გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160210119003108-15
№2/548-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.10.2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ--------------"
წარმომადგენელი - ნი------------ა
მოპასუხეები - ქა-------------ი, ზა-------------–-–---ი, ზა----–---------–-–---ი, ა--------------ი
მოპასუხე ა--------------ის წარმომადგენელი - მარინა ქობულაძე
თარჯიმანი - ნა--–-------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს სს ,,ლ--------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 26 796.8- ლარის გადახდა, საიდანა ძირითადი თანხაა 1----.7- ლარი, პროცენტი-3202.86 ლარი, ჯარიმა - 4468.30 ლარი. მოპასუხე ქანან მამედოვს სს ,,ლ--------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2695.28 ლარის გადახდა (ძირი თანხა 2 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 228.34 ლარი და ჯარიმა 466.94 ლარი).
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და დაზუსტებული მოთხოვნის თანახმად, მოითხოვა მოპასუხეებისათვის 26 396.8- ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1----.7- ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3202.86 ლარი, ჯარიმა - 4068.30 ლარი. ასევე დააზუსტა, რომ თავდები პირების-მოპასუხეების ა--------------ის, ზა-------------–-–---ის, ზა----–---------–-–---ის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვროს 20600 ლარით.
სარჩელის საფუძვლები:
სს ,,ლ-------------ს" და ქა-------------ს შორის 2017 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 20 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 22 % და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 37 თვე. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სს ,,ლ--------------ს" მიერ გაცემული ამონაწერის თანხმად, 20.09.2018წ დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს ერიცხება აღნიშნული რიცხვიდან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0,50 %-ს. (მოპასუხეთა დავალიანება დაანგარიშებულია დავალიანების ცნობის გაცემიდან - 2019 წლის 10 ივლისიდან). საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იქნა სამი თავდებობის ხელშეკრულება. თავდებმა პირებმა - ზა-------------–-–---მა, ზა----–---------–-–---მა და ა--------------მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ქა-------------თან ერთად. ხელშეკრულებით თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 600 ლარით. ქა-------------სა და სს ,,ლ-------------ს" შორის 2017 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 2 000 ლარი, წლიური 79.59 %-ად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე. ლ--------------ს მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 27 ნოემბერს მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ხელშკრულების თანდართული გარფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. მოპასუხეთა დავალიანება სს ,,ლ--------------ს" მიმართ დაანგარიშებულია დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2019 წლის 10 ივლისის მდგომარეობით. სს ,,ლ-------------მა" წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს ისე თავდებებს უზრუნველეყოთ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხის და დარიცხული ჯარიმის გადახდა, თუმცა აღნიშნულ წერილს მოპასუხეების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა--------------მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ არ ეთანხება მოსარჩელის მიერ მითთებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხეებმა ქა-------------მა, ზა-------------–-–---მა და ზა----–---------–-–---მა სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინეს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა ა--------------მა და ზა-------------–-–---მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ 1----.7- ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ლ-------------ს" და ქა-------------ს შორის 2017 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 20 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღრა - 22%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 37 თვე, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0,50 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 1------- (ს.ფ. 21-24);
-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. N 1------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა პირებმა - ზა-------------–-–---მა, ზა----–---------–-–---მა და ა--------------მა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქა-------------თან ერთად. ხელშეკრულებით თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 20 600 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 1------- ; ხელშკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 21-24);
- თავდებობის ხელშეკრულებები და თავდებების განცხადებები (ს.ფ. 28 -38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. ქა-------------ს და სს ,,ლ-------------ს" შორის 2017 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 2--------------. კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 2000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 79.59 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,4 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #2--------------; ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 39-41)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი)
3.1.4. N 1------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მიერ დაირღვა 2018 წლის 20 სექტემბერს. N 2-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მიერ დაირღვა 2018 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.25-16; 42-44)
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.19, 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი)
3.1.5. მსესხებლის დავალიანება N 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ლ--------------ს“ წინაშე შეადგენს 26 396.8- ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 19 125.7- ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3202.86 ლარი და ჯარიმა 4068.30 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ; (ს.ფ.19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი)
3.1.6. მსესხებლის დავალიანება N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ლ--------------ს“ წინაშე შეადგენს 2695.28 ლარს, აქედან ძირი თანხაა 2000 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 228.34 ლარი და ჯარიმა 466.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ოატომბრის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 463-ე, 464-ე, 8-1-ე, 8-5-ე, 8-6-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს ქა-------------მა და სს ,,ლ-------------მა" გააფორმეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქა-------------მა სესხის სახით მიიღო 20 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღრა - 22 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 37 თვე, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0,50 %-ს. 2017 წლის 30 ოქტომბერს ქა-------------მა და სს ,,ლ-------------მა" გააფრომეს საბანკო კრედიტის N 2-------------- ხელშეკრულება, კრედიტით გათვალისწინებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა 2 000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 79.59%, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე.
მითითებული გარემოება ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად.
მოპასუხეებმა ა--------------მა და ზა-------------–---მა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა ძირი თანხისა დაკისრების ნაწილში.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ საბანკო კრედიტის ხელსეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა, მოპასუხეებს არ აქვთ გადახდილი საბანკო კრედიტის ძირითადი თანხა და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად, მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
ამდენად, სარჩელი N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის - 1----.7- ლარის და საპროცენტო სარგებლის - 3202.86 ლარის დაკისრების თაობაზე, ასევე N 2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 2000 ალარის და საპროცენტო სარგებლის - 228.34 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
ამდენად, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალიწინებით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როცა მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს შემცირების თაობაზე. ამდენად, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებისათვის N 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 4068.30 ლარის დაკისრებას, ხოლო N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 466.94 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია, რაც უნდა შემცირდეს. N 1------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1500 ლარით, ხოლო N 2-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 180 ლარით.
6.3. მოპასუხეებს ქა-------------ს, ზა---------------ს, ზა----–---------–---ს და ა--------------ს N 1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროთ სოლიდარულად.
სამოქალაქო კოდექსის 8-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 8-2-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 8-5-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ზა-------------–---მა, ზა----–---------–---მა და ა--------------მა ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული კრედიტის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა თითოეულისათვის 20 600 ლარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს (თავდებებს) ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.
ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა N 1------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეებისათვის ქა-------------ის, ზა-------------–-–---ის, ზა----–---------–-–---ის და ა--------------ისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ქა-------------ს, ზა-------------–-–---ს, ზა----–---------–-–---ს და ა--------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 23 828.59 ლარის გადახდა. ამასთანავე მოპასუხეებმა ა--------------მა და ზა-------------–-–---მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ - 1----.7- ლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სასარჩელო მოთხოვნა. ამდენად აღნიშნული მოპასუხეები თავისუფლდებიან ამ ნაწილში ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 23828.59 ლარი, რაც წარმოადგენს პირველი სასარჩელო მოთხოვნის 90.27 %-ს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ა--------------მა და ზა-------------–---მა სარჩელი ცნეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 80.26%-ში, მოპასუხეებს ქა-------------ს, ზა-------------–-–---ს, ზა----–---------–-–---ს და ა--------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 714.85 ლარის ანაზღაურება (მათ შორის ა--------------ს და ზა-------------–-–---ს დაეკისროს 196.95 ლარის ფარგლებში).
მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნა ასევე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოთხოვნის 8-.35 %. ამდენად, მოპასუხე ქა-------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 44.67 ლარის გადახდა. ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 12.01 ლარი. მოსარჩელის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ქა-------------ს, ზა-------------–-–---ს, ზა----–---------–-–---ს და ა--------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 23 828.59 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 19 125.7- ლარი, საპროცენტო სარგებელი- 3202.86 ლარი, ჯარიმა- 1500 ლარი. ამასთანავე თავდები პირების ა--------------ის, ზა-------------–---ის და ზა----–---------–-–---ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 20 600 ლარით.
3. მოპასუხე ქა-------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2408 . 34 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 2000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 228.34 ლარი, ჯარიმა 180 ლარი.
4. მოპასუხეებს ქა-------------ს, ზა-------------–-–---ს, ზა----–---------–-–---ს და ა--------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 714.85 ლარის ანაზღაურება (მათ შორის ა--------------ს და ზა-------------–-–---ს დაეკისროს 196.95 ლარის ფარგლებში).
5. მოპასუხე ქა-------------ს მოსარჩელე სს ,,ლ--------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 44.67 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 12.01 ლარი (გადახდის თარიღი: 15.07.2019წ, საგადახდო დავალება N 515807-157, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300093150).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ბოლნისის, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა N 113) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე