გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1525-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ნ---------–-------ა
წარმომადგენელი - ჯ----–-–--–-ა
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ---------–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ---------–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ---------–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელის შემოსავლის ანაზღაურება 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე შედგენილი დასკვნით პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის მიმართ, შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის ნაცვლად გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი.
დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 21 მაისს, 2018 წლის პირველ ივნისს და 2018 წლის 30 აგვისტოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, შევიდა ადვოკატ ნ---------–-------ას №1------, №1------ შეტყობინებები და №2------ განცხადება შს სამინისტროს მოსამსახურე თ--------------–---–ის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით გაირკვა, რომ 2018 წლის 27 მარტს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-11 განყოფილებას განცხადებით მიმართა მოქალაქე ჯ----–---------ემ, რომლის მიხედვითაც მისმა ნაცნობმა ადვოკატმა ნ---------–-------ამ სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით გამოართვა ფულადი თანხა 510 ლარის ოდენობით, ნ---------–-------ას მიერ სარჩელის შეტანისას სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულ იქნა 100 ლარი, აღნიშნული სარჩელი არასრულყოფილი მტკიცებულებების გამო უკან იქნა დაბრუნებული 100 ლართან ერთად, ხოლო მოქალაქე ჯ----–---------ე ნ---------–-------ასგან ითხოვდა დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებას. ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით საჭირო გახდა ადვოკატ ნ---------–-------ას პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება, თუმცა გამომძიებლის არაერთგზის მოთხოვნისა იგი არ ცხადდებოდა პოლიციის განყოფილებაში. ვინაიდან ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში ნ---------–-------ას პოლიციაში გამოცხადება და მასთან გასაუბრება წარმოადგენდა აუცილებლობას, მას პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის ინიციატივით დაუწესდა შეზღუდვა საზღვრის კვეთაზე. 2018 წლის 20 მაისს, როდესაც იგი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნა შეჩერებული, რის შემდეგაც ნ---------–-------ა გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და მასთან შედგა შესაბამისი გასაუბრების ოქმი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოცემულ სიტუაციაში ნ---------–-------ას საზღვრის კვეთაზე შეზღუდვის დაწესება არ წარმოადგენდა აუცილებლობას, ვინაიდან სადავო თანხა არ იყო დიდი, შესაბამისად არ არსებობდა საფრთხე, რომ ეს უკანასკნელი საზღვრის კვეთის შემთხვევაში არ დაბრუნდებოდა საქართველოში, ამასთან არ იყო ყველა ღონისძიება და საშუალება გამოყენებული ნ---------–-------ას პოლიციაში გამოცხადების უზრუნველსაყოფად. ამდენად, გენერალურმა ინპექციამ მიიჩნია, რომ თ--------------–---–მა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე შედგენილი დასკვნა (ს.ფ.51-52);
- ნ---------–-------ას 2018 წლის 19 მაისის განცხადება (ს.ფ.53-55);
- ნ---------–-------ას 2018 წლის 27 აგვისტოს განცხადება (ს.ფ.56-57);
- 2018 წლის 21 მაისის შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინება (ს.ფ.58);
- 2018 წლის პირველი ივნისის შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინება (ს.ფ.59);
- 2018 წლის 17 ივნისის შსს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინება (ს.ფ.60);
- ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 25 მაისის №M------------- წერილი (ს.ფ.61-62);
- გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს 2018 წლის 5 ნოემბრის №M------------- წერილი (ს.ფ.63);
- თ--------------–---–ის 2018 წლის 7 ივნისის ახსნა-განმარტება (ს.ფ.64-65);
- ნ---------–-------ას პასპორტის ასლი (ს.ფ.23).
3.2. ელექტრონული ავიაბილეთის სამარშუტო ქვითრის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს ნ---------–-------ამ 11382 (თერთმეტიათასსამაოთხმოცდაორი) რუბლად შეიძინა 2018 წლის 20 მაისის ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით (მგზავრთა გადამყვანი G--------------s (A9), რეისი A9 930, შეკვეთის ნომერი 4349781, დაჯავშნის კოდი Sabre-ს სისტემაში ZJLEXF, დაჯავშნის კოდი ავიაკომპანია G--------------s-ის სისტემაში RJQW6, ბილეთის ნომერი 606 2642324576). ნ---------–-------ამ ამავე დღეს 5983 (ხუთიათასცხრაასოთხმოცდასამი) რუბლად შეიძინა 2018 წლის 28 მაისის ბილეთი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით (მგზავრთა გადამყვანი Ural Airlines (U6), რეისი U62465, შეკვეთის ნომერი 4349781, დაჯავშნის კოდი Sabre-ს სისტემაში SEVCUV, დაჯავშნის კოდი ავიაკომპანია Ural Airlines-ის სისტემაში L9RPKS, ბილეთის ნომერი 262 2642324574).
2018 წლის 16 მაისის ლარის რუსულ რუბლთან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ნ---------–-------ამ ბილეთების შესაძენად გადაიხადა 682.30 (ექვსასოთხმოცდაორი ლარი და 30 თეთრი) ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული ავიაბილეთის სამარშუტო ქვითრის ამონაწერები (ს.ფ.16-21);
- უცხოური ვალუტის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ამონაწერი (ს.ფ.89).
3.3. ჯ------------------ის 2018 წლის 11 ივნისის №CA---- წერილის თანახმად, ნ---------–-------ას ჯ------------------ის კეთილი ნების საფუძველზე დაუბრუნდა 21 მაისს ბილეთის შესაძენად გადახდილი 50 ევროს ეკვივალენტ 147.70 ლარი, რადგან ნ---------–-------ა ვერ გაემგზავრა მის მიერ დაგეგმილ მოგზაურობაში.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ------------------ის 2018 წლის 11 ივნისის №CA---- წერილი (ს.ფ.14).
3.4. სს „ვ-----------------------ს“ საგადახდო დავალების თანახმად, 2018 წლის 15 მაისს ნ---------–-------ამ 300 ლარი გადაიხადა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში, ვიზის მოსაკრებლის სახით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ვ-----------------------ს“ საგადახდო დავალება (ს.ფ.88);
- ნ---------–-------ას პასპორტის ასლი (ს.ფ.22).
3.5. 2019 წლის 17 მაისის №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული მინდობილობით ნ---------–-------ამ ჯ----–-–--–-ას მიანიჭა წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მათ შორის, სასამართლოში.
საქართველოს ბანკის 2019 წლის 20 მაისის ანგარიშზე შემოსულის №43153/42611 დოკუმენტის თანახმად, ნ---------–-------ამ ჯ----–-–--–-ას გადაუხადა საადვოკატო მომსახურების საფასური 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 17 მაისის №1-------- სანოტარო აქტით დამოწმებული მინდობილობა (ს.ფ.74-75);
- საქართველოს ბანკის 2019 წლის 20 მაისის ანგარიშზე შემოსულის №43153/42611 დოკუმენტი (ს.ფ.77).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 413-ე, 1005-ე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
6.2. სასამართლო მოიხმობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
მითითებული კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულება და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი, ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შს სამინისტროს თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებამ გამოიწვია ნ---------–-------ასათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი ვერ გაემგზავრა ქალაქ მოსკოვში 2017 წლის 20 მაისს, ვერ მიიღო მონაწილეობა ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (კავშირის) პრეზდიუმის სხდომაში, ვერ შეხვდა კოლეგებს შემდგომ თანამშრომლობაზე მოლაპარაკების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე შედგენილი დასკვნის თანახმად, თ--------------–---–მა ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნულის საფუძველზე, პოლიციის მაიორ თ--------------–---–ის მიმართ, შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის ნაცვლად გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
მითითებული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომას განეკუთვნება - სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება.
აღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის უმნიშვნელო ხარისხის ან სხვა მოტივის არსებობისას, მოსამსახურის წინა დამსახურების გათვალისწინებით, დისციპლინური სახდელის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სარეკომენდაციო ბარათი, რომლითაც ანალოგიური დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, მოსამსახურეს მიეცემა მითითებები მომავალში არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და მათი დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია არის საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურება, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. პოლიციელის მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტაციას, რომ პოლიციის თანამშრომლისათვის სარეკომენდაციო ხასიათის ბარათის გაცემა არ ადასტურებს მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ--------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებას. ის ფაქტი, რომ დისციპლინური სახდელის ნაცვლად სარეკომენდაციო ბარათი იქნა გამოყენებული, არ ცვლის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ხასიათს. ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დამდგარი ზიანი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების რეალურ და მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენდა, ამდენად სახეზეა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის შესაბამისად, რომელმაც ზიანი გამოიწვია და რაც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
6.4. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისაგან ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს თვითმფრინავის ბილეთისა და სავიზო მოსაკრებლის ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ელექტრონული ავიაბილეთის სამარშუტო ქვითრის ამონაწერებზე, რომელთა თანახმად, ნ---------–-------ამ 2018 წლის 16 მაისს 11382 (თერთმეტიათასსამაოთხმოცდაორი) რუბლად შეიძინა 2018 წლის 20 მაისის ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ხოლო 5983 (ხუთიათასცხრაასოთხმოცდასამი) რუბლად შეიძინა 2018 წლის 28 მაისის ბილეთი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.
2018 წლის 16 მაისის ლარის რუსულ რუბლთან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ნ---------–-------ამ ბილეთების შესაძენად გადაიხადა 682.30 (ექვსასოთხმოცდაორი ლარი და 30 თეთრი) ლარი.
სს „ვ-----------------------ს“ საგადახდო დავალების თანახმად, 2018 წლის 15 მაისს ნ---------–-------ამ 300 ლარი გადაიხადა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაში, ვიზის მოსაკრებლის სახით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, რომ სავიზო მოსაკრებელი გადაიხადა ორ ადამიანზე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნ---------–-------ას სასარგებლოდ გადახდილი სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 150 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამგვარად, დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მიმართ ვრცელდება სახელშეკრულებო სამართლის ნორმები. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მითითებული კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას, რადგან ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 832.30 (რვაასოცდათორმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარი, მათ შორის, ბილეთების საფასური 682.30 (ექვსასოთხმოცდაორი ლარი და 30 თეთრი) ლარი და 150 (ასორმოცდაათი) ლარი ვიზის მოსაკრებელი.
6.5. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მიუღებელი შემოსავლის 5000 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია, რომ მოსკოვში მას უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, რაც შს სამინისტროს თანამშრომლის უკანონო ქმედების გამო ვერ განახორციელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მითითებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსკოვში მისი ვიზიტის ჩაშლის შედეგად ვერ შეძლო ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზე ნ---------–-------ას უნდა მიეღო შემოსავალი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიწვა შს სამინისტროს თანამშრომლის უკანონო ქმედება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ---------–-------ასათვის მორალური ტანჯვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ვერ შეძლო კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მოსკოვში გამართულ ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (კავშირის) პრეზდიუმის სხდომაში.
მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოების საფუძველზე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 240 (ორასორმოცი) ლარი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, გადახდილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობასთან შეფარდებით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის საერთო მოცულობის პროპორციული თანხაა 27 (ოცდაშვიდი) ლარი, რომლის მოსარჩელისთვის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7.2. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ითხოვს საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრულ ოდენობის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნ---------–-------ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ---------–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 832.30 (რვაასოცდათორმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის ანაზღაურება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნ---------–-------ას სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება.
4. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
5. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 27 (ოცდაშვიდი) ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე