განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
010100119002897839
დავის ტიპი
19 - 214 4 , 236 4 , 236 3
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002897839

საქმეN1-198/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-------------–ი, ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

1. ბრალდებული: რა-----------ე

მამის სახელი: ტა-----–-

დაბადებული: 0--1--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ლე--------------------------------

 

ბრალდებულის დამცველი - ირ---–-----–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

რა-----------ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ 5,45 მმ კალიბრის ,,A------“ მოდელის N3----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და ქარხნული წესით დამზადებულ 7030 ცალ 5.45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას. რა-----------ე, 2019 წლის 14 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ცდილობდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი წესის დარღვევით გადატანას, რომელიც იმავე დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, თავისი კუთვნილი ,,ბ--“-ს მარკის ავტომობილის - სახელმწიფო ნომრით X-------- - ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

 

1.2. სასამართლომ დაადგინა:

 

1.2.1. რა-----------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, - ქარხნული წესით დამზადებულ 5,45 მმ კალიბრის ,,A------“ მოდელის N3----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და ქარხნული წესით დამზადებულ 7030 ცალ 5.45 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნას.

 

1.2.2. 2019 წლის 14 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით რა-----------ე საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი წესების დარღვევით ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანას, საზღვრის კვეთის მცდელობისას ის ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, რის გამოც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

1.2.3 რა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე საქმის განხილვით არ დადასტურებულა;

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობა

 

საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. გამოძიები დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რა-----------ე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას, რომელსაც თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას ნუ--------–-----ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 14 თებერვალს დაიწყო გამოძიება რა-----------ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის და ტარების ფაქტზე, ასევე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით და 19 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით; მის მიერ გამოკითხული იქნა ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირი; ამ ინფორმაციით რა-----------ე აპირებდა ს-----ში საბაჟო ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთას და საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის გადატანას თურქეთის რესპუბლიკაში; ის გადასვლას აპირებდა ავტომანქანით; ასევე არსებობდა ინფორმაცია მასზედ რომ რა-----------ე საცხოვრებელ სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, თუმცა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, - სახლის ჩხრეკისას ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა; (იხ ოქმი 19.09.20-19წ ; 13:05:18სთ-13:08:54სთ)

 

2.3. მოწმის სახით დაკითხვისას გი---------ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რა-----------ე კუთვნილი ავტომანქანით იმყოფებოდა ს-----ში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და ახდენდა ცეცხლსასროლი იარაღის გატანას თურქეთის რესპუბლიკაში; ის გამოიკითხა მის მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციასთან დაკავშირებით; (იხ ოქმი 19.09.20-19წ ; 13:10:37სთ-13:12:49სთ);

 

2.4. მოწმის სახით დაკითხვისას ჯი-–----------ემ და ვა–-----------ემ განაცხადეს, რომ ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც მითითებული იყო, რომ რა-----------ე ს-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა კუთვნილი ავტომანქანით და თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი დ და საბრძოლო მასალა და აპირებდა თურქეთში გადატანას, - წავიდნენ ს-----ში გამომძიებელთან მირზა მიქელაძესთან ერთად; სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლისას დაინახეს წითელ ზოლს და გამშვებ პუნქტს შორის - სარეჟიმო ტერიტორიაზე - პიროვნება, იქვე გაჩერებული იყო ავტომანქანა და ესაუბრებოდა პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს, როგორც შემდეგ გაიგეს ეს იყო მებაჟე ოფიცერი - გი-------------ე; მიუახლოვდნენ ამ პიროვნებას, წარუდგინეს თავი, მან დაუდასტურა მათ, რომ იყო რა-----------ე; გამომძიებელმა განუმარტა, რომ მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და მას უნდა ჩატარებოდა პირადი ჩხრეკა, რაზეც განაცხადა თანხმობა; მისი პირადი ჩხრეკისას რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა; რა-----------ემ მათ განუმარტა, რომ ის თავის კუთვნილ ავტომანქანაში უკანა სავარძლის ქვემოთ საწვავის აუზის ადგილზე ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას; გამოძახებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტები და დაიწყეს ავტომანქანის ჩხრეკა, რა-----------ემ თავად მიუთითა თუ რა ადგილზე ინახავდა იარაღს და საბრძოლო მასალას, ამოღებული იქნა შავი პოლიეთილენის შეხვეული საგნები; ერთ ფუთაში იყო ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი და სხვა ფუთაში ვაზნები, ასევე ავტომანქანიდან ამოიღეს კრიალოსანის მსგავსი ნივთები; ექსპერტებმა დაასურათეს, დაითვალეს და დალუქეს; ავტომანქანა გადაყვანილი იქნა პოლიციის შენობის ეზოში და ასევე დაილუქა; რა-----------ე კი დაკავებული იქნა; მებაჟე ოფიცერი მათ მისვლამდე უკვე ესაუბრებოდა რა-----------ეს; რა-----------ე იდგა წითელ ზოლსა და საბაჟო გამშვებ პუნქტს შორის იციან, რომ პირი საზღვრის კვეთისას უნდა შემოწმდეს ავტომანქანასთან ერთად და ასევე უნდა შემოწმდეს ნივთები მათ მისვლამდე არ იცის შემოწმდა თუ არა ავტომანქანა; თავად ისინი მათ საუბარს არ შესწრებიან, თუმცა მათ შორის საუბარი იქნებოდა საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით; მათთვის შემოსული ოპერატიული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ რა-----------ე აპირებდა იარაღის გადატანას საზღვარზე; მათი მისვლისას ის საუბრობდა მებაჟესთან და რაიმე სახის იძულებას ან შეჩერებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია; (იხ ოქმი 19.09.2019წ 13:14:47სთ-13: 31:22სთ)

 

2.5. მოწმის სახით დაკითხვისას გი-------------ემ განაცხადა, რომ დასაქმებულია ს-----ის გამშვები პუნქტის პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე; 2019 წლის თებერვლის თვე იყო ბრალდებული, როგორც შემდეგ გაიგო რა-----------ე ბ---ს მარკის ავტომანქანით შემოვიდა წითელ ზოლში; იყო თერთმეტი საათი დაწყებული; შეამოწმა ავტომანქანის საბრაგული, სალონი, რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონდა, შეეკითხა , თუ ჰქონდა რაიმე სახის დასადეკლარირებელი ნივთი, რაზეც უარი განუცხადა; ამ საუბარში იყვნენ, რომ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები; მათ ავტომანქანაში ნახეს იარაღი

მის მოვალეობაში შედის პიროვნების, ვინც აპირებს სახელმწიფო საზღვრის კვეთას, იდენტიფიცირება, პირადი დოკუმენტების შემოწმება და გამოკვლევა აქვს თუ არა რაიმე სახის დასადეკლარირებელი ნივთი, შეკითხვა დაუსვა იმ დროს, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოქალაქემაც უნდა მიმართოს მათ ამის შესახებ; წითელი ზოლი სასაზღვრო კონტროლის ტერიტორიაა; ბრალდებული არის ის ის პიროვნება, ვინც იმ დღეს ავტომანქანით მივიდა და აპირებდა საზღვრის კვეთას;

ზოგადად თუ პირი საზღვრის კონტროლს გადის, ესე იგი აპირებს საზღვრის გადაკვეთას; წითელი ზოლის შიგნით სასაზღვრო ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის ტერიტორიაა; კონკრეტულ შემთხვევაში საპასპორტო კონტროლის გავლა არ მომხდარა, მიმდინარეობდა შემოწმება, გადიოდა, საზღვარი უნდა გადაეკვეთა, რა დროსაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები; (იხ ოქმი 27.09.2019 14:03:27სთ 14:08:13სთ);

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით :

 

2.6. რა-----------ის პირადი ჩხრეკის ომით (14.02.2019) დადგენილია, რომ 2019 წლის 14 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტის და წითელ ხაზს შორის ტერიტორიაზე, რა-----------ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მის კუთვნილ ,,B--” -ს მარკის X- მოდელის სახელმწიფო ნომრით N X-------- ავტომობილიდან, რა-----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონ საწინააღმდეგო ნივთი ან ნივთები აღმოჩენილი და ამოღებული ვერ იქნა, რის შემდეგაც რა-----------ემ განმარტა, რომ ის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას ინახავს თავისი ზემოაღნიშნული ავტომობილის სავარძლის ქვეშ. (იხ.სფ 9-12)

 

2.7. რა-----------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის (სახ. ნომრით N X--------) ჩხრეკის ოქმით (14.02.2019) დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სულ 32 შეკვრა -შეფუთვა, ერთ-ერთი შეფუთვის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ნომრით N3-----, ერთ-ერთ შეფუთვაში აღმოჩენილია ცა-----–- მჭიდი, რომელიც მოთავსდა მუყაოს ქაღალდში, შემდეგ სპეც პაკეტში NF--------- დანარჩენი შეფუთვების გახსნის შემდეგ ამოღებულ იქნა ვაზნები, მთლიანობაში 7030 ცალი, რომელიც დაილუქა 4 პაკეტად N FC------------------------------------------- ასევე საბრძოლო მასალასთან და იარაღთან ერთად აღმოჩნა 9 შეკვრა თითოეულში 20 ცალი ანუ სულ 180 ცალი, შავი ფერის კრიალოსნები, რომლებიც დაილუქა სპეც პაკეტად N FC 1------. (იხ ჩხრეკის ოქმი , ს.ფ. 20-26)

 

2.8. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ რა-----------ე დაკავებულია 2019 წლის 14 თებერვალს, 16:50 საათზე; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ ს-----ში, ს-----ის საბაჟო გამშვები პუნქტისა და წითელი ხაზს შორის ტერიტორიაზე. (იხ ს.ფ. 48-52)

 

2.9. რა-----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (14.02.2019) დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთები ნანახი და ამოღებული არ იქნა. (იხ ჩხრეკის ოქმი , ს.ფ. 37-43)

 

2.1-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით #3---, 15.02.2019წ დადგენილია, რომ

- იარაღი მჭიდით, არის ქარხნული წესით დამზადებული, 5,45მმ კალიბრის „A------”-მოდელის N3----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, იგი მიეკუთნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისი სროლისათვის.

-7030 (შვიდიათას ოცდაათი) ვაზნა, არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნები, განკუთვნილი5,45 მმ კალაშნიკოვის კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისათვის - ,,--------------------------------------------- ტყვიამფრქვევებისათვის. შვიდიათასოცდაათივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის (იხ დასკვნა) ;

 

2.11. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.12. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

2.14. ბრალდებული რა-----------ე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში თავს ცნობს დამნაშავედ;

 

სასამართლო მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს რა-----------ის მიმართ წარდგენილ ბრალს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში;

 

დადასტურებულია, რომ რა-----------ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი ქარხნული წესით დამზადებული, 5,45მმ კალიბრის „A------”-მოდელის N3----- კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, და 7030 (შვიდი ათასოცდაათი) ვაზნა, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას;

 

სასამართლო ასევე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობის თაობაზე, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საქართველოს საბაჟო საზღვარზე დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მცდელობაში;

 

2.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ რა-----------ეს არ უცდია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, მას არ გაუვლია საპასპორტო კონტროლი და შესაბამისად საზღვრის კვეთის მცდელობაც სახეზე არ არის, რადგან, საქმის განხილვისას დადასტურდა, რომ რა-----------ე იმყოფებოდა თავისი კუთვნილი ავტომანქანით სასაზღვრო კონტროლის ტერიტორიაზე და გადიოდა შემოწმებას სწორედ საზღვრის კვეთის მიზნით, რადგან გი-------------ის განმარტებით მან მოახდინა იდენტიფიცირება, მოიკითხა ხომ არ ჰქონდა რაიმ სახის ნივთი რაც დეკლარირებას საჭიროებდა და ამ დროს მათი საუბრისას მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები; ის რომ მებაჟე ოფიცერის მხრიდან საპასპორტო კონტროლი ბოლომდე ვერ განხორციელდა, ერთადერთი ხელისშემშლელი გარემოება გახლდათ პოლიციელების მისვლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და არ რა-----------ის მხრიდან საზღვრის კვეთაზე უარი ან/ და უკან დაბრუნების სურვილი; საგულისხმოა, რომ ბრალდებულს აღნიშნულის შესახებ არ განუცხადებია და მხოლოდ დაცვის მხარე დასკვნით ნაწილში აფასებს მის მოქმედებას ამ სახით;

 

2.16. ამდენად, სასამართლომ შეაფასა, რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული და მხარეთა მიერ შეთანხმებული პირდაპირი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ავტომობილის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა), მიიჩნია, რომ რა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის მცდელობაში დადასტურებულია;

 

2.17 რაც შეეხება რა-----------ის მიმართ წარდგენილ ბრალს - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ნაწილში არ დადასტურებულა, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებებით რა-----------ე ავტომანქანით აპირებდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანას საზღვარზე, მართალია ის გადაადგილდებოდა ავტომანქანით, თუმცა ავტომანქანაში განთავსებული ნივთები, მოცემულ შემთხვევაში არ გულისხმობს მის ტარებას, რადგან იარაღის და საბრძოლო მასალის ტარებაში იგულისხმება, რომ ის პირს თან აქვს ქუჩაში ან ტრანსპორტში, ტანზე მიკრული ჯიბეში ან ჩანთაში ჩადებული; არა ტარება, არამედ იარაღის გადატანა გულისხმობს მისი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას, თუნდაც ტრანსპორტით, რაზეც სასამართლო არ მსჯელობს; შესაბამისად ვინაიდან რამაზე თებიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ნაწილში არ დასტურდება, ის უნდა ამოერიცხოს ბრალდებიდან;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინაარმდეგო შეძენა და შენახვა, რომელიც - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ძალზედ გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის, ესე იგი გამოყენებისთვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის დაუფლებას და იგი დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. რაც შეეხება მის შენახვას, აღნიშნული გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. ამდენად, ისეთი დანაშაულის, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და შენახვა, შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მოპოვების და ფლობის ხერხი და საშუალება, იყოს უკანონო, ნებართვის გარეშე, ესე იგი მისი მფლობელი ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას უნდა ფლობდეს რეგისტრაციის გარეშე.

 

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მოწმეების გი---------ის, ჯი-–----------ის ვა–-----------ის, მე--------–------–-----–------------ის , გი-------------ის გამოკითხვის ოქმებით, ავტომობილის ჩხრეკის ოქმით (14.02.2019), ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით და საბრძოლო მასალით უტყუარად დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რა-----------ე თავისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას, რომლის წარმომავლობა უკანონოა და რომლის შენახვის უფლება რა-----------ეს კანონით მინიჭებული არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩხრეკის კანონიერება დადასტურებულია სასამართლოს განჩინებით და თავად ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ამოღებული ნივთები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ვაზნები საბრძოლო მასალას, რომლებიც გამოყენებისათვის ვარგისია;

 

ბრალდებულის ქმედების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ რა-----------ემ საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით საფრთხე შეუქმნა როგორც საზოგადოებრივ უშიშროებას და ასევე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ რა-----------ე კუთვნილი ბ---ს მარკის ავტომანქანით, სასაზღვრო კონტროლის - სარეჟიმო ტერიტორიაზე სწორედ საზღვრის კვეთის მიზნით შევიდა და გადიოდა შემოწმებას, რა დროსაც მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და აცნობეს მის მიმართ გამოძიების დაწყების თაობაზე, საგამოძიებო მოქმედების - ავტომანქანის ჩხრეკის ჩამტარებელი პირები - ცალსახად მიუთითებდნენ, რომ თავად რა-----------ემ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ ინახავდა ავტომანქანაში (არა ხილულ ადგილზე, არამედ საწვავის აუზთან) ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას და მისი მითითებითვე ამოიღეს;

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საზღვარზე გადატანის მცდელობა არ უდასტურდება, რადგან მას არ გაუვლია საპასპორტო კონტროლი, ვინაიდან მტკიცებულების უტყუარობის ჭრილში შეფასებისას, საქმის განხილვისას ზემოთმითითებული მოწმეების, მათ შორის პატრულ ინსპექტორის - გი-------------ის ჩვენებები სანდოა და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, არც რაიმე სახით მათი პირადი ინტერესი დადასტურებულა რა-----------ის მიმართ;

 

საქართველოს კანონის - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ თანახმად: სასაზღვრო კონტროლი ესაა – სასაზღვრო შემოწმება,სასაზღვრო შემოწმება კი სასაზღვრო გამტარ პუნქტში განხორციელებული შემოწმება, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ პირი, მის სატრანსპორტო საშუალებასა და/ან მფლობელობაში არსებულ ნივთებთან ერთად, უფლებამოსილია შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან დატოვოს იგი.

საბაჟო კონტროლი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გი-------------ე უკვე ახდენდა რა-----------ის შემოწმებას, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა საზღვრის კვეთა ან/ და საზღვრის კვეთაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება; გი-------------ემ განაცხადა, რომ მიმართა რა რა-----------ეს მან უარი განაცხადა დასადეკლარირებელი ნივთის/საგნის არსებობაზე მის ავტომანქანაში, რომელზეც შემდეგ თავად მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს;

 

3.3. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32);

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა;

 

საქმის განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების შესწავლის და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად და დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა რა-----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის დადგენილი წესის დარღვევით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადატანის მცდელობით - ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19,214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რის გამოც იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და სსსკ-ის 19-214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს რა-----------ეს სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს რა-----------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ რა-----------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-214-ე მუხლის მეოთხე ნაწილის და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის წარსული;

 

ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რა-----------ეს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალი.

 

ბრალდებული რა-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მას:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რა-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ რა-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ რა-----------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ,,B--” X-’’ მარკის სახელმწიფო ნომრით X-------- ავტომობილი, რომელიც განთავსებულია საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7030 ცალი საბრძოლო მასალა, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეგზავნოს საქართველოს შსს შეიარაღებას განყოფილებას შემდგომი განკარგვისა და რეაგირებისათვის.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩაქვის პოლიციის განყოფილებას და საქართველოს შსს შეიარაღების განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე