გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2019
საქმის ნომერი
330310015732797
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1----15

საქმე № 3--------------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.03.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო გუგავა

 

მოსარჩელე - ა-–----------------ი

მოსარჩელის უფლებამონაცვლეები: თ------------------ნი, კ---------------ი

წარმომადგენელი - ზ-------–---ძე

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახური

წარმომადგენელი - შ-------------–-–---–ი

 

მესამე პირი - სს „ს----------–-------------ა“

წარმომადგენელი - ს------------–---–--–---–ი

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის #8------------03 გადაწყვეტილება (ა-–----------------ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ ფართის ნაწილში (საკადასტრო კოდი:8-----------));

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 სექტემბრის N-------------03 გადაწყვეტილება (ა-–----------------ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ ფართის ნაწილში (საკადასტრო კოდი: 8-----------));

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 ოქტომბრის #8------------03 გადაწყვეტილება (ა-–----------------ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ ფართის ნაწილში (საკადასტრო კოდი:8-----------));

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის2011 წლის 5 დეკემბრის #8------------03 გადაწყვეტილება (ა-–----------------ის საკუთრებაში არსებული 1500 კვ.მ ფართის ნაწილში (საკადასტრო კოდი:8-----------));

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილება;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის #8------------04 გადაწყვეტილება;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის #1---- გადაწყვეტილება;

 

1.8. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის #4---- გადაწყვეტილება;

 

1.9. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურს, ა-–----------------ის მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე (თბილისი, დ------–--–--, ს.კ. N8-----------) ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეები და მათი წარმომადგენლები არ ცნობენ სარჩელს და განმარტავენ, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.2. მესამე პირი და მისი წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტავს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 თებერვლის ამონაწერის თანახმად, 23.03.96წ #28 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ა-–----------------ის სახელზე რეგისტრირებულია 1500 კვ.მ. დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: გ----------, დ------–--–--, ს/კ 8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.02.07 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.1.2. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქ-------------–-ს სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 20 იანვრის #78-2/03 წერილის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის #8------------03 გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხულია 44556.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, დ------–--–-- ს/კ 8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 20 იანვრის #78-2/03 წერილი;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის #8------------03 გადაწყვეტილება;

- 27.01.09 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2010 წლის 01 სექტემბრის #1-3/824 ბრძანებით, სს „ს----------–-------------ის“ საწესდებო კაპიტალში შეტანილია 44556.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, დ------–--–-- ს/კ 8-----------). ამავე ბრძანების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 სექტემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2010 წლის 01 სექტემბრის #1-3/824 ბრძანება;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 13 სექტემბრის #8------------03 გადაწყვეტილება;

- 13.09.10 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 ოქტომბრის #8------------03 გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „ჯორჯიან რეილვეი ქოსტრაქშენის“ საკუთრებად აღირიცხა 44556.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, დ------–--–-- ს/კ 8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 ოქტომბრის #8------------03 გადაწყვეტილება;

- 25.10.11 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის #8------------03 გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებად აღირიცხა 44556.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, დ------–--–-- ს/კ 8-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 05 დეკემბრის #8------------03 გადაწყვეტილება;

- 05.12.11 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.6. 2014 წლის 24 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა ა-–----------------მა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით (გ----------, დ------–--–--, ს/კ 8-----------).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებით, შეჩერდა ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი 24.11.14

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 28 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილება;

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 29 დეკემბერს წარედგინა ა-–----------------ის საჩივარი, გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის #8------------03, 2010 წლის 13 სექტემბრის #8------------03, 2011 წლის 25 ოქტომბრის #8------------03 და 2014 წლის 28 ნოემბრის #8------------03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 იანვრის #1---- გადაწყვეტილებით, ა-–----------------ის ზემოაღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა-–----------------ის საჩივარი 29.12.14;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 იანვრის #1---- გადაწყვეტილება;

 

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #8------------04 გადაწყვეტილებით, ა-–----------------ის 2014 წლის 24 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით შეწყდა წარმოება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #8------------04 გადაწყვეტილებაზე, 2015 წლის 22 იანვარს საჩივარი წარადგინა ა-–----------------მა, მითითებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის #4---- გადაწყვეტილებით, ა-–----------------ის ზემოაღნიშნული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის #8------------04 გადაწყვეტილება;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის #4---- გადაწყვეტილება;

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე მოსარჩელე ა-–----------------ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ: თ------------------ნი და კ---------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 იანვრის განჩინება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ - ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის #4---- და 2015 წლის 23 იანვრის #1---- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სამართლებრივი აქტები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრება არის ყოვლისმომცველი სანივთო უფლება საგანზე. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი გაგება ვრცელდება ცალკეულ ფიზიკურ, მოძრავ ან უძრავ ნივთებზე, ხოლო საკუთრების საჯარო-სამართლებრივი ცნება და მისი ძირითადი უფლებრივი გარანტი მოიცავს აგრეთვე მოთხოვნებსა და უფლებებს, აგრეთვე, ქონებრივ, საჯაროსამართლებრივ პოზიციებს, რომელთა განსაზღვრული პირობებით შეზღუდვაც შესაძლებელია. საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი ნება, როგორც წესი, წარმოადგენს შეუზღუდავ ბატონობას ნივთზე და უფლებას აძლევს მესაკუთრეს თავისუფლად ლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობა, მაგრამ საკუთრება არ მოიცავს უსაზღვრო ბატონობას ნივთზე. საკუთრების უფლება იმ ბუნებითი უფლებების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც დემოკრატიული სახელმწიფოს ბაზისს ქმნიან. იგი წარმოადგენს ყოველი ინდივიდის ღირსეული ცხოვრების საფუძველს და, ამავდროულად, საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და სამეწარმეო ურთიერთობების წინაპირობას. საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც – პრეამბულაში მოცემული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ამ უფლების უპირველესი გარანტიებია. მოიაზრება იგი აგრეთვე კონსტიტუციის აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა შორის, რომლებსაც სახელმწიფო ცნობს და იცავს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს და რომელთაც პირდაპირ მოქმედი სამართლის ძალა აქვთ.

 

საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ნიშანს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. პარალელურად იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

 

პირის უფლება - დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი საკუთრებით (უფლებაში ჩარევის საგამონაკლისო შემთხვევების გარდა), ასევე დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა ჯგუფს და იგი ექვემდებარება შეზღუდვას. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზნებს, რა დროსაც შენარჩუნებული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს, ფლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. ადამიანის უფლებათა სამართლის თეორიაში აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თითოეული შემთხვევა უნდა გავაანალიზოთ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით ან საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის სახით, დასაბუთებული კრიტერიუმებით, რომელიც არ განსხვავდება შინაარსობრივად. ორივე, ჩარევამ ქონების მშვიდობიან გამოყენებაში და მოქმედებისგან თავის შეკავებამ, უნდა დაიცვას სწორი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის (ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მიუთითებს რა საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენის აუცილებლობაზე. თავის მხრივ, სამართლიანი ბალანსი გამოირიცხება, თუ პირს ეკისრება ”ინდივიდუალური და განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც შეიძლება კანონიერი ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ [მას] ექნებოდა, ვადების შემცირების ან კომპენსაციის მოთხოვნის უფლება”. ამდენად, ჩარევა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ იგი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და, ამავდროულად, დაცულია პროპორციულობა მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის.

 

ადამიანის უფლებათა ეროვნული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ საკუთრებაში ჩარევის შეფასებისას სასამართლო ცდილობს დაადგინოს ბალანსი პირის უფლებასა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რაც მოითხოვს იმის შეფასებას, განმცხადებელს მოუხდა თუ არა „არაპროპორციული ტვირთის“ ტარება. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. სასამართლომ საზოგადოებრივი ინტერესი განმარტა როგროც ,,აუცილებლად ფართო მომცველობის'', კერძოდ კი, საკუთრების ჩამორთმევის შესახებ კანონის აღსრულების გადაწყვეტილება,ზოგადად, უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რაზედაც მოსაზრებები შეიძლება მკვეთრად განსხვავებული იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლო, ბუნებრივად მიიჩნევს რა, რომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას კანონმდებლის თავისუფალი მოქმედების ფარგლები უნდა იყოს ფართო, პატივს სცემს კანონმდებლის გადაწყვეტილებას „საზოგადოებრივი ინტერესის“ განსაზღვრის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია.

 

საქმეზე ,,მოტე დე ნარბონი საფრანგეთის წინააღმდეგ'' (Motais de Narbonne v. France) ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოართვა მიწა სოციალური საცხოვრებლების აშენებლად. თუმცა, ბრძანების გაცემიდან 19 წლის განმავლობაში არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ ჩატარებულა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა,რომ მაშინაც კი, როგორც ამ საქმეში იყო, როდესაც კომპენსაცია გაიცა საბაზრო ღირებულებით, განმცხადებელს გადამეტებული ტვირთი დაეკისრა, რადგანაც მას ჩამოერთვა საკუთრებიდან მისაღები კაპიტალი. სასამართლომ გააფრთხილა სახელმწიფოები, რომ მათ უნდა აიცილონ მიწის შენახვა რეზერვში, განვითარების გარეშე, რაც ამ შემთხვევაში უძრავი ქონებით სპეკულაციას უტოლდებოდა, განმცხადებლის საზიანოდ. სასამართლო განმარტავს, რომ ქონებაში ჩარევა, რა თქმა უნდა, კანონით უნდა იყოს მოწესრიგებული. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის აშკარა დარღვევას ჰქონდა ადგილი საქმეზე ,,ფრიზენი რუსეთის წინააღმდეგ'' (Frizen v. Russia), რომელზეც მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მოიყვანა რაიმე სამართლებრივი ნორმის ციტირება, რომელიც გაამართლებდა განმცხადებლის ავტომობილის დაყადაღებას მისი მეუღლის თაღლითობისთვის ბრალდების შემდეგ. სამართლებრივი რეგულირების არსებობის მოთხოვნა ასევე გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხელმისაწვდომობას, კონკრეტულობასა და განჭვრეტადობას. უფრო მეტიც, როდესაც კანონმდებლობა სახელმწიფო ორგანოებს დისკრეციას ანიჭებს, კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს დისკრეციის ფარგლები საკმარისი სიზუსტით.

 

პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მეორე და მესამე წინადადება ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებში საკუთრების ჩამორთმევისა და ქონებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. ,,სპორონგისა და ლონროთის'' საქმეში სასამართლო იხილავდა საკუთრებით დამოუკიდებლად სარგებლობის უფლებაში ჩარევის სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდის ვალდებულების საკითხს და მიიჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი, რათა დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოებრივი და კერძო პირის ინტერესების დაცვას შორის.

 

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს უფლება შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. გარდა ამისა, სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის.

 

პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას, თუმცა ძალიან ცოტა არის სასამართლოს პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ეკისრება სახელმწიფოს აქტიური ქმედების განხორციელების ვალდებულება ამ უფლების დასაცავად. დადგენილია, რომ ზომების მიღების ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფოს საბაზრო პირობებიდან გამომდინარე ქონებისათვის ღირებულების დაკარგვის შემთხვევაში ან ინფლაციის პირობებში (X გერმანიის წინააღმდეგ, განაცხადი 8724/79).

 

მნიშვნელოვანია ქონების ექსპროპრიაციის საკითხი ,,საზოგადოებრივი ინტერესებისათვის“. საქმეში ,,ჯეიმსი და სხვები'' განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი ქონების გადაცემა სხვა კერძო პირებისათვის (კანონით გათვალისწინებული გამოსყიდვის ფორმა) არ ემსახურებოდა საზოგადოებრივ ინტერესებს ამ სიტყვის სრული გაგებით და, შესაბამისად, არღვევდა მათ საკუთრების უფლებას. სასამართლომ ამ საქმეში განმარტა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ერთი პირის საკუთრების იძულებითი გადაცემა მეორე კერძო პირისათვის ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელების კანონიერ მიზნებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქონების შეძენა, კანონიერი სოციალ-ეკონომიკური თუ სხვა პოლიტიკის განსახორციელებლად, შეიძლება განხორციელდეს “საზოგადოებრივ ინტერესებში” იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად საზოგადოება არ გამოიყენებს და არ მიიღებს რაიმე სარგებელს ამ ქონებიდან. საქმეში ,,ლინგოუ და სხვები'', ისე როგორც საქმეში ,,ჯეიმსი და სხვები'' სასამართლომ დაადგინა, რომ საკუთრების ჩამორთმევა, მის ღირებულებასთან შედარებით გონივრული ანაზღაურების გადახდის გარეშე, როგორც წესი, წარმოადგენს ქონებით სარგებლობის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას 1 ოქმის 1 მუხლის შესაბამისად. ამასთან ერთად, აღნიშნული მუხლი არ იცავს სრული კომპენსაციის მიღების უფლებას, ვინაიდან „საზოგადოებრივი ინტერესების“ დაცვა შესაძლოა მოითხოვდეს სრულ ღირებულებაზე ნაკლების გადახდას.

 

ევროპული სასამართლოც თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო შეხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.

 

საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლებისწარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს, ამდენად საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრირებით სახელმწიფო იცავს ბრუნვის მონაწილეებს არაკეთილსინდისიერი გარიგებებისგან და უზრუნველყობს საჯარო რეესტრის დანიშნულებას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის თვალსაზრისით, რამეთუ ის წარმოადგენს კეთილსინდისიერი პარტნიორის უფლების დაცვის გარანტს. განსახილველ შემთახვევაში ირღვევა მოსარჩელის საკუთრების უფლება, რამეთუ ვერ ახდენს საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 თებერვლის ამონაწერის თანახმად, 23.03.96წ #28 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ა-–----------------ის სახელზე რეგისტრირებული 1500 კვ.მ. დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო რეეტში აღრიცხვას და უფლების რეალიზებას.

 

6.4. სასამართლო, სადავო საკითხის შეფასებისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივი მნიშვნელობა და შედეგები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისი გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე №ას-185-178-2012 , განმარტებულია: „უძრავ ნივთზე ნებისმიერი კანონით გათვალისწინებული უფლების შესაძენად (სანივთო გარიგებები და სხვა) საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. აღნიშნული განპირობებულია საჯარო რეესტრის დანიშნულებით, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება კერძო სამართლის სუბიექტთა ინტერესების დაცვას. ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს, რომლის ძალითაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. უძრავი ნივთების ამგვარ მკაცრ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა კერძო სამართლის სუბიექტთა უფლებების დაცვას და სამოქალაქო ბრუნვის სამართლებრივ უსაფთხოებას ემსახურება. კეთილსინდისიერების ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე, საკუთრებისა და სხვა სანივთო უფლებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ სამოქალაქო ბრუნვის ყველა მონაწილის ინტერესები თანაბრად იყოს დაცული. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპები და საქონლის თავისუფალი გადაადგილების წესები გულისხმობენ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საიმედოობის გარანტიების არსებობას. ასეთი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც ხელშეკრულების დადებისას გამოიჩინა გონივრულობა და სიფრთხილე, არის ქონების არამართლზომიერი დაკარგვის რისკის მატარებელი.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საქმეზე №ას-189-182-2013 , განმარტებულია: საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან‘’.

 

განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ეზღუდება საკუთრების უფლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე და ითხოვს მათი კანონიერების შემოწმებას. სადავო საკითხზე მსჯელობისა და მისი შეფასება/გადაწყვეტის მიზნებისთვის, სასამართლო მიუთითებს შემდეგ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის 2007 წლის 21 თებერვლის ამონაწერის თანახმად, 23.031996წ #28 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ა-–----------------ის სახელზე რეგისტრირებულია 1500 კვ.მ დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მის: გ----------, დ------–--–--, ს/კ 8-----------). საქმეში წარმოდგენილია ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ--------ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 27 იანვრის #8------------03 გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხულია 44556.00 კვ.მ. დაუზუსტებელი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისი, დ------–--–-- ს/კ 8-----------). საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნული, არსებული მდგომარეობით იმყოფება სს „ს----------–-------------ის“ საკუთრებაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ნოემბრის #8------------03 და 2014 წლის 30 დეკემბრის #8------------04 გადაწყვეტილებებით, ორივე ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთები იმყოფება გადაფარვაში ანუ, არის იდენტური.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმტკიცებისაკენ და მოიაზრებს პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის პირობას. იგი წარმოადგენს უფლებების და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის საფუძველს. შესაბამისად, უძრავი ქონების დარეგისტრირებით პირს უჩნდება კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლების გარანტია, რაც, იმავდროულად სახელმწიფოს მხრიდან, მისი ამ უფლების დაცვის ვალდებულებასაც მოიაზრებს.

 

ამავდროულად აუცილებელია აღინიშნოს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი ზოგადი, აბსტრაქტული სახით არსებობა. შესაბამისად, დაუშვებელია რეგისტრირებული მონაცემები და ნამდვილი მდგომარეობა არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში საჯარო რეესტრს დაეკარგება თავისი ძირითადი დანიშნულება - მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქცია. იმგვარი შესაძლებლობის აღიარება კი, რომ პირის სახელზე არსებობდეს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იყოს, მესაკუთრის უფლებებსა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებთან ცალსახად წინააღმდეგობრივია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე ,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია. პარალელურად, სასამართლო გამორიცხავს რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობას და მიაჩნია, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში, ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, თუ ვის გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. ამასთან გათვალისწინებული უნდა იყოს უფლებათა რეგისტრაციისა და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის პრინციპი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ბს-367-363(კ-12) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ‘’. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

 

მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ 28.12.05 წ. კანონი ასევე ითვალისწინებდა უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაზუსტებული ან დაუზუსტებელი ფართობის მითითებას (8.3. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონის 33.4 მუხლის თანახმად „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურაში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად. „საჯარო რეესტრის შესახებ“ 19.12.08წ. კანონის საფუძველზე მიღებული იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 8.7, 31.4 მუხლები ასევე ითვალისწინებენ დაუზუსტებელ რეგისტრაციას. ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა‘’.

 

კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას. საკსაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საკუთრების თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაშიც ვერ გაქარწყლდება მისი კონსტიტუციური უფლება. მეტიც, ასეთის დაშვების შესაძლებლობა აპრიორი ნიშნავს, ადამიანის ძირითადი უფლების არათუ შელახვის, არამედ საერთოდ გაქრობის დაშვებას, რაც პრინციპულად მიუღებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების იდეასთან. სახელმწიფოს მმართველობითი სისტემა თავისი ადმინისტრაციული ორგანოებით აღჭურვილია შესაბამისი მატერიალური თუ პროცედურულ-სამართლებრივი მექანიზმებით, საინჟინრო-ტექნიკური ინსტრუმენტებით, სათანადო პროგრამებით, რომელთა კვალიფიციურმა გამოყენებამ უნდა გამორიცხოს თავისი სამართლებრივი ბუნებით ასეთი მასშტაბური ხასიათის დარღვევები. ეროვნული სასამართლოების მხრიდან სამართლებრივი დაშვება იმისა, რომ პირის საკუთრების უფლება შეიძლება უხეშად შეილახოს ფაქტობრივი გარემოებების არაჯეროვანი გამოკვლევისა და დადგენის გამო, ლეგიტიმაციას აძლევს სრულიად ანტისამართლებრივ და მიუღებელ ტენდენციას საჯარო დაწესებულებათა საქმიანობაში‘’.

 

განსახილველ საქმეზე მოსარჩელის საკუთრების უფლება და საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ფაქტი სადავოდ არ გამხდარა. საქმეში არ მოიპოვება მოსარჩელის საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია, კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული ორგანოც მიღებული გადაწყვეტილებებით ეთანხმება არსებულ მოცემულობას, თუმცა, არ ადასტურებს არც, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისობას და არ იკვლევს რა საქმის სხვა დამატებით გარემოებებს, შესაბამისად, არ უთითებს ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობაზეც.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ აქტის გამოცემა გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მისი უფლებამოსილების ფარგლებში და წარმოდგენილი მასალებით მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული საპირისპირო, რომ მან სადაო აქტი მიიღო კანონის მოთხოვნათა უგულველყოფითა და დადგენილ ნორმათა დაუცველად.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. მითითებული იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება''. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით ,,ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“ (სუსგ №ბს-60-55(კ-13).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების რეგისტრაციის სისწორეს რა მიზნითაც, სასამართლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უნდა შეესწავლა და გამოეკვლია წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი და მათ შორის, რეგისტრაციის საფუძველი, მიწის ნაკვეთთა რეალური იდენტურობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო საკითხის მოწესრიგების ახალ და არსებული მდგომარეობით მოქმედ სპეციალურ სამართლებრივ რეგულაციებზე და აღნიშნავს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონზე. კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს: ა) ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; ბ) ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას საპილოტო პროექტის მიზნებისათვის; გ) ახორციელებს საკადასტრო მონაცემების ცვლილების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას; დ) ფაქტების კონსტატაციის მიზნით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს; ე) უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფას და მათ ურთიერთშესაბამისობას; ვ) ახორციელებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვას სააგენტო უზრუნველყოფს მათთვის შეტყობინების გაგზავნით და ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვისათვის ყველა გონივრული ღონისძიების განხორციელებით (მე-4 მუხლი).

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საპილოტო პროექტის ფარგლებში მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებულ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესზე’’. დასახელებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სპორადული წესით შემოსულ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები გადაფარვაშია სხვა პირის სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ან რეგისტრირებულ მონაცემებთან, ამასთან, შესაბამისი გადამოწმების შედეგად არ დგინდება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც მხარეებს შესთავაზებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას (მედიაციას). ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებასთან/განცხადებებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მედიაციის შედეგების გათვალისწინებით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიწის რეგისტრაციის გამარტივებული სპეციალური რეგულაციები და გარკვეული საკანონმდებლო შეღავათები, ადმინისტრაციული ორგანოს დამატებით გაზრდილი უფლებამოსილებისა და დაინტერესებული პირების წარმოებაში ჩართვის აუცილებლობის ფონზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის/გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

 

განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, ხოლო მტკიცებულებათა კვალიფიციური გამოკვლევა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას გამოსაცემი აქტი, შესაბამისი დასაბუთებული სამართლებრივი შედეგებით.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში Nბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად არ იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.02.15 #4---- და 23.01.15 #1---- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–----------------ის განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-–----------------ის უფლებამონაცვლეების თ------------------ნისა და კ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის #4---- და 2015 წლის 23 იანვრის #1---- გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-–----------------ის განცხადებასთან/ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

 

3. ა-–----------------ის უფლებამონაცვლეების თ------------------ნისა და კ---------------ის მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

4. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ივანე აღნიაშვილი