განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003068293
საქმე #1-536/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------ს
ბრალდებულის - თ----- მ–------ის
ადვოკატის _ ლ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170240519001 საქმე,ბრალდებულ თ----- ზ------ის ძე მ–------ის მიმართ
დაბადებული: 0--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ერგე
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N15, ბინა N217
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. თ----- მ–------ემ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც - 3,728 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებული იქნა 2019 წლის 24 მაისს, ქ. ბათუმში, გ. მაზნიაშვილისა და ა. მელაშვილის ქუჩების კვეთაში ჩატარებული თ----- მ–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნაწილი- 54,823 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებული იქნა 2019 წლის 24 მაისს, თ----- მ–------ის დროებითი საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა N15 „გ“, ბინა N217-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. 3,878 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 24 მაისს ქ. ბათუმში სხვადასხვა ადგილებიდან (მისამართებიდან) საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ხოლო 1,0191 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოღებულ იქნა 2019 წლის 30 მაისს ქ. ბათუმში სხვადასხვა ადგილებიდან (მისამართებიდან) საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად.
- 2019 წლის 24 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და 2019 წლის 30 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ამოღების შედეგად ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,8971 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, თ----- მ–------ეს განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე) დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა პოლიციის მუშაკების მიერ დროულად გატარებული ღონისძიების შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა თ----- მ–------ემ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- მ–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - გ-----------–--------------------–-----------–----------------------–----–-–---–-----------------–-------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები; 2019 წლის 24 მაისს ჩატარებული თ----- მ–------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები; 2019 წლის 24 მაისს ქ. ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N15გ, ბინა N217-ში მდებარე თ----- მ–------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები; 2019 წლის 24 მაისს, ბრალდებულ თ----- მ–------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმი, რა დროსაც სხვადასხვა მისამართებიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმები; 2019 წლის 30 მაისს ჩატარებული ამოღების ოქმები, რა დროსაც სხვადასხვა მისამართებიდან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 25 მაისის ქიმიური ექსპერტიზის Nქ/268 დასკვნა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 31 მაისის ქიმიური ექსპერტიზის Nქ/274 დასკვნა.
6. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
7. ამავე კანონის მე-3 "წ" პუნქტის თანახმად, გასაღება – ესაა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა; მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
8. ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №181 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
9. ასეთი ნებართვა ბრალდებულ თ----- მ–------ეს არ ჰქონია.
10. სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
11. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თ----- მ–------ის მიერ სხვადასხვა პირებზე გასაღებისთვის გამიზნული ნარკოტიკული საშუალებები განთავსდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე ადგილებში, შესაბამისად, ბრალდებულმა ყველა ზომა მიიღო დანაშაულის ბოლომდე მისაყვანად, თუმცა საბოლოოდ ნარკოტიკების გასაღება ვერ მოხდა პოლიციის თანამშრომლების ჩარევის გამო, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს გასასაღებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - პირადი და დროებითი სცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით - დადასტურდა, რომ თ----- მ–------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 63, 4481 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", საიდანაც 4, 8971 გრამი "ჰეროინი" უნდა გაესაღებინა სხვადასხვა პირებზე.
13. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ჰეროინი” შეტანილია №189 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ჰეროინი” 1 გრამზე მეტი ოდენობით, ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- მ–------ემ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც - 4,8971 გრამი, განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე) დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა პოლიციის მუშაკების მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად.
15. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
16. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
17. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
18. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ----- მ–------ის ბრალდების დადასტურება.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
21. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
22. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
23. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
24. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
25. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
27. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ----- მ–------ემ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 63,4481 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომლის ნაწილიც - 4,8971 გრამი, განთავსებული ჰქონდა ქ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე) დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა პოლიციის მუშაკების მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და 19, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
28. თ----- მ–------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
29. თ----- მ–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
31. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
32. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
33. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
35. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ–------ის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასასაღებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, ოდენობას: - ისეთ პირობებში, როდესაც "ჰეროინი" ერთ გრამზე მეტი ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას და სასჯელის მინიმალური ზომა 8 წლით თავისუფლების აღკვეთაა, მ–------ის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასასაღებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა კი 63,4481 გრამია, გაუმართლებელია მის მიმართ სასჯელის მინიმალური ვადის შეფარდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ–------ე წინასწარ მოფიქრებული სქემით, ანგარებით, სარგებლის მიღების მიზნით, ასაღებდა ნარკოტიკებს, რაც ასევე არ ამართლებს მის მიმართ, მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა, სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოვებული სასჯელის დანიშვნას.
36. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- მ–------ეს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. 19, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადეისათვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ----- მ–------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
38. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
39. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასწორები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- თ----- მ–------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, თ----- მ–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბლოკნოტი და წვევამდელის მოწმობა, საფულე, ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, ავტომანქანა „ბმვ“-ს ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში, ავტომანქანა „ბმვ“, სახ. ნომრით DD427DC, რომელიც განთავსებულია აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო თ----- მ–------ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD-R დისკზე, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული თ----- ზ------ის ძე მ–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და 19, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა --12 (თორმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, თ----- მ–------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ----- მ–------ეს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 წლით.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 24 მაისიდან.
თ----- მ–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცებები - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სასწორები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თ----- მ–------ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, თ----- მ–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ბლოკნოტი და წვევამდელის მოწმობა, საფულე, ავტომანქანა „ტოიოტა ქამრის“ ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, ავტომანქანა „ბმვ“-ს ჩხრეკის დროს ამოღებული ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები, რომლებიც ინახება გამოძიების ორგანოში, ავტომანქანა „ბმვ“, სახ. ნომრით DD427DC, რომელიც განთავსებულია აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს, კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო თ----- მ–------ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD-R დისკზე, რომელიც ინახება გამოძიების ორგანოში - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი