გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/6814-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ნინო ჭალიძე
სხდომის მდივანი – გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ნ---- კ-----–---–ი
წარმომადგენელი - ლ--------დი კ--------ე
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ნი--- ს------–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ნ---- კ-----–---–ისთვის ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის (40 კვ.მ.) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ასევე მოპასუხეს დაეკისროს 2011 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე, ყოველთვიურად გადახდილი ქირის თვეში 350 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2007 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----რ კ-----–---–ს შორის გაფორმდა ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” N---- კონტრაქტი (დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით). ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის თანახმად, სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, რომ იგი სამხედრო მოსამსახურეს - კ-----რ კ-----–---–ს ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.
2018 წლის 02 ოქტომბერს კ-----რ კ-----–---–ს და მოსარჩელე ნ---- კ-----–---–ს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----ა წ----–--ის განმარტებით, კ-----რ კ-----–---–ი ოჯახით ქირით ცხოვრობდა მის ბინაში და 2011 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლამდე იხდიდა ქირის ფულს 350 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული 2007 წლის 29 დეკემბრის N---- კონტრაქტი ,,ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (იხ.ს.ფ. 21-28);
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (იხ.ს.ფ.62-64)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ---- კ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კ-----რ კ-----–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას ხელშეკრულებაში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა, ხოლო მეორეს მხრივ კ-----რ კ-----–---–ს შორის დაიდო კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მხარის უფლება-მოვალეობები. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 5 წელს, რომელიც აითვლებოდა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან და რომელიც აღინიშნებოდა კონტრაქტის პირველ გვერდზე, რაც იმავდროულად ითვლებოდა კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად.
ხელშეკრულების შინაარსს, სასამართლოს მოსაზრებით, განსაზღვრავს ხელშეკრულებაში შემავალი პუნქტების ერთობლიობა. თავის მხრივ, ხელშეკრულებაში შემავალი პუნქტების შინაარსის განსაზღვრას პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება თავად ხელშეკრულების განმარტების თვალსაზრისით, რამდენადაც მათზეა დამოკიდებული ხელშეკრულებით შეთანხმებული უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტის დადგენა და პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენების მართებულობის განსაზღვრა.
სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 5.1.9 პუნქტის შინაარსს, რომლის შესაბამისადაც გათვალისწინებული იქნა სამინისტროს ვალდებულება, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე დაეკმაყოფილებინა სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 40 კვ.მ. ფართისა, რომელიც მას უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცემოდა კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული ვადის დასრულების შემდეგ.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, 5 წლის განმავლობაში იმსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის პირობების შესაბამისად.
ამდენად, კ-----რ კ-----–---–ის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს კანონმდებლობით და ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რის გამოც მას უფლება წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება მოითხოვოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან. თავდაცვის სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის ბინით დაკმაყოფილებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ხოლო საკუთრებაში გადაცემას კონტრაქტის სრული ვადის გასვლის შემდეგ. დადგენილია, რომ 2009 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეუსრულებია - მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან ბინა არ გადასცემია საკუთრებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელსაც ჰქონდა მბოჭავი ძალა და იგი უნდა შესრულებულიყო მათ მიერ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი 2009 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია.
6.3. 2009 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების 5.1.9. პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინის გადაცემის ვალდებულების შესრულება დაყო ორ ეტაპად; პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა ფაქტობრივ მფლობელობაში სარგებლობის უფლებით, ხოლო მეორე ეტაპზე - საკუთრებაში; უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბინის საკუთრებაში გადაცემა; სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტის პირობებში კ-----რ კ-----–---–ისათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა მოიაზრებს ნაკისრი ვალდებულების ორივე სეგმენტის შესრულებას გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ პირის საკუთრების უფლება გულისხმობს არამარტო ნივთზე აბსოლუტური სანივთო უფლების წარმოშობას, არამედ პირის მიერ ნივთის (საცხოვრებელი ბინის) ფაქტობრივად დაუფლებას, ნივთით (ბინით) მართლზომიერად სარგებლობას; მოპასუხეს თანაბარი ძალისა და მნიშვნელობის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ყველა ელემენტის შეუსრულებლობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარე ყოველთვის აარიდებს თავს ისეთი ვალდებულების შესრულებას, რომლის შესრულებაც ორგანულად არის დაკავშირებული სხვა, წინმსწრებ სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ამ უკანასკნელის ასევე არშესრულების, უგულვებელყოფის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს ზიანის სახით მოპასუხეს დაეკისროს 2011 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლამდე ყოველთვიურად გადახდილი ქირის თვეში 350 ლარის ოდენობით თანხის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412–ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა მა---- წ----–--ემ განმარტა, რომ კ-----რ კ-----–---–ი ოჯახით მის ბინაში ქირით ცხოვრობდა 2011 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე და მას ყოველთვიურად დამქირავებელი უხდიდა 350 (სამას ორმოცდაათ) ლარს ხელზე ქირის სახით, ამასთან მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ გააჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოწმე მ----ა წ----–--ის ზეპირი განმარტება ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად და ვერ გახდება მოპასუხე მხარეზე მიყენებული ზიანის სახით თანხის დაკისრების საფუძველი. მით უფრო რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ წარმოდგენილა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმირება იმ მოსალოდნელ შედეგზე, რაც მისი მხრიდან პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოშობდა მოსარჩელე კ-----რ კ-----–---–ის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---- კ-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - ნ---- კ-----–---–ისთვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ.) გადაცემა საკუთრებაში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- კ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - ნ---- კ-----–---–ისათვის საცხოვრებელი ბინის (არაუმეტეს 40 კვ.მ.) გადაცემა საკუთრებაში;
3. მოსარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ჭალიძე