გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/942-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე
მოსარჩელე - შპს „ს----------------------ი“
წარმომადგენელი - მ-----–--------ე
მოპასუხე - ზ-------------–--ე
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი
დავის საგანი: მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების გადახდა და ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ზ-------------–--ეს შპს „ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1240.48 ლარის გადახდა;
1.2. ზ-------------–--ეს შპს „ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) ანაზღაურება (დავალიანების თანხის 1240.48 ლარის 1%), ყოველთვიურად 12.40 ლარის ოდენობით, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან, 2017 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. ზ-------------–--ეს შპს „ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
მოპასუხე ზ-------------–--ე წარმოადგენს ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელსაც ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს----------------------ი-ქართლი“-სგან წლების განმავლობაში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საბილინგო ბაზაში) მოპასუხე რეგისტრირებულია აბონენტად #3--------- (ძველი აბონენტის N5-----). 2014 წლის 01 ნოემბერს შპს „ს----------------------ი-ქართლი“ შეერწყა შპს ,,ს----------------------ს’’ და შესაბამისი რეორგანიზაციის შედეგად მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ს----------------------ი“. აბონენტის მიერ შესყიდული გაზის ოდენობა და ღირებულება, ასევე, გადახდები ასახულია საბილინგო ბაზაში, აბონენტის პირად ბარათში. 2015 წლიდან მიწოდებული და მოხმარებული გაზის ღირებულების არასრულად გადახდის გამო მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება, რომელმაც 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 1240.48 ლარი. მოხმარებული გაზის ღირებულების გადაუხდელობის გამო ზ-------------–--ეს შეუწყდა გაზის მიწოდება და დამატებით დაერიცხა 5 ლარი ჩაჭრა-აღდგენის საფასური. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიღებულ თანხას განათავსებდა ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში და ანაბრის საპროცენტო ოდენობის 12% გათვალისწინებით (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1%-ს) ყოველთვიურად მიიღებდა 12.40 ლარს, რის გამოც მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს მიუღებელი სარგებლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტი. მოპასუხემ სადავოდ გახადა მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულების არსებობა, კერძოდ, მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 09 ივლისის N12 დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელია აბონენტის მხრიდან ნების გამოხატვა განაცხადის წარდგენის ფორმით, რასაც ზ-------------–--ის შემთხვვევაში ადგილი არ ჰქონია; მოპასუხე მხარე ასევე სადავოდ ხდის ზ-------------–--ის მხრიდან სარჩელში მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტს 2018 წლამდე, რის გამოც ამ უკანასკნელმა პასუხი არ უნდა აგოს დასახელებულ მისამართზე სადავო პერიოდში ფაქტობრივად მცხოვრები პირების მხრიდან შესრულებულ თუ შეუსრულებელ ვალდებულებებზე (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 შპს „ს----------------------ი-ქართლი“-მა 2014 წლის 01 ნოემბერს მოახდინა რეორგანიზაცია და მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ს----------------------ი“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 19-21);
3.1.2. ზ-------------–--ე 2013 წლის 26 ივნისიდან აღრიცხულია უძრავი ქონების, მდებარე მცხეთა, სოფელი საგურამო (ს/კ 7-----------) მესაკუთრედ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 127)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, სადავოა მხარეებს შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ზეპირი ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს ზეპირად დადებულ გარიგებაზე, რაც დასტურდება აბონენტთა ელექტრონულ ბაზაში (საბილინგო ბაზაში) არსებული მონაცემით, რომლის მიხედვით ზ-------------–--ე 2013 წლიდან აღრიცხულია აბონენტად, რომლის ნომერია #3--------- (ძველი აბონენტის N5-----);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბილინგო ბაზიდან ( ს.ფ. 23-25)
- ცნობა (ს.ფ. 26-27)
ამასთან, მოპასუხე მხარე უარყოფს, როგორც მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას, ისე ბუნებრივი გაზის მოხმარების ფაქტს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო პერიოდში ზ-------------–--ე არ ცხოვრობდა დასახელებულ მისამართზე და იგი წლების განმავლობაში აწარმოებდა სამოქალაქო დავას მოცემულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრები პირების წინააღმდეგ, რაც საბოოლო ჯამში დასრულდა იძულებითი სააღსრულებო წარმოებით 2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო წარმოების მასალები (ს.ფ.97-115)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოპასუხე ზ-------------–--ესა და სადავო მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს თამარ ჩალაურსა და რამაზ ლაბაურს შორის 2014 წელს დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვით ამ უკანასკნელებმა იკისრეს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება კრედიტორ ზ-------------–--ის სასარგებლოდ, რომელიც თავის მხრივ კისრულობდა ვალდებულებას მოეხსნა იპოთეკა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე (ს/კ 7-----------) უძრავ ქონებაზე. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში თამარ ჩალაურსა და რამაზ ლაბაურს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცათ სადავო ქონება, რომელზეც იძულებით აღსრულება დასრულდა 2018 წლის 29 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო წარმოების მასალები (ს.ფ.97-115)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ზ-------------–--ე სადავო პერიოდში არ სარგებლობდა სარჩელში მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონებით და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ამ უკანასკნელის მიერ მოხმარების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა მხარეთა ახსნა-განმარტების, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომლის მიხედვით იძულებითი სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2015 წლის 07 სექტემბრის განცხადების საფუძველზე და სადავო უძრავი ქონება ზ-------------–--ეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა 2018 წლის 29 იანვარს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება 2015 წლიდან არსებული დავალიანების ზ-------------–--ის მიერ გადახდის ვალდებულებაზე, მაშინ როცა ამ უკანასკნელს სადავო პერიოდში არ უცხოვრია მითითებულ მისამართზე. საქმეში არსებული საბილინგო მონაცემების ბაზის ამონაწერი არ არის სარწმუნო მტკიცებულება იმ გარემოების დასადგენად, რომ მოხდა ორი ურთიერთმფარავი (ოფერტი-აქცეპტი) ნების გამოვლენა ხელშეკრულების დასადებად.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაას, რომ მოსარჩელე მხარისთვის სარჩელის შემოტანის დროისთვის ცნობილი იყო ზ-------------–--ის ფაქტობროვი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ვინაიდან მხარემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ითხოვა სწორედ თბილისში ვ. ბაგრატიონის ქ. #6--ში (ს/კ 0----------------------) მდებარე და არა მცხეთის რაიონის სოფელი საგურამოში მდებარე უძრავ ქონებაზე, მაშინ როცა მოსარჩელე მხარე მოპასუხის მისამართად სარჩელში სწორედ სოფელ საგურამოს მიუთითებდა; აღსანიშნავია, რომ დასახელებულ მისამართზე სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო, რადგან ამ მისამართზე მოსარჩელე არ მოიძებნა.
3.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.4. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ შპს ,,ს----------------------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-319-ე, 361-ე, 477-ე მუხლები;
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
6.2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლებამოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების ან/და მოხმარების დროს.
ამავე დადგენილების მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად კი, განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დასახელებული მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, განაცხადში მოქალაქის მიერ სხვა მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იქნას იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა. იმ ფონზე, როდესაც ზ-------------–--ე 2018 წლის იანვრამდე ვერ სარგებლობდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და დასახელებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდნენ სხვა პირები, რაც დადასტურებულად მიაჩნია სასამართლოს, გაუგებარია რა საფუძვლით უნდა წარედგინა ზ-------------–--ეს მიმწოდებელთან განაცხადი სწორედ დასახელებულ მისამართზე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამასთან, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარე აბონენტად რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს ზ-------------–--ის უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტს საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ს----------------------ის’’ მიერ ზაირა ოგოლიძის აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა არა თავად ზ-------------–--ის მხრიდან ნების გამოვლენის საფუძველზე, არამედ სწორედ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელე მხარემ სასამართლო პროცესზე ვერ უზრუნველყო. კერძოდ, ამ უკანასკნელის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ზ-------------–--ის სახელით შევსებული განაცხადი და არც ხელშეკრულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში არსებობის და აქედან გამომდინარე ერთმანეთთან მიმართებაში უფლება-მოვალეობების არსებობის ფაქტს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილების თანახმად, აბონენტად რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფორმით შევსებული განაცხადის საფუძველზე, რაც არ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ; საწინააღმდეგოდ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზაიარა გოგოლიძე 2018 წლის იანვრამდე არ/ვერ სარგებლობდა თავის საკუთრებაში არსებული - მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე (ს/კ 7-----------) უძრავი ქონებით - რაც ადასტურებს იმ გარემობას, რომ ეს უკანასკნელი ვერ მოიხმარდა ბუნებრივ გაზს, რომლის საფასურის გადახდასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე, ვინაიდან სადავო პერიოდი მოიცავს სწორედ იმ დროს, როდესაც ზ-------------–--ე არ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე. მხოლოდ ის გარემოება, რომ აბონენტად რეგისტრირებულია ესა თუ ის პირი, არ შეიძლება გახდეს დავალიანების დაკისრების საფუძველი, თუ ამავდროულად არ დადასტურდა, მოპასუხის აბონენტად რეგისტრაციის ადგილზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი, ან მესაკუთრის მხრიდან კანონიერი საფუძვლით სხვა პირთათვის უძრავი ქონების საცხოვრებლად დათმობის ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი;
6.4. მოსარჩელე მხარის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სემეკის ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ’’ 2009 წლის 09 ივლისის #12 დადგენილების თანახმად თავად ზ-------------–--ეს ანუ უძრავი ქონების მესაკუთრეს უნდა მიემართა აბონენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ასევე დაუსაბუთებელია, ვინაიდან იმ პირობებში, როცა ზ-------------–--ეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ იგი აბონენტად იყო რეგისტრირებული და მას ერიცხებოდა გაზის საფასური, რომელიც მას არ მოუხმარია, გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე მოქმედების განხორციელების ვალდებულებას, ვინაიდან მოცემულ დადგენილებაში საუბარია იმ შემთხვევაზე, როდესაც აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა უშუალოდ მოქალაქის ნების საფუძველზე, მან იცის რომ იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაშია მხარესთან და ეკისრება გარკვეული სახის უფლება-მოვალეობები; ზ-------------–--ის შემთხვევაში აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის ეს არგუმენტიც საფუძველსმოკლებულია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ უტყუარად ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ-------------–--ის აბონენტად რეგისტრაცია განხორციელდა ამ უკანასკნელის ნების საფუძველზე წარდგენილი წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე 2014 წლის მორიგების აქტზე, რომლის პირობების თანახმად, ზ-------------–--ეს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება სადავო უძრავ ქონებაში ფაქტობრივად მცხოვრები პირების (თამარ ჩალაური და რამაზ ლაბაური) მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემთხვევაში ამ პირებზე უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების გადაფორმება საკუთრების უფლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელებს უნდა გაეთავისუფლებინათ საცხოვრებელი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ ზ-------------–--ისთვის, რაც საბოლოო ჯამში დასრულდა სადავო სახლიდან ამ პირების იძულების წესით გამოსახლებით 2018 წლის იანვარში. ამდენად, სასამრთლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ-------------–--ე ამ პერიოდში მართლაც არ ცხოვრობდა მცხეთის რაიონის, სოფელ საგურამოში მდებარე სადავო სახლში, შესაბამისად, იგი 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ვერ მოიხმარდა ბუნებრივ გაზს.
6.5. წესების მე-10 მუხლის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად). საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბარათიდან ირკვევა, რომ რამდენჯერმე განხორციელდა გაზის მიწოდების ჩაჭრა დავალიანების გადაუხდელობის გამო, თუმცა დავალიანების ნაწილის გადახდის შემთხვევაში ისევ ხდებოდა გაზის მიწოდების აღდგენა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ გადასახადს იხდიდა სწორედ ზ-------------–--ე, გარდა მხარის ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება რაიმე სხვა მტკიცებულებით; შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა ხდებოდა სწორედ მოცემულ მისამართზე ფაქტობრივად მცხოვრები პირების მიერ;
მოსარჩელე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ზ-------------–--ემ გაიარა რეგისტრაცია და დარეგისტრირდა აბონენტად სწორედ მითითებული სემეკის დადგენილების პირობების შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ის არგუმენტი, რომ მათ არცერთ საქმეში არ აქვთ წარმოდგენილი მოქალაქის განაცხადი, არ ათავისუფლებს მოსარჩელე მხარეს აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებისაგან, მით უფრო მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარე შესაგებელშივე სადავოდ ხდის შპს ,,ს----------------------სა’’ და ზ-------------–--ეს შორის ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტს და შესაბამისად, ზ-------------–--ისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ზ-------------–--ის აბონენტად რეგისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
6.6. მოსარჩელე მხარემ მიუთითა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფასურის გადაუხდელობის გამო ზიანის არსებობის ფაქტზე, მიუღებელი შემოსავლის სახით. მისი განმარტებით, მიღებულ თანხას განათავსებდა ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში და მიიღებდა წლიურ 12% საპროცენტო სარგებელს. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა ზიანის არსებობის ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნა გაუმართავად, როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად. იგი უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხისათვის წინასწარ სავარაუდოა.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ მიღებულ თანხას იგი განათავსებდა ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულებაში და მიიღებდა შემოსავალს წლიურ 12%-ს პროცენტის სახით, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიაჩნია და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans); სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. ვინაიდან მოცემულ შეხვევაში არ დადასტურდა ზ-------------–--ის მხრიდან დავალიანების გადახდის ვალდებულების არსებობა, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები;
ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ზ-------------–--ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი ვ. ბაგრატიონის ქ. #6--ში (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-259-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ს----------------------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ზ-------------–--ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი ვ. ბაგრატიონის ქ. #6--ში (ს/კ 0----------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა