გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119003083405
№ 2/392-2019 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენელი: ჯე---–-----------–ი;
მოპასუხე: ალ-----------------ძე;
წარმომადგენელი- კ----–------–-ძე;
დავის საგანი: - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ალ-----------------ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის თანხის 6500 ლარის ანაზღაურება;
ალ-----------------ძეს დაეკისროს შპს ,,გ-----------ს’’ სადგომიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანის შეუფერხებლად გაყვანისათვის, შპს ,,გ-----------სათვის'' საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯის ანაზღაურება.
სარჩელის გარემოებები:
2018 წლის 5 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,BMW '' სახ. ნომრით N-------, რომელსაც მართავდა ალ-----------------ძე შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანა ,,უაზსს'', თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნით A-----, რომელსაც მართავდა თ---------------ძე. აღნიშნული შემთხვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------------ რომლის თანახმად ალ-----------------ძეს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემული ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას, ალ-----------------ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამასთან, თ---------------ძეს საგზაო-სატრნსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მისი ქმედებაში კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება. 2018 წლის 4 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანაქანა ,-------------- სახ N A-----''-ის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 6500 ლარს და მისი აღდგენა დაზინებების შემდგომ მიზანშეუწონელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ: ავტომანქანის მთლიანი ღირებულების -6500 ლარის მისთვის დაკისრება უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მან უნდა აანაზღაუროს მხოლოდ მიყენებული ზიანის თანხა 4000 ლარის ოდენობით. ამასთან, მთლიანად ცნო მეორე სასარჩელო მოთხოვნაც.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 5 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,BMW '' სახ. ნომრით N-------, რომელსაც მართავდა ალ-----------------ძე შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანა ,,უაზსს'', თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნით A-----, რომელსაც მართავდა თ---------------ძე. აღნიშნული შემთხვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------------ ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რომლითაც ალ-----------------ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებებს, 2019 წლის 18 მაისის საჯარიმო ქვითარს-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა N------------------, ავტომანქანის ტექნიკურ პასპორტს, N48 განაწესს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს 2019 წლის 7 მარტის N--------------- წერილს.
3.2. ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას, ალ-----------------ძის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამასთან, თ---------------ძეს საგზაო-სატრნსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მისი ქმედებაში კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 25 დეკემბრის N------ დასკვნას.
3.3. ავტომანაქანა ,-------------- სახ N A-----''-ის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენდა 6500 ლარს და მისი აღდგენა დაზიანებების შემდგომ მიზანშეუწონელია. ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება, მისი ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ შეადგენს 2500 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ა/ მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 4 ნოემბრის N----- დასკვნას.
3.4.ავტოსაგზაო შემთხვევიდან დღემდე ავტომანაქანა ,-------------- სახ N A-----'' განთავსებულია შპს ,,გ-----------ს'' ავტოსადგომზე, რომელიც ვერ გაჰყავს მოსარჩელე მხარეს, ვიანიდან მოპასუხის მიერ დღემდე არ არის გადახდილი შპს ,,გ-----------სათვის'' საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2006 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებას, ინვოისს, საპატრულო პოლიციის 2019 წლის 23 აპრილის N------------ წერილს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსისმე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 30917 -ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ზიანის თანხის 4000 ლარისა და მეორე სასარჩელო მოთხოვნის - საჯარიმო სადგომის ხარჯების დაფარვის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა: ზიანი, რომელიც მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ,,BMW '' სახ. ნომრით N-------, რომელსაც მართავდა ალ-----------------ძე შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანა ,,უაზსს'', თავდაცვის სამინისტროს სანომრე ნიშნით A-----, რომელსაც მართავდა თ---------------ძე. აღნიშნული შემთხვევის ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------------ ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, რომლითაც ალ-----------------ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.
ამდენად, სახეზეა ზიანი, რომელიც წარმოიშვა ალ-----------------ძის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, რის გამოც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა სწორედ მოპასუხეს.
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 -ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა N----------- ოქმი, რომლითაც ასკ-ის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ალ-----------------ძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად.
წარმოდგენილია, ასევე, 2018 წლის 4 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტომანაქანა ,-------------- სახ N A-----''-ის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენდა 6500 ლარს და მისი აღდგენა დაზიანებების შემდგომ მიზანშეუწონელია. ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება, მისი ფაქტიურ-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საორიენტაციოდ შეადგენს 2500 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ა/ მანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში, ავტომანქანის საორიენტაციო ღირებულება არის 6500 ლარი- ხოლო ავტომანქანის ნარჩენი ღირებულება 2500 ლარი, რის გამოც მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4000 ლარს. მოსარჩელე მოცემულ შემთხვევაში, ითხოვს ავტონქანის მთლიანი ღირებულების 6500 ლარის ანაზღაურებასაც და ასევე დაზიანებული ავტომანქანის გადაცემასაც, რომელსაც გააჩნია თავისი ღირებულება, მოცემულ შემთხვევაში - 2500 ლარი. მართალია ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი ინტერესია ზიანის სახით სრულად აუნაზღაურდეს ავტომანქანის ღირებულება და ამასთან დაიბრუნოს ავტომანქანაც, რამდენადაც ითხოვს მოპასუხემ გადაიხადოს საჯარიმო სადგომის ხარჯი, რათა მოსარჩელემ შუფერხებლად წაიყვანოს კუთვნილი ავტომანქანა. იმ ვითარებაში, თუ მოსარჩელეს უბრუნდება თავისი კუთვნილი ავტომანქანა, რომლის ამჟამინდელი ღირებულებაა 2500 ლარი, მოპასუხეზე ზიანის სახით ავტომანქანის სრული ღირებულების დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 4000 ლარით, რაც არის სხვაობა დაზიანებამდე ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და ნარჩენ ღირებულებას შორის. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4000 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეს 2500 ლარის მოპასუხეზე დაკისრებაზე უნდა ეთქვას უარი.
6.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს ,,გ-----------ს'' შორის 2006 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 3.16. პუნქტის თანახმად, სპეციალური სადგომი ვალდებულია, გამოყოს იზოლირებული დახურული ტეროტორია, სადაც მოხდება იმ სატრანსპორტო საშულებების შენახვა და დაცვა, რომელთა მიმართებაშიც ჩასატარებელია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, არავინ დაუშვას ასეთ ავტომანქანებთან გამომძიებლის სპეციალური ნებართვის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის ხარჯების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დაეკისრება დამრღვევ მძღოლს.
დადგენილია, რომ ამჟამად, ავტომანაქანა ,-------------- სახ N A-----'' განთავსებულია შპს ,,გ-----------ს'' ავტოსადგომზე, რომელიც ვერ გაჰყავს მოსარჩელე მხარეს, ვიანიდან მოპასუხის მიერ დღემდე არ არის გადახდილი შპს ,,გ-----------სათვის'' საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯი.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯი უნდა გაიღოს მოასაუხემ და ამ ნაწილში თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, მოპასუხემ ამ ნაწილში ცნო მოსარჩელის მოთხოვნა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ''ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხემ სარჩელი ცნო იმ ნაწილში რა ნაწილშიც სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები, შესაბამისად ან ნაწილში მოპასუხეც გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან. ხოლო 2500 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, შესაბამიდ ამ ნაწილის ბაჟი არ დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები .
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით მოპასუხე ალ-----------------ძეს (პ/ნ 1----------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3--------------------------------------- ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ასევე, აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3----------------------------------------------------- ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების მისი კუთვნილი 1/3 წილის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა, საქმის შედეგის მიხედვით უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ალ-----------------ძეს (პ/ნ 1----------- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს(-------------- სასარგებლოდ დაეკისროს 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა.
ალ-----------------ძეს (პ/ნ 1----------- დაეკისროს შპს ,,გ-----------ს’’ სადგომიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მის ბალანსზე არსებული ავტომანქანის - ,-------------- სახ N A-----'' , შეუფერხებლად გაყვანისათვის, შპს ,,გ-----------სათვის'' საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანისა და შენახვისათვის გადასახდელი ყველა ხარჯის ანაზღაურება.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (-------------- უარი ეთქვას ალ-----------------ძეზე (პ/ნ 1----------- 2500 (ორი ათას ხუთას ) ლარის დაკისრებაზე.
3. მხარეები სახელმიწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.
4. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: მოპასუხე ალ-----------------ძეს (პ/ნ 1----------- აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3--------------------------------------- ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა და ასევე აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული ზესტაფონის რაიონის სოფელ ზ------------–- მდებარე 3----------------------------------------------------- ს. კოდის მქონე უძრავი ქონებების მისი კუთვნილი 1/3 წილის გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე