გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2019
საქმის ნომერი
330210119003021485
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/12329-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - ი/მ ბე----------ე

წარმომადგენელი - თო--------------ე

მოპასუხე - გი----------–------ი

წარმომადგენელი - ან------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი----------–------ს ი/მ ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ჯამში 5912 აშშ დოლარის, აქედან სესხის ძირითადი თანხის - 1562 აშშ დოლარის, პროცენტის - 2640 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 1710 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ი/მ ბე----------ესა და გი----------–------ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება და მოპასუხის მიმართ გაიცა სესხი 2000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის შესაბამისად პროცენტის გადახდებით ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის სექტემბრამდე. მოპასუხემ 2016 წლის 28 ივნისს გადაიხადა ძირითადი თანხა 438 აშშ დოლარი, რის საფუძველზეც შემცირდა ძირითადი თანხა და დარჩა გადასახდელი 1562 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანა, BMW, მოდელი 5---, გადაფორმდა ბე----------ის სახელზე, თუმცა ავტომობილი დარჩა მოპასუხის პირდაპირ მფლობელობაში.

 

გი----------–------ი 2016 წლის სექტემბრიდან აღარ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს. 2017 წლის მაისის წერილით მოპასუხისგან მოთხოვნილი იქნა დავალიანების გადახდა. მოპასუხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 1562 აშშ დოლარი, პროცენტი - 2640 აშშ დოლარი, რაც დაანგარიშებულია 2016 წლის სექტემბრიდან 2 წლის პერიოდზე, ხოლო პირგასამტეხლო - 1710 აშშ დოლარი, რაც დაანგარიშებულია 2016 წლის სექტემბრიდან 1 წლის პერიოდზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხიდან უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხა, ასევე პირგასამტეხლო, ხოლო პროცენტის გადახდისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდეს. ხელშეკრულებით ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს გატანილი თანხის 7%-ს, ანუ წლიურ 84%-ს, რაც არანორმალურად დიდი პროცენტია და კონტრაჰენტისთვის საზიანო. აღნიშნულ საკითხზე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებები, სადაც მეტისმეტად დიდ საპროცენტო განაკვეთზე შეთანხმება მიჩნეულია ბათილ პირობად, მისი ამორალური ხასიათის გამო. შესაბამისად, უნდა გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოურ ვალუტაში გაცემულ, საშუალო წლიურ საპროცენტო განაკვეთს, კომერციული ბანკების მიერ გაცემულ მოკლევადიან სესხებზე. სასამართლომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კაბალური საპროცენტო განაკვეთის ნაცვლად უნდა დააკისროს კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემულ მოკლევადიან სესხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს 10,9%-ს, ანუ თვეში 0,9%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ სესხზე სარგებელი უნდა ყოფილიყო თვეში 18 აშშ დოლარი და 9 თვის განმავლობაში გადახდილი პროცენტის თანხა ჯამში - 162 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ პროცენტის სახით გადახდილია 1060 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელეც ეთანხმება, საიდანაც, საპროცენტო განაკვეთის შემცირების გათვალისწინებით, 898 აშშ დოლარი (1060-162=898) უნდა ჩაითვალოს, როგორც სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პროცენტის სახით 2640 აშშ დოლარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული მნიშვნელოვანი განმარტების თანახმად, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სესხის ხელშეკრულებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო მაქსიმუმ 3 თვით, იმ დათქმით, რომ პროცენტის გადახდის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდება ავტომატურად კიდევ ერთი თვით. ხოლო მას შემდეგ, რაც მოპასუხეს მოსარჩელისთვის აღარ გადაუხდია სარგებელი, ხელშეკრულების ვადაც დასრულდა. ამდენად, პროცენტის გადახდის ვალდებულების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა მას შემდეგ, რაც მოპასუხის მიერ გაკეთებული იქნა ბოლო შენატანი. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების დღიდან 2 წლამდე საპროცენტო სარგებლის - 2640 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარიცხულია 365 დღეზე, ძირითადი თანხის 0,3% ყოველდღიურად, რაც ჯამში შეადგენს 1710 აშშ დოლარს. მოთხოვნილი პირგასამტეხლო 1 დღეზე შეადგენს 4,7 აშშ დოლარს და შეუსაბამოდ მაღალია. მსგავსი ტიპის დავებზე სასამართლოს აქვს განმარტება, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს წლიური ოდენობა (109,5%) ძნელად დასაჯერებელია, რომ მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას, ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებას ემსახურებდეს და არა უსაფუძვლო გამდიდრებას, თანაც მოსარჩელეს ჰქონდა საშუალება, თავიდან აერიდებინა დამდგარი ზიანი (მოეხდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია, რაც თხოვნის მიუხედავად არ განახორციელა). ამიტომ, პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ უნდა შემცირდეს და განისაზღვროს დღეზე 0,03%-ით. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს ოდენობის დათვლა უნდა მოხდეს აღიარებული, დარჩენილი ძირითადი თანხის ოდენობიდან - 664 აშშ დოლარიდან.

 

ამდენად, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებიდან ცნო ძირითადი თანხიდან 664 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 75 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი/მ ბე----------ეს (გამსესხებელი) და გი----------–------ს (მსესხებელს) შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა ავტო სესხის ხელშეკრულება N4--, შემდეგი ძირითადი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 2000 აშშ დოლარი, სესხის მოქმედების მაქსიმალური ვადა - 3 თვე. მაქსიმალური ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი - გატანილი თანხის 7%, რაც შეადგენს 140 აშშ დოლარს. კრედიტის თანხის და დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0,3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტო სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22).

 

3.1.2. ავტო სესხის ხელშეკრულებაში თანხის გადახდის წესი შემდეგნაირად განისაზღვრა: გადახდა მოხდება 2016 წლის 28 იანვრიდან. პროცენტის გადახდის შემდეგ ხელშეკრულება გაგრძელდება ავტომატურად კიდევ ერთი თვით.

 

გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი (სარგებელი) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. ვადაგადაცილების გამო საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის პირობების დადგომისას სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს არაუმეტეს 6 თვისა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი წინასწარ სრულიად დაფარავს სესხის ძირითად თანხას სესხის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, იგი გადაიხდის საკომისიოს ერთი სრული თვის საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, ხოლო თუ მსესხებელი სესხის ძირითად თანხას წინასწარ სრულად დაფარავს სესხის მიღებიდან ერთი თვის გასვლის შემდგომ სხვა ნებისმიერ დროს, იგი ვალდებულია გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი სესხის მიღებიდან მის დაბრუნებამდე გასული გადაუხდელი სრული თვისა (თვეების) და არასრული თვის დღეების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტო სესხის ხელშეკრულება.

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად დაგირავდა მსესხებლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება BMW, სახელმწიფო ნომერი X------. სატრანსპორტო საშუალება დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე, თუმცა დარჩა მსესხებლის მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტო სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. გი----------–------ის მიერ სესხის ძირი თანხა ივნისის თვის მდგომარეობით შემცირდა 438 აშშ დოლარით, ხოლო სარგებლის სახით ჯამში გადახდილია 1060 აშშ დოლარი.

 

ბოლო გადახდა მსესხებელმა 2016 წლის 28 სექტემბერს განახორციელა, რაც სესხის ხელშეკრულების თანახმად, ოქტომბრის თვიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღს წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის ისტორიის ასლი (ს.ფ. 27);

- ავტო სესხის ხელშეკრულება, (ს.ფ. 22, პ.2.2.);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ი/მ ბე----------ემ გამარტივებული წარმოების წესით ავტო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, გი----------–------ის მიერ პროტესტის წარდგენის გამო, მოსარჩელეს უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.

 

გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით აპლიკანტის - ბე----------ის მიერ გადახდილია სააპლიკაციო საფასური - 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- 26.09.2018 წლის შეტყობინება;

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.03.2019 წლის წერილი;

- 20.02.2019 წლის შეტყობინება;

- გადახდის რეკვიზიტები;

 

3.1.6. ი/მ ბე----------ის სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით გი----------–------ს აეკრძალა გირავნობის საგნით სარგებლობა და სატრანსპორტო საშუალება განთავსდა დაცულ ავტოსადგომზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 31.05.2019 წლის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი ვადაგადაცილების სარგებლის დარიცხვა. მანვე სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - თვეში 7%-ის ოდენობით არაგონივრილობასა და მის საჯარო წესრიგთან შეუსაბამობაზე მითითებით სარგებლის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

(დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში)

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ბე----------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-ე, 361-ე, მე-400, 403-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულები გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია რომ ი/მ ბე----------ესა და გი----------–------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მსესხებლის სასარგებლოდ გასცა სესხის - 2000 აშშ დოლარი, ხოლო თავის მხრივ - გი----------–------მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად განიხილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა. 2015 წლის 28 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება მხარეებს შორის 3 თვით დაიდო, ხელშეკრულება ითვალისწინებდა დამატებით თითო თვით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას. ბოლო გადახდა გი----------–------მა 2016 წლის 28 სექტემბერს განახორციელა და არც ამ პერიოდისთვის და არც შემდგომ პერიოდში სესხის ძირითადი თანხა სრულად არ დაუფარავს. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს გადაუხდელი ძირითადი თანხის დაბრუნება. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადასახდელი ძირითადი თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს და იგი 866,96 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 7%. მართალია, ამ შეთავაზებას გიორგი აფციურიც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის ყოველთვიური სარგებლის 7%-ით (84% წლიური) განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დებულება (2.2. პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სსამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას ამავე კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას საპროცენტო სარგებლის შეთანხმების ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან საპროცენტო სარგებელზე შეთანხმება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობას. ამავდროულად, არ ეთანხმება მოპასუხეს წლიური პროცენტო სარგებლის განსაზღვრის დროს მის დაანაგრიშებას კომერციული ბანკებისთვის მოკლევადიან სესხებზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთით ხელმძღავნელობას, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენს აღნიშნული რეგულირების სფეროში შემავალ სუბიექტს და გონივრულად მიიჩნევს მის შემცირებას წლიურ 24%-მდე, რაც თვეში შეადგენს 2%-ს.

 

ავტო სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სესხი 2000 აშშ დოლარი, რაზეც შემცირებული პროცენტის გათვალისწინებით ყოველთვიურად მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 40 აშშ დოლარი. 2016 წლის ივნისის თვეში მოსარჩელემ შეამცირა სესხის ძირითადი თანხა 1562 აშშ დოლარამდე, რაზედაც ყოველთვიურად გადასახდელი პროცენტის ოდენობა უკვე ივნისი თვიდან შეადგენდა 31.24 აშშ დოლარს. ამდენად, სესხის გაცემიდან 2016 წლის ივნისამდე პერიოდზე (6 თვეზე) გადასახდელი პროცენტის ოდენობა შეადგენს 240 აშშ დოლარს, ხოლო ივნისიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2016 წლის ოქტომბრამდე) პერიოდზე - 124.96 აშშ დოლარს და სულ სარგებლის სახით გი----------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 364.96 აშშ დოლარი.

 

უდავოა, რომ მოპასუხეს ჯამში გადახდილი აქვს 1060 აშშ დოლარი, საიდანაც შემცირებული პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით 695.04 აშშ დოლარი (1060-364,96) ზედმეტად არის ჩათვლილი პროცენტის ანგარიშში და აღნიშნული ოდენობით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხა. ამდენად, სესხის გადასახდელი ძირთადი თანხის ოდენობა შეადგენს 866.96 (1562-695.04) აშშ დოლარს.

 

ამასთან, მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის ნაწილის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის ცნობის ფარგლებში (სსსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ). საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე ცნო სესხის ძირითადი თანხიდან 664 აშშ დოლარი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხართა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც არის დარღვეული. ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტზე (სესხის ხელშეკრულების 2.7. პუნქტი).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით პირდაპირ იყო გათვალისწინებული პროცენტი ვალდებულების დარღვევისათვის, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ამასთან, ვინაიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის ოქტომბრიდან. მოსარჩელე მოითხოვს პროცენტის დაკისრებას ხელშეკრულების შეწყვეტიდან შემდგომ 2 წელზე. უდავოა, რომ ბოლო გადახდა მოპასუხემ 2016 წლის 28 სექტემბერს განახორციელა. ამდენად, თანხის გადახდის ვადის გადაცილებისთვის შეთანხმებული პროცენტის გადახდა 2016 წლის ოქტომბრიდან შემდგომ 2 წლამდე პერიოდზე უნდა მოხდეს, რაც ჯამში შეადგენს 749,76 აშშ დოლარს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ პირგასამტეხლოს წლიური ოდენობა (109,5%) ძნელად დასაჯერებელია, რომ მხოლოდ დარღვეული უფლების აღდგენას, ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებას ემსახურებდეს და არა უსაფუძვლო გამდიდრებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულ ოდენობად მიიჩნევს პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირებას და წლიური 10.95%-ით განსაზღვრას, რაც სასამართლოს მიერ დაკისრებულ ძირითად თანხაზე, ერთი წლის პერიოდზე შეადგენს 95 აშშ დოლარს.

 

ამასთან, პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის ცნობის ფარგლებში, მოპასუხემ პირგასამტეხლოდან 75 აშშ დოლარის ოდენობა ცნო საქმის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 496.60 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. მოთხოვნის ცნობის პროპორციულად ი/მ ბე----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 68.32 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხე გი----------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 158.21 ლარი. ხოლო დარჩენილი 320.07 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების ხარჯს, დავის საგნის ღირებულების, საქმის სირთულისა და სარჩელის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს და მოპასუხეს ბე----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება - 200 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოების დაწყებისთვის გადახდილი 100 ლარის, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისთვის გადახდილი 21 ლარის და საფოსტო მომსახურების ხარჯის 7 ლარის ანაზღაურებას, რომელთა გადახდა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ბე----------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, გი----------–------ს აეკრძალა მის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - ბმვ, მოდელი 530 I, ფე-------–------------------–------–--–--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W-----------------------–-–----------------------------------------------------------–-------–------------------ით სარგებლობა და მითითებული სატრანსპორტო საშუალება განთავსდა საამისოდ ორგანიზებულ დაცულ ავტოსადგომზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ ბე----------ის სარჩელი გი----------–------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

1.1. გი----------–------ს ი/მ ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 1 731.72 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 886.96 აშშ დოლარი, ვადაგადაცილებისთვის დარიცხული სარგებელი - 749.76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 95 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

2. გი----------–------ს მოსარჩელის ი/მ ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 200 ლარის ანაზღაურება.

3. გი----------–------ს ი/მ ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 158,21 ლარის ანაზღაურება.

4. გი----------–------ს ი/მ ბე----------ის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული საქმისწარმოების დაწყებისთვის საფასურის 100 ლარის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისთვის საფასურის - 21 ლარის და საფოსტო მომსახურების ხარჯის 7 ლარის ანაზღაურება.

5. მოსარჩელე ი/მ ბე----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სს ,,სა---------–--------ში“ 23.05.2019 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 478.00 ლარის ნაწილი - 68,32 ლარი, რაც N7--------- საგადახდო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდით 300773150.

6. სახელმწიფო ბაჟიდან 320,07 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე