განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
150100119003167250
დავის ტიპი
177 4 გ , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100119003167250

№1/58-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე – არარატ ესოიან

სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს------ ხ------------ი (დაბადებული 197--–-–---------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 4----------; ნასამართლობის მქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალციხე, სოფელი ორალი);

ადვოკატი - კახაბერ ასპანიძე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი);

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2018 წლის 11 ივლისს, ს------ ხ------------მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, ქ. ახალქალაქში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------–- შ--------ის კუთვნილი ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას - 750 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც ს------–- შ--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 25-26 ივლისის ღამის საათებში, ს------ ხ------------მა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის, კარის საკეტის გამოგლეჯვის გზით, უკანონოდ შეაღწია ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მცხობრებ ს------–- შ--------ის კუთვნილ სათავსში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებულ 190 კგ. თაფლს, რითაც ს------–- შ--------ს მიადგა 2850 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. 2018 წლის 11 ივლისს, ს------ ხ------------ი და ს------–- შ--------ი, უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდნენ სოფელ ხ------დან ქ. ახალქალაქამდე, ქ ახალქალაქში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა გაჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის მიერ და აღმოჩენილი დარღვევის გამო ორივეს მიმართ გამოწერილი იქნა საჯარიმო ქვითარი. აღნიშნულ დროს, როდესაც ს------–- შ--------ი გადავიდა ავტომანქანიდან, ს------ ხ------------მა, ს------–- შ--------ის კუთვნილი ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას - 750 ლარის ოდენობით.

ს------ ხ------------მა აღიარა, რომ აღნიშნულ დროს და პირობებში ს------–- შ--------ის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას, თუმცა უარყო ოდენობა და განაცხადა, რომ დაეუფლა 60 ლარს.

თუმცა დაზარალებულმა ს------–- შ--------მა აჩვენა, რომ მისგან (ავტომანქანიდან) მოპარულია სწორედ 750 ლარი, ამასთან დეტალურად აღწერა ბანკნოტები (კუპიურები).

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ს------–- შ--------ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები.

მტკიცებულებები: ს------–- შ--------ის გამოკითხვის ოქმები (ს.ფ. 3-7, 169-170), ს------ ხ------------ის გამოკითხვის ოქმები (ს.ფ. 35-38, 179-182), N ემ 3----- საჯარიმო ქვითრის ასლი (ს.ფ. 123), N ემ 3----- საჯარიმო ქვითრის ასლი (ს.ფ. 124);

2.1.2. 2018 წლის 25-26 ივლისის ღამის საათებში, ს------ ხ------------მა, კარის საკეტის გამოგლეჯვის გზით, უკანონოდ შეაღწია ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მცხობრებ ს------–- შ--------ის კუთვნილ სათავსში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებულ 190 კგ. თაფლს.

ს------ ხ------------მა აღიარა, რომ აღნიშნულ დროს და პირობებში ს------–- შ--------ის ფერმიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ თაფლს, თუმცა უარყო ოდენობა და განაცხადა, რომ დაეუფლა 1 ბიდონს - 40 კგ-ს, რომლის გაყიდვისას მიიღო 255 ლარი.

ამასთან დაკავშირებით დადგენილია, რომ ს------ ხ------------მა მოპარული თაფლი მიყიდა ს-----–--- მ------ს და მის მეზობელს, ასევე სოფ. კარწახში უცნობ თურქეთის მოქალაქეს.

ს------ ხ------------ის განმარტებით ს-----–--- მ------ს მიყიდა 2 ქილა (დაახლოებით 4-6 კილოგრამი) თაფლი, საიდანაც აიღო 50 ლარი, 1- კგ მიყიდა ს-----–--- მ------ის მეზობელს 10 ლარად, ხოლო დანარჩენი მიყიდა თურქეთის უცნობ მოქალაქეს - 200 ლარად.

თუმცა ს-----–--- მ------მა აჩვენა, რომ ს------ ხ------------ისაგან შეიძინა 5 კგ თაფლი, რისთვისაც გადაუხადა 75 ლარი.

დაზარალებულმა ს------–- შ--------მა და მისმა მეუღლემ ვ-------- შ--------მა აჩვენეს, რომ მოპარულია სწორედ ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებული 190 კგ. თაფლი, რომლის ღირებულებაა 2850 ლარი.

მტკიცებულებები: ს------–- შ--------ის, ვ-------- შ--------ის (ს.ფ. 56-58) და ს------ ხ------------ის გამოკითხვის ოქმები, ადგილის დათვალიერების ოქმი 26.07.2018 წ. (ს.ფ. 10-34), ს------ ხ------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი 28.08.2018 წ. (ს.ფ. 47-55), ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმები (ს.ფ. 85-89, 91-95, 126-129), ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (ს.ფ. 133-137).

2.1.3. ს------ ხ------------ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის.

ანუ ბრალად წაყენებული დანაშაულების ჩადენის დროს იგი ორჯერ ნასამართლევი იყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

მტკიცებულებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.2008 წლის განაჩენი (ს.ფ. 72-75); ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.11.2013 წლის განაჩენი (ს.ფ. 80-83). შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობა (ს.ფ. 40-42).

2.1.4. დადგენილია, რომ მოპარული თაფლის გაყიდვისგან მიღებული თანხა და თვით მოპარული თანხა (750 ლარი) ს------ ხ------------ს გახარჯული აქვს თავის თავზე.

მტკიცებულებები: ს------ ხ------------ის აღიარება (გამოკითხვის ოქმები).

2.1.5. ს------ ხ------------ი მსჯავრდებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1ბ/02-19 განაჩენით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომელიც ამჟამად იხდის სასჯელს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან.

მტკიცებულებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1ბ/02-19 განაჩენი (ს.ფ. 151-159); N2 პენიტენციურ დაწესებულების კორესპონდენცია.

2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ს------ ხ------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: ს------–- შ--------ის, ს-----–--- მ------ის, ვ-------- შ--------ის და ს------ ხ------------ის გამოკითხვის ოქმები; N ემ 3----- საჯარიმო ქვითრის ასლი; N ემ 3----- საჯარიმო ქვითრის ასლი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ს------ ხ------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმები და ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.03.2008 წლის განაჩენი; ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.11.2013 წლის განაჩენი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს------ ხ------------ის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ს------ ხ------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს------–- შ--------ის და ს-----–--- მ------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია/ჩვენებები თანხვედრაში არ მოდის ბრალდებულის ს------ ხ------------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციასთან/ჩვენებასთან, კერძოდ:

ს------ ხ------------მა განმარტა, რომ აღნიშნულ დროს და პირობებში ს------–- შ--------ის ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას 60 ლარის ოდენობით, თუმცა დაზარალებულმა ს------–- შ--------მა აჩვენა, რომ მოპარულია სწორედ 750 ლარი, ამასთან დეტალურად აღწერა ბანკნოტები (კუპიურები).

ს------ ხ------------ის განმარტებით ფარულად დაეუფლა 1 ბიდონ - 40 კგ. თაფლს, რომლის გაყიდვისას მიიღო 255 ლარი, მათ შორის ს-----–--- მ------ს მიყიდა 2 ქილა (დაახლოებით 4-6 კილოგრამი) თაფლი, საიდანაც აიღო 50 ლარი. თუმცა ს-----–--- მ------მა აჩვენა, რომ ს------ ხ------------ისაგან შეიძინა 5 კგ თაფლი, რისთვისაც გადაუხადა 75 ლარი, ხოლო დაზარალებულმა ს------–- შ--------მა და მისმა მეუღლემ ვ-------- შ--------მა აჩვენეს, რომ მოპარულია სწორედ ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებულ 190 კგ. თაფლი, რომლის ღირებულებაა 2850 ლარი.

ამავდროულად დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, მათ შორის ს-----–--- მ------ის, ს------–- შ--------ის და ვ-------- შ--------ის ჩვენებები.

შესაბამისად ს------–- შ--------ის და ს-----–--- მ------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია/ჩვენებები გამორიცხავს ბრალდებულის ს------ ხ------------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციას/ჩვენებას.

ამიტომ სასამართლო თავისი მოსაზრებას ამყარებს ს------–- შ--------ის და ს-----–--- მ------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციას/ჩვენებებს, რომელთა რელევანტურობასა და უტყუარობაზე არ გააჩნია რაიმე ეჭვი.

შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ხ------------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (1 ეპიზოდი) ითვალისწინებს - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი) ითვალისწინებს - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად: 1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. 2. ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. 3. კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ: ს------ ხ------------მა, რომელიც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (იხ. 2.1.3.), 2018 წლის 11 ივლისს, ქ. ახალქალაქში, ს------–- შ--------ის კუთვნილი ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ ფულად თანხას - 750 ლარის ოდენობით (იხ. 2.1.1.), რის შედეგადაც ს------–- შ--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი; ასევე 2018 წლის 25-26 ივლისის ღამის საათებში, მან, კარის საკეტის გამოგლეჯვის გზით, უკანონოდ შეაღწია ახალქალაქის რაიონის სოფელ ხ------ში მცხობრებ ს------–- შ--------ის კუთვნილ სათავსში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ოთხ ცალ ალუმინის ბიდონში არსებულ 190 კგ. თაფლს 2850 ლარის ღირებულებით, რის შედეგადაც ს------–- შ--------ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი (იხ. 2.1.2.). ამასთან მოპარული თაფლის გაყიდვისგან მიღებული თანხა და თვით მოპარული თანხა (750 ლარი) ს------ ხ------------ს გახარჯული აქვს თავის თავზე (იხ. 2.1.4.).

შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (1 ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ასევე მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ ს------ ხ------------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. მართალია ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, თუმცა სრულად არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდებულის მიერ არ არის გულწრფელი აღიარება და მონანიება, კერძოდ, ბრალდებული განზრახ შემცირებულად უთითებს მოპარული ქონების ოდენობას (იხ. 3.1.1.). სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული შემცირებულად უთითებს მოპარული ქონების ოდენობას ბრალდების კვალიფიკაციის შემსუბუქების მიზნით, ანუ თავისი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად.

4.2. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 31 იანვრის N04/18-0022 გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ს------ ხ------------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 02 თვით და 28 დღით ადრე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მიუხედავად აღნიშნული ჰუმანური ქმედებისა, გათავისუფლების შემდეგ ს------ ხ------------მა იმავე წლის ივლისის და აგვისტოს თვეებში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაულები (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამდენიმე ეპიზოდით), ანუ კვლავ გააგრძელა თავისი დანაშაულებრივი ქმედებები.

4.3. დაზარალებულისათვის კანონის დადგენილი წესით ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, ამასთან დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში არის მითითება, რომ მას ს------ ხ------------ის მიმართ აქვს პრეტენზია და სურს, რომ იგი დასჯილი იქნას კანონით გათვალისწინებული სასჯელით. შესაბამისად ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის, ზიანი არ არის ანაზღაურებული.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს------ ხ------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს------ ხ------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების სანქცია ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. დაცვის მხარემ ითხოვა, რომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს პატიმრობა სანქციის მინიმალური ვადით, ამასთან განაჩენთა ერთობლიობით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი, იმ მოტივით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან.

5.4. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია მძიმე დანაშაული და მე-4 პუნქტით დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.

5.4.1. შესაბამისად სასამარლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ:

ს------ ხ------------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (1 ეპიზოდი).

ასევე, ს------ ხ------------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით (2 ეპიზოდი).

5.4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

შესაბამისად უფრო მკაცრმა - მე-2 ეპიზოდით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი (1-ლი ეპიზოდით) სასჯელი და საბოლოოდ, ს------ ხ------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

5.4.3. ს------ ხ------------ი მსჯავრდებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1ბ/02-19 განაჩენით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, რომელიც ამჟამად იხდის სასჯელს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან. შესაბამისად აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 8 წლის ვადით თავისუფლების აღვეთიდან მოცემული განაჩენის მიღების დროისათვის მოხდილი აქვს 1 წელი, 2 თვე და 13 დღე, მაშინ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეადგენს 6 წელს, 9 თვეს და 17 დღეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან...

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობითაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1ბ/02-19 განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 წელი და საბოლოოდ, ს------ ხ------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებული უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, უფრო პრევენციის პრინციპსაც.

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნაზე თანდართული 4 პაკეტი საკვლევი ობიექტებით, რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს------ ხ------------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (1 ეპიზოდი).

ასევე, ს------ ხ------------ი (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით (2 ეპიზოდი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს------ ხ------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის N1ბ/02-19 განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წელი და საბოლოოდ, ს------ ხ------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.

2. ს------ ხ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან.

3. ნივთიერი მტკიცებულება ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნაზე თანდართული 4 პაკეტი საკვლევი ობიექტებით, რომელიც ინახება შსს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე არარატ ესოიან