გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18652-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „ფი----------------ო“
წარმომადგენელი - ავ--------–----------–--ე, ქრ------------------ა
მოპასუხე - თე----------–-ა
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თე----------–-ას მოსარჩელე შპს „ფი----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 1687.66 აშშ დოლარის გადახდა.
(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე. იხ. 11.11.2019 წლის სხდომის ოქმი).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თე----------–-ამ 2007 წლის 5 აპრილს სს „სა---------–--------იდან“ აიღო სესხი, 1782.66 აშშ დოლარი, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით. სესხის თანხით სარგებლობის უფლება მსესხებელს ჰქონდა 2009 წლის 16 ოქტომბრამდე. შესაბამისად, აღნიშნული თარიღი წარმოადგენდა სესხის თანხის დაბრუნების ბოლო ვადას, ვალდებულების შესრულების ვადას.
მოპასუხემ რამოდენიმეჯერ განახორციელა გადახდა, საიდანაც დაფარულია ძირითადი თანხა 95 აშშ დოლარი. თე----------–-ას 2016 წლის 29 ივლისის შემდგომ გადახდა აღარ განუხორციელებია და დავალიანება შეადგენს ჯამში 11 377.74 აშშ დოლარს, აქედან ძირითადი თანხაა 1687.66 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1916.72 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 7773.36 აშშ დოლარს.
სს „სა---------–--------სა“ და შპს „ფი---------------ოს“ შორის 2019 წლის 27 ივნისს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით, ბანკმა მოსარჩელეს დაუთმო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თე----------–-ას მიმართ მოთხოვნის უფლება.
სარჩელით შპს „ფი-----------------ომ“ მოითხოვა თე----------–-ასთვის ძირითადი თანხის 1687.66 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 1916.72 აშშ დოლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 168.76 აშშ დოლარის დაკისრება. მოთხოვნის ოდენობა საბოლოოდ მოსარჩელემ შეამცირა სასამართლო სხდომაზე და მოითხოვა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 1687.66 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
წარდგენილი შესაგებლებით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე თე----------–-ამ გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით. რაც შეეხება გადახდებს, გადახდა განხორციელდა 2016 წელს და გადახდა გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ გადახდის მოთხოვნით შპს „ფი----------------ოდან“ მასთან სახლში მისვლით არავის შეეწუხებინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თე----------–-ას სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2007 წლის 5 აპრილს მასსა და სს „სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხის ძირითად თანხას შეადგენდა 1782.66 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტი სარგებელი - 18%-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სესხის თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2009 წლის 16 ოქტომბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- შესაგებელი.
3.1.2. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის თანხის დაბრუნების ვადაში, 2009 წლის 16 ოქტომბრამდე თე----------–-ას სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ გადახდები საერთოდ არ განუხორციელებია.
თე----------–-ას ჯამში გადახდილი აქვს 95 აშშ დოლარი, რაც განხორციელდა 2016 წელს, კერძოდ: თებერვლის თვეში - 40 აშშ დოლარი, აპრილის თვეში - 20 აშშ დოლარი, ივნისის თვეში - 20 აშშ დოლარი და 2016 წლის 29 ივლისს - 15 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2019 წლის 8 მაისს სს „სა---------–--------სა“ და შპს „ფი---------------ოს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „სა---------–--------მა“ მოსარჩელეს დაუთმო მოვალის მიმართ მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის თე----------–-ასთან 05.04.2007 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 08.05.2019 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება;
- 27.06.2019 წლის ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ .
3.1.4. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელი შპს „ფი-----------------ომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 29 ივლისს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ხანდაზმულია. შესაბამისად თე----------–-ას მიერ 2016 წელს განხორციელებული გადახდებით სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოხდა სესხის ხელშეკრულებისათვის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.
(სამართლებრივი შეფასებები იხილეთ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ფი----------------ოს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე, 867-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლებრივი მსჯელობის დასაწყისში, სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია განმარტოს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თე----------–-ას მიმართ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 8 მაისს სს „სა---------–--------სა“ და შპს „ფი---------------ოს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „სა---------–--------მა“ მოსარჩელეს დაუთმო მოვალის მიმართ მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის თე----------–-ასთან 05.04.2007 წელს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. ამდენად, შპს „ფი----------------ო“ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოსარჩელეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სს „სა---------–--------სა“ და თე----------–-ას შორის 2007 წლის 5 აპრილს დაიდო სესხის ხელშეკრულება, მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა 1782.66 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შეთანხმდა პროცენტისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა. თე----------–-ა ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ბანკის სასარგებლოდ ვალდებულება ჯეროვან არ შესრულებულა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007 წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დააფუძნა მოთხოვნის ხანდაზმულობას, ხელშეკრულება დადებული იყო 2007 წელს და თანხის დაბრუნების ვალდებულება მას 2009 წლის 16 ოქტომბრამდე ჰქონდა.
უდავოა, რომ სარჩელი შპს „ფი----------------ოს“ მიერ აღძრულია 2019 წელს. მოსარჩელე განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება თე----------–-ას 2009 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა შეესრულებინა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კრედიტორს არ დაუკარგავს, ვინაიდან მოპასუხემ, ვალდებულების შესრულების მიზნით 2016 წელს განახორციელა გადახდები. 2016 წლიდან სარჩელის აღძვრამდე, კი არ არის გასული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოვალის მიერ თანხის გადახდისა, აღნიშნული ვერ ჩაითვლება სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით, ან სხვაგვარად აღაირებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მსჯელობა სსკ-ის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებულ აღიარებებზე მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებზე. ერთ-ერთ ასეთ გადაწყვეტილებაში, სასამართლო მიუთითებს: „სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე – კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ.ას-383-364-2015 27 მაისი, 2016 წელი).
აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა შესაძლებელია მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა, მისი დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივია შეწყვეტა ვეღარ მოხდება. ამდენად, მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, 2016 წელს განხორციელებული გადახდები ვერ გამოიწვევდა უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას და შესაბამისად, ხანდაზმულობაზე მოპასუხის შედავების პირობებში ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ კრედიტორი ვეღარ მოახდენს თავისი უფლების რეალიზებას.
მოსარჩელე არ უარყოფს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თე----------–-ას 2009 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა შეესრულებინა. აღნიშნული თარიღიდან, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნის სამწლიანი ვადა გავიდა 2012 წელს. ვინაიდან სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ (2019 წელს), ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა, შპს „ფი---------------ოს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა. შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 183.47 ლარის ნახევარი, 91.74 ლარი მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 148.42 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფი----------------ოს“ სარჩელი თე----------–-ას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ფი----------------ოს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 148.42 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3. შპს „ფი---------------ოს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 91.74 ლარი, რაც სს „სა---------–--------ის“ 29.07.2019 წლის N715 საგადახდო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი 300773150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე