გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2019
საქმის ნომერი
090310019002998375
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/13-19) 090310019002998375

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

27.09.2019 წელი ქ. ამბროლაური

 

შესავალი ნაწილი

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე - მარეხი შინდაგორიძე

წარმომადგენელი - ელენე გოგებაშვილი

 

მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ომარ ხიდურელი

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

წარმომადგენელი - ომარ ხიდურელი

 

მესამე პირი – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი – მზეჭაბუკ ჩაჩხიანი

 

მესამე პირი – სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

წარმომადგენილი – მიხეილ ხოლუაშვილი

 

მესამე პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი – მირანდა კირთაძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1ბათილად იქნეს ცნობილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის №892017061992 –22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N131469 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შეასხებ გადაწყვეტილება.

 

1.2 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს ახალი აქტის გამოცემა, რითაც მოხდება მარეხ შინდაგორიძეზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კერძოდ: მის სახელზე, საკუთრების უფლებით დარეგისტრირდება N193 საკუთრების მოწმობით გადაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია.

 

მოსარჩელის არგუმენტაცია:

 

2017 წლის 7 ნოემბერს მარეხ შინდაგორიძის წარმომადგენელმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს მიმართა განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, უფლების რეგისტრაცია. წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, მიღება – ჩაბარების აქტი, აზომვითი ნახაზი და მიუთითა ნომრები 882017575205, N882017575653 და N882017871701 უკვე შეწყვეტილ სარეგისტრაციო განცხადებებზე. საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992–14(18.01.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც ეცნობა, რომ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის, ან საკუთრების უფლება არ დგინდებოდა და N892017061992 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას და შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N30943 (18.01.2018) მიმართვით, გადაუგზავნა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

2018 წლის 03 აგვისტოს, აღიარების კომისიიდან გადმოგზავნილი იქნა N5431 წერილი, რომელსაც თან ერთვოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N215 განკარგულება და საკუთრების უფლების მოწმობა, რითაც მარეხ შინდაგორიძეს საკუთრებაში გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე – 596.1 კვ.მ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 25.2 კვ.მ შენობა – ნაგებობა. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრის N 892017061992–16 (09.08.2018) გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაშია ტყის მასივის კონტურთან, რის გამოც, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 9 აგვისტოს N347366 წერილით, მიმართა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მასივის კორექტირების მიზნით. საჯარო რეესტრის N892017061992–18 (31.08.2018) გადაწყვეტილებით ეცნობა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 01 ივნისის N215 განკარგულება გამოცემულია ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის გარეშე. ამდენად, ეროვნული სატყეო სააგენტო ამ ეტაპზე, მოკლებული იყო დასმული საკითხის შეთანხმების შესაძლებლობას. ეროვნულ სატყეო სააგენტოს და საჯარო რეესტრს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წერილებით N7941, N9216 ეცნობა, რომ მარეხ შინდაგორიძის დაინტერესებაში არსებული 596.1კვმ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული საცხოვრებელ ორსართულიან სახლზე, განაშენების ფართით 25.2 კვ.მ გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N193. საკრებულო განმარტავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოკავებულია ათწლეულების წინ, ეზოში დგას სახლი და კულტურული მრავალწლიანი ნარგავები და უტყუარად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ლიხეთის სატყეოს საზღვრებიდან – 526 კვ.მ მიწის ნაკვეთის ამორიცხვა და შესაბამისად, ტყის მასივის კონტური დაკორექტირება არ გამოიწვევს სატყეო ტერიტორიის ფრაგმენტაციას და არ შეუშლის ხელს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის და დაცვის განხორციელებას. ამის შემდგომ, სატყეო სააგენტოს მიერ წერილობით, კვლავ მითითებული იქნა დასმული საკითხის შეთანხმების შეუძლებლობაზე. რის გამოც, საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რაც გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული წესით, რაზეც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების მასალების მიხედვით ჩანს, საჯარო რეესტრმა დაახარვეზა საქმეში წარდგენილი მიღება – ჩაბარების აქტი, ამის შემდგომ, თავად გადააგზავნა დოკუმენტაცია აღიარების კომისიაში, საიდანაც 2018 წლის 01 აგვისტოს მიეცა საკუთრების მოწმობა და მიუხედავად იმისა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ. ვერსიასთან ერთად, თავდაპირველადვე, განცხადებასთან ერთად, ჰქონდა წარდგენილი, საჯარო რეესტრმა მხოლოდ საკუთრების მოწმობის მიღების შემდგომ, დაიწყო ზედდებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა სატყეო სააგენტოსთან, რომელმაც დაიწუნა საკუთრების მოწმობა, როგორც შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის გარეშე შედგენილი დოკუმენტი. საჯარო რეესტრს თავიდანვე შეეძლო გამოეკვლია ეს გარემოებები. კანონის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეზე არსებული გარემოებები და ისე უნდა მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება აწარმოა არასწორად.

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხების პოზიცია

 

2.2 მოპასუხეების- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს მარეხ შინდაგორიძის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში მდებარე უძრავ ნივთზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო შესაბამისი დოკუმენტები. იმერეთის რეგიონული ოფისის სამსახურმა 2017 წლის 20 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოძიებული უნდა ყოფილიყო კომლის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად N476390 წერილით, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ქუთაისის ცენტრალური არქივიდან. 2017 წლის 19 დეკემბერს მიღებული N892017061992–10 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მიღება – ჩაბარების აქტი იყო ხარვეზიანი, შესაბამისად, წარსადგენი ჰქონდა სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსადგენი იყო წერილობითი განცხადება დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, ან კორექტირებული აზომვითი ნახაზი. იმერეთის რეგიონულმა ოფისმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას N30943 მიმართვით, გადაუგზავნა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. მარეხ შინდაგორიძეს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N215 განკარგულებით და საკუთრების უფლების მოწმობით, საკუთრებაში გადეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე – 596.1კვმ სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 25.2 შენობა – ნაგებობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ტყის მასივის კონტურთან ფიქსირდებოდა ზედდება . აღნიშნულთან დაკაშირებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს გაეგზავნა წერილი, რომლის პასუხად, საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის პირველი ივნისის N215 განკარგულება გამოცემული იყო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის გარეშე. იმერეთის რეგიონული ოფისის სამსახურმა მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების საკითხის განხილვის მიზნით. მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციები, რომელთა შინაარსით, სარეგისტრაციო ტერიტორიის ტყის ფონდიდან ამორიცხვის საფუძვლები არ არსებობდა. მოპასუხეების წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია აქტის მომზადების და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლის შესაბამისად, აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

ამდენად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 –ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1 მესამე პირი – ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით უტყუარად დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი განეკუთვნება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწას. შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა გაეთვალისწინებინა მოთხოვნის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან (სატყეო სააგენტოდან) უნდა გამოეთხოვა დასკვნა სადავო მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც ამ უკანასკნელს არ განუხორციელებია, რის შედეგად, გამოიცა კანონსაწინააღმდეგო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მესამე პირის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი, ხოლო სასამართლო სხდომაზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა მზეჭაბუკ ჩაჩხიანმა განმარტა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი.

 

მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, თუმცა, სასამართლო სხდომაზე მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმოამდგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა, არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცა N215 განკარგულება და N193 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც მარეხ შინდაგორიძეს საკუთრებაში გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე 596.1 კვმ. სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 25.2 კვმ განაშენიანების ფართობი), ორსართულიანი შენობა – ნაგებობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება.

 

–ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 აგვისტოს N193 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

3.1.3 2017 წლის 7 ნოემბერს მარეხ შინდაგორიძის წარმომადგენელმა თამარ ბუბაშვილმა N892017061992 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, (მათ შორის, მიღება – ჩაბარების აქტი) პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი და მიუთითა N882017575205, N882017575653, N882017871701 განცხადებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- N892017061992 განცხადების მიღების ბარათი

–N 882017575205 განცხადების მიღების ბარათი

–N882017575653 განცხადების მიღების ბარათი

– N882017871701 განცხადების მიღების ბარათი

–საკუთრების მოწმობა N193

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2017 წლის 13 ნოემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992 – 03 გადაწყვეტილება, ასევე, 2017 წლის 20 ნოემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992 –05 გადაწყვეტილება, რომლებითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მოძიებული უნდა ყოფილიყო კომლის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, 2017 წლის 13 ნოემბერს N476390 წერილით, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ქუთაისის ცენტრალურ არქივიდან. 2017 წლის 19 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992–10 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტი იყო ხარვეზიანი, შესაბამისად, წარსადგენი იყო სრულყოფილი უფლების დამდგენი დოკუმენტი. წარმოუდგენლობის შემთხვევაში, წარსადგენი იყო წერილობითი განცხადება დოკუმენტაციის საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, ან კორექტირებული აზომვითი ნახაზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2017 წლის 13 ნოემბრის N892017061992 –03 გადაწყვეტილება

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2017 წლის 20 ნოემბრის N892017061992 –05 გადაწყვეტილება

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2017 წლის 19 დეკემბრის N892017061992–10 გადაწყვეტილება

 

3.2.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 18 იანვარს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992 –14 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის, ან საკუთრების უფლება არ დგინდებოდა და N 892017061992 სარეგისტრაციო განცხადებას დართული დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნას. იმერეთის რეგიონულმა ოფისმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 18 იანვრის N30943 მიმართვით გადაუგზავნა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2018 წლის 18 იანვრის N892017061992 – 14 გადაწყვეტილება

 

3.2.3 2018 წლის 3 აგვისტოს, აღიარების კომისიიდან გადაგზავნილი იქნა N5431 წერილი, რომელსაც თან ერთვოდა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის N215 განკარგულება და საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო მარეხ შინდაგორიძეს საკუთრებაში გადაეცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე 596.1 კვ.მ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 25.2 კვ.მ (განაშენიანების ფართობი) შენობა – ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება.

 

–ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 01 აგვისტოს N193 საკუთრების უფლების მოწმობა.

 

3.2.4 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო 2018 წლის 09 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N892017061992 –16 გადწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება ტყის მასივის კონტურთან, შესაბამისად, 2018 წლის 09 აგვისტოს N347366 წერილით, მიმართა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ტყის მასივის საზღვრის კორექტირების საკითხის განხილვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 09 აგვისტოს N892017061992 –16 გადაწყვეტილება

 

3.2.5 2018 წლის 31 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისრტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N89201761992 –18 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, ფიქსირდებოდა ზედდება ტყის მასივის კონტურთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულ სატყეო სააგენტოს 2018 წლის 09 აგვისტოს გაეგზავნა N347366 წერილი, რომლის (2018 წლის 24 აგვისტოს N06/16757) პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება გაცემული იყო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო მოკლებული იყო დასმული საკითხის შეთანხმების შესაძლებლობას. აღნიშნული წერილი 2018 წლის 31 აგვისტოს N374922 წერილით განსახილველად გაეგზავნა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2018 წლის 31 აგვისტოს N89201761992 –18 გადაწყვეტილება

 

-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება.

 

3.2.6 2018 წლის 28 დეკემბერს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან, გადაგზავნილი იქნა N 9216 წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მოქალაქე მარეხ შინდაგორიძის დაინტერესებაში არსებული 596.1 კვ.მ სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული 01 საცხოვრებელი, აშენებული, ორსართულიანი, განაშენიანების ფართი –25.2 კვ.მ, როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების აღიარების კომისიამ გასცა N193 საკუთრების უფლების მოწმობა, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოკავებულია ათწლეულების წინ, ეზოში დგას სახლი და კულტურული მრავალწლიანი ნარგავი და უტყუარად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მარეხ შინდაგორიძეს, აქედან გამომდინარე, ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული, ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა –ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ლიხეთის სატყეოს საზღვრებიდან – 526 კვმ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვა და შესაბამისად, ტყის მასივის კონტურის დაკორექტირება არ გამოიწვევს სატყეო ტერიტორიის ფრაგმენტაციას და არ შეუშლის ხელს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის და დაცვის განხორციელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N9216 წერილი

 

3.2.7 2019 წლის 12 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, მიღებული იქნა N892017061992–22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, სადაც სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა ,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 151 –ე მუხლის, ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N 240 დადგენილების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 14 მარტის 1–1/142 ბრძანების შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურმა (2010წლის 9 აგვისტოსN347366) მიმართა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების მიზნით. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (2018 წლის 24 აგვისტოსN06/16757) წერილით ეცნობა – ,, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამოიწვევს ტყის ფონდის ფრაგმენტაციას, რაც გაართულებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის N892017061992–22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება.

 

3.2.8 მარეხ შინდაგორიძის მიერ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის N892017061992–22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება, სადაც მოითხოვდა რეგისტრაციაზე უარის თმის შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. 2019 წლის 15 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო N131469 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საფუძვლად მითითებული იქნა, ,, საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23 –ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ვინაიდან მარეხ შინდაგორიძე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების N193 მოწმობის საფუძველზე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს ზედდება უდგინდება ტყის მასივის კონტურთან, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების საკითხის განხილვის მიზნით. მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პოზიციები, რომელთა შინაარსით, სარეგისტრაციო ტერიტორიის ტყის ფონდიდან ამორიცხვის საფუძვლები არ არსებობდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N131469 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის N892017061992–22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N131469 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს მოსარჩელის მარეხ შინდაგორიძის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე, განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის №892017061992–22 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის N131469 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს, რომელთა კანონშესაბამისობაც, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები სადავო აქტის გამოცემისას, განისაზღვრებოდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე, გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური, ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერსზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.

 

6.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”, №4 ბრძანების მე-3 თავის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის, ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 7 ნოემბერს, მოსარჩელემ N892017061992 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირადი მონაცემების ამსახველი დოკუმენტის ასლი და მიუთითა N882017575205, N882017575653 და N882017871701 განცხადებებზე. დაინტერესებულმა პირმა N882017871701 განცხადებაზე მიუთითა არსებულ მიწის ნაკვეთის მიღება – ჩაბარების აქტზე, რომელიც გაცემული იყო ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთისის მიწის რეფორმის კომისიის წევრების მიერ.

 

დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქალაქ ქუთაისის ცენტრალური არქივის 2017 წლის 28 ნოემბრის N13/187826 წერილის თანახმად, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ამბროლაურის რაიონის წესის საკრებულოს 1997 –2000 და 2001 –2005 წლების საკომლო წიგნებში დავით კონსტანტინეს ძე შინდაგორიძე დაბადებული 1913 წელს რეგისტრირებული არ არის. წესის საკრებულოს მიწის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წიგნები, მიწის განაწილების სიები, მიწის მიღება – ჩაბარების აქტები, 1992 –1996 და 2006 –2007 წლების საკომლო წიგნები ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული არ არის. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 დეკემბრის N21 –02–1/137729 წერილის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 20 სექტემბრამდე, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები არქივში არ ინახება. ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 13 სექტემბრის N4682 წერილის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ არის დაცული კომლის შემადგენლობის და უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია. სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წესი) დავით კონსტანტინეს ძე შინდაგორიძის სახელზე, არ მოიძებნა.

 

დადგენილია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული 2018 წლის 01 აგვისტოს N193 საკუთრების მოწმობის თანახმად, მოსარჩელეს გადეცა საკუთრებაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე 596.1 კვმ სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 25.2 კვმ შენობა – ნაგებობა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს N06/16757 წერილის თანახმად, სადაც აღნიშნულია, ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილების გამოცემის შემდეგ, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა – ლეჩხუმ და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ლიხეთის სატყეოში შეტანილ იქნა 526 კვ.მ, რომელზეც განთავსებული არის 2 – სართულიანი ნაგებობა, განაშენიანების ფართით 25.2 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია გამოიწვევს ტყის ფონდის ფრაგმენტაციას, რაც გაართულებს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას. ამასთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება გამოცემულია ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული სატყეო სააგენტო ამ ეტაპზე, მოკლებულია დასმული საკითხის შეთანხმების შესაძლებლობას’’.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულმა ოფისმა N892017061992 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გაუგზავნა N 374922 წერილი, რომელსაც დაურთო დოკუმენტაცია, მათ შორის , ეროვნული სატყეო სააგენტოს 2018 წლის 24 აგვისტოს N06/16757 წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო კომპენტეციის ფარგლებში, საკითხის განხილვა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიიდან გადაგზავნილი იქნა N9216 წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, მოქალაქე მარეხ შინდაგორიძის დაინტერესებაში არსებული – 596.1 კვმ სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 01 საცხოვრებელი ორსართულიანი, განაშენიანების ფართით –25.2 კვმ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების აღიარების კომისიამ გასცა N193 საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული წარმოადგენს სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოკავებულია ათწლეულების წინ, ეზოში დგას სახლი და კულტურული მრავალწლიანი ნარგავი და უტყუარად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს, აქედან გამომდინარე,, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებული ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა – ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ლიხეთის სატყეოს საზღვრებიდან – 526 კვმ. მიწის ნაკვეთის ამორიცხვა და შესაბამისად, ტყის მასივის კონტურის დაკორექტირება, არ გამოიწვევს სატყეო ტერიტორიის ფრაგმენტაციას და არ შეუშლის ხელს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის და დაცვის განხორციელებას.

 

2019 წლის 8 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N5666 წერილის პასუხად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ N7/13367 წერილით, გააგზავნა ეროვნული სატყეო სააგენტოს 2019 წლის 5 მარტის N06/3513 წერილი, სადაც აღნიშნული იყო ის, რომ 2019 წლის 08 იანვრის N5666 წერილში არსებულ გარემოებებზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მოსაზრება – 2018 წლის 24 აგვისტოს N06/16757 წერილით, უკვე ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს .

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მოხდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიღება – ჩაბარების აქტის დახარვეზება, ამის შემდგომ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, გაცემული იქნა 2018 წლის 01 აგვისტოს N193 საკუთრების მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს გადეცა საკუთრებაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში მდებარე – 596.1 კვმ სასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 25.2 კვმ შენობა – ნაგებობა და საკუთრების მოწმობის მიღების შემდგომ, სატყეო სააგენტოსთან დაიწყო ზედდებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა, რომელმაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება დაიწუნა, რადგან იგი იყო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის გარეშე გამოცემული დოკუმენტი. თუმცა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თუ კი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 31 ივლისის N215 განკარგულება გამოცემული იყო კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ და აღნიშნულით შეილახა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს კანონიერი უფლება, მას შეეძლო გაესაჩივრებინა აღნიშნული განკარგულება, რაც მის მიერ არ მომხდარა, რის შემდეგაც მის მიმართ, იგი შევიდა კანონიერ ძალაში. ასევე, ამავე ლოგიკით, აღნიშული კომისიის მოცემული განკარგულებით, შეილახა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინტერესები, რომელმაც აგრეთვე, რეაგირების გარეშე დატოვა სადავო განკარგულება, არ გაასაჩივრა და მის მიმართ, შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც, მისი აღსრულება საჯარო რეესტრისათვის იყო სავალდებულო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები მიღებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი მოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტის კონსტიტუციურ უფლებებს, სასამართლოს აზრით, საჯარო რეესტრის მიერ, რეგისტრაციის განხორციელების დროს მოქმედი ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ 14.11.1996 წლის კანონის მე-5 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრატორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამატებითი ინფორმაცია ნაკვეთის თაობაზე, დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, დაინტერესებული მხარე ვალდებული იყო, დაუყოვებლივ შეესრულებინა რეგისტრაციის მოთხოვნა.

 

6.5 სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად, ბათილად, ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგნის საკადასტრო მონაცემების უკვე უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებთან სრული იდენტურობის (ზედდების) შემთხვევაში, გამოირიცხება სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, სრულად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, არ არის გამოკვლეული სრულად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

სასამართლო განმარტავს იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს უფლების როგორც მის შემძენზე რეგისტრაციის სისწორეს, ისე ამ უფლების ადრინდელ მფლობელზე რეგისტრაციის სისწორეს, რა მიზნითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნას წარმოების პროცესში დაცული ყველა დოკუმენტი. სასამართლო განმარტავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებით მნიშვნელობას ანიჭებს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას და თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომელსაც აქტის გამოცემის პროცესში, მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების ვალდებულება, უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.

 

6.6 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის N892017061992–22 საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შეასხებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 15 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N131469 გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არის მიღებული და ის ზღუდავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს.

 

6.7 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.8 საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

6.9 სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. ამასთან, მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც, სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი, კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემისას, მოპასუხე მხარის მიერ, დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლი, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული წარმოებისას, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, აქტის გამოცემა, უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება სრულად, ჩართოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირი, მისცეს მათ აზრის გამოთქმის საშუალება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა, რომ მმართველობის ორგანოები ქმედებას ახორცილებდნენ შეფარდებითობის პრინციპის თანახმად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობამ არ გამოიწვიოს დასახული მიზნების შეუსაბამო შედეგები. თუ ქმედების განსახორციელებლად, რამდენიმე გზა არსებობს, ორგანო ვალდებულია, იხელმძღვანელოს იმ საშუალებით, რომელიც მოქალაქესა თუ საჯარო ინტერესებს მინიმალურ ვნებას მიაყენებს. ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა წარმოშობს პიროვნების კანონიერი ნდობის დაცვის პრინციპს. მოქალაქის რწმენა ადმინისტრაციული ქმედების მართლზომიერებაში უნდა იყოს დაცული.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 12 მარტის № 892017061992–22 და 2019 წლის 15 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N131469 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხე მხარეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ, გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილებული ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-23-ე, 32- 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243- 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მარეხი შინდაგორიძის წარმომადგენლის ელენე გოგებაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის – 2019 წლის 12 მარტის № 892017061992–22 გადაწყვეტილება, ასევე, ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს – 2019 წლის 15 აპრილის № 131469 გადაწყვეტილება. მოპასუხე - ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

3.მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო საჩივრით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა N32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ამბროლაური კოსტავას №13) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე