გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210117001775224
№2-200/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - შპს „ვ-------“
წარმომადგენელი - ო---- ხ----–---–-, თ---------- ქ-------ე
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) - აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტრო
წარმომადგენელი -თ------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება , პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა);
1.1. აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს დაეკისროს შპს "ვ-------"-ს სასარგებლოდ 88.724.13 ლარის გადახდა.
1.2. აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს დაეკისროს შპს "ვ-------"-ს სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვალდებულების დარღვევიდან, ანუ 2016 წლის 15 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 88 724,31 ლარის 0,07%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ზიანის ოდენობა 2019 წლის 17 ივნისის მდგო----ეობით შეადგენს 56324,70 ლარს, რომელიც გაიზრდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 62,10 ლარით.
1.3. აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს დაეკისროს შპს "ვ-------"-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 3157,33 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 1919 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 5801,95 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს მიერ სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში შემოტანილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
3.1. შპს „ვ-------“-ს მოსარჩელე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 11 276,90 ლარის ოდენობით.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შპს „ვ-------ს“ წარმომადგენელი შეგებებულ სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და განმარტავს, რომ მართალია დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული საჯარიმო სანქციები, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში არის შეუსაბამოდ მაღალი. კერძოდ, გათვალისწინებულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,07%, როცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებით განსაზღვრულია ნაკლები საჯარიმო სანქცია 0,02%-ის ოდენობით; ამასთან შეგებებული სარჩელის მოპასუხე მიუთითებს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს არასწორად აქვს დაანგარიშებული პირგასამტეხლო და ის შეადგენს სულ 963,44 ლარს.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. შპს „ვ-------“ წარმოადგენს სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის მომსახურებას და რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, რომლის საიდენტიფიკაციო კოდია:445427360. აჭარის ა.რ. განათლების,. კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი წარმოადგენს სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ;
5.1.2. 2016 წლის 1 აპრილს შპს „ვ-------“-სა და აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78. ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კ-------ს №1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 490 817 ლარს. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.2.1. 2016 წლის 1 აპრილს შპს „ვ-------“-სა და აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოთა შესრულების ვადა და ადგილი. აღნიშნული ნორმის თანახმად შპს „ვ-------ს“ მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყებოდა შემსყიდველის მიერ შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიმწოდებლისათვის ჩაბარების ან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო მიწოდება განეხორციელებინა გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (სულ 40%), ხელშეკრულების გაფორმებიდან მესამე 30 დღის ვადაში - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის შესრულება (სულ 60%).
მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ შეთანხმების მიხედვით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 25 აპრილიდან, შესაბამისად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 12 სექტემბრამდე. შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებული იყო მოწოდება განეხორციელებინა გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ: 2016 წლის 25 აპრილიდან პირველი 30 დღის ვადაში ( 2016 წლის 25 მაისამდე) უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების ღირებულების 20%, 2016 წლის 25 აპრილიდან მეორე 30 დღის ვადაში (2016 წლის 24 ივნისამდე) - ხელშეკრულების ღირებულების 20%, მესამე 30 დღის ვადაში (2016 წლის 24 ივლისამდე) - ხელშეკრულების ღირებულების 20% (სულ 60 %). მთლიანი სამუშაოები კი როგორც ზემოთ აღინიშნა უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 12 სექტემბრამდე.
ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზეც, კერძოდ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს 6.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,07%-ის ოდენობით, ხოლო 9.2 პუნქტის თანხმად მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულოებელი სამუშაოების ღირებულების 0,07%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ეტაპის ვადის დარღვევა გაგრძელდებოდა მეორე ეტაპზეც, მაშინ პირგასამტეხლო პირველი ეტაპის დარღვევისათვის გამოიანგარიშდებოდა მეორე ეტაპის დაწყებამდე ვადაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
5.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებითანავე შპს "ვ-------" შეუდგა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებას და 2016 წლის 23 დეკემბერს აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტროში წარადგინა 2016 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული N02/17 კორესპოდენცია, რომელშიც მითითებული იყო, შპს „ვ-------ს“ მიერ სამუშაოები დასრულებული იყო და დანიშნული იყო ექსპერტიზა. კორესპოდენციას თან ერთვოდა საბოლოო ინფორმაცია დასრულებული სამუშაოების შესახებ (ფორმა N2).
ზ/აღნიშნული წერილის საფუძველზე აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროს სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნა წარდგენილი ინფორმაცია, რომელთა დასკვნით დადგენილი იქნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნაწილი არ იყო შესრულებული, ნაწილი სამუშაოებისა იყო უხარისხოდ შესრულებული და საჭიროებდა ხელახალ ჩატარებას. აღნიშნულის გამო სამინისტროს წარმომადგენლის მიერ არ იქნა გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
2016 წლის 29 დეკემბერს შპს „ვ-------მ“ წერილით მიმართა აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროს, რომელსაც ერთვოდა შპს „ზაისი და კომპანიის“ მიერ 2016 წლის 25 დეკემბერს შესრულებული ინსპექტირების ანგარიში N070. ანგარიშში მითითებული იყო, რომ კომპანიის მიერ ფაქტობრივად შესრულებული იყო 468 949,93 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც 21 867,07 ლარით ნაკლები იყო კომპანიის მიერ წარდგენილ საბოლოო ფორმასთან შედარებით. აღნიშნული წერილით შპს „ვ-------“ ასევე ითხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებას.
2019 წლის 29 დეკემბრის წერილით აჭარის ა.რ. განთალების, კულტურისა და სპორტის სამინისტომ შპს „ვოგორას“ აცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, ვადის ამოწურვიდან გასული იყო 3 თვეზე მეტი ვადა და დარღვეული იყო ასევე ხელშეკრულების სხვა პიროებები, კერძოდ არ იყო შესრულებული სამუშაოს ნაწილი ხარისხიანად, ამიტომ მისთვის დამატებითი ვადის განსაზღვრა აზრს კარგავდა. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტრომ 2019 წლის 29 დეკემბრს შეწყვიტა შპს „ვ-------სთან“ გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება ცალმხრივად და შპს „ვ-------ს“ გააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 9.1. და 9.2 პუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით, რაც შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.07%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
- შპს „ვ-------ს“ 2016 წლის 19 დეკემბრის 02/17 კორესპოდენცია საბოლოო ფორმა N2-თან ერთად.
- შპს „ვ-------ს“ 2016 წლის 29 დეკემბრის 02/19 კორესპოდენცია შპს „ზაასი და კომპანიის” 25.12.2016წ. ინსპექტირების ანგარიშთან ერთად.
- 29.12.2016წ. მოხსენებითი ბარათები.
- 16.01.2017წ. განმეორებითი შეტყობინება შპს „ვ-------ს“.
- მოწმეთა ჩვენება.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 29.12.2016წ წერილი შპს „ვ-------სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- ხარჯთაღრიცხვა.
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა N2.
5.2.3. დადგენილია, რომ აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტრომ შპს „ვ-------სთან“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე აცნობა როგორც მიმწოდებელს, ასევე მან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აცნობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, ასევე მის მიერ გაგზავნილი იქნა მოთხოვნა საბანკო გარანტიების გამცემ კომპანიებთან ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და საავანსო გარანტიების ამოქმედების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 29.12.2016წ წერილი შპს „ვ-------სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 29.12.2016წ
წერილი სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგს“.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 12.01.2017წ წერილი სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგს“.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 01.02.2017წ და 24.01.2017წ წერილები სს „ბანკი ქართუს“.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 29.12.2016წ
წერილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს მიმართვები საგამოძიებო ორგანოს.
5.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------ს“ მიერ აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროსთან 2016 წლის 01 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 27 დეკემბრამდე შესრულებული იქნა და შემსყიდველზე მიწოდებული იქნა შემდეგი მოცულობის სამუშაოები, კერძოდ:
1). 2016 წლის 13 მაისს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 109.170.95 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 1/.
2). 2016 წლის 21 ივნისს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 54.683 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 2/.
3). 2016 წლის 07 ივლისს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 51.196 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 3/.
4). 2016 წლის 02 აგვისტოს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 57.993.67 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 4/.
5). 2016 წლის 08 სექტემბერს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 39.901 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 5/.
6). 2016 წლის 04 ოქტომბერს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 19.361 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 6/.
7). 2016 წლის 18 ოქტომბერს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 20.442 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი №7/.
8). 2016 წლის 16 ნოემბერს მიმწოდებელმა შპს „ვ-------“–მ მიაწოდა, ხოლო შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ კომისიურად (ცხრა კომისიის წევრის ხელმოწერით) მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე მიიღო 32.353.22 ლარის სამუშაოების შესრულება. /იხ. მიღება ჩაბარების აქტი № 8/.
ამრიგად, შპს „ვ-------“–მ 2016 წლის 27 დეკემბრამდე შემსყიდველს შეუსრულა და მიღება –ჩაბარების აქტების საფუძველზე კომისიურად მიაწოდა 385.100.84 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც აღიარა და ჩაიბარა მოპასუხე აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ შემსყიდველმა აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტრომ აღიარა შპს „ვ-------“–ს მიერ მიწოდებული შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა 385.100.84 ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „ვ-------“–ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა მხოლოდ 365.400.84 ლარი, ე.ი. (385.100.84–365.400.84)=19.700 ლარით ნაკლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №1, 13.05.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №2, 21.06.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №3, 07.07.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №4, 02.08.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №5, 08.09.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №6, 04.10.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №7, 18.10.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №8, 16.11.2016წ;
-ფარულ სამუშაოებზე აქტები №11, 10, 2, 14,17,15,25,22,13,21,20,23,3;
- შპს „ვ-------ს“ დირექტორის მიმართვა აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს;
5.2.5. დადგენილია, რომ შპს „ვ-------მ“ მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა, რომ დადგენილიყო მის მიერ ქობულეთში, სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლაში მოპასუხის მიერ 8 მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული შესრულებული სამუშაოს გარდა დამატებით ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ღირებულება, ასევე გაუთვალისწინებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის 5001334817 დასკვნით დგინდება, რომ: 1) შპს "ვ-------"-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (გაუთვალისწინებელი სამუშაოები) ღირებულება წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი ფორმა N2-ების მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 25.585 ლარს. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 17.857.04 ლარს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს (25.167.27 – 17.857.04)=7727.96 ლარს.; 2) შპს "ვ-------"-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების (დამატებით შესრულებული სამუშაოები) ღირებულება, წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2-ების მიხედვით დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 87 314 ლარს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 51.167.27 ლარს. სხვაობა ნაკლებობით შეადგენს (87.314 -51.167.27)=36.14673 ლარს.
ამდენად სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის N5001334817 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------“-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, აღიარებული 8 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემსყიდველზე მიწოდებული 385 100,84 ლარის ღირებულების სამუშაოების გარდა, დამატებით შეადგენს 69024, 31 ლარს, მათ შორის დამატებით შესრულებული სამუშაოების თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით 51.167.27 ლარს, ხოლო გაუთვალისწინებელი სამუშაოების თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით 17857.04 ლარს.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეზე თანდართული მტკიცებულებით (მიღება - ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები, მიმართვები და მათი პასუხები, შემსყიდველის აღიარებითი მასალები, ექსპერტიზის დასკვნები და ა.შ.) დადგენილად მიიჩნევს, რომ შემსყიდველ აჭარის არ გ------–----------–------------------------ სამინისტროს მიმწოდებელ შპს „ვ-------“-ს მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება (19.700+51.167.27+17.857.04)=88.724.31 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეთა ჩვენება.
- ხარჯთაღრიცხვა.
-2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №1, 13.05.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №2, 21.06.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №3, 07.07.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №4, 02.08.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №5, 08.09.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №6, 04.10.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №7, 18.10.2016წ;
-მიღება-ჩაბარების აქტი №8, 16.11.2016წ;
-ფარულ სამუშაოებზე აქტები;
- დამატებით შესრულებულ სამუშაოთა ფორმა N2-ები.
- შპს „ვ-------ს“ დირექტორის მიმართვა აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის N5001334817 დასკვნა;
- სამინისტროსა და მიმწოდებლის მიმართვები.
5.2.6. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად მთლიანი სამუშაოები შპს „ვ-------ს“ მიერ უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 12 სექტემბრამდე, თუმცა მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ სამუშაოები გაგრძელდა 2016 წლის 29 დეკემბრამდე, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ დასრულდა და 2016 წლის 29 დეკემბერს შემსყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2016 წლის 1 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №78 ;
- მოწმეთა ჩვენება.
- აჭარის ა/რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს 29.12.2016წ წერილი შპს „ვ-------სთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- ხარჯთაღრიცხვა.
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა N2.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: დაეკისროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ 88 724,13 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრებაზე უარი ეთქვას. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ვ-------ს“ დაეკისროს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 11 276,90 ლარის ოდენობით.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 400, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 629-ე, 636-ე, 648-ე, 649-ე მუხლებით;
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
8.2. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამ ნორმების ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ გარიგების დადებისათვის აუცილებელია ნამდვილი ნების გამოვლენა და ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს, ესაა ხელშეკრულების დადება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა. ნორმის ამგვარი დათქმიდან გამომდინარე, ყოველი ნების გამომვლენი პირი, მიუხედავად გარიგების დადების მოტივისა, ამ გარიგებიდან გამომდინარე რისკებზე პასუხისმგებელი თავად ხდება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აპრილს შპს „ვ-------ს“ და აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტროს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის სესახებ ხელშეკრულება, რომლის არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული გარიგების მიხედვით, მოსარჩელე (მენარდე) კისრულობდა ვალდებულებას ეწარმოებინა სამუშაოები შესაბამისი ანაზღაურების მიღების პირობით, ხოლო მოპასუხე (შემკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას აენაზღაურებინა მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ვ-------მ“ აიღო ვალდებულება ეწარმოებინა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად სამუშაოთა საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენდა 490 817 ლარს. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების ღირებულება შესაძლებელია დაზუსტებულიყო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების თანახმად შპს „ვ-------ს“ მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან 140 დღის ვადაში. შეტყობინების მიხედვით სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2016 წლის 25 აპრილიდან, შესაბამისად სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 12 სექტემბრამდე. მიმწოდებელი ვალდებული იყო მოწოდება განეხორციელებინა გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, კერძოდ: 2016 წლის 25 აპრილიდან პირველი 30 დღის ვადაში ( 2016 წლის 25 მაისამდე) უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების ღირებულების 20%, 2016 წლის 25 აპრილიდან მეორე 30 დღის ვადაში (2016 წლის 24 ივნისამდე) - ხელშეკრულების ღირებულების 20%, მესამე 30 დღის ვადაში (2016 წლის 24 ივლისამდე) - ხელშეკრულების ღირებულების 20%. მთლიანი სამუშაოები კი უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 12 სექტემბრამდე.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროს მიერ 2016 წლის 29 დეკემბერს შეწყდა მხარეებს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, თუმცა საქმეში წარმოდგენლი და დადატურებული მიღება-ჩაბარების აქტებიდან დადგენილია, რომ შპს "ვ-------"-ს მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კ-------ს N1 საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გაწეული სამუშაოებიდან სამინისტრომ აღიარა შპს „ვ-------“–ს მიერ მიწოდებული შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა 385.100.84 ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „ვ-------“–ს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა მხოლოდ 365.400.84 ლარი და გადასახდელი დარჩა 19 700 ლარი.
ასევე სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამ ხარაულის სხელობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 მარტის N5001334817 დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------ს“ მიერ დამატებით ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაა 51.167.27 ლარი, ხოლო გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება 17857.04 ლარი, სულ 69 024,31 ლარი, რაც ასევე შემსყიდველის მიერ მიუხედავად მოსარჩელის არაერთი წერილობითი მოთხოვნისა, ანაზღაურებული დღემდე არ არის.
8.4. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დაკვეთილი სამუშაოების ნაწილი მენარდის მიერ შესრულდა, სამუშაოები მიღებულად ჩაითვლა, რაც ნიშნავს, რომ რეალურად დადგა ის სამართლებრივი შედეგი, რაც დამახასიათებელია ნარდობის ხელშეკრულებისათვის, კერძოდ, მენარდემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად. შესაბამისად სასამართლო იზიარებს შპს „ვ-------ს“ წარმომადგენლების მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის დავალიანება შპს „ვ-------ს“ მიმართ სულ შეადგენს 88 724.13 ლარს (19 700 + 51.167.27 + 17857.04 = 88 724,13).
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------ს“ მოთხოვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროზე სამუშაოების შესრულებისათვის გადასახდელი თანხის 88 724.13 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.5. საქართველოს სამოქალაქო კანომდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს დელიქტის არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს “ვ-------“ მოითხოვს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულების ჩაურიცხაობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.07%-ი (88.724.27*0.07%) 62.10 ლარის ოდენობით, (ვადაგადაცილება აითვლება 2016 წლის 15 დეკემბრიდან და 2019 წლის 17 ივნისის მდგო----ეობით, ვადაგადაცილება შეადგენს 907 დღეს), ზიანის მოცულობა შეადგენს 56324.70 (907*62.10) ლარს, აღსრულების გაჭიანურების შემთხვევაში აღნიშნული თანხა ყოველდღიურად გაიზრდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 62.10 ლარით (იხ. სხდომის ოქმი. საპაექრო სიტყვა).
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის ზ/აღნიშნულ მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 395-ე მუხლი კი ადგენს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუღებელ შემოსავლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის როგორც თავად ზიანის ფაქტის, ასევე მისი ოდენობის მტკიცება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ/აღნიშნული თანხის დროულად მიუღებლობით მიუღებელი შემოსავლის სახით შპს „ვ-------ზე“ მიყენებული ზიანი შეადგენს გადასახდელი თანხის ყოველდღიურ 0,07%.
სამოქალაქო კანონმდებლობით ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კონკრეტულ შემთხვევში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება კონკრეტული ზიანის არსებობა, რაც გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ამდენად იმისათვის, რათა პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, პირველ რიგში კი სახეზე უნდა იყოს თავად ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან საქმის გარემოებებით არ დადასტურდა მოსარჩელე შპს „ვ-------ს“ მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ზიანის მიყენების ფაქტი.
გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ შპს „ვ-------“ მოპასუხეზე ზ/აღნიშნული თანხის დაკისრებას ასევე მოითხოვს პირგასამტეხლოს სახითაც, თუმცა დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულებით მსგავსი შეთანხმება შემსყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ გაფორმებულა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამასთან ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
8.6. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროს მოთხოვნას შპს „ვ-------ზე“ პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ/არ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზე, კერძოდ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს 6.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,07%-ის ოდენობით, ხოლო 9.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,07%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ეტაპის ვადის დარღვევა გაგრძელდებოდა მეორე ეტაპზეც, მაშინ პირგასამტეხლო პირველი ეტაპის დარღვევისათვის გამოიანგარიშდებოდა მეორე ეტაპის დაწყებამდე ვადაზე.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ვ-------მ“ დაარღვია 6.1 და 6.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და მიწოდება ვერ განახორციელა შეთანხმებლ ვადაში, რაც გახდა შემდგომში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიც. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების 6.1. და 6.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0,07%-ის ოდენობით.
სწორედ, ზ/აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო წარმოეშვა აჭარის ა.რ. გ------–----------–------------------------ სამინისტროს შპს „ვ-------ზე“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულების შესრულების ვადა, ამდენად შპს ”ვ-------ს” მიერ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილებაა და, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს ანიჭებს შპს „ვ-------ზე“ პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.2 პუნქტით, მიმწოდებელს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული, დაუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით. ამდენად სასამართლო იზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან არსებობდა მხარეებს შორის შეთანხმება ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ამასთან დადგენილია, რომ შემსრულებლმა დაარღვია ხელშეკრულების 6.1. და 6.2 პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების ვადები, შესაბამისად არსებობს შპს „ვ-------ზე’ ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების საფუძველი, რაც მთლიანობაში შეადგენს 11 276,90 ლარს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გონივრულ შესაბამისობაშია მხარეთა თავდაპირველ შეთანხმებასთან. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელე შპს ვ-------ს“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სულ 3158 ლარის ოდენობით, ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული იქნა იურიდიული მომსახურების ხარჯი 3810 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ხარჯი 1919 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით - აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ვ-------ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ანაზღაურება 2662,72 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3548 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება 1919 ლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელე აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს კანონის სახელმწიფო ბაჟის შესახებ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”უ” ქვეპუნქტის თანახმად. (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; )
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან აჭარის ა/რ გ------–----------–------------------------ სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამ ნაწილში შეგებებულ სარჩელში მოპასუხე შპს „ვ-------ს“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ 338,30 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 259’-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ვ-------ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს დაეკისროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ 88 724,13 ლარის გადახდა;
1.2. შპს „ვ-------ს“ უარი ეთქვას ზიანის ანაზღაურების სახით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროზე თანხის დაკისრებაზე;
1.3. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ვ-------ს“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2662.72 ლარის გადახდა;
1.4. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ხარჯის 1919 ლარის გადახდა;
1.5. მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შპს „ვ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 3548 ლარის გადახდა;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2.1. შპს „ვ-------ს“ დაეკისროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გ------–----------–------------------------ სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 11 276,90 ლარის ოდენობით.
3. შპს „ვ-------ს“ დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 338,30 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე