გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
140210019002859220
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210019002859220

საქმე № 2/202-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ნოემბერი 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - ქ------------–-----ე

 

მოპასუხეები - შპს „ლ---------–ი“

ა-–------------–----–---–ი

ზ-------------ი

ნ-----------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ი, ზ-------------ს და ნ-----------–---–ის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დეკისროთ 19 803.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 732.19 ლარი, პირგასამტეხლო - 4070.98 ლარი.

 

1.2. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დეკისროთ მიუღებელი შემოსავალი, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 20 თებერვალი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 06.68 ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ის მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 22 მარტის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული 2018 წლის 28 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დეკისროთ პირგასამტეხლო, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2019 წლის 20 თებერვალი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 3.14 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2017 წლის 22 მარტს მასსა და მოპასუხე შპს „ლ---------–ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ლ---------–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა 24 000 ლარი, წლიური 15.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2018 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეებს: ა-–-------------–----–---–ის, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები და თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზაღვრა 48 000 ლარით. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ისინი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ (იხ. სარჩელი და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა, როგორც დავალიანების დაფარვას, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციას, თუმცა მან მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების ნაწილში და ასევე მოხსნა სასარჩელო მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიიზაციის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.

 

2.2. მოპასუხე შპს „ლ---------–ს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა მისმა დირექტორმა ა-–------------–----–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხის - 15 732.19 ლარის - ნაწილში.

 

2.3. მოპასუხე ა-–------------–----–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა მან მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხის - 15 732.19 ლარის - ნაწილში

 

2.4. მოპასუხე ზ-------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა მან მოსამზადებელ სხდომაზე დაზუსტებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხის - 15 732.19 ლარის - ნაწილში.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 მარტს სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხე შპს „ლ---------–ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და შპს „ლ---------–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 36 თვით, 2021 წლის 02 მარტამდე, გაიცა 24 000 ლარი, წლიური 15.5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელკრულება № GCL000208436-6587211;

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- საკრედიტო ხელშეკრულება № GCLCA000262612-5310917-7276538

 

3.1.2. 2018 წლის 28 თებერვალს სს „ს----------–--------სა“ და მოპასუხეებს: ა-–-------------–----–---–ის, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები და თავადები პირების პასუხისმგებლობა განისაზაღვრა 48 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.3. მოპასუხეთა მიერ დაირღვა ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებები და მათ გააჩნიათ დავალიანება ბანკის წინაშე და ისინი არ იხდიან დავალიანება სრულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებლობით მოსარელეს ადგება ზიანი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე,463-ე, 464-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 22 მარტს მოსარჩელესა და შპს „ლ---------–ს“ შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენოით, ხოლო ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 28 თებერვალს სს „ს----------–--------სა და შპს „ლ---------–ს“ შორის, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე 36 თვის ვადით გაიცა თანხა 24 000 ლარის ოდენობით, სესხი იყო სარგებლიანი და ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო.

დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილია, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით და აღსანიშნავია, რომ არც ძირითადი ხელშეკრულების კანონიერება და არც თავდებობის ხელშეკრულებები მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა და ამასთანავე მოსამზადებელს სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ (ძირი თანხის ნაწილში) ცნეს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.

 

ამდენად დადასტურებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს ს----------–--------სა და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, მსესხებელმა საკრედიტო ხელშეკრულებათა საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ დაუბრუნა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 15 732.19 ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა აღიარეს ძირი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 4 070.98 ლარით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს და უნდა შემცირდეს 0,02%-მდე.

 

6.8. რაც შეეხება თავდებებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------სა“ და ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც სრული პასუხისმგებლობა აიღო ბანკის მიმართ ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხის სოლიდარული მოვალეებისთვის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.10. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებითი ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარე სს „ს----------–--------ის“ საქმიანობა სწორედ კრედიტების გაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით (აღებული სესხის სარგებელთან ერთად დაუბრუნებლობით) მან მიიოღო ზიანი, რომლის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანია.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მოთხოვნას, მოპასუხეთათვის დავალიანების ცნობის გაცემიდან ყოველთვიური პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემეობათა გამო:

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება -პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის ზიანის სახით, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დაკისრებით მოსარჩელეს აუნაზღაურდება არა მარტო დამდგარი ზიანი, არამედ ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოსალოდნელი ზიანი, შესაბამისად, სასამართლოს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებასთან ერთად პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულად მიაჩნია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1336.62 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა (დავის საგანი) შემცირდა 30 563.97 ლარამდე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 917 ლარს, ამდენად მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 420 ლარი უნდა დაუბრუნდეს როგორც ზედმეტად გადახდილი. გარდა ამისა, მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეთა მის მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს 471 ლარი, საბოლოოდ, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 891 ლარი, ხოლო დარჩენილი 445.62 ლარიდან 224 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 895,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 15 732.19 ლარი, პირგასამტეხლო - 162.85 ლარი.

 

3. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით, სოლიდარულად დაეკისროთ ყოველდღიურად 06.68 ლარის გადახდა 2019 წლის 20 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

4. სს „ს----------–--------ის“ სარჩელი შპს „ლ---------–ის“, ა-–------------–----–---–ის, ზ-------------ის და ნ-----------–---–ის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მოსარჩელე სს ”ს----------–--------ს“ (ს/კ: 204378869) მის მიერ 20-02-2019 წელს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №33309) სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 1336.62 ლარიდან დაუბრუნდეს 891 ლარი, ხოლო 445.62 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. მოპასუხეებს: შპს „ლ---------–ს“, ა-–------------–----–---–ს, ზ-------------ს და ნ-----------–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 224 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი