გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.09.2019
საქმის ნომერი
330210018002778710
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/36361-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ე-–--------- გ-----–-–---–-

წარმომადგენელი - ი--- ნ-------

მოპასუხე - მ----- ფ------, თ----- ლ---–-----, თ----- მ---------–-

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება - 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი პროცენტი 3 648 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხის პირგასამტეხლო - 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 06 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება - 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა - 23 130 ლარი, პროცენტი - 7 251.26 ლარი და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ჯამურად მისაღები თანხის - 30 281.26 ლარის პირგასამტეხლო - 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2017 წლის 06 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის - 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი პროცენტის - 3 648 ლარის წლიური 12% ის - 437.76 ლარის დაკისრება სამ წელზე და 10 თვეზე (10.03.15-01.2019) – 1 678.08 ლარი;

1.4. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი თანხის - 30 381.26 ლარის წლიური 12%-ის - 5 164.81 ლარის (06.09.17-01.01.2019) გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

მოპასუხეებმა შექმნეს შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’. 2015 წლის 10 მარტს ე-–--------- გ-----–-–---–- (შემდგომში მოსარჩელე) და შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ მოსარჩელისგან ისესხა 16 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 6 თვე. სესხი სარგებლიანი იყო და ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრებოდა 6%-ით, რომელსაც აკლდებოდა 5% რომელსაც მოპასუხე გადაიხდიდა სახელმწიფო ხაზინაში. 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელეს სესხად გაცემული ძირითადი თანხის გარდა სარგებლის სახით უნდა მიეღო 5 472 ლარი. აღნიშნულის ნაცვლად კი მან მიიღო პროცენტის სახით 1 824 ლარი და ძირითადი თანხა 16 000 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეებს 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი აქვთ დარჩელი პროცენტი - 3 648 ლარი.

2016 წლის 06 სექტემბერს მოსარჩელეს და შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ კ--------ს ასესხა 23 130 ლარი წლიური 33%-ის, ხოლო ყოველთვიურად 2.75%-ის დარიცხვის პირობით. აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა 5%, რომელსაც მოპასუხე გადარიცხავდა სახელმწიფო ბიუჯეტში. სესხის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 12 თვე. შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს გარდა სესხად გაცემული თანხისა, სარგებლის სახით უნდა მიეღო 7 251.26 ლარი. მოსარჩელეს არ მიუღია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არც ძირითადი თანხა და არც სარგებელი.

მოსარჩელის მხრიდან, მსესხებელი კომპანიის მიერ ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, 2015 წლის 10 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგი მიიღებდა 3 648 ლარს, ხოლო 2016 წლის 06 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი ჯამში 30 381.26 ლარს. გარდა აღნიშნული თანხებისა, მოსარჩელე ასევე უფლებამოსილია მიიღოს აღნიშნული თანხის პირგასამტეხლო 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით 1 108.87 ლარის ოდენობით.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 182-ე მუხლის ჩადენაში. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხე მ----- ფ------ ფაქტობრივად ახორციელებდა შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს მართვას დანარჩენი მოპასუხეების მონაწილეობით. კომპანია მათ მიერვე იმთავითვე შეიქმნა მოსახლეობისგან ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით, ისინი 2008 წლიდან ს---------- კომპანიის სახელით სხვა საიდენტიფიკაციო ნომრით ეწოდნენ იგივე საქმიანობას, როცა ამ კომპანიას შეექმნა ფინანსური კრიზისი 2013 წელს დაარსეს ახალი კომპანია იგივე სახელწოდებით რაც მოსახელობას უქმნიდა ილუზიას, რომ იგივე კომპანია წარმატებით აგრძელებდა საქმიანობას.

განაჩენით ასევე დადგენილია, რომ კომპანიის სახელით აღებული ვალდებულებების შესრულება იმთავითვე შეუძლებელი იყო. ასევე ის გარემოება, რომ უწყვეტად ხდებოდა მოსახლეობისგან ფულადი თანხების მოზიდვა. ს---------- კომპანია ამ თანხის დაბანდებას არ ახდენდა. თანხების სალაროში მოხვედრისთანავე სესხის ხელშეკრულებით ეს თანხები გადაეცემოდა მ----- ფ------ს ისე, რომ მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში პროცენტის თანხაც არ იყო გათვალისწინებული, რაც მიუთითებს სწორედ იმ განზრახვას, რომ მოპასუხე მ----- ფ------------ გადაცემული თანხის მოთხოვნაც კი არ იყო განზრახული. მოპასუხეებმა ბოროტად გამოიყენეს შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შეზღუდული პასუხისმგებლობები თავისი ინტერესებისთვის და მოქალაქეებს, მათ შორის, მოსარჩელეს მიაყენეს ფინანსური ზიანი.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’ ფაქტობრივად გადახდისუუნაროა, მისი დირექტორი თ----- ლ---–-----, 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი თ----- მ---------–- და კომპანიის ფაქტობრივი მმართველი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის თ----- მ---------–-ს მეუღლე მ----- ფ------ არიან მსჯავრდებულები და იმყოფებიან პატიმრობაში. კომპანია ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, მისი ქონებები კი დატვირთულია შეზღუდვებით.

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხეებმა თ----- მ---------–-- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, თუმცა არ განუხორციელებიათ კვალიფიციური შედავება სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე მ----- ფ------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არ წარმოადგენს სარჩელზე პასუხისმგებელ პირს, ვინაიდან მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქნია მოსარჩელესთან.

 

მოპასუხე თ----- ლ---–-----ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია სარჩელთან მიმართებით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელეს და შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შორის 2015 წლის 10 მარტს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს სესხის სახით გადასცა თანხა 16 000 ლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი - წლიური 24%, ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 73-74);

- გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ.75);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ.72);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელეს და შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შორის 2016 წლის 06 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს სესხის სახით გადასცა თანხა 23 130 ლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი - წლიური 33%, ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით.

 

აღნიშნული ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.77-79);

- გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ.80);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ.76);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, თ----- ლ---–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

 

მ----- ფ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

თ----- მ---------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მოსარჩელე ე-–--------- გ-----–-–---–- ცნობილია დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაჩენი (ტომი 1, ს.ფ.23-64);

- განჩინება (ტომი 1, ს.ფ.18-22);

- დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტომი 1, ს.ფ.69-71);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს მოსარჩელისთვის დაბრუნებული აქვს 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 16 00 ლარი და ჯამში გადასახდელი პროცენტის - 5 472 ლარის ნაწილი - 1 824 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად გადაცემული თანხის - 23 130 ლარის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის - 7 251.26 ლარის დაბრუნების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ აქვს შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი - (1) 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დასაბრუნებელი საპროცენტო სარგებლის - 3 648 ლარის და (2) 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 23 130 ლარის, მასზე დარიცხული სარგებლის - 7 251.26 ლარის და ძირითად თანხაზე - 23 130 ლარზე 2017 წლის 06 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს - ყოველდღიური 0.01%-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

 

მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მატერიალური კანონმდებლობა გვკარნახობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა დელიქტიდან გამომდინარე სარჩელები. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი შემდეგნაირად ნაწილდება: 1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ზიანი; 2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის; 3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ქმედების მართლზომიერება; 4. მოპასუხემ უნდა დაადასტუროს ბრალის გამომრიცხავი გარემოებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თ----- ლ---–-----მ საერთოდ არ წარმოადგინა შესაგებელი, ხოლო მოპასუხეებმა მ----- ფ------მ და თ----- მ---------–-- წარმოადგინეს შესაგებლები, თუმცა მათ არ განუხორციელებიათ არსებითი (კვალიფიციური) შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით და შემოიფარგლნენ მხოლოდ სარჩელის არ ცნობით.

 

განუხორციელებელი შედავების საპირწონედ, მოსარჩელის მიერ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილი აქვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი და მასსა და შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები,.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დასტურდება, რომ თ----- ლ---–-----მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა მართლზომიერ გამგებლობაში; მ----- ფ------მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თ----- მ---------–-- ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.

 

აღნიშნული განაჩენის თანახმად, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში (იხ. განაჩენის მე-8 გვერდი, ტომი 1, ს.ფ.26) შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’ რეგისტრირებულ იქნა 2013 წლის 14 აგვისტოს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან გარკვეული საპროცენტო სარგებლით (20-დან 35%-მდე) თანხების მიღება და მათი ინვესტირება. კომპანიის ერთპიროვნულ დამფუძნებელს წარმოადგენდა თ----- მ---------–-, ხოლო დირექტორის პოზიციას იკავებდა თ----- ლ---–-----. შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–-ს მეუღლე - მ----- ფ------. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, საზოგადოება აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ შეიტანა გარკვეული თანხა, კერძოდ: 2013-2016 წლებში შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-მ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხად აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო. თანხები შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, უნდა გამოყენებულიყო უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რათა საზოგადოებას მიეღო შემოსავალი და უზრუნველეყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს დირექტორმა თ----- ლ---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ------- წაქეზებით და თ----- მ---------–-ს დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ------- სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ------მ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ. მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-მ ვეღარ უზრუნველყო მოქალაქეთა წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება და 2 343 მოქალაქეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მ----- ფ------- მტკიცებას, რომ მას კავშირი არ აქვს მოსარჩელესთან. როგორ აღინიშნა განაჩენში განმარტებულია, რომ ,,შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს საქმიანობას ფაქტობრივად სრულად წარმართავდა თ----- მ---------–-ს მეუღლე - მ----- ფ------’’ ამასთანავე, ის გარემოება, რომ ,,შპს ,,ს---------- კ-------- ს----------–--’’-ს დირექტორმა თ----- ლ---–-----მ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, მ----- ფ------- წაქეზებით და თ----- მ---------–-ს დახმარებით, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მ----- ფ------- სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ, არამომგებიან საწარმოებზე, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მ----- ფ------მ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ’’.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არ არის განხილული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესით, რა დროსაც ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილით, ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს, არამედ, უდავოდ მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად ადასტურებს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს და აღნიშნულ გარემოებას ვერ აქარწყლებს მოპასუხე მ----- ფ------- მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტომი 1, ს.ფ.156-267; ტომი 2, ს.ფ.4-88).

 

შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მ----- ფ-------, თ----- ლ---–------, თ----- მ---------–-ს მიერ დაზარალებულის (მოსარჩელის) კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების, განაჩენით დადასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არსებობის საფუძველია.

 

რაც შეეხება უშუალოდ დამდგარი ზიანის ოდენობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები საკმარისია სარჩელის საფუძვლად მითითებული სადავო გარემოების, დანაშაულის შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, მოპასუხეთა ქმედებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ხელშეკრულების ძირითადი თანხის გარდა, მოიცავს ასევე ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პროცენტებს და თითოეულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მისაღებ პირგასამტეხლოს, თუმცა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება ვერ გავრცელდება პროცენტზე დასარიცხ პირგასამტეხლოზე (როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით და რასაც სასამართლო ვრცხლად სამოტივაციო ნაწილშიც შეეხება).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე, 326-ე, 394-ე, 408, 411-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ ზიანის ანაზღაურება - (1) 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დასაბრუნებელი საპროცენტო სარგებლის - 3 648 ლარის, ისევე როგორც, (2) 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 23 130 ლარის, მასზე 2017 წლის 06 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს - ყოველდღიური 0.01%-ის, და სარგებლის - 7 251.26 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის მიმყენებელმა პირმა ზიანი უნდა აანაზღაუროს სრულად. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების წარმოშობის გარეშე (იხ. სუსგ ას-54-54-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელია და გულისხმობს მოსარჩელისაგან სესხად მიღებული, გაფლანგული თანხის მისთვის დაბრუნებას. თუმცა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში, ცხადია, არ მოიაზრება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრება (როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე 2015 წლის 10 მარტის ხელშეკრულებასთან მიმართებით) და პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მისაღებ ძირითად თანხაზე - 23 130 ლარზე და არა ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის ჯამზე (როგორც ამას მოითხოვს მოსარჩელე 2016 წლის 06 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიუღებელი პროცენტების და პირგასამტეხხლოს როგორც რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.2. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებით მოსარჩელე ასევე მოითხოვს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღები თანხების - ერთ შემთხვევაში საპროცენტო სარგებლზე, ხოლო მეორე შემთხვევაში სესხის ძირი თანხასა და საპროცენტო სარგებლზე წლიური პროცენტების დაკისრებას მიუღებელი შემოსავლის სახით. ფაქტობრივად ამ ნაწილში მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვს ე.წ. პროცენტის პროცენტის დაკისრებას მოპასუხეთათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხსენებული სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის ასევე მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).

 

განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახის ზიანად მოითხოვს სარგებელზე სარგებლის დაკისრებას, რაც ცხადია, არც ერთი სახელშეკრულებო დათქმიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავალი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მოსარჩელისთვის სავარაუდო, რაც წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე კი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკიროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 096.85 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–--------- გ-----–-–---–-ს სარჩელი მოპასუხეების მ----- ფ-------, თ----- ლ---–------ და თ----- მ---------–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხეებს მ----- ფ------ს, თ----- ლ---–-----ს და თ----- მ---------–- მოსარჩელე ე-–--------- ფ------- სასარგებლოდ, ზიანის ანაზრაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი პროცენტი - 3 648 ლარის გადახდა;

 

1.2. მოპასუხეებს მ----- ფ------ს, თ----- ლ---–-----ს და თ----- მ---------–- მოსარჩელე ე-–--------- ფ------- სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 23 130 ლარის და საპროცენტო სარგებლის - 7 251.26 ლარის გადახდა;

 

1.3. მოპასუხეებს მ----- ფ------ს, თ----- ლ---–-----ს და თ----- მ---------–- მოსარჩელე ე-–--------- ფ------- სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 23 130 ლარის პირგასამტეხლო - 0.01%-ის ოდენობით 2017 წლის 06 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

1.4. სასარჩელო მოთხოვნები 2015 წლის 10 მარტის სესხის ხელსეკრულებიდან გამომდინარე სარგებელზე - 3 648 ლარზე ყოველდღიურისი პირგასამტეხლოს, ასევე 2016 წლის 06 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელზე - 7 251.26 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს, ისევე როგორც თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს მ----- ფ------ს, თ----- ლ---–-----ს და თ----- მ---------–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკიროთ სახელმწიფო ბაჟის - 1 096.85 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლ თამარ ლაკერბაია