გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/8569-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.10.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთ კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე ფ----- მ---------ი,წარმომადგენელი ბ--- მ----–---–-,მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ი,წარმომადგენელი ა---- ჰ---------, ე---– ვ--–----–--, ნ------- მ--–---,თარჯიმანი: მარინა კვიჟინაძე
დავის საგანი: დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ის ფ----- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს გენდერული და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცცისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3000 ლარის გადახდა.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ტ------ი ნ-----------------ის 2017 წლის 19 დეკემბრის ბრძანება ფ----- მ---------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
1.3. ფ----- მ---------ი აღდგენილ იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ ტ------ი ნ-----------------ის სასაწყობო მეურნეობის უფროსის თანამდებობაზე.
1.4. მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ის მოსარჩელე ფ----- მ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 19 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად დასაბეგრი 1460 ლარის (1000 ა---------------–- მ------ს) ოდენობით.
1.5. მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ის დაეკისროს მოსარჩელე ფ----- მ---------ის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით 294 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ი არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს ფ----- მ---------ს და ტ------ ნ-----------------ის შორის 11.05.2015 წელს დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში და გათავისუფლებამდე ეკავა სასაწყობე მეურნეობის უფროსის პოზიცია. მისი ხელფასი შეადგენდა თვეში 1000 ა---------------– მ-----ას, რომელიც დაახლოებით 1460 ლარია. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულს ხელფასის სახით მისაღები თანხა უნდა მიეღო ყოველთვიურად ყოველი თვის 15 რიცხვში.
მხარეებს შორის ასევე 2010 წელს დადებული იყო შრომის ხელშეკრულება 1 წლის ვადით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულებების ასლები ს. ფ. 16-25.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. მოპასუხე მხარე პერიოდულად აგვიანებდა ხელფასების ჩარიცხვას, რის გამოც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ მოსარჩელის მთლიანი დასაქმების პერიოდის გათვალისწიმებით ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0.07%-ის გათვალისწინებით შეადგენს 294 ლარს. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისათვის ყოველთვიურად გასაცემი ხელფასის პერიოდულად დაგვიანების ფაქტს, ხოლო დაყოვნების პირგასამტეხლოს მოსარჩელის მიერ დაანგარიშებულ ოდენობას სადაოდ არ ხდის.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სახელფასო ანგარიშიდან ამონაწერის ასლი ს. ფ. 26-32.
გაანგარიშების ცხრილი ს.ფ. 65-68.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 19.12.2017 წელს საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლი ,,დ“ პუნქტის საფუძველზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „მუხლი 37, პუნქტი 1, ქვეპუნქტი გ), საქართველოს შრომის კოდექსი - მუშაკის წასვლა თნამდებობიდან/სამსახურიდან თავისი სურვილით წერილობითი განცხადების საფუძველზე“.) საგულისხმოა ის გარემოება, რომ თავად ბრძანებაში დამსაქმებლის მიერ შეცდომით მითითებულია ,,გ“ პუნქტი, თუმცა ეს პუნქტი გაშიფრულია, როგორც თანამდებობიდან მუშაკის წასვლა საკუთარი სურვილით, რაც წარმოადგენს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს, აღნიშნული უსწორობა მოპასუხემ ახსნა მათ ხელთ ასრებული შრომის კოდექსის რუსულენოვანი მცდარი ვერსიით და დაადასტურა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მუშაკის განცხადების საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
19.12.2017 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 37.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელე ფ----- მ---------ის მიმართ დისკრიმინაციული ან/და არათანაბარ მოპყრობას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თავად განსაზღვრავენ იმ ფაქტობრივ საფუძველთა წრეს, რასაც შესაბამისი პოზიცია (მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის შესაგებელი) ეფუძნება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ მოპასუხის მხრიდან ეროვნული, გენდერული და შეხედულელების ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციაზე, რაც წარმოადგნს საქართველოს კონსტიტუციით და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონით და შრომის კოდექსით დაცულ ნიშანს.
მოსარჩელეს მოსაზრებით, სარჩელის მიხედვით, მოპასუხის მხრიდან მის მიმართ არათანაბარი დისკრიმინაციული მოპყრობად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ახდენდა ხელფასების დაგვიანებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოპასუხის მხრიდან ხდებოდა საქართველოს მოქალაქე დასაქმებულების მიმართ შრომითი უფლებეის დარღვევა და დისკრიმინაციული მოპყრობა რომლის მოწმეც იგია, იგი არ ეთანხმებოდა კომპანიის პოლიტიკას რის გამოც მის მიერ გამოთქმული შეხედულელების გამო წარმოადგენს დიკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
შრომის კოდექსის 2.3 მუხლით შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოთხოვნის დაყენების შემთხვვაში მოპასუხის მხრიდან კონკრეტული დისკრიმინაციის განსახილველ ფაქტის (ფაქტების) მითითება რაც მისი შეხედულებით მასთნ მიმართებით დისკრიმინაციულია, ასევე ასეთის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებების დართვა, რის შემდგომაც უკვე მოსარჩელის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით უარყოფის (გაქარწყლების) ვალდებულება მოპასუხეზე გადადის (მტკიცების ტვირთის შებრუნება), განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა საკმარისად კონკრეტული სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები და ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები რაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა, შესაბამისად მოსარჩელის მხრიდან დისკრიმინაციული - არატანაბარი მოპყრობის კონკრეტული ფაქტების მიუთითებლობის პირობებში მოპასუხე უნდაა გათავისუფლდეს შებრუნებული მტკიცების ტვირთისაგან, ასეთის დაძლევის შეუძლებლობის გამო.
მოსარჩელეს სარჩელში ზოგადად მიუთითა, რომ არის დისკრიმინაციული მოპყრობის მოწმე, იგი არ ეთანხმება მოპასუხე კომპანიის შრომით პოლიტიკას და აღნიშნულზე საჯაროთ აკეთებდა განცხადებებს, თუმცა არ მიუთითა რაში მდგომარეობს მოპასუხე კომპანიის პოლიტიკა, როდის გააკეთა აღნიშნულის საწინააღმდეგო განცხადება, ასევე რისი მოწმეა იგი, ანუ მოსარჩელის ასეთი განცხადებები ზოგადი და არა კონკრეტული ხასიათისაა, რაც შეეხება ხელფასების დაგვიანებას დასაქმებული საქართველოს მოქლაქეებისათვის სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე არ დაობს რომ მოსარჩელესთან მიმართებით პერიოდულად ხდებოდა ხელფასების დაგვიანება, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს საქართველოს მოქლაქეს შესაბამისად საქართველოს მოქლაქეების მიმართ მოპასუხესთან დასაქმებული სხვა ქვეყნის მოქალაქეებისაგან განსხვავებით ხელფასების დაგვიანებას რომც ქონოდა ადგილი მოსარჩელე არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს რის გამოც იგი ამ ნიშნის მატარებელი არ არის მის მიმართ დისკრიმინაცია ვერ განხორცილედებოდა სხვა საქართველოს მოქლაქეებისათვის ხელფასების დაგვიანების შემთხვევაშიც კი და იგი ამ შემთხვევაში დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელის აღიარებით სასამართლოს სხდომაზე მან მორალური ზიანის ანაზღაურება იმიტომ მოითხოვა, რომ მას არ მისცეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო 2 თვის კომპენსაცია, რის გამოც მოითხოვა დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 2 თვის კომპენსაციის ოდენობით, ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ქონია. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით სასამართლოს თავარ სხდომაზე გაკეთებული ახალი ფაქტების მითითება ვერ იქნება გაზიარებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფატების არასრულყოფილად მითითების გამო მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას ამტკიცოს საწინააღმდეგო, ხოლო სასამართლო თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ქმედება წარმოადგენს თუ არა დისკრიმინაციულს მოსარჩელესთან მიმართებით.
3.2.2. მოსარჩელის მიერ დამსაქმებლის წინაშე გამოვლენილ იქნა ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადება რომლითაც იგი ითხოვს პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებიბიდან გათავისუფლებას (იხ. ს. ფ. 34-36).
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ზეპირსიტყვიერად მიუთითა, რომ აღნიშნულ განცხადებაზე სავარაუდოდ ხელმოწერა მის მიერ არ არის, თუმცა მოგვიანებით მიუთითა რომ დაზუსტებით იმის თქმა რომ განცხადებაზე მისი ხელმოწერა არ არის არ შეუძლია „არ ახსოვს ხელმოწერა გააკეთა თუ არა“. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ წერილობით მიმართა მას და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რასაც ასევე ადასტურებს საქმეში არსებული მოპასუხის მიერ წარმოადგენილი წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელის განცხადება, რომელიც სათანადო წესით გაბათილებული არ არის მოსარჩელის მხრიდან სასამართლო ექპერტიზის დასკვნით დოკუმენტის სიყალბის შესახებ, რისი შესაძლებლობაც მოსარჩელე მხარე ქონდა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენების შემთხვვაში. სხვა მტკიცებულება კი რომელიც აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებას გააბათილებს საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან არ არის. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიუთითა განცხადებაზე შესაძლო მისი ხელმოწერის არარსებობის შესახებ, ამასთან, ის ფაქტობრივი გარემოება რომ მოსარჩელე თავადაც ვერ უთითებს კატეგორიულად რომ ხელმოწერა მისი არ არის, სასამართლოს უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე განხორციელდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რასაც მოპასუხე დაეთანხმა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემით.
სასამართლო არ შეაფასებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას შექმნილი ყავს ჰყავს ოჯახი დაქორწინებულია და ყავს შვილი, მეუღლე აღარ მუშაობს, ასევე აქვს ფინანსური ვალდებულებები საბანკო დაწესებულებების მიმართ, რის გამოც იგი თავისი ინიციატივით არ მოითხოვდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, აღნიშნული ახალი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეს სარჩელში მითითებული არ აქვს და ისინი გაჟღერებულ იქნა მხოლოდ მთავარ სხდომაზე, რის დასადასტურებლად წერილობითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი მოსარჩელია რაც მის მიერ გამოვლენილია წერილობითი ფორმით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით 294 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო და----ჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მუხლით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის 11.1 მუხლით აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მულით: 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 10.1-ე მუხლის მიხედვით ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
სარჩელი ემყარება გენდერული, ეროვნული და აზრის თავისუფლების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლით:
შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება და არღვევს სამართლიანობის და საზოგადოებაში დამკვიდრებულ თანასწორობისა და დემოკრატიულობის პრინციპებს, რის გამოც აკრძალულია, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ისე, საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
სასამართლო მიუთითებს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადანაწილების შესახებ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საქმეზე ,,ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (განაცხადები N43577/98 და 43579/98; Nachova and Others v. Bulgaria [GC] - 43577/98 and 43579/98 Judgment 6.7.2005 [GC]). აღნიშნულ საქმეში განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს ,,გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი და არა სისხლის ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც განიხილება ხოლმე სახელმწიფოებში ეროვნულ დონეზე და რომელიც ხშირად არ ითხოვს მტკიცებულებათა წარდგენის ასეთ მაღალ სტანდარტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნული მუხლების სამართლებრივი ანალიზიდან ირკვევა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის მითითების ვალდებულება მოსარჩელე მხარემ შეძლებისდაგვარად მტკიცების მაღალი სტანდარტით უნდა დაადასტუროს. რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
იგივე წესს ადგენს არასასამართლო წარმოების დროს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პირმა საქართველოს სახალხო დამცველს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. ამდენად, კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა primafacie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 2014 წლის 4 თებერვალი). მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა. კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეში დასაქმებულის პოზიცია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, თუმცა, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია (სუსგ ას№-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფ----- მ---------ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი პირადი განცხადება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიმართ რაიმე სახით ზემოქმედების ფაქტი (ვრცლად იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები).
შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
შესაბამისად ცხადია არ დგინდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება, შესაბამისად ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ზიანის არსებობის ფაქტს. შესაბამისად, არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.
განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილ იქნა რომ დამსაქმებელმა გამოავლინა ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ რაც მიიღო დამსაქმებელმა წერილობითი სახით ბრძანების გამოცემის გზით, შესაბამისად აღნიშნული საფუძვლით შეწყდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა (ვრცლად იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი).
სასამართლოს განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ გარემოეოებიდან გამომდინარე არ არსებობს მოპასუხის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის და მისი თნმდევი შედეგები სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხება ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 294 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარება ზემოაღნიშნულ ნორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.
ამავე კოდექსის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება.
საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ამ 7 დღიან ვადაში უნდა მოხდეს მხარეთა შორის ანგარიშსწორება, ხოლო 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იწყება დაყოვნების პირგასამტეხლოს 0,07%-ის ათვლა.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხემ აღიარა ყოველთვიურად გასაცემი ხელფასის პერიოდულად დაყოვნების ფაქტი, ასევე სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით დასახელებული თანხის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით 294 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 50 ლარს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე და 39.2 მუხლებიდან გამომდინარე. ამასთან, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ფ----- მ---------ს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნების დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების, ასევე, დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.
2. მოსარჩელე ფ----- მ---------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ის დაეკისროს მოსარჩელე ფ----- მ---------ის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლოს სახით 294 ლარის გადახდა.
3. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
4. მოპასუხე ტ------ი ნ-----------------ის დაეკისროს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
5. საქმეზე 07.05.2018 წელს სს საქართველოს ბანკის მეშვეობით N12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო კოდით 300773150, ბანკის კოდით TRESGE22, ნათია ფეიქრიშვილის მიერ ფ----- მ---------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან 50 ლარი დაუბრუნდეს ფ----- მ---------ს.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი