გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2019
საქმის ნომერი
080210117002219309
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3871-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–---- ჩ-------ე

სხდომის მდივანი - ნ--ო გ--------ე

მოსარჩელე - სს ,,თ----ი ბანკი’’

წარმომადგენელი - ლ--–--------–-ძე.

მოპასუხე - ი--------------–--ი

წარმომადგენელი - ფ-------–---–---ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობიი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ი--------------–--ზე სს ,,თ----ი ბანკი’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4394.6 ლარის გადასახდელად დაკისრება. (ძირი - 4099.85 ლარი და ჯარიმა - 294.75 ლარი).

 

1.2. ი--------------–--ზე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 16 ნოემბრიდან) 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4099.85 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადასახდელად დაკისრება (რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.49 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მოთხოვნის ამ ნაწილში დააზუსტა სარჩელი და განმარტა, რომ ამ ნაწილში მათ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს - 1072.25 ლარით.

 

დავის არსი: სს „თ----ი ბანკს“ და ი--------------–--ს შორის 2017 წლის 14 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 378 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 343.17 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ი--------------–--ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 27 აგვისტოს და არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2017 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4394.6 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4099.85 ლარი და ჯარიმა - 294.75 ლარი.

 

1.3 ი--------------–--ს დაეკისროს სს ,,თ----ი ბანკის“ მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 191.83 ლარის, უზრუნველყოფის ბაჟის - 50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ, 255.78 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა- აეკრძალოს მოპასუხე ი--------------–--ს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი საკადასტრო კოდით: 2----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ (წარმომადგენელი ფ-------–---–---ე) წარმოადგინა შესაგებელი და სარჩელი ნაწილობრივ ძირი თანხის - 4099.85 ლარის ნაწილში ცნო.

ანალოგიური პოზიცია ეკავა სარჩელის მიმართ მოსარჩელის წარმომადგენელს მოსამზადებელ სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით- აეკრძალა მოპასუხე ი--------------–--ს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების წილის, მდებარე: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი საკადასტრო კოდით: 2----------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება. (ტ.1.ს/ფ.).

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებელით და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ, ძირი თანხის - 4099.85 ლარის ნაწილში ცნო.

მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ სს „თ----ი ბანკს“ და ი--------------–--ს შორის 2017 წლის 14 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 378 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 343.17 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მტკიცებულება: 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------. (ტ.1.ს/ფ.17-29).

 

3.2.2. სასამართლო ძირი თანხის და სარგებელის, პროცენტის ნაწილში სრულად იზიარებს მოსარჩელის მითითებას ვალდებულების არსებობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში ნაწილობრივ აღიარებს დავალიანების არსებობას და სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს მოთხოვნას. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 4099.85 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ მოისმინა რა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-625-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 105-ე, 208.3 მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 4099.85 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. სარჩელი საფუძვლიანია სესხის პირგასამტეხლოს 294.75 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელესა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ სს „თ----ი ბანკს“ და ი--------------–--ს შორის 2017 წლის 14 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4100 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 378 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 343.17 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით მოთხოვნილია 294.75 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, რადგან მხარეთა შორის 2017 წლის 14 ივლისს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 4100 ლარის მოცულობით, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს, რაც შეადგენს 294.75 ლარს და სარჩელი სს კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-418-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა ი--------------–--ზე მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 16 ნოემბრიდან) 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4099.85 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადასახდელად დაკისრების (რაც ყოველდღიურად შეადგენს 20.49 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1072.25 ლარის მოთხოვნის ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და 2017 წლის 14 ივლისის საბანკო კრედიტის #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4099.85 ლარზე, პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრა 294.75 ლარით. ასეთი მოცემულობით, დამატებით, პირგასამტეხლოს მოთხოვნა იგივე საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უსაფუძვლოა, რადგან -საქართველოს საკასაციო სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სასამართლომ ვალდებულების დარღვევისათვის მოპასუხეს უკვე დააკისრა პირგასამტეხლო 294.75 ლარი, რაც შესაბამისობაშია კანონთან და ამასთან იგი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, ხოლო დამატებით პირგასამტეხლოს მოთხოვნა -1072.25 ლარი, იგივე საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე უსაფუძვლოა, რადგან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალში დადგენილ კეთილსინდისიერების სტანდარტს.

 

-საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლომ ერთ შემთხვევაში, იმავე სარჩელის ფარგლებში უკვე გამოიყენა პირგასამტეხლო, ერთი და იმავე საბანკო პროდუქტიდან ორმაგად პირგასამტეხლოს მოთხოვნა სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის მთლიანობაში (ორი სასარჩელო მოთხოვნა) გადახდილია 191.83 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ნაწილობრივ, კერძოდ - 4099.85 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 123.00 ლარი შემცირებული პირგასამტეხლოს (2000 ლარი შეამცირა 1072.75 ლარამდე) ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 27.81 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახადო დავალება #26. 13.12.2017 წელი. ხოლო მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისგან.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო პირგასამტეხლოს 294.75 ლარის მოთხოვნის ნაწილში. დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 294.75 ლარი, რომლის 3% 8.84 ლარი მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის-50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების -175,78 ლარის გადახდა.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს 1072.25 ლარის მოთხოვნის ნაწილში და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 32.18 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,თ----ი ბანკი’’-ს სარჩელი.

1.1. მოპასუხე ი--------------–--ს დაეკისროს სს ,,თ----ი ბანკი’’-ს სასარგებლოდ დავალიანების - 4394.6 ლარის გადახდა (ძირი თანხა 4099.85 ლარი; 294.75 ლარი პირგასამტეხლო);

1.2. მოპასუხე ი--------------–--ს დაეკისროს სს ,,თ----ი ბანკი’’-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის - 8.84 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის-50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების -175,78 ლარის გადახდა.

1.3. გადახდილი ბაჟი 123.00+27.81 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს ანგარიშიდან, - 300183150; საგადახადო დავალება #26. 13.12.2017 წელი.

1.4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 32.18 ლარი, ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში

 

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მ--–---- ჩ-------ე