გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22974-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
25 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–---------–---–ი
მოპასუხე - ა-–---------- გ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ა-–---------- გ------------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანების - 6196.64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 448.23 ლარი, ჯარიმა - 748.64 ლარი;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს „ლ-------------სა“ და ა-–---------- გ------------ეს შორის 2013 წლის 5 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5000 ლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 28%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31.10.2014 წლამდე.
2013 წლის 5 ნოემბრის საკრედიტო ბარათის პირობების 4.6. მუხლის თანახმად, თუ კლიენტი საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე წერილობით არ მოითხოვს საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტას, ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო ლიმიტის მოქმედების თითოეული ვადის ამოწურვამდე 30 დღის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გადახედოს კლიენტის საკრედიტო ბარათის ლიმიტს და დაამტკიცოს ის საკრედიტო ლიმიტის მოქმედების მომდევნო ვადით, ასევე ამავე პირობების 4.4. მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად განსაზღვროს საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ნებისმიერი სხვა ვადა. მოპასუხემ აღნიშნული ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი დაარღვია 26.06.2018 წელს და ვადაგადაცილებაშია აღნიშნული პერიოდიდან.
ბანკმა 2019 წელს წერილით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველეყო სს „ლ-------------ის“ მიმართ არსებული მიმდინარე დავალიანების გადახდა.
2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით ა-–---------- გ------------ის დავალიანება შეადგენს 6196.64 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 448.23 ლარი, ჯარიმა - 748.64 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა არ ცნო. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მას სს „ლ-------------ის“ მიერ გაგზავნილი გაფრთხილების წერილი არ ჩაბარებია, რის გამოც ვერ მიიღო ზომები 5 დღის განმავლობაში დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სს „ლ-------------სა“ (კრედიტორი) და ა-–---------- გ------------ეს (მოვალე) შორის 2013 წლის 5 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. კრედიტის თანხა განისაზღვრა 5000 ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 28%-ით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ით.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31.10.2014 წლამდე.
საკრედიტო ბარათის პირობების 4.6. მუხლის თანახმად, თუ კლიენტი საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე წერილობით არ მოითხოვს საკრედიტო ლიმიტის შეწყვეტას, ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო ლიმიტის მოქმედების თითოეული ვადის ამოწურვამდე 30 დღის განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გადახედოს კლიენტის საკრედიტო ბარათის ლიმიტს და დაამტკიცოს ის საკრედიტო ლიმიტის მოქმედების მომდევნო ვადით, ხოლო პირობების 4.4. მუხლის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად განსაზღვროს საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ნებისმიერი სხვა ვადა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 05.11.2018 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება (ს.ფ.18);
- საკრედიტო ბარათის პირობები (ს.ფ. 19-26);
- საკრედიტო ბარათის პირობების დანართი N1 (ს.ფ. 27-29).
3.1.2 საკრედიტო ლიმიტი მოვალემ აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 16);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 30-33).
3.1.3 მოვალემ ზედიზედ სულ მცირე ორჯერ დაარღვია საკრედიტო ბარათით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი და მისი დავალიანება შეადგენს 6196.64 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 448.23 ლარი, ჯარიმა - 748.64 ლარი;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 16).
3.1.4 2019 წლის 9 აგვისტოს და 16 აგვისტოს მოვალეს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა 5-დღიანი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის.
მოვალეს წერილები არ ჩაბარდა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 34-37);
- უკუგზავნილები (ს.ფ. 35,37)
3.2.1 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე 27.08.2019 წელს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კრედიტორმა არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მოვალისათვის, ვალდებულების დარღვევის ზედიზედ ორჯერ ვადის გადაცილების შემდეგ, არ განუსაზღვრავს ორკვირიანი ვადა და, ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ხელშეკრულება არ შეუწყვეტია.
დადგენილია ასევე, რომ 2019 წლის 9 აგვისტოს და 16 აგვისტოს მოვალეს არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით გაეგზავნა გაფრთხილების წერილები ბანკისათვის ცნობილ მისამართზე და განესაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. წერილები მოპასუხეს არ ჩაბარდა.
სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 27.08.2019 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან, ვინაიდან ამ დროისათვის ხელშეკრულებაზე ზედიზედ ორჯერ დარღვეული იყო გადახდის გრაფიკი და ბანკს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, გარდა ამისა, სესხის სარგებელი დაანგარიშებულია სწორედ ამ თარიღამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ლ-------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და ა-–---------- გ------------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება დაეშვა საკრედიტო ლიმიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ დაშვებული ლიმიტით სარგებლობისათვის 2013 წლის 05 ნოემბრის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28%.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამ გარემოებებს არც მოპასუხე ხდის სადავოდ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შესაბამისად, სესხის პროცენტი დაანგარიშებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, 2013 წლის 05 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018).
სასამართლო, ყველა ამ გარემოების, ასევე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 748.64 ლარისა უნდა განისაზღვროს 350 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ა-–---------- გ------------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 23.94 ლარის ანაზღაურება, ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 5000 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი ა-–---------- გ------------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ა-–---------- გ------------ეს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5798.23 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 448.23 ლარი, ჯარიმა - 350 ლარი;
3. დანარჩენ ნაწილში სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს“ (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს, სს ,,ლ-------------ის“ მეშვეობით (ტრანზაქცია განხორციელებული 12/09/2019 წელს) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარი (საგადახდო დავალება #5159797181, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).
5. ა-–---------- გ------------ეს სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 23.94 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაიშვება, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია