გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.06.2019
საქმის ნომერი
330310018002769039
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7857-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ი---------------ე

წარმომადგენელი - გ--------–-------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ----------–----ე

 

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება №6---------- საჩივარზე.

 

1.2 დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს განიხილოს ი---------------ის 2018 წლის 27 ოქტომბრის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. (დაზუსტებული სარჩელი - იხ. 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი ს.ფ.75-78).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. ი---------------ეს გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის № 0---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის № 0---- საგადასახადო მოთხოვნით ი---------------ეს დაერიცხა გადასახადები, სულ 9789.51 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი სახით ქონების გადასახადი - 7 460 ლარი, ჯარიმა - 590 ლარი, საურავი - 1739.51 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის № 0---- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 44).

 

4.2. 2018 წლის 15 მარტს ი---------------ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის N0---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 15 თებერვლის N3--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანებით, ი---------------ის წარმომადგენლის საჩივარი დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის N3---- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ფ/პ ი---------------ის მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის N3---- ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად შემმოწმებლის მიერ განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება. გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით შესწავლილი იქნა ქონების გადასახადით დაბეგრილი ბაზა და დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. დავების განხილვის საბჭომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემმოწმებლის მიერ წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.

 

ამდენად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ პუნქტით, რომლის თანახმადაც, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, საჩივარი დატოვა განუხილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი---------------ის წარმომადგენლის 2018 წლის 15 მარტის საჩივარი (ს.ფ. 48-49);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება (ს.ფ. 53-54).

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება ი---------------ეს გაეგზავნა ელექტრონულად 2018 წლის 12 აპრილს და გადამხდელი მას გაეცნო 2018 წლის 11 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 01 ნოემბრის №1----------- წერილი (ს.ფ. 59);

- ამონაწერი სსიპ შემოვლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 60-61).

 

4.4. 2018 წლის 27 ოქტომბერს ი---------------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის N0---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 12 აპრილის N8--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი---------------ის საჩივარი განუხილველი დარჩა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1 ნოემბრის N1----------- წერილის მიხედვით, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის N8--- ბრძანება ელექტრონულ პორტალზე გაეგზავნა 2018 წლის 12 აპრილს და გამდამხდელი გაეცნო 2018 წლის 11 მაისს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2018 წლის 31 მაისს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 2018 წლის 27 ოქტომბერს. ამგვარად, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია სადავო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის N6---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 63-65).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 58-ე, 238-ე, 241-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს განიხილოს ი---------------ის 2018 წლის 27 ოქტომბრის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის № 0---- საგადასახადო მოთხოვნით ი---------------ეს დაერიცხა გადასახადები, სულ 9789.51 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - ქონების გადასახადი 7 460 ლარი, ჯარიმა - 590 ლარი, საურავი - 1739.51 ლარი.

 

2018 წლის 15 მარტს ი---------------ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის N0---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 15 თებერვლის N3--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანებით ი---------------ის წარმომადგენლის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2018 წლის 27 ოქტომბერს ი---------------ემ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 თებერვლის N0---- საგადასახადო მოთხოვნისა და 2018 წლის 12 აპრილის N8--- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის N6---------- გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილი იყო სადავო აქტის გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

 

სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება, სწორედ, გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფ/პ „ი---------------ის“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ ფ/პ „ი---------------ის“ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ფ/პ „ი---------------ის“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2018 წლის 11 მაისს.

 

შესაბამისად, ფ/პ „ი---------------ის“ პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა „ადრესატის მიერ აქტის გაცნობას“, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

მოსარჩელის მითითება, რომ იური გეფერაძის მიმართ მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის №8--- ბრძანება უნდა ჩაბარებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ოფიციალური გაცნობა ნიშნავს დაინტერესებული პირისთვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოსარჩელის მიერვე მითითებული სზაკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი იწყება შემდეგი სიტყვებით „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯერ უნდა შემოწმდეს სხვა სპეციალური კანონი, რომელიც შესაძლოა განსხვავებულად აწესრიგებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესს, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს გამოყენებული მოსარჩელის მიერ მითითებული მუხლით დადგენილი ზოგადი წესი.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი ადგენს საგადასახადო ორგანოსა და შესაბამის პირებს შორის კომუნიკაციის სპეციალურ წესებს. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს შორის ელექტრონული მიმოწერისა და დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, სწორედ კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო, საკითხის გადაწყვეტისას, ხელმძღვანელობს „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით, რომლის შესაბამისადაც, მოცემულ საქმეში დადასტურებულია, რომ სადავო ბრძანება მოსარჩელეს ოფიციალურად ჩაბარდა 2018 წლის 11 მაისს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 11 მაისს ჩაბარებული ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა 2018 წლის 27 ოქტომბერს, უდავოა, რომ გასულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების 20 დღიანი ვადა.

 

ამგვარად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის N6---------- ბრძანება, რომლის თანახმადაც, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ი---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე