გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3123964-2/483-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - ა---- პ---------;
წარმომადგენელი - ო----------------ე;
მოპასუხე - ა---------- ა------, ხ--------- ე-–------, ა------- კ-----------;
წარმომადგენელი - ნ---------------ე;
თარჯიმანი - ლ---------------;
დავის საგანი - მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ა---------- ა------ს, ხ--------- ე-–------სა და ა------- კ-----------ს ა---- პ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 935 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ა---- პ---------ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 250 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის დეკემბერში ქ.ახალციხის საქონლის ბაზრობაზე 700 ლარად შეიძინა 1 წლის მოზარდი. ა/წლის მაისის დასაწყისში, მოსარჩელის დეკეული, რომელიც უკვე დაახლოებით 1,5 წლის იყო და მისი წონა შეადგენდა დაახლოებით 170 კილოგრამს, ხოლო საბაზრო ღირებულება 935 ლარს, მიაბარა თანასოფლელ მწყემსებს ა---------- ა------ს, ხ--------- ე-–------სა და ა------- კ-----------ს, რომლებსაც ზეპირი შეთანხმების თანახმად, ზაფხულის განმავლობაში უნდა ეძოვებინათ მოსარჩელის დეკეული სოფლის ნახირთან ერთად, რაშიც მათთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 12 ლარი. დაკარგვის შემთხვევაში, არსებული პრაქტიკის მიხედვით, მწყემსებს საქონლის ღირებულება უნდა აენაზღაურებინათ მთლიანად. 2019 წლის 19 მაისს საღამოს მოსარჩელის დეკეული სახლში არ მოვიდა, რის შესახებაც აცნობა მწყემსებს. მათ დაეზარათ ღამით საქონლის ძებნა და უთხრეს, რომ მეორე დღეს მოძებნიდნენ დეკეულს, მეორე დღეს დეკეული ვერ ნახეს, ვერც შემდეგ დღეებში, მეხუთე დღეს ნახეს მხოლოდ დეკეულის ლეში. ის სოფლიდან მოშორებით ნადირის მიერ ნაწილობრივ იყო შეჭმული. საქონლის ცოცხალი წონის ღირებულება შეადგენს 5.5 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან პირუტყვის დაცემა არ გამოწვეულა მოპასუხეების ა---------- ა------ის, ხ--------- ე-–------ისა და ა------- კ-----------ის ბრალეული მოქმედებით. დეკეული არ იყო იმ წონის რომელსაც ასახელებს მოსარჩელე სულ 600 ლარის ღირებულების იქნებოდა
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის დეკემბერში ქ.ახალციხის საქონლის ბაზრობაზე შეიძინა 1 წლის მოზარდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---- პ---------ის ახსნა-განმარტება;
- შპს ,,ფ-----------–------ის" ცნობა;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. 2019 წლის მაისის დასაწყისში, მოსარჩელემ კუთვნილი დეკეული, მიაბარა თანასოფლელ მწყემსებს ახალციხის რაიონის სოფელ წ-------ში მცხოვრებ ა---------- ა------ს, ხ--------- ე-–------სა და ა------- კ-----------ს, რომლებსაც ზეპირი შეთანხმების თანახმად, დღის განმავლობაში უნდა ეძოვებინათ მოსარჩელის დეკეული სოფლის ნახირთან ერთად. სანაცვლოდ მწყემსებს უნდა მიეღოთ ყოველთვიური ანაზღაურება 12 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა---- პ---------ის ახსნა-გამნარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2.3. 2019 წლის 19 მაისს საღამოს მოსარჩელის დეკეული სახლში არ მოვიდა, რის შესახებაც აცნობა მწყემსებს. მწყემსები დაჰპირდნენ, რომ მეორე დღეს გაივლიდნენ იგივე ტერიტორიას და იპოვიდნენ ჩამორჩენილ დეკეულს. მწყემსებმა მხოლოდ რამოდენიმე დღის ძებნის შემდეგ იპოვეს მკვდარი პირუტყვი იმ ტერიტორიაზე, სადაც პირუტყვი დაჰყავთ საბალახოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-გამნარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2.4. მოპასუხეების ა---------- ა------ის, ხ--------- ე-–------ისა და ა------- კ-----------ის მიერ მიყენებული ზიანი ა---- პ---------ის მიმართ შეადგენს - 600 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ფ-----------–------ის" ცნობა;
- ა---- პ---------ის ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე, 763-ე, 765-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს, შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის მიბარებული ნივთი და დაუბრუნოს იგი დაუზიანებლად და უკლებლად. ხელშეკრულების საგანი პირუტყვის შენახვისათვის მომსახურების გაწევაა, რაც შემნახველის მიერ ამ პირუტყვის დაცვასა და მის მოვლა-პარტონობაში გამოიხატება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარი მწყემსავდა სოფლის პირუტყვს. მათ შორის მათ მიბარებული ჰყავდათ მოსარჩელის კუთვნილი დეკეული. 2019 წლის 19 მაისის საღამოს მოსარჩელის კუთვნილი ერთი სული დეკეული მოპასუხე მხარეს უკან არ დაუბრუნებია. მომდევნო დღეებში კი მკვდარ პირუტყვს მიაკვლიეს საძოვრის ტერიტორიაზე.
სამოქალაქო კანონდებლობა შემნახველს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მიბარება უსასყიდლოა, ავალდებულებს ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა (.სსკ-ის 765-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსი მხარეებისაგან მოითხოვს რა ურთიერთპატივისცემასა და გულისხმიერებას კონტრაჰენტთან მიმართებაში, ორივე მხარეს ამ მხრივ შეთანხმებულზე უფრო მეტ გულისხმიერებას აკისრებს. სწორედ ეს ვალდებულებაა დაწესებული სკ-ის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განამტკიცებს კერძოსამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს - კეთილსინდისიერების პრინციპს, რომლის ძალითაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა არის 935 ლარის. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაზუსტებით არ შეიძლება ითქვას პირუტყვის წონა და შესაბამისად, მისი ღირებულება. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ პირუტყვი მხოლოდ 600 ლარის ღირებულების იქნებოდა, რადგან მათ კარგად იცოდნენ მისი წონაც და ასაკიც, საიდანაც გამოითვლება პირუტყვის ღირებულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ აღიარა ფაქტობრივი გარემოება პირუტყვის ღირებულების ნაწილში - 600 ლარის ფარგლებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანი გამოწვეულია მოპასუხის ბრალეულობით, მიბარებული პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე დატოვებით. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ პირუტყვის სიმრავლის გამო, ვერ მოახერხეს სრულფასოვანი მეთვალყურეობის განხორციელება. აღნიშნულის გათვალისწინებით იკვეთება მოპასუხის არამართლზომიერი ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც თავის მხრივ მიუთითებს ზიანის არსებობის ფაქტზე.
მოპასუხის ბრალეული ქმედების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯერვნად შესრულების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, მიბარებული 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკარგვით, რომლის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 600 ლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარდგენია, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ პირუტყვის დაკარგვა არ არის გამოწვეული მათი ბრალეული ქმედებით. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ პირუტყვის საერთო ღირებულება არ იყო 600 ლარზე მეტი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შესაბამისად, საქმეზე გადახდილი ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც მის მიერ ზედმეტად გადახდილი, ხოლო 50 ლარიდან 30 ლარი დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ. 20 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
ასევე, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტის ოდენობით სულ 24 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 243--244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა---- პ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ა---------- ა------ს (პ/ნ 4----------), ხ--------- ე-–------სა (პ/ნ 4----------) და ა------- კ-----------ს (პ/ნ 4----------) ა---- პ---------ის (პ/ნ4----------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიყენებული ზიანის - 600 ლარის ანაზღაურება.
3. მოსარჩელე ა---- პ---------ს დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
4. მოპასუხეებს ა---------- ა------ს, ხ--------- ე-–------სა და ა------- კ-----------ს ა---- პ---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ადვოკატის ხარჯის 24 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი