განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
190100118002246177
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-09-19

(N012121117003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

15.11.2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ხატია გოგრიჭიანი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი რიმა გურგულია

 

ბრალდებული: ტ---------------ი

მამის სახელი: ა-----ი

დაბადებული: 04.04.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლებით

ოჯახური მდგომარეობა: დასოჯახებელი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, მე-1-----------------------;

 

კვალიფიკაცია ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

თარჯიმანი: თალე ალიევა,სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის #1-505-2010 განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით ნასამართლევი ტ---------------ი 2017 წლის 12 ნოემბერს დაახლოებით 13:45 საათზე, იმყოფებოდა ქ. რუსთავში მე-17 მ/რ-ნის და მოდებაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორან „ლ------“-ში, რა დროსაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რესტორნის მენეჯერის, გ---------–-----ის კუთვნილ 20 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 262 ლარით, პირადობის და მართვის უფლების მოწმობებით და საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათით. ტ--------------ის ქმედებით გ---------–-----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 282 ლარის ოდენობით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ტ---------------ი 2017 წლის 12 ნოემბერს დაახლოებით 13:45 საათზე, იმყოფებოდა ქ. რუსთავში მე-17 მ/რ-ნის და მოდებაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორან „ლ------“-ში, რა დროსაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რესტორნის მენეჯერის, გ---------–-----ის კუთვნილ 20 ლარად ღირებულ საფულეს, მასში მოთავსებული 262 ლარით, პირადობის და მართვის უფლების მოწმობებით და საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათით. ტ--------------ის ქმედებით გ---------–-----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 282 ლარის ოდენობით.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული გ---------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს რესტორან „ლ------“-ში მენეჯერად. 2017 წლის 12 ნოემბერს დაახლოებით 14:00 საათზე, გავიდა რესტორნის ჰოლიდან დარბაზში. სალაროსთან, რესტორანის ჰოლში ეკიდა მისი ჩანთა, რომელშიც განთავსებული იყო მისი საფულე, რომელშიც ეწყო მისი კუთვნილი პირადობის და მართვის უფლების მოწმობები, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, 250 ლარი და 50 რუსული რუბლი. დაახლოებით დღის 16:00 სთ-ზე დაბრუნდა იმავე დარბაზში და დასჭირდა საფულე, რაც ჩანთაში აღარ დახვდა. საფულეს დაკარგვის შემდეგ დაათვალიერა რესტორნის შიდა და გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ნათლად ჩანდა როგორ შევიდა რესტორანის ჰოლში ახალგაზრდა ბიჭი, გახსნა მისი ხელჩანთა და აიღო საფულე. კამერის ჩანაწერებში ასევე ჩანდა რესტორნის დამლაგებელი ნ-----–--------–---–ი (იგივე ნ----------–----–---–ი), რის გამოც ამ უკანასკნელს აჩვენა ვიდეოკამერაში ასახული ბიჭი. ნ-----–--------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ ბიჭს მოუთხოვია ჩამოსასხმელი ლუდი. პასუხის შემდეგ დამლაგებელი ჰოლიდან გასულა. მისივე განმარტებით, მან გამოძიებისას ამოიცნო მისი საფულე (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. საქმეზე ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ გ---------–-----ემ ამოსაცნობ საფულეთა შორის ამოიცნო თავისი საფულე ფერით, ფაქტურით, ფორმით და მდგომარეობით(ტ.1. ს.ფ. 229-230).

 

3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–--------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს რესტორან „ლ------“-ში დამლაგებლად. 2017 წლის 12 ნოემბერს დილიდან იმყოფებოდა სამასახურში და ასრულებდა თავის მოვალეობას. დაახლოებით 14:00 საათზე, რესტორნის ჰოლში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მოითხოვა ჩამოსასხმელი ლუდი. პასუხის გაცემის შემდეგ მან განაგრძო თავისი საქმიანობა და გავიდა ჰოლიდან. ახალგაზრდა ბიჭის ჰოლში შემოსვლისას ჰოლიდან გადიოდა რესტორნის მენეჯერი გ---------–-----ე. დაახლოებით საღამოს 6 სთ-ზე ამ უკანასკნელმა თანამშრომლები დაიბარა და ამცნოთ, რომ მისი ჩანთიდან მოპარული იყო საფულე. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერებისას ნათლად ჩანდა, როგორ გამოელაპარაკა მას ის ბიჭი, რომელმაც ჩამოსასხმელი ლუდი მოითხოვა. მან აღნიშნული ბიჭი აღუწერა გამომძიებელს დაწვრილებით და ამოცნობისას მსგავსი გარეგნობის სამ ბიჭში ამოიცნო ბრალდებული (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.4. საქმეზე ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ნ-----–--------–---–მა ამოსაცნობ პირებს შორის ტ--------------ი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, სახის კანის ფერით, ცხვირის ფორმით, წარბების და ტუჩის სისქით, თვალის ფერით(იხ. ტ.1. ს.ფ. 38-39).

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ---------–--–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2017 წლის 12 ნოემბერს რესტორან „ლ------“-ში მომხდარი გ---------–-----ის საფულეს ქურდობასთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქურდობა ჩაიდინა ტ--------------მა და მოპარულ ნივთებს და იმ ტანსაცმელს, რომელიც ქურდობის დროს ეცვა, ინახავდა სახლში. ინფორმაციის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს რესტორან „ლ------“-ში მომხდარი გ---------–-----ის საფულეს ქურდობასთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის მამის, ა--------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა საფულე და აიდი ბარათი. ა--------------ის განმარტებით, აღნიშნული ნივთები ეკუთვნოდა მის შვილს, ტ--------------ს, საიდან მიიტანა, არ იცოდა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე ზ------------ის და ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მ----------–-----ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 12 ნოემბერს რესტორან „ლ------“-ში გ---------–-----ის საფულეს ქურდობასთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეობა მიიღეს ბრალდებული ტ--------------ის პირად ჩხრეკაში. ჩხრეკისას ტ--------------ის ჯიბიდან ამოღებული იქნა გ---------–-----ის პლასტიკური ბარათი და „ჯეოსელის“ სიმბარათი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–----–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ინდმეწარმე და აქვს ქ. რუსთავში ლომბარდი. 2017 წლის 08 ნოემბერს მის ლომბარდში ტ--------------მა წარადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ხელშეკრულების საფუძველზე დაალომბარდა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. 2017 წლის 18 ნოემბერს ტ--------------მა თანხა გადაიხადა სრულად და გაიტანა მისი ტელეფონი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თარჯიმნის თ----–------------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. რუსთავში, მე-17 მ/რ-ნში მდებარე ტ--------------ის მამის ა--------------ის ბინის ჩხრეკაში. მისი განმარტებით, სასტუმრო ოთახში, საწოლის გვერდით, იატაკზე განთავსებული ყუთიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე, აიდი ბარათი და გ---------–-----ის მართვის მოწმობა. ასევე, როგორც თარჯიმანმა, მონაწილეობა მიიღო ტ--------------ის დის ნ-----–----–----ას ბინის ჩხრეკაშიც, რა დროსაც ამოღებული იქნა შარვალი და ზედა ჩასაცმელი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

გარდა ზ/აღნიშნილისა, ტ--------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია 12.11.2017 წ. შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ტომი 1, ს.ფ. 8-16), ტ--------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებით (ტ.1, ს.ფ .55-61,66-70), ამოღებული ნივთმტკიცებით, რესტორან „ლ------“-ს გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და სხვა მასალებით.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა დ------------–---–მა და ი---------------–---–მა, რომლებმაც აღწერეს თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარემოებები; დაკითხული იქნა ექსპერტი-კრიმინალისტი ნ-----------ე, ასევე გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები და დათვალიერდა ნივთმტკიცება, გამოქვეყნებული იქნა რესტორანი „ლ------“-ს გარე და შიდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები; ბრალდებულმა ტ--------------მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

4. დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები:

 

4.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ---------–-------ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ტ--------------ის მეგობარი. 2017 წლის ნოემბერში, რიცხვი არ ახსოვს, ქ. რუსთავში, მე-17 მ/რ-ნში შეხვდა ტ--------------ს, რომელმაც სთხოვა გაეცვალა ტელეფონი. ტელეფონების გაცვლის შემდეგ მან თავისი სიმბარათი გადაიტანა ტ--------------ის ტელეფონში. მისთვის ცნობილია, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელიც გაუცვალა ტ--------------ს, ამ უკანასკნელმა დაალომბარდა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.2. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა ზ---------------–---–ის და ჯ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომელთა ჩვენებითაც დადასტურებულია, რომ ცხოვრობენ ლაგოდეხის რ-ნის სოფ. კ----------ში. მათი გამოკითხვის ოქმის თანახმად, ტ--------------ი 2017 წლის 04 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა მათ ოჯახში, ლაგოდეხის რ-ნის სოფ. კ----------ში და ეხმარებოდათ საოჯახო საქმეებში(იხ. ტ.2. ს.ფ. 17-20, 20-21).

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს მოქალაქისათვის ქურდობით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.

 

საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ს 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

6. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია. სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურდებულია დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა ბრალდებულის ქმედებაში, კერძოდ:

 

6.1. დაცვის მხარის განმარტება, რომ გ---------–-----ის კუთვნილი ნივთების ამოღების ოქმები ყალბია და ბრალდებულის პირადი და ბინის ჩხრეკისას არ ამოღებულა, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმეზე დაკითხული პირადი და ბინის ჩხრეკაში მონაწილე არა მარტო პოლიციელთა, არამედ ჩხრეკისას დამსწრე თარჯიმნის, თ----–------------ას ჩვენებით, რომელიც საქმის შედეგით სრულიად დაუინტერესებელ პირს წარმოადგენს, დადასტურებულია, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა გ---------–-----ის პლასტიკური ბარათი და „ჯეოსელის“ სიმბარათი, ხოლო ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა საფულე და აიდი ბარათი.

 

6.2. დაცვის მხარის განმარტებას, რომ ბრალდებული ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას არ იმყოფებოდა ქ. რუსთავში, რის საფუძვლადაც უთითებს მოწმეების ზ------ და ჯ----------------–---–ების გამოკითხვის ოქმებს, რომლის თანახმადაც ტ--------------ი 2017 წლის 04 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ლაგოდეხის რაიონში, სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს. საქმეში არსებული სალომბარდე ხელშეკრულებით და მოწმის სახით დაკითხული ლომბარდის მესაკუთრე ა---------–----–-–---–ის ჩვენებით, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, უტყუარად დადასტურებეულია, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს ტ--------------მა პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ხელშეკრულების საფუძველზე დაალომბარდა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი ქ. რუსთავში. აღნიშნული ასევე დადასტურებულია თვით დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმის დ---------–-------ას ჩვენებით.

 

6.3. დაცვის მხარის განმარტება, რომ დაზარალებული გ---------–-----ის მიერ შავი საფულეს ნაცვლად ყავისფერის მითითების გამო მისი ჩვენება და ნივთის ამოცნობის ოქმი არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ტ--------------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული საფულე ბრალდებულის საკუთრებაა, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს. სასამართლო განმარტავს, რომ გ---------–-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე ახსნილი იქნა ცდომილება, შავი ფერის ნაცვლად მუქი ყავისფერის მითითება, რაც სასამართლოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აძლევს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაშვებას და თვლის, რომ დაზალებულის მიერ ამოცნობილი საფულე, რომელიც ამოღებულია ტ--------------ის ჩხრეკისას, წარმოადგენს სწორედ იმ საფულეს, რომელიც ამოღებული იქნა ფარულად რესტორან „ლ------“-ში არსებული ფოიეში განთავსებული ჩანთიდან 2019 წლის 12 ნოემბერს, რომელიც სრულად შეესაბამება ნიშნებით და დაზიანებით ზუსტი მითითებით(დაზიანებული ელვა-შესაკრავით და რკინის ღილაკით) იმ საფულეს, რომელიც ამოცნობამდე გ---------–-----ემ აღწერა.

 

6.4. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ საქმეზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადასტურებული პიროვნება, ვინც საფულე მოპარა დაზარალებულს, სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლოა, რადგან მითითებული ექსპერტიზით ვიდეოგრამებიდან აღებული გამოსახულებები საკვლევად იყო უვარგისი(ტ. 1. ს.ფ. 206-224) და საქმეზე დაკითხული ექსპერტის გიორგი გიორგაძის განმარტებით, ვიდეოგრამამ უხარისხობის გამო არ მისცა საშუალება მოეხდინა პიროვნების იდენტიფიკაცია; მოწმის სახით დაკითხული ნ-----–--------–---–ის ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბიჭი, რომელმაც ჩამოსასხმელი ლუდი მოითხოვა და მას გამოელაპარაკა, რომელიც ჩანს ვიდეოგრამაში არის ბრალდებული ტ--------------ი და ამოცნობისას, მსგავსი გარეგნობის სამ ბიჭში ამოიცნო აღნიშნული პიროვნება. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე ამოღებული და სასამართლო სხდომაზე დათვალერებული ბრალდებულის ტანსაცმელი ზუსტად ემთხვევა იმ ტანსაცმელს, რომელიც ვიდეოგრამაზე ჩანს და ნ-----–--------–---–ის მიერ იქნა აღწერილი.

 

7. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

დადასტურებულია, რომ ტ---------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის #1-505-2010 განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 წლის და 09 თვის ვადით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი შემცირდა და 1/4-ით და მოსახდელად განესაზღვრა 5 წელი, 09 თვე და 22 დღე. აღნიშნული განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა 18.12.2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 18 დეკემბრის #18/12/01 განკარგულების საფუძველზე შეწყალებით. ბრალად შერაცხული ქმედებისას ნასამართლობა, მითითებული შეწყალების აქტის საფუძველზე ითვლება რომ მოხსნილი აქვს, რის გამოც იგი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება - არაერთგზისობა, არ არსებობს. ტ--------------ი მითითებული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლეს და დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

 

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ტ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

9. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, ტ--------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ისეთი სახით და ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

10. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

10.1. ტ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს(გადაუხდელია).

 

10.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- საქმეზე ამოღებული ტანსაცმელი, საფულე, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის და მართვის უფლების მოწმობები - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

- DVD დისკები (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ტ--------------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით - ვალდებულებით ღამის 22:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი.

 

2. ტ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. ეცნობოს მსჯავრდებულ ტ--------------ს, რომ შინაპატიმრობის ვადაში ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, საფულე, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის და მართვის უფლების მოწმობები - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

- DVD დისკები (ერთვის სს საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი