განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003241676
საქმე №1/919-19 წ.
განაჩენი
საქართველოს სახელით
07.11.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
შესავალი ნაწილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და--------–----ე
სტაჟიორი - პროკურორი - კა-------------ა;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - და------------ე;
ბრალდებული: გი-----ი მა---–----–--ე
მამის სახელი: ამ-----ი
დაბადების თარიღი: 0---------წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ბა-------ის რაიონი, სოფელი დ---, პირველი ქუჩა №1--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილი.
დისპოზიცია: ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 2019 წლის 06 აგვისტოს დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ბა-------ში წე------–-ს ქუჩაზე, გი-----ი მა---–----–--ე მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი B--------) დასაშვებ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და წე------–-სა და ვა–----–----–ას ქუჩების კვეთაზე შეჯახება მოახდინა მოპედზე, რის შედეგადაც მოპედის მძღოლი და---- ზი-------ე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოპედის მგზავრი მა----მ მა------ე მიღებული დაზიანებების შედეგად რამოდენიმე საათში გარდაიცვალა შპს ,,ჯეოჰოსპიტალსის’’ ბა-------ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2.1. 2019 წლის 30 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გი-----ი მა---–----–--ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა გი-----ი მა---–----–--ემ თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გი-----ი მა---–----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გი-----ი მა---–----–--ის ბრალეულობას, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; შსს გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმი; მოწმეთა: მე-----------–--ის, ლე--------------ას, გი-----ი გრ-----–-–---–ის, გი-----ი ხა------ის, და---- ქა------ის, ომ-----------–-–---–ის, ნუ--------–----ის, მუ-----------ას, ლუ---------ის, პა---- ზი-------ის, გი-----ი ჭუ--------ის, გო-------------ის გამოკითხვის ოქმები; სკუტერის დათვალიერების ოქმი; ს.ს. ,,კრ----------ი’’-ს სათვალთვალო კამერის დათვალიერების ოქმი; თავად გი-----ი მა---–----–--ის გამოკითხვის ოქმი; ალკოჰოლური და ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნები გი-----ი მა---–----–--ის მიმართ; დადგენილებები დაზარალებულის უფლება-მონაცვლედ ცნობის შესახებ; სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.
3. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო დანაშაული, რომელიც იმავდროულად არღვევს ადამიანის სიცოცხლის კონსტიტუციურ უფლებას, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება მძღოლის მიერ ავტომობილის მართვისას ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების და/ან ექსპულუატაციის წესების დარღვევაში, რომელიც იწვევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი-----ი მა---–----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება გი-----ი მა---–----–--ეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გი-----ი მა---–----–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ნასამართლევი არ არის, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რა ვითარებაში იქნა ქმედება ჩადენილი, რასაც შედეგად მოჰყვა მძიმე შედეგი - ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ასევე ითვალისწინებს დაზარალებულების უფლებამონაცვლეების პოზიციას, რომლებსაც გააჩნიათ პრეტენზია გი-----ი მა---–----–--ის მიმართ და ითხოვენ ბრალდებულის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.
ამდენად, გი-----ი მა---–----–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გი-----ი მა---–----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გი-----ი მა---–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. მასვე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. გი-----ი მა---–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. გი-----ი მა---–----–--ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 06 აგვისტოდან 2019 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით - ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
4. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გი-----ი მა---–----–--ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 აგვისტოდან.
5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
5.1. და---- ზი-------ის ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სპორტული ერთი ცალი ფეხსაცმელი, მოპედი ,,FOSTI’’, დამცავი ჩაფხუტები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბა-------ის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - დამცავი ბალიშის ფრაგმენტი, სითხის გუბიდან ნიმუში, საჭიდან და გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან ამოღებული ანაწმენდები, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბა-------ის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5.3. ბმვ-ს მოდელის სახ. ნომერი B-------- ავტომანქანა, რომელიც მოთავსებულია შპს ,,იმპერია 2009’’ სპეც - ავტოსაჯარიმოზე - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
5.4 DVD-R და CD-R დისკები, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ნანა ჯოხაძე