გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2019
საქმის ნომერი
330210018002241672
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27-18

(330210018002241672)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 აგვისტო, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - ნ-----–----------------

წარმომადგენელი - გ--------–----–---–----

მოპასუხე - შპს ,,რ------“

წარმომადგენლები: ან-------------------–--- (დირექტორი), მ--------------–---–-

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით, დაეკისროს 11637 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 6068 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

მხარეთა შორის, 2015 წლის 1 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 1875 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მისთვის არ გადაუხდია 2015 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების ხელფასი, 2015 წლის სექტემბერში ჩაურიცხა 700 აშშ დოლარი და დააკლო 1175 აშშ დოლარი; 2016 წლის იანვრის თვის ხელფასიდან დააკლო 825 აშშ დოლარი; 2016 წლის მარტის თვის ხელფასიდან დააკლო 872 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის აპრილის თვის ხელფასიდან დააკლო 1265 აშშ დოლარი; ასევე არ გადაუხდია 2016 წლის მაისისა და ივნისის თვის ხელფასები. ჯამში, სახელფასო დავალიანების მოცულობამ შეადგინა 11637 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

მოსარჩელე ასევე ითხოვს დაყოვნებულ თანხაზე პირგასამტეხლოს დაკისრებას - 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისის ჩათვლით 1352,24 აშშ დოლარის, ხოლო 2016 წლის 1 ივნსიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე (19 თვის/579 დღის) 11 637 აშშ დოლარის 0.07%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 4716 აშშ დოლარს. ჯამში - 6068 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოსარჩელის ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, შეადგენდა 1500 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში).

2016 წლის 4 თებერვალს, დამატებითი შეთანხმებით, კომპანიაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოსარჩელესთან შრომითი დაფიქსირდა ეროვნულ ვალუტაში და შეადგინა 1625 ლარი (ხელზე მისაღები).

2015 წლის 1 ივნისს იგეგმებოდა ტელემაუწყებლობის დაწყება, თუმცა მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამაუწყებლო საქმიანობის აკრძალვის გამო, კომპანიამ შრომით კოლექტივთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება - 05/06/2015წ. ბრძანება N------ შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან დაკავშირებით და მოხდა თანამშრომელთა უხელფასო შვებულებაში გაშვება. დასაქმებულებს მიეცათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დაეწყოთ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის პროცედურა, თუმცა მოსარჩელეს აგვისტოს თვის ხელფასი ჩაერიცხა წინასწარ.

მოსარჩელეს 1050 აშშ დოლარი ჩაერიცხა 2016 წლის 2 თებერვალს, ხოლო 2016 წლის 28 მარტს - 450 აშშ დოლარი, რაც კურსით ერთი აშშ დოლარი/2.3343 ლარი, შეადგენს 1050,39 ლარს.

მოსარჩელემ, 2016 წლის 20 თებერვალს წერილობით მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა და მოსარჩელე 2016 წლის 1 მარტიდან აღარ მუშაობს კომპანიაში.

მოპასუხემ სარჩელი ასევე არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით.

პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხემ მიუთითა, რომ პირველი მოთხოვნის უსაფუძვლობა გამორიცხავდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც. ასევე, რამდენადაც მოსარჩელემ არ მიმართა სასამართლოს სარჩელით 2015 წლის ივლისიდან შესაბამისად, მან თავად შეუწყო ხელი პირგასამტეხლოს გაზრდასა და დაგროვებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეთა შორის, 2015 წლის 1 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე დაინიშნა ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე და მისი ხელფასი განისაზღვრა 1875 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). წინა თვის შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ყოველ მომდევნო თვეს. ხელფასის გადახდა ხდებოდა სს ,,-----------–--------–-“ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 1 ივნისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ხელშეკრულება (ს.ფ-ები: 15-17);

მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. მოსარჩელემ, 2016 წლის 20 თებერვალს წერილობითი განცხადებით მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამავე წლის 1 მარტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- განცხადება (ს.ფ. 53);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელფასის სახით ანაზღაურებული აქვს:

- 2015 წლის 14 ივლისს - 3378.15 ლარი (1500 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2015 წლის 2 ოქტომბერი - 1675.17 ლარი (700 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2015 წლის 4 ნოემბერი - 3598.95 ლარი (1500 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2015 წლის 21 დეკემბერი - 3596.70 ლარი (1500 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2015 წლის 30 დეკემბერი - 3610.05 ლარი (1500 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2016 წლის 2 თებერვალი - 2593.71 ლარი (1050 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2016 წლის 28 მარტი - 2675.39 ლარი (კურსი - 1 აშშ დოლარი - 2.3342 ლარი) –

1146.17 აშშ დოლარის ექვივალენტი);

- 2016 წლის 22 აპრილი - 1625 ლარი (კურსი - 1 აშშ დოლარი - 2.2317 ლარი) -

728.15 აშშ დოლარის ექვივალენტი).

ჯამში - 9624.32 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.-ები: 18-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით 2016 წლის 1 მარტიდან, რამდენადაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იგი შრომით მოვალეობას ასრულებდა 2016 წლის 1 მარტის შემდგომ. შესაბამისად, ამავე წლის 1 ივნისამდე სახელფასო დავალიანების მოთხოვნას სამართლებრივ საფუძველი არ გააჩნია.

რამდენადაც სახეზეა მოსარჩელის განცხადება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ იგი შემდგომაც აგრძელებდა შრომით ურთიერთობას მოპასუხესთან, არის მასზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ მოხდა ახალ შენობაში შესაბამისი აპარატურის გადატანა-მონტაჟი, თუმცა ვერ წარმოუდგენია რამე მტკიცებულება. რაც შეეხება ხელფასის 28 მარტსა და 22 აპრილს გადახდას, აღნიშნული ვერ ადასტურებს 1 მარტის შემდგომ შრომითი ურთიერთობის არსებობას, რამდენადაც ამ პერიოდში შრომითი მოვალეობების შესრულების შესახებ რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მოსარჩელის განცხადებები (ს.ფ.-ები: 53, 131);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის 4 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით არ მომხდარა მოსარჩელის ხელფასის 1625 ლარით განსაზღვრა, რამდენადაც ეს შეთანხმება არ არის ხელმოწერილი მოსარჩელის მიერ და იგი უარყოფს მოპასუხესთან ასეთი გარიგების არსებობას. შესაბამისად, ამ შეთანხმებას არ გააჩნია იურიდიული ძალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ,,დამატებითი შეთანხმება“ (ს.ფ. 51);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის გაშვება უხელფასო შვებულებაში 2015 წლის 7 ივლისიდან ამავე წლის 1 აგვისტომდე არ მომხდარა, რამდენადაც არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის განცხადება უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის 2015 წლის 5 ივნისის N------ ბრძანებას, მოსარჩელესთან მიმართებაში იურიდიული ძალა არ გააჩნია და ბათილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 05/06/2015წ. ბრძანება (ს.ფ. 52);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახელფასო დავალიანებისა და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა არ არის ხანდაზმული (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 05/06/2015წ. ბრძანება (ს.ფ. 52);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ რამდენადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 მარტამდე (9 თვე), მოსარჩელისათვის ხელზე მისაცემი ხელფასი შეადგენდა 13500 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში), ხოლო მას ფაქტობრივად მიღებული აქვს 9624.32 აშშ დოლარი, დარჩენილი ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 3875.68 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით) (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ.-ები:18-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით ,,შრომითი ურთიერთობა, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისთვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. ის წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, შესაბამისად, იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით (იხ. სუსგ. Nას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 1 მარტიდან - მისივე მოთხოვნით (ს.ფ.53). თუკი იგი სამუშაოს ასრულებდა ამ დროის შემდეგაც, მას უფლება ჰქონდა სადავო გაეხადა მოპასუხის ბრძანება მისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2016 წლის 1 მარტის შემდგომ მოპასუხის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომითი მოვალეობების შესრულების ფაქტი, სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა წინა პერიოდის ხელფასების ჩარიცხვა მოსარჩელისათვის, რაც არ ადასტურებს ამ დროისათვის შრომითი ხელშეკრულების არსებობას.

 

5.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 4 თებერვლის დამატებითი შეთანხმებით არ მომხდარა მოსარჩელის ხელფასის 1625 ლარით განსაზღვრა, რამდენადაც ეს შეთანხმება არ არის ხელმოწერილი მოსარჩელის მიერ და იგი უარყოფს მოპასუხესთან ასეთი გარიგების არსებობას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) და მე-6 პუნქტები (შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები), მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:...შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი), მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი (შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით), 31-ე მუხლი (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი), რაც გამოიხატა გადაწყვეტილებაში, დასაქმებულის მიმართ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის - შრომის ანაზღაურების - ცალმხრივად შეცვლის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის ასეთი გადაწყვეტილება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია და ვერ წარმოშობს შესაბამის იურიდიულ შედეგებს.

ასევე ადგილი არ ჰქონია 2015 წლის 7 ივლისიდან ამავე წლის 1 აგვისტომდე მოსარჩელის გაშვებას უხელფასო შვებულებაში, რამდენადაც არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის განცხადება უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ.

საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია ანაზღაურების გარეშე შვებულება.

შესაბამისად, მოპასუხის 2015 წლის 5 ივნისის N------ ბრძანებას, მოსარჩელესთან მიმართებაში იურიდიული ძალა არ გააჩნია და ბათილია.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რამდენადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 მარტამდე (9 თვე), მოსარჩელისათვის ხელზე მისაცემი ხელფასი შეადგენდა 13500 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში), ხოლო მას ფაქტობრივად მიღებული აქვს 9624.32 აშშ დოლარი, დარჩენილი ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 3875.68 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით) (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

5.3. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კოდექსის 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს პირგასამტეხლოს სახით დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა - გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარშსწორების გადაუხდელობა.

 

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს 2016 წლის 7 მარტიდან (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 2016 წლის 1 მარტიდან მე-7 დღე (საბოლოო ანგარიშსწორების დღე) არსებული სახელფასო დავალიანების - 3875.68 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული გაცვლითი კურსით) 0.07%-ის ოდენობით (2.72 აშშ დოლარი), ყოველ დაყოვნებულ დღეზე, 2017 წლის 1 დეკემბრამდე (634 დღე), რაც შეადგენს 1724.48 აშშ დოლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების 6.4. პუნქტი).

სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს შემდეგნაირად:

ა) 2015 წლის ივლისის თვის ხელფასზე - 1500 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) – 2015 წლის 1 აგვისტოდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0.007%-ის ოდენობით 2017 წლის 1 დეკემბრამდე (853 დღე, რაც შეადგენს (1500-ის 0.07%=1.05 აშშ დოლარი) 895.65 აშშ დოლარი, გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით;

ბ) 2015 წლის აგვისტოს ხელფასზე - 1500 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) – 2015 წლის 1 სექტემბრიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0.007%-ის ოდენობით 2017 წლის 1 დეკემბრამდე (822 დღე), რაც შეადგენს 1.05 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 863.1 აშშ დოლარს გადახდის დროისათვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით;

გ) დანარჩენ 875.68 აშშ დოლარზე (თებერვლის თვიდან მოკლებული ხელფასი) - 2016 წლის 1 იანვრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ თანხის 0.007%-ის ოდენობით 2017 წლის 1 დეკემბრამდე (700 დღე), რაც შეადგენს (875.68-ის 0.07%=0.61 აშშ დოლარი), რაც შეადგენს 427 აშშ დოლარს;

 

ჯამში - 2185.75 აშშ დოლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

5.4. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე ვცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).

 

საქმეზე ,,სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Stabing and others v. UK) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზნას. კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომელბისგანაც თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებულნი გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომელბიც შორეულ წარსულში მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ 2018 წლის 3 იანვარს მომართა სარჩელით სასამართლოს, 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილი სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, ცხადია, რომ მან კანონით გათვალისწინებული უფლება განახორციელა კანონით გათვალისწინებულ ვადაში და მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, არ აქვს უფლება, ხანდაზმულობის საფუძვლით, უარი თქვას ამ ვალდებულების შესრულებაზე.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის სახით 3875.68 აშშ დოლარის ლარის, ხოლო პირგასამტეხლოს სახით - 2185.75 შშ დოლარის ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რაც გადაწყვეტილების გამოტანის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენს 17757.56 ლარს (აშშ დოლარის კურსი 02/08/2019წ. – 2.9296). შესაბამისად, მოპასუხე, შპს ,,რ------“-ს ხელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 532.72 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე, შპს ,,რ------“-ის მოსარჩელე, ნ-----–---------------ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით, დაეკისროს 3875.68 აშშ დოლარის გადახდა (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით) (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე, შპს ,,რ------“-ის მოსარჩელე, ნ-----–---------------ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 2185.75 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში გადახდის დროისათვის არსებული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით) გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

4. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

5. მოპასუხე შპს ,,რ------“-ის ახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 532.72 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

8. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მოსარჩელე, ნ-----–----------------ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი