნის მიხედვით, გ---------------–---–ს წლებია რაც შვილები არ უნახავს, კითხვაზე თუ რამდენი წლის არიან შვილები, მამა არ ფლობს სწორ ინფორმაციას, ამასთან, გ---------------–---–ი ზედაპირულად უყურებს მშობლის სტატუსს და შესაბამისად, ნაკლები პასუხისმგებლობა გააჩნია შვილების მიმართ. რაც შეეხება იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ გაცემულ დასკვნას, ბავშვების საცხოვრებელ ადგილას, ქალაქ ქუთაისში არის კარგი საცხოვრებელი პირობები, სანიტარულ- ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ოჯახში ბავშვების ინტერესები დაცულია, ისინი რეგისტრირებულები არიან სამედიცინო დაწესებულებაში, განათლების მიღების მიზნით, ბავშვები სწავლობენ მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ლ--------------–---–ი მამას უარყოფითად მოიხსენიებს და განმარტავს, რომ რაც ქუთაისში გადავიდნენ საცხოვრებლად მათ მამასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

 

,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის და მყარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის აუცილებელია მას ჰქონდეს ურთიერთობა მშობლებთან, რაც მომავალში განსაზღვრას მის სრულფასოვან განვითარებას და ადაპტაციას გარესამყაროსთან მიმართებაში, თუმცა ლ--------------–---–ის დედა იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო მამა არ ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე და არ ზრუნავს მის მდგომარეობასა და განვითრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის განმარტებით, მას სურს შვილებთან ურთიერთობა, ფაქტია, რომ მამა არაფერს აკეთებს მათთან დასაახლოვებლად. სასამართლო განმარტავს, რომ მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინაამღდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი ლ--------------–---–ი იზრდება მშობლების მზრუნველობის გარეშე, კერძოდ ბებია-ბაბუასთან, მას სრულფასოვანი განვითრებისათვის სჭირდება ორივე მშობლის მხრიდან ყურადღება, განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მამა არ იჩენს ბავშვების ნახვის ინიციატივას, არასრულწლოვანს უნდა მიეცეს უფლება დროის გარკვეული ნაწილი გაატაროს დედის გარემოცვაში, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლოს არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების შესაბამისად მიზანშეწონილად მიაჩნია, გ---------------–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში, ვინაიდან მითითებული გარემოებებისა და ბავშვისათვის სხვა კანონიერი საკითხების საჭიროების შემთხვევაში დროული მოგვარების უზრუნველყოფისათვის, მამის თანხმობის არ არსებობა გამოიწვევს ბავშვის ინტერესის ხელყოფას, რაც დაუშვებელია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ------------ას წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მას აღარ სურს დავა გვარის შეცვლის ნაწილში, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს, რაც შეეხება გ---------------–---–ს, ვინაიდან მან სარჩელი არ ცნო პასპორტის აღების და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, მ------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდეს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------------ას სარჩელი მოპასუხე გ---------------–---–ის მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე გ---------------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილის- 2009 წლის 05 ნოემბერს დაბადებული ლ--------------–---–ის მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის ნაწილში.

 

3. მოპასუხე გ---------------–---–ს მ------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა;

 

4. მოსარჩელე მ------------ას უკან დაუბრუნდეს ს-----------–-----ის მიერ 2018 წლის 18 იანვარს საგადასახადო დავალება #0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი