განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-177-19
(N021100219002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23.10.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე: ადვოკატი ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: ლ-–----------–---–ი
მამის სახელი: ტ------ა
დაბადებული: 26.02.2--- წ.
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: ნასამარლობის მქონე
რეგისტრირებული: ქ. თელავი, დ------------------------
ფაქტობრივად მცხ.: ქ. თბილისი, ქ--–-------–---------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:
ლ-–----------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 წელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2019 წლის 10 თებერვალს დაახლოებით 04:45 საათზე, ლ-–----------–---–მა დაუდგენელ ორ პირთან ერთად სცადა გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–--ში მდებარე ლ-------------ას კუთვნილ მაღაზიაში უკანონოდ შეღწევა და გაქურდვა, თუმცა მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლეს განზრახვის განხორციელება, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს წაასწრეს რ--------–---მა, ა--------------მა და ნ--------------------მა, რომლებმაც შეძლეს ლ-–----------–---–ის დაკავება, ხოლო მისი თანამონაწილე ორი პირი მიმალა შემთხვევის ადგილიდან. დანაშაულის დასრულების შემთხვევაში, ლ-------------ა მიიღებდა ქონებრივ ზიანს.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ლ-------------ას ჩვენებით დადასტურებულია, არის გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–--ში სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის მეპატრონე. მაღაზიას ამუშავებს მისი მეუღლე რ--------–---ი. მისი მეუღლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში მის სახელზე რიცხულ მაღაზიაში ადგილი ჰქონდა ქურდობის მცდელობას. მას ზიანი არ მიუღია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ--------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–--ში. სოფლის ცენტრში ამუშავებს მეუღლის, ლ-------------ას სახელზე რეგისტრირებულ მაღაზიას. 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 04:30 საათზე ა--------------თან და ნ--------------------თან ერთად იჯდა მაღაზიის მეორე სართულზე და ჩაის სვამდა, რა დროსაც მის წინ მჯდომმა ანიშნა, რომ მისი მეუღლე იყო მისული მაღაზიასთან. მაღაზიაში დაყენებულ კამერის მონიტორში ჩაიხედა და ნახა, რომ სამი ბიჭი იდგა მაღაზიის კართან, ერთერთი სახრახნისით ცდილობდა კარის გახსნას. მეორე სართულიდან პირველზე ჩასვლისას, მათ დანახვაზე სამივე გაიქცა. ისინი დაედევნენ და მხოლოდ ლ-–----------–---–ის დაჭერა შეძლეს, რადგან იგი გაქცევისას არხში ჩავარდა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს რ--------–---ის მეუღლის სახელზე არსებულ მაღაზიაში გამყიდველად. 2019 წლის 10 თებერვალს გამთენიისას მაღაზიის მეორე სართულზე საჩაიეში იმყოფებოდა რ--------–---თან და ნ--------------------თან ერთად. დაახლოებით 04:30 სთ-ზე დაინახა, რომ მაღაზიის კარს მიუახლოვდა სამი პირი. მიხვდნენ, რომ მაღაზიის კარის გატეხვა სურდათ, რადგან ერთერთს ხელში ეჭირა სახრახნისის მაგვარი რკინა, რითაც ცდილობდა მაღაზიის კარის გახსნას. ჩაირბინეს პირველ სართულზე და გარეთ რომ გავიდნენ, სამივე გაიქცა სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დაედევნენ, თუმცა ორმა მოახერხა გაქცევა, მესამე(ბრალდებული) არხში ჩავარდა და მოახერხეს მისი დაჭერა. მისივე განმარტებით, კამერები დიდ ტერიტორიას არ იღებს, მაგრამ რომ გამოვიდნენ სამი პირის მეტი არავინ იყო იმ ტერიტორიაზე. ბრალდებული ამოიცნო, იგი ყველაზე ახლოს იდგა კართან და ყველაზე გვიან მოახერხა გაქცევა. ერთერთს დიდი თმა ჰქონდა და სხეულის ფორმით გოგოდ აღიქვა. გაქცევამდე სახრახნისი რომელსაც ეჭირა ხელში, იქვე დააგდო. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 10 თებერვალს გამთენიისას მაღაზიის მეორე სართულზე საჩაიეში იმყოფებოდა ა--------------თან და რ--------–---თან ერთად. დაახლოებით დილის 5-ის ნახევარზე მაღაზიის კამერის მონიტორზე შენიშნა მაღაზიის კართან მისული ერთი დაბალი და ერთი მაღალი ბიჭი. თავზე "კაპიშონები" ეფარათ და პირზეც აფარებული ჰქონდათ. დაბალი სხეულის ფორმებით გოგოსაც ჰგავდა. მაღაზიის კარს მიაწვა მაღალი, მესამე ბიჭი, რომელიც ასევე გამოჩნდა მონიტორზე, მივიდა და მაღაზიის კარის სახელურს რაღაც შეასო. მათი პირველ სართულზე ჩასვლისა და გამოჩენისთანავე ორი მათგანი გაიქცა, მესამე რომელმაც კარში რაღაც შეუსო, გაქცევისას არხში ჩავარდა და მათ შეძლეს მისი დაჭერა. მაღაზიის გარეთ დაყენებული პროჟექტორის შუქზე დაინახა, რომ მესამემ, რომელიც მათ დაიჭირეს, გაქცევისას სახრახნისი ძირს დააგდო. მათ მიერ მაღაზიის სახელურის ნახვისას აღმოაჩინეს, რომ მაღაზიის კარში სახრახნისის პირი იყო დარჩენილი, მისი ყვითელი სახელური ძირს იყო დაგდებული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
გარდა ზ/აღნიშნილისა, ლ-–----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია 10.02.2019 წ. შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ტომი 1, ს.ფ. 41-60), 10.02.2019 წ. საგამოძიებო ექსპერიმენტის და ლ-–----------–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმებით (ტ.1, ფ. 110-113) და სხვა მასალებით.
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ს-----------–--ძემ, ნ---------–---–მა, ვ-–------------–------ამ, მ-------------–---–მა. ექპერტ-კრიმინალისტმა ა-–-----------–-–---–ი, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; ასევე გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები და დათვალიერდა ნივთმტკიცება, გამოქვეყნებული იქნა დისკი. ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი გარკვეული აკრძალული ქმედებების ჩადენა შესაძლებელია შეწყდეს მცდელობის სტადიაზე, რაც არ იწვევს ს/ს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. დანაშაულის მცდელობის დროს, დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება გამოხატულია განზრახვაში და დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების აღსრულებაში, შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთე საფრთხის ქვეშ დგება, მაგრამ არ არსებობს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ლ-–----------–---–მა დაუდგენელ ორ პირთან ერთად სცადა გარდაბნის რაიონის სოფელ ბ----–--ში მდებარე ლ-------------ას კუთვნილ მაღაზიაში უკანონო შეღწევას და გაქურდვას, თუმცა მათ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლეს განზრახვის განხორციელება, კერძოდ რადგან მათ დანაშაულის ჩადენის დროს წაასწრეს რ--------–---მა, ა--------------მა და ნ--------------------მა, რომლებმაც შეძლეს ლ-–----------–---–ის დაკავება.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, თუ იგი ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განთასავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი სასწავლო დაწესებულება და სხვა. სხვა საცავი კი არის ასევე მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, როემელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად დაცვა, მაგალითად, სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი, ავტორეფრეჟერატორი, დაცული რკინიგზის ვაგონები და ა.შ.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც არსებითად ზრდის ქურდობის საშიშროებას და ამიტომ ქმნის ობიექტურ საფუძველს ქურდობის ყველა უშუალო მონაწილის პასუხისმგებლობის გაზრდისათვის.
წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობით მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება შეჯამებულ იქნეს. ამ დროს ქურდობით მოპოვებული ქონების თითოეული დამნაშავის წილი შეიძლება დიდ ოდენობას არ აღწევდეს, მაგრამ მისი ქმედება მაინც დაკვალიფიცირდება, როგორც ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ვინაიდან სახეზეა ჯგუფური დანაშაული. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა დამნაშავე ქურდობის თანაამსრულებელია, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ყველას განზრახვა მოიცავს იმის შეგნებას, რომ ჯგუფის მიზანს დიდი ოდენობით ქონების დაუფლება წარმოადგენს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული ქურდობის ჩასადენად. მასში არ იგულისხმება ამსრულებლისთვის ხელის შეწყობა, დანაშაულის ჩადენის საშუალებათა შოვნა, ასევე საცავში მატერიალურ ფასეულობათა ადგილსამყოფელის შესახებ ცნობების მიწოდება და სხვა.
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ს 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.12.2019 წლის განაჩენით ლ-–----------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და იმავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.
4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურდებულია დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ბრალდებულის ქმედებაში, კერძოდ:
4.1. მოწმეების რ--------–---ის, ნ--------------------ის და ა--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ლ-–----------–---–ი დაუდგენელ ორ პირთან ერთად ფარულად ცდილობდა მაღაზიის კარის სახრახნისით გახსნას და შეღწევას. მათი ჩვენებითვე დადასტურებულია, რომ სამივე მათგანი მათი გამოჩენისთანავე მოსცილდა მაღაზიის კარს და გაიქცა სხვადასხვა მიმართულებით, რაც ასევე ასახულია საქმეზე წარმოდგენილ ვიდეო დისკზე, რაც მაღაზიის კამერების მიერ იქნა დაფიქსირებული. ასევე დადასტურებულია, რომ მათ შეძლეს მესამე პირის, ანუ ბრალდებულის დაკავება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წყლის არხში ჩავარდა.
4.2. საქმეზე ამოღებული სახრახნისით დადასტურებულია ასევე, რომ ბრალდებულს მის თანმხლებ ორ პირთან ერთად სურდა მაღაზიაში მათ მიერ მიტანილი დამხმარე ტექნიკური საშუალებით კარის გახსნა და მაღაზიაში შეღწევა. დაცვის მხარის აპელირება, რომ მოწმეები არათანმიმდევრულ ჩვენებას იძლევიან სახრახნისთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამივე მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებული, ანუ ის პირი, ვინც არხში ჩავარდა და დაიჭირეს, ცდილობდა სახრახნისით კარის გახსნას, შეასო კიდეც გასაღების ხვრელში, მაგრამ მაღაზიიდან გამოსული პირების დანახვაზე შეშინებულმა ვერ შეძლო სახრახნისის გამოღება გასაღების ხვრელიდან და მხოლოდ მისი ტარი შერჩა ხელში, რაც მოისროლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახრახნისის დაშლის გამო მოწმეებმა სხვადასხვანაირად აღიქვეს და დაფიქსირეს ეს ფაქტი. რ--------–---ის და ა--------------ის განმარტებით, გაქცევამდე ხელში ეჭირა ბრალდებულს სახრახნისი (ანუ მისი ტარი), ხოლო ნ--------------------ის განმარტებით, სახრახნისის წვერი კარში იყო, ხოლო ტარი(სახელური) იქვე ეგდო, მაღაზიის კარის საკეტი იყო დაზიანებული. აღნიშნული დადასტურებულია ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და დათვალიერებაში მონაწილე პირების, ექსპერტი-კრიმინალისტის ა-–-----------–-–---–ის და გამომძიებლების მ-------------–---–ის, ნ---------–---–ის და ვ-–------------–------ას ჩვენებებით.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ლ-–----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და სსკ-ის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ლ-–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, ლ-–----------–---–ის სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
8. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
8.1. ლ-–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
8.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- საქმეზე ამოღებული ანაწმენდები, სახრახნისი, სუნის ნიმუში - განადგურდეს.
- ლ-–----------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
- 1 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით და DVD დისკი (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–----------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ლ-–----------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის #1-4552-18 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის #1-4552-18 განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, და საბოლოოდ, ლ-–----------–---–ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით.
2. ლ-–----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. ლ-–----------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- საქმეზე ამოღებული ანაწმენდები, სახრახნისი, სუნის ნიმუში - განადგურდეს.
- ლ-–----------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით (ინახება გარდაბნის რაიონულ სამმართველოში).
- 1 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით და DVD დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი