გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 351210019003095504
საქმე №2-315-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------” (ს/ნ 4--------)
წარმომადგენელი - ნ---- გ--------ე, ქ--------- ჭ---------ა
მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ი (პ/ნ 1----------)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს: 1250 ლარის გადახდა (სესხის ძირი); 920.28 ლარის გადახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის (საკომისიო) სახით; 1601.51 ლარის გადახდა ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის სახით.
1.2. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ის მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი საფასურის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით, სასამართლო ხარჯი - 58.07 ლარის ოდენობით და საადვოკატო ხარჯი - 154,87 ლარის ოდენობით.
სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 24 აგვისტოს მსესხებელმა, ზ----- ც---------–---–მა შპს „ტ-----ს“ ვებგვერდზე შეავსო სასესხო განაცხადი და მოითხოვა სესხი, კომპანიის მიერ მოხდა ოფერანტის იდენტიფიცირება, რის შემდგომაც დაეთანხმა სესხის გაცემას. მსესხებელს პირად ანგარიშზე კომპანიამ გადაურიცხა 1250 ლარი, შესაბამისად, 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზ----- ც---------–---–მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, რაც გულისხმობს ამავე ხელშეკრულებათა და სასესხო განაცხადით განსაზღვრულ ვადაში მიღებული სესხისა და საკომისიოს, ჯამში 2964 ლარის სრულად დაფარვის ვალდებულებას.
არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს არცერთი გადახდა აღარ განუხორციელებია, რის შედეგადაც მხარეს დამატებით დაეკისრა ხელშეკრულების 7.4 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოც, გადასახდელი თანხის 1% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულება შეადგენს ძირ თანხას - 1250 ლარს, საკომისიოს 920.28 ლარსა და პირგასამტეხლოს - 1601.51 ლარს.
08.09.2019 წელს შპს „ტ-----სა“ და შპს „ფ--------- ბ-------ს“ შორის მოხდა შეთანხმება აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომელიც ასევე ეცნობა მსესხებელს.
კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბ-------ს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოვალემ პროტესტი განაცხადა ვალდებულების დაფარვის თაობაზე, რის შედეგადაც უშედეგოდ შეწყდა აღნიშნული წარმოება.
კრედიტორის არაერთგზისი გაფრთხილებისა და მცდელობის მიუხედავად, მოვალე კვლავ არ ასრულებს ვალდებულებას, შესაბამისად მომართეს სასამართლოს, რათა მოხდეს კრედიტორის უფლებების დაცვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ-----ი ც---------–---–მა როგორც წერილობითი შესაგებლით, ისე საქმის ზეპირ განხილვაზე, სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხის მითითებით, მან 2016 წლის აგვისტოში აიღო ფ---------ი ვალდებულება 1250 ლარის ოდენობით შპს ,,ტ-----სგან“, რის შემდეგაც მას შეექმნა ფ---------ი და ჯანმრთელობის პრობლემები, რაც გრძელდება დღემდე. ვალდებულების აღებიდან მალევე, მის უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე ანგარიშებს დაედო ყადაღა, რამაც უფრო დაამძიმა მისი სოციალური მდგომარეობა. მას აქვს არაერთი ფ---------ი ვალდებულება. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, არასრულწლოვანი და სტუდენტი, მოხუცი მშობლები, მათ შორის მამა გულით ავადმყოფი, რომელსაც ამ წელს გაუკეთდა გულის ოპერაცია და ის ფ---------ი ვალდებულებაც, ზ-----ი ც---------–---–ს დაეკისრა. შესაგებლით მოპასუხემ მოითხოვა, სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნეს მოპასუხის სოციალური და ფ---------ი მდგომარეობა და არ გაითვალისწინოს მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან მძიმე ფ---------ი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 აგვისტოს მსესხებელმა, ზ----- ც---------–---–მა შპს „ტ-----ს“ ვებგვერდზე შეავსო სასესხო განაცხადი და მოითხოვა სესხი, კომპანიის მიერ მოხდა ოფერანტის იდენტიფიცირება, რის შემდგომაც დაეთანხმა სესხის გაცემას. მსესხებელს პირად ანგარიშზე კომპანიამ გადაურიცხა 1250 ლარი, შესაბამისად, 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა სასესხო განაცხადის შევსების შესახებ (ს.ფ. 18);
- საგადახდო დავალება N1 (ს.ფ. 19);
- საგადახდო დავალება N100248 (ს.ფ. 20);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
3.1.2. გრაფიკის შესაბამისად, მოვალეს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 24.09.2016 წელს, ხოლო ბოლო გადახდა - 24.08.2018 წელს. მოვალეს გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი გადახდა არ განუხორციელებია კრედიტორის წინაშე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 29);
- მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
3.1.3. 08.09.2019 წელს შპს „ტ-----სა“ და შპს „ფ--------- ბ-------ს“ შორის მოხდა შეთანხმება სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა მსესხებელს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შეტყობინება (ს.ფ. 31).
3.1.4. კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბ-------ს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოვალემ პროტესტი განაცხადა ვალდებულების დაფარვის თაობაზე, რის შედეგადაც უშედეგოდ შეწყდა აღნიშნული წარმოება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აღსრულების ეროვნული ბ-------ს 20.05.2019 წლის გადაწყვეტილება #SP190540175/586327 დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ.32).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხემ მიიღო თანხა, მაგრამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - არ დაფარა კრედიტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს მსესხებელმა, ზ----- ც---------–---–მა შპს „ტ-----ს“ ვებგვერდზე შეავსო სასესხო განაცხადი და მოითხოვა სესხი, რის შემდეგაც მსესხებელს პირად ანგარიშზე კომპანიამ გადაურიცხა თანხა 1250 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2016 წლის 24 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დანართის - გრაფიკის შესაბამისად, მოვალეს პირველი გადახდა უნდა განეხორციელებინა 24.09.2016 წელს, ხოლო ბოლო გადახდა - 24.08.2018 წელს, თუმცა მოვალეს არცერთი გადახდა არ განუხორციელებია კრედიტორის წინაშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 08.09.2019 წელს შპს „ტ-----სა“ და შპს „ფ--------- ბ-------ს“ შორის მოხდა შეთანხმება აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე, რომელიც ასევე ეცნობა მსესხებელს. კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბ-------ს გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე, თუმცა მოვალემ პროტესტი განაცხადა ვალდებულების დაფარვის თაობაზე, რის შედეგადაც უშედეგოდ შეწყდა აღნიშნული წარმოება.
6.2 აღსანიშნავია, რომ მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ი, სარჩელის საწინააღმდეგოდ უთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ვალდებულება თავისი არსით პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მასზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა სარჩელის შეტანით. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წელი, გვ. 63.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. კანონით დადგენილია სხვადასხვა ვადა კონკრეტული სამართალურთიერთობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ერთგვარი სპეციფიკა იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუს-ს გადაწყვეტილება 19.03.2015 წ. საქმე №ას-868-830-2014).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, თვის 24 რიცხვში, პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 24.09.2016 წელს, ხოლო ბოლო გადახდა 24.08.2018 წელს, თუმცა არცერთი გადახდა არ განხორციელებულა. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2019 წლის 12 ივლისს, ესე იგი სადაო თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ჯარიმის / პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 415 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 3871,79 ლარის დაკისრება, რის შესაბამისადაც გადახდილ იქნა ბაჟი 58,07 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება, სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად - 38.77 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, გადახდილი ბაჟის ნაწილი - 1.50 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბ-------ში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურს;
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 103.41 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 2585.28 ლარის 4 %-ს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სარჩელი, მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ის მიმართ, 24.08.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2 585 (ორიათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის 28 (ოცდარვა) თეთრის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 1250 ლარი, სარგებელი (პროცენტი) - 920,28 ლარი, პირგასამტეხლო - 415 ლარი);
3. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბ-------ში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 103 (ას სამი) ლარის და 41 (ორმოცდაერთი) თეთრის გადახდა, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. მოპასუხე - ზ-----ი ც---------–---–ს მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 38 (ოცდათვრამეტი) ლარის და 77 (სამოცდაჩვიდმეტი) თეთრის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;
6. მოსარჩელე - შპს ,,ფ---------ი ბ-------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1 (ერთი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) ოდენობით, რომელიც გადახდილია 02.07.2019 წელს, საგადახდო დავალებით #7--, სს ,,საქართველოს ბანკის“ მეშვეობით; მიმღები: სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე, თვითმმართველი თემი გარდაბანი; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300113150; მიმღების ბანკი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი