გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2019
საქმის ნომერი
041310119003108132
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N041310119003108132

N3/3-2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თერჯოლა

 

შესავალი ნაწილი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე - შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი

 

მოსარჩელე : გ------ მ------–---–-;

წარმომადგენელი : თ----- ფ-----–--;

 

მოპასუხე: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი : მ-----– ვ------–-–---–-;

 

დავის საგანი: ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, განაცდურის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, მოსარჩელის თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე -თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის შესახებ;

 

1.2. დაევალოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 20 ივნისიდან დანიშვნის შესახებ;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისათვის ხელფასის, როგორც იძულებითი განაცდურის სახით გადახდა 2019 წლის 20 ივნისიდან თვეში 1100 ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

მოსარჩელის პოზიცია: თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 8 თებერვალს ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული იყო ღია კონკურსი შემდეგ პოზიციაზე - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მერის წარმომადგენელი ქ.თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაკანსიის N53826. მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო შედეგების გამო, მოსარჩელე მიჩნეულ იქნა კონკურსში გამარჯვებულად, რაც ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კანონით დადგენილი წესით და მისი კანდიდატურა წარდგენილ იქნა თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წ--------------–-- თანამდებობაზე დასანიშნად. მოსარჩელემ 2019 წლის 18 ივნისს მოპასუხე ორგანოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო საჯარო სამსახურში დასანიშნად. მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ არ მიღებულა სამართლებრივი აქტი მოსარჩელის დანიშვნის შესახებ. აღნიშნულით კი შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და უსაფუძვლოდ ვერ მიიღო ყოველთვიური ხელფასი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მ-----– ვ------–-–---–-- მხარი დაუჭირა შესაგებელს და მიუთითა, რომ საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილ იქნა კონკურსში გამარჯვებული 10 კანდიდატი, რომელთა შორისაც იყო მოსარჩელეც. წარმომადგენელმა კითხვა-პასუხის ეტაპზე დამატებით განმარტა, რომ საკონკურსო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წლის 17 მაისს. აღნიშნული გადაწყვეტილება მერს გადაეგზავნა 2019 წლის 21 მაისს. მოსარჩელე უნდა დანიშნულიყო არა უადრეს 14 და არაუგვიანეს 30 დღისა. მოსარჩელემ წარადგინა ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო სასამხურში დასანიშნად. მისთვის უცნობია, თუ რატომ არ მოხდა მოსარჩელის დანიშვნა. ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა, მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 8 თებერვალს ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადდა ღია კონკურსი შემდეგ პოზიციაზე - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მერის წარმომადგენელი ქ.თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაკანსიის N53826.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის ამონარიდი, ვაკანსია N53826;

 

3.2. მოსარჩელემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში N53826 ვაკანსიაზე. 2019 წლის 1 მარტს მოსარჩელემ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ მან წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე. მასვე ეცნობა, რომ უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა კონკურსის შემდგომი ეტაპის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის შეტყობინება;

 

3.3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის მიერ 2019 წლის 17 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე გ------ მ------–---–- საუკეთესო შედეგების გამო, მიჩნეულ იქნა კონკურსში გამარჯვებულად და წარდგენილ იქნა N53826 ვაკანსიაზე - მერის წ--------------–-- თანამდებობაზე დასანიშნად თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3.4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს წარედგინა 2019 წლის 21 მაისს N122-77 მოხსენებითი ბარათით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის 2019 წლის 21 მაისის მოხსენებითი ბარათი;

 

3.5. 2019 წლის 18 ივნისს მოსარჩელემ მოპასუხე ორგანოში წარადგინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები: ცნობა ნასამართლობის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, დიპლომის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი, ორი ფოტოსურათი და CV;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის 2019 წლის 18 ივნისის განცხადება (მერიაში რეგისტრაციის თარიღი 18.06.2019 წ, შემოსავალი N3634/45);

 

3.6. 2019 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის მიღება, თუ რატომ არ ხდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა N53826 ვაკანსიაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის 2019 წლის 24 ივნისის განცხადება;

 

3.7. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის N45/3242 მიმართვით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 10 კანდიდატი. კომისიის მიერ ცხრა მოხელის დასანიშნად გადაწყვეტილება მერთან ხელმოსაწერად წარდგენილ იქნა 2019 წლის 19 ივნისს, ხოლო მოსარჩელის დანიშვნის შესახებ, ტექნიკური ხარვეზის გამო, წარდგენილ იქნა 2019 წლის 24 ივნისს, რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის N45/3242 მიმართვა;

 

3.8. თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წ--------------–-- თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1100 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის ამონარიდი, ვაკანსია N53826;

 

3.9. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელს სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება. შესაბამისადაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარმატებით გაიარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული ღია კონკურსი ვაკანსიაზე N53826, საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის - მერის წარმომადგენელი ქ.თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში. საკონკურსო კომისიის მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის გამარჯვებულ კანდიდატად გამოვლენის შესახებ, ასევე კანონის დაცვით გადაიგზავნა მოხსენებითი ბარათი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან კონკურსში გამარჯვებული 10 კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც იყო მოსარჩელე. მოსარჩელის მიერ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში სრულად იქნა წარდგენილი მისი თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ მიიღო მოსარჩელე გ------ მ------–---–-ს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი);

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე მხარის მიერ ვერც წარმოდგენილი შესაგებლითა და ვერც სასამართლოს სხდომაზე, ვერ იქნა დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

ევროპის სოციალური ქარტია;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე - თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის შესახებ - წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელე გ------ მ------–---–-ს მოთხოვნა მოპასუხის დავალდებულების შესახებ მისი თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

 

6.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა;

 

ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;

 

6.4. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირი მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 47-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე საკონკურსო კომისიის საქმიანობის დეტალური წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ სამუშაო აღწერილობას და უნდა განსაზღვრავდეს კანდიდატის მიერ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მოთხოვნებსა და კვალიფიკაციას, რაც გულისხმობს კანდიდატის როგორც პიროვნული უნარ-ჩვევების, ისე პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტაციის ჩამონათვალის არსებობას.

 

6.5. დადგენილია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში 2019 წლის 8 თებერვალს ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით გამოცხადებული იყო ღია კონკურსი შემდეგ პოზიციაზე - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მერის წარმომადგენელი ქ.თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაკანსიის N53826. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან, ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გ------ მ------–---–-ს მიერ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილ იქნა გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან, სპეციალურ მოთხოვნებთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი დოკუმენტები, დადგენილია, რომ 2019 წლის 1 მარტს მოსარჩელემ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ მან წარმატებით გაიარა კონკურსის პირველი ეტაპი თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე. მასვე ეცნობა, რომ უმოკლეს ვადაში ეცნობებოდა კონკურსის შემდგომი ეტაპის შესახებ. კონკურსის შემდგომი ეტაპის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა სატელეფონო საუბრით.

 

6.6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, საკონკურსო კომისია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. საკონკურსო კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

დადგენილია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო შედეგების გამო, მოსარჩელე გ------ მ------–---–- მიჩნეულ იქნა კონკურსში გამარჯვებულად, რაც ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კანონით დადგენილი წესით.

 

6.7. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

 

დადგენილია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის მიერ 2019 წლის 17 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე (სხვა 9 კანდიდატთან ერთად) მიჩნეულ იქნა გამარჯვებულად და წარდგენილ იქნა თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წ--------------–-- თანამდებობაზე დასანიშნად.

 

6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარედგინება მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ამავე კომისიის თამჯდომარის 2019 წლის 21 მაისის N122-77 მოხსენებითი ბარათით, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შეკითხვების ეტაპზე დაადასტურა, რომ მოსარჩელის დანიშვნის შესახებ ბრძანება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს უნდა გამოეცა არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა, თუმცა მისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარი. თვით მოსარჩელემ 2019 წლის 18 ივნისს მოპასუხე ორგანოში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო საჯარო სამსახურში დასანიშნად. აღსანიშნავია ისიც, რომ სახეზე არ არის არანაირი ხელშემშლელი გარემოება, რომელიც გამორიცხავდა მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნას.

 

6.9. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლი განსაზღვრავს კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის წესსა და ვადას. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა საკონკურსო კომისიის მიერ შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისთვის სათანადო გადაწყვეტილების წარდგენიდან 14 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს მოსარჩელე გ------ მ------–---–-ს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო 2019 წლის 4 ივნისიდან 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მოსარჩელემ 2019 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც მოითხოვა ინფორმაციის მიღება, თუ რატომ არ ხდებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა N53826 ვაკანსიაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 3 ივლისის N45/3242 მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 10 კანდიდატი. კომისიის მიერ ცხრა მოხელის დასანიშნად გადაწყვეტილება მერთან ხელმოსაწერად წარდგენილ იქნა 2019 წლის 19 ივნისს, ხოლო მოსარჩელის დანიშვნის შესახებ, ტექნიკური ხარვეზის გამო, წარდგენილ იქნა 2019 წლის 24 ივნისს, რითაც დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებულია მოპასუხე ორგანოს მიერ შესაგებელსა და განცხადების პასუხში დაფიქსირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ,,გაშვებულია მოხელის დანიშვნის შესახებ კანონით გათვალისწინებული ვადა“, მითუფრო იმ პირობებში, როცა კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში სახელობით იქნა მითითებული ყველა გამარჯვებული კანდიდატის შესახებ ინფორმაცია (იხ.კომისიის გადაწყვეტილება, N6-მოსარჩელე გ------ მ------–---–-), რაც ასეთივე ფორმით გადაეცა მოპასუხეს მოხსენებით ბარათთან ერთად. მიუხედავად ამისა, მოპასუხის მიერ არ მიღებულა სამართლებრივი აქტი მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

 

6.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ზეპირი აქტით (თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ) მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი ხელშემშლელი გარემოების გარეშე უთხრა ზეპირი უარი კონკურსის წესით გამოვლენილ და შერჩეულ კანდიდატს თანამდებობაზე დანიშვნაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.11. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ამტკიცოს მის მიერ ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერება.

 

საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვერც საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით და ვერც სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა ვარაუდს, რომ მათ მიერ გამოცემული ზეპირი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. უფრო მეტიც, 2019 წლის 3 ივლისის N45/3242 მიმართვით მოპასუხემ მოსარჩელის დანიშვნაზე უარის თქმა ახსნა მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით და განმარტა, რომ სხვა კანდიდატებისაგან განსხვავებით, მოსარჩელის დასანიშნად გადაწყვეტილება მერთან ხელმოსაწერად წარდგენილ იქნა 2019 წლის 24 ივნისს. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა ვერც სასამართლო სხდომაზე შეძლო მარწმუნებლის მხრიდან მიღებული ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მერის მიერ ვალდებულების შესრულების მართლზომიერების დადასტურება. სასამართლო დამატებით მოიხმობს ევროსასამართლოს განმარტებას საქმეზე Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV, სადაც მიუთითა, რომ „მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, ნათელი და თანმხვედრი დასკვნებიდან ან ფაქტების მსგავსი ცალსახა პრეზუმფციიდან“ . აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მის მიერ ზეპირად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების დამტკიცება (დადასტურება).

 

6.12. საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, გ------ მ------–---–-ს სარჩელი - ბათილად იქნეს ცნობილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში თანამდებობაზე დანიშვნის უარის შესახებ- საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2019 წლის 20 ივნისიდან მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ;

 

6.13. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით დაცულია პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. კერძოდ, 1). ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციის მითითებული მუხლი თავისთავად გულისხმობს ადამიანის შრომითი უფლების პატივისცემასა და დაცვას, რომელშიც საჯარო ხელისუფლების კანონთან შეუსაბამობის გარეშე ჩარევა დაუშვებელია. შრომითი უფლების პატივისცემა კი გულისხმობს ინდივიდის შესაძლებლობას დასაქმებაზე, დასაქმებაზე დაუსაბუთებელი უარის დაუშვებლობას და დასაქმების შედეგად სამართლიანი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.

 

საქმეზე ,,პლა და პუნსერნაუ ანდორას წინააღმდეგ (2004)“ ევროსასამართლო კონვენციის მე-8 მუხლთან მიმართებით განმარტავს შემდეგს: ,, მე-8 მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ვალდებულებებს, რაც ჩადებულია პირადი და ოჯახური ცხოვრების ეფექტურ ,,პატივისცემაში““. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს მატერიალურ-სამართლებრივ დებულებებს პირის შრომითი უფლების შესახებ, მოსარჩელე გ------ მ------–---–-ს მიერ აღძრული სარჩელი და სადაო საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში ხვდება, ვინაიდან დასაქმება პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებას შეეხება. დასაქმების შედეგად სამართლიანი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ხელს უწყობს ოჯახურ ცხოვრებას და გარდაუვალია მისი ეფექტი ოჯახური ცხოვრების ორგანიზებაზე.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას;

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას დაუბრკოლებლად უზრუნველყონ შესაბამის მოსამსახურეთათვის სამართლიანი შრომის ანაზღაურება კანონის შესაბამისად.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლი განსაზღვრავს მოხელის შრომის ანაზღაურების წესს და ადგენს, რომ მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

 

6.14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ორგანომ უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უთხრა უარი გ------ მ------–---–- თანამდებობაზე დანიშვნაზე, რის გამოც ზეპირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივნისისა, შესაბამისად, რომ არა უკანონოდ შექმნილი დაბრკოლება (ბარიერი), მოსარჩელე მითითებული დროიდან მიიღებდა მისი თანამდებობისათვის განკუთვნილ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას, რაც შეადგენს 1100 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ბათილად სცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაავალა გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, 2019 წლის 20 ივნისიდან მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ხელფასის, როგორც იძულებითი განაცდურის სახით გადახდა 2019 წლის 20 ივნისიდან თვეში 1100 ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე მხარე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

კონკრეტულ საქმეზე თ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-23-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------ მ------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კერძოდ, მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე -თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის შესახებ;

 

1.2. დაევალოს თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერის წ--------------–-- პოზიციაზე - თ--------–-- ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის 20 ივნისიდან დანიშვნის შესახებ;

 

1.3. დაეკისროს მოპასუხე თ--------–-- მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელისათვის ხელფასის, როგორც იძულებითი განაცდურის სახით გადახდა 2019 წლის 20 ივნისიდან თვეში 1100 ლარის ოდენობით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.თერჯოლა, ლეონიძის ქ.N2);

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე