განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2073-19
(#------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ--------------
ბრალდებული - გ-------------–-–------ - დ----------–-------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: კ-----------------------–-----–--------; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, ც-------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის მარტში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ. თბილისში, ქ----------------ში მდებარე შპს „გეოკაპიტალის“ საწყობში ამავე მისამართზე არსებულ კედლის გამონგრევის გზით, უკანონოდ შეაღწია შპს ,,ესვეს“ მუშამ გ-------------–-–------მ და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 3107,58 ლარის ღირებულების შპს „გეოკაპიტალის“ კუთვნილ კარის სახელურებსა და სხვადასხვა აქსესუარებს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულ გ-------------–-–------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
გ-------------–-–------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ შპს ,,ჯეოკაპიტალის“ წარმომადგენლის მ--–--------------- გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: გ------------------, რ--------------, მ--------------, მ-----–--------–---–-- და ზ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შპს „გეოკაპიტალის„ კუთვნილი პროდუქციის ამოღების ოქმს, გ-------------–-–------- სახლის ჩხრეკის ოქმს, შპს „გეოკაპიტალიდან“ მიღებულ ინფორმაციას, ,,ოპელის“ მარკის ავტომობილის ამოღების ოქმს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით გ-------------–-–------მ ჩაიდინა ქურდობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-------------–-–------ს ამოძრავებდა შპს „გეოკაპიტალის“ საწყობში არსებული კარის სახელურებისა და სხვადასხვა აქსესუარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის, სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია გ-------------–-–------- მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე მსჯელობას.
სასამართლო უპირველესად განმარტავს სხვა საცავის ცნებას. „სხვა საცავად“ უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საწყობი სადაც განთავსებული იყო კარის სახელურები და სხვადასხვა სახის აქსესუარები, დაკეტილი იყო, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რაც განახორციელა კიდეც, კერძოდ მან შპს „გეოკაპიტალის“ საწყობში კედლის გამონგრევის გზით უკანონოდ შეაღწია.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-------------–-–------- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, შპს „გეოკაპიტალს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს შპს ,,გეოკაპიტალის“ კუთვნილი კარის სახელურები და სხვადასხვა აქსესუარები, რომლის ღირებულებაც შეადგენს 3107,58 ლარს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა - ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------------–-–------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-------------–-–------- შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-------------–-–------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას სამიდად ხუთ წლამდე ვადით.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-------------–-–------- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს გ-------------–-–------- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (გ-------------–-–------ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის საკუთრებას, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მისი სურვილი ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს და მის წარსულს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ-------------–-–------მ განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მის მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მისი კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება. მის მიმართ შეღავათის გავრცელების მიუხედავად, მან მაინც არ შეწყვიტა დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინა მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-------------–-–------- მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომას, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ-------------–-–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით; ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 8 აპრილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საარსრულებო ბიუროს წერილის პასუხით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით გ-------------–-–------- მიმართ დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა აღსრულებული არ არის.
ამდენად, როგორც საქმის მასალებით ირკვევა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ-------------–-–------მ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) ჩაიდინა განზრახი დანაშაული, შესაბამისად, გ-------------–-–------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· მ--–---------------გან ამოღებული კარის სახელურები (7 ყუთი) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ,,ოპელის’’ მარკის ა/მანქანა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს - გ-------------–-–------- სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს და მ-------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, გადაწყვეტილების მიღების დროს. ამდენად, სასამართლო ნივთიერი მტკიცებულების - გ-------------–-–------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების და მ-------------- სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების თაობაზე მოცემულ შემთხვევაში არ იმსჯელებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------------–-–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------------–-–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
გ-------------–-–------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ-------------–-–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 28 მარტიდან;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· დისკები - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· მ--–---------------გან ამოღებული კარის სახელურები (7 ყუთი) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
· ,,ოპელის’’ მარკის ა/მანქანა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი