გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210019003116582 (N2/643-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
(შესავალი ნაწილი)
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - ია------–----ე
მოპასუხე - თა-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7324.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.08 ლარი, პროცენტი - 688.79 ლარი და ჯარიმა - 540.71 ლარი.
1.2. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6095.08 ლარზე წლიური 25% სარგებლის გადახდა ყოველთვიურად - 125.24 ლარის ოდნეობით, 2019 წლის 22 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
1.3. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 6783.87 ლარზე, 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, 2019 წლის 22 ივლისიდან ყოველდღიურად - 6.67 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–------------- სს ,,თი---------სა” და თა-----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით, 1470 დღის ვადით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა სესხის ძირი თანხა და პროცენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის შენატანი 239.24 ლარი ყოველი თვის 24 რიცხვში. შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები 2019 წლის 24 იანვარს და მას შემდეგ გრაფიკით დადგენილი გადასახდელი თანხა არ გადაუხდია.
მსესხებელს გაგეზავნა წერილი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოთხოვნა არ იქნა შესრულებული და 2019 წლის 22 ივლისს ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მან განმარტა, რომ იგი ნამდვილად იმყოფება სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით არ შეუძლია დავალიანების დაფარვა, სარჩელს ცნობს ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს და მიუღებელ შემოსავალს ითხოვს შემცირებას, რადან ამ თანხის გადახდა ამ ეტაპზე მისთვის ფაქტიურად შეუძლებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–------------- სს ,,თი---------სა” და თა-----------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N3--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით, 1470 დღის ვადით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება ყოველთვიურად გადაეხადა სესხის ძირი თანხა და პროცენტი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის შენატანი 239.24 ლარი ყოველი თვის 24 რიცხვში. შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 20 ლარის ოდენობით და ამას დამატებული პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი (ს.ფ.50-51)
-20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება N3-------------- (ს.ფ. 52-56);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 57-58);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. თა-----------ის მიერ 2019 წლის 24 იანვრიდან თვიდან დარღვეულ იქნა 20---–-–-------------ს NN3-------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი და მას შემდეგ გრაფიკით დადგენილი გადასახდელი თანხა არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
- ამონაწერი ანგარიშიდან ( ს.ფ. 60 )
3.1.3. 2019 წლის 14 ივნისს მსესხებელს გაგეზავნა წერილი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოთხოვნები არ იქნა შესრულებული და 2019 წლის 22 ივლისს ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შეტყობინება და ხელწერილი (ს.ფ.62-63);
3.1.4. თა-----------ის დავალიანება 2019 წლის 12 ივლისის მდგომარეობით N3-------------- ხელშეკრულებაზე შეადგენს - 7324.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.08 ლარი, პროცენტი - 688.79 ლარით, ხოლო ჯარიმა - 540.71 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია, ამასთან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტები 7000 ლარის ოდენობით. თა-----------ემ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
სასმართლო მიუთითებს, რომ 20---–-–-------------ს ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტები, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ N3-------------- ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (688.79 ლარის) თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სს „თი---------სა“ და თა-----------ეს შორის 20---–-–------------- დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 25%-ით, კრედიტის ვადა - 1470 დღე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 24 რიცხვში გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
6.4. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6095.08 ლარზე წლიური 25% სარგებლის გადახდა, 2019 წლის 22 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 125.24 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა, თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხები. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ამდენად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 6095.08 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 2019 წლის 22 ივლისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად, სს „თი---------ი“ უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით განპირობებული ზიანის ანაზღაურება 2019 წლის 22 ივლისიდან - (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, ხელშკრულებების შეწყვეტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების მოქმედების ვადისა - 24.03.2022 წლისა, ანუ მანამდე, ვიდრე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიიღებდა კრედიტორი.
შესაბამისად, მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6095.08 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 2019 წლის 22 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა. ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით. ასევე უნდა შემცირდეს მიმდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა 0.01 %-მდე და მოპასუხეს უნდა დაეკისროს:
20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 6095.08 ლარზე 0.01% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 22 ივლისიდან, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 267.47 ლარი (ს.ფ. 68).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში. ამდენად, სს ,,თი---------ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 203.51 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 23.66 ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების ნაწილში), ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6883.87 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6095.08 ლარი, პროცენტი - 688.79 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.2. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6095.08 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, 2019 წლის 22 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა.
1.3. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–-------------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 6783.87 ლარზე 0.01% პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2019 წლის 22 ივლისიდან, მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხე თა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 23.66 ლარის ანაზღაურება.
3. სს ,,თი---------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 09 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 267.47 ლარიდან - 203.51 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300903150, საგადახდო დავალება N10, დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე