გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
080210019002903078
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 080210019002903078

საქმე №2/591-2019წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ე-----ი ვ----ერაძე

წარმომადგენელი - ნ----- ჩ----იანი

მოპასუხე - გ---- ფ------შვილი

წარმომადგენელი - გ----ოლ გ------აძე

დავის საგანი - განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ე----- ვ----არაძესა და გ---- ფ------შვილს შორის 2012 წლის 02 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ---- ფ------შვილთან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ნ-----–ოზ ფ------შვილი და 2016 წლის 04 მაისს დაბადებული ლ---- ფ------შვილი. მათ შორის ინტერესთა სრული შეუთავსებლობისა და მოპასუხის აგრესიული დამოკიდებულების გამო, ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს შეწყდეს მათ შორის არსებული ქორწინება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გ---- ფ------შვილმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და ითხოვა შესარიგებელი ვადის მიცემა მაქსიმალური დროით.

შესარიგებელი ვადის გასვლის შემდეგ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ არ ცნო სარჩელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე ე----- ვ----ერაძე და მოპასუხე გ---- ფ------შვილი 2012 წლის 02 სექტემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2013 წლის 18 მაისს დაბადებული ნ-----–ოზ ფ------შვილი და 2016 წლის 04 მაისს დაბადებული ლ---- ფ------შვილი.

3.2.3. არასრულწლოვანი შვილები ნ-----–ოზ ფ------შვილი და ლ---- ფ------შვილი ამჟამად ცხოვრობენ დედასთან ერთად დედის - ე----- ვ----ერაძის მშობლების ოჯახში, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი პატრიკეთი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ.14-15 );

- დაბადების მოწმობები (იხ. ს.ფ.22-23 );

მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დღეის მდგომარეობით ე----- ვ----არაძე და გ---- ფ------შვილი ერთად არ ცხოვრობენ. ე----- ვ----არაძეს სურს განქორწინება. 2019 წლის 21 მაისის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ შერიგებისათვის განესაზღვრათ ორთვიანი ვადა, მაგრამ უშედეგოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 21 მაისის საოქმო განჩინება (იხ. ს.ფ. 72);

- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე----- ვ----ერაძისა და გ---- ფ------შვილის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება, რაზეც მოპასუხე მხარე არ არის თანახმაა. სასამართლოს მიერ შესარიგებელი ვადის დანიშვნა უშედეგო აღმოჩნდა. ამასთან სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მხარეები ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ე----- ვ----ერაძე თავის შვილებთან ნ-----–ოზ და ლ---- ფ------შვილებთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ოჯახში. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122 -ე და 1127-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედევად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ ბოლო დროს მოპასუხესთან ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ამ მიზეზის გამო ისინი უკვე გარკვეული პერიოდია არ ცხოვრობენ ერთად, შესაბამისად მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე----- ვ----ერაძესა და გ---- ფ------შვილს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს, ხოლო დამატებითი შესარიგებელი ვადის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მეუღლეთა შორის არსებული უთანხმოების მიზეზები არ არის დროებითი ხასიათის და შეუძლებელია მათი აღმოფხვრა, რადგან მოსარჩელეს გაწყვეტილი აქვს მოპასუხესთან ოჯახური ურთიერთობა. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ განქორწინების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 50 (ორმოცდაათი) ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----- ვ----არაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს ე-----ი ვ----ერაძესა (პ/ნ 5----------) და გ---- ფ------შვილს (პ/ნ 6----------) შორის 2012 წლის 02 სექტემბერს, სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ №8---------5 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

3. მოპასუხე გ---- ფ------შვილს(პ/ნ 6----------) ე-----ი ვ----ერაძის(პ/ნ 5----------) სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე