გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5811-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
04 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელეები: ირ---–----------ა, ჟ-------------ა, ი-----–-------–-----ა, კ---------------–ა, ნ----------ე, გ------------------–-ა, დ--------------ა, რ---------------ა, ლ--–-----–-----ია, მ-------–--–--, მ------–---–-, მ------–-----, მ--------–---, თ---–-----------, ი---------------, კ----------------, ნ----------–--, ნ------------–--, გ----------------–---–ი, ლ--------------–---–ი, ლ-------------, ნ-----–-----------–---–ი
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირები: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლა
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტდა 15.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე. იხ. სხდომის ოქმი 15.01.2019წ. 16:01:28 სთ. (ს.ფ. 85-90), ასევე, დაზუსტებული სარჩელით (ს.ფ. 176-187);
დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გასცეს ნებართვა/თანხმობა, ქ. თბილისში, ქ--------–-ს ქ. №---ში მცხოვრები მოსახლეობისთვის კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელეებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართი დაკავებული აქვთ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. ამასთან, შენობა-ნაგებობა იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და რაიმე არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, სადავო სამუშაოებზე თანხმობის გაცემის პირობებში, პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს დაეკისრება.
2.2. მესამე პირების პოზიცია
2.2.1. მესამე პირის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სააგენტო არ არის წინააღმდეგი მოხდეს მოსარჩელეთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანება.
2.2.2. მესამე პირის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო. მისივე განმარტებით, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, რაც იქ არსებული ვითარების გამო ვერ განხორციელდა.
2.2.3. მესამე პირის, სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის წარმომადგენელი დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეები დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანების შემდეგ მოითხოვენ ამ ფართების მათ სახელზე დაკანონებას, რითაც პირდაპირ თუ არაპირდაპირ შეიზღუდება განათლების უფლება. მისივე განმარტებით, სკოლაში სწავლობს 800 მოსწავლე ძალიან მცირე ფართში. ამასთან, სკოლას გააჩნია პოტენციალი მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდაზე, რასაც ვერ ახორციელებს ფართის სიმცირის გამო. შესაბამისად, სადავო ობიექტი უნდა დაუბრუნდეს სკოლას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვერ მოხდება.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე, №01.12.11.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5330 კვ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული №1, №- (საქვაბე), №3 (მშენებარე) შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო. მითითებული უძრავი ქონება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 1 სექტემბრის №1----------- წერილის საფუძველზე, სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს მოსარგებლეს - სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლას, მოსარგებლის არსებობის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 12.03.2014წ. (ს.ფ. 61-62);
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაცული ინფორმაციით, ქ. თბილისში, ქ--------–-ს ქ. №---ში (ღ------------ის ქ. №---ში, ს.კ. №01.12.11.0--.0--) მდებარე, სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა არ წარმოადგენს კომპაქტური განსახლების ობიექტს. დევნილი ოჯახები შენობაში განსახლებულნი არიან თვითნებურად, სამინისტროს ნებართვის გარეშე და არ წარმოადგენენ დაკავებული ფართების მართლზომიერ მფლობელებს. ამასთან, მითითებულ მისამართზე ცხოვრობს 30 ოჯახი, საიდანაც დევნილის სტატუსით სარგებლობს მხოლოდ 12 ოჯახი. დევნილი ოჯახებიდან 3 ოჯახი რეგისტრირებულია ქალაქ თბილისში, ხოლო 9 ოჯახი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დევნილის სტატუსით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ: ჟ-------------ა, ირ---–----------ა, ი-----–-------–-----ა, მ--------–---, რ--------------ა, ი---------------, ლ--------------–---–ი, მ-------–--–-- და ნ-----–-----------–---–ი. მათ სახელებზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი: ლ--–-----–-----ია, ნ----------ე, დ--------------ა, ნ------------–--, კ---------------–ი, ნ----------–--, მ------–-----, ლ-------------ა, კ----------------, თეკლა გოგოხია, მ------–---–-, გ----------------–---–ი და გ------------------–--.
ამასთან, ჟ-------------ა, გ------------------–-ა, რ--------------ა, ნ----------ე, მ------–---–-, კ----------------, მ--------–---, ირ---–----------ა რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შემდეგი მისამართებით: ქ. თბილისი, ქ--------–-ს ქ. №-; ქ. თბილისი, ქ--------–-ს ქ. №--, ქ. თბილისი, ღ------------ის ქ. №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 2 მაისის №04-776 სამსახურებრივი ბარათი, დანართით (ს.ფ. 345-365);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №01-0--------- წერილი (ს.ფ. 366-370);
- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების ასლები (ს.ფ. 19, 22, 24-26, 29, 33);
- ამონაწერები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 36-38, 40, 42-44, 75).
3.3. სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობაში (მშენებარე) მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანების/კომუნალური სერვისების მიწოდების მოთხოვნით მიმართეს სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლას, კერძოდ, მათ მოთხოვნას წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა.
სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლამ განმცხადებელთა მოთხოვნა რეაგირებისათვის გადააგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და ასევე აცნობა, რომ სკოლა არ იყო წინააღმდეგი სკოლის (მშენებარე კორპუსის) შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოსაზრებების წარდგენის მიზნით, ინფორმაცია გააგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 სექტემბრის №01-0---------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი ქ. თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრებ დევნილთა სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების გაზიფიცირებასთან დაკავშირებით.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, 2016 წლის 22 სექტემბრის №5------ წერილის პასუხად, ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის №1------ წერილის, ასევე, არსებული ვითარებისა და საჯარო სკოლის ინტერსების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სამინისტროს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სსიპ ქალაქ თბილისის №-- საშუალო სკოლის შენობაში (მშენებარე კორპუსში) მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანება. ამასთან, ამავე წერილით სააგენტოს განემარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთხელ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრებ პირთა ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის 2016 წლის 29 ივნისის MES 1 16 0--97642 წერილი (ს.ფ. 14);
- სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის 2016 წლის 2 სექტემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 13);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №5------ წერილი (ს.ფ. 145);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 სექტემბრის №01-0---------- წერილი (ს.ფ. 144);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 23 სექტემბრის №01-0---------- წერილი (ს.ფ. 146);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის 7 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 147-148);
3.4. ირ---–----------ამ და სხვებმა 2017 წლის 31 მარტს მიმართეს ნაძალადევის რაიონის გამგეობას და მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შუამდგომლობა, საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ქ. თბილისში, ქ--------–-ს ქ. №--ში მდებარე შენობაში, გაუსაძლისი მდგომარეობაში ცხოვრობდა 18 იძულებით გადაადგილებული და 16 სოციალურად დაუცველი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 აპრილის №----------- წერილით 2017 წლის 31 მარტის განცხადება განსახილველად გადაიგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირ---–----------ას და სხვების 2017 წლის 31 მარტის განცხადება (ს.ფ. 150-152);
- ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 აპრილის №----------- წერილი (ს.ფ. 153);
3.5. ირ---–----------ამ 2017 წლის 18 აგვისტოს მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე, №01.12.11.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ შენობაში კომუნიკაციების მოწყობაზე თანხმობისა და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესაძლებლობის მიცემასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, შენობა, სადაც 45 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა, არ არის უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით და საკანალიზაციო სისტემით.
ირ---–----------ას 2017 წლის 18 აგვისტოს №7------- განცხადება, მასში დაფიქსირებულ საკითხზე მოსაზრებების წარდგენის მიზნით, 2017 წლის 21 აგვისტოს და 19 სექტემბერს გაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის და 2017 წლის 3 მარტის №-05 ბრძანებებით დამტკიცებული - ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 და 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობის პროექტირების სამუშაოები, რაც ვერ განხორციელა სკოლის შენობაში მცხოვრებ პირთა გამო. ამასთან, სამინისტროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც უნდა დაწყებულიყო ამ სკოლაში მცხოვრები დევნილებისა და თვითნებურად შეჭრილ პირთა განსახლებისთანავე, შესაბამისად, სამინისტროს მიუღებლად მიაჩნდა ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლდა ამ პროცესს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 26 ოქტომბრის №5/56003 წერილით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლად მიიჩნია ირ---–----------ას განცხადებაში მითითებული საკითხის განხილვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირ---–----------ას 2017 წლის 18 აგვისტოს №7------- განცხადება (ს.ფ. 155);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 აგვისტოს №5/43022 წერილი (ს.ფ. 156);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 სექტემბრის №5/47979 წერილი (ს.ფ. 156);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 159);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის №5/56003 წერილი (ს.ფ. 160);
3.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმეორებით მიმართა ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე, ქ. თბილისის №-- საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანებაზე მოსაზრების წარსადგენად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის №01-0---------- წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სამინისტროსთვის ცნობილი იყო ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე, ქ. თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილი და არადევნილი მოსახლეობის პრობლემების შესახებ. ამასთან, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ისინი განსახლდნენ თვითნებურად, სამინისტროს ნებართვისა და დევნილთა განსახლების შესახებ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უწყება მოკლებული იყო შესაძლებლობას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში მათ დახმარებაზე.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №------- წერილით კ----------------ს და ირ---–----------ას ეცნობათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილის გათვალისწინებით, ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში (ს/კ 01.12.11.0--.0--) მდებარე უძრავი ქონების ელექტროენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული თანხმობის გაცემა სააგენტოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ნოემბრის №------- წერილი (ს.ფ. 161);
- ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2017 წლის 5 დეკემბრის №3------------- წერილი (ს.ფ. 162);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 დეკემბრის №------- წერილი (ს.ფ. 163);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 14 დეკემბრის №01-0---------- წერილი (ს.ფ. 164);
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №------- წერილი (ს.ფ. 165);
3.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2018 წლის 24 იანვარს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე, სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ალტერნატიული ფართების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე №-- საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის და გვერდითი ფლიგელის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის. აღნიშნული ნაგებობები იმყოფება რთულ დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობაში და მათი „სრულ, საიმედო დონემდე“ აღდგენისათვის აუცილებელია ყველა მზიდი კონსტრუქციის მოქმედ, მათ შორის, სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც პრაქტიკაში არსებული და მიღებული მეთოდებით, შენობის ფაქტიური დაზიანებებისა და მასშტაბებიდან გამომდინარე არარენტაბელურია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 24 იანვრის M---------------- წერილის თანახმად, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სკოლის ინფრასტრუქტურის არსებობა, საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა და რაც მთავარია, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა, რასაც სკოლა არსებულ პირობებში ვერ უზრუნველყოფდა.
ამავე წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეთხოვა პრიორიტეტულად განხილვა და შსსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობაში მცხოვრები პირების ემჭიდროვებულ ვადებში ალტერნატიულ ფართებში გადაყვანა, რათა, შენობების მდგომარეობისა და იქ არსებული ვითარების გათვალისწინებით, თავიდან ყოფილიყო აცილებული არასასურველი შედეგები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 24 იანვრის M---------------- წერილი (ს.ფ. 51-52);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აპრილის №0--7----- დასკვნა (ს.ფ. 373-380);
3.8. საქართველოს განათლების და მეცნიერების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 24 იანვრის M---------------- წერილის პასუხად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან ეცნობა, მიუხედავად იმისა, რომ დევნილ ოჯახებს ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე შენობა-ნაგებობებში საცხოვრებელი ფართები დაკავებული ჰქონდათ თვითნებურად, სამინისტრო გამოთქვამდა მზადყოფნას, პ„კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი/ბინის შესყიდვის’’ პროგრამის ფარგლებში განეხილა ყველა იმ დევნილი ოჯახის განაცხადი, ვისაც შევსებული აქვს შესაბამისი განაცხადი და ასევე, მათ მიერ შევსებულ განაცხადებს კრიტერიუმში „სახელმწიფო ან/და თვითმმართველობისათვის მნიშვნელოვანი ობიექტები“ დამატებით მიანიჭებდა 3 (სამი) ქულას.
ამავე წერილის თანახმად, ი-----–-------–-----ა, მ--------–---, ოთარ ბუთბაია, ნ-----–-----------–---–ი, მარიტა არაჩემია საცხოვრებელი ფართებით არ დაკმაყოფილებულან. ამასთან, რ--------------ას დაბადების და საცხოვრებელ ადგილად სამოქალაქო რეესტრის მიხედვით დაფიქსირებულია ს-------, ს------–------, იგი არ ფიქსირდება დევნილთა ბაზაში, როგორც დევნილი და არ დაკმაყოფილებულა საცხოვრებელი ფართით; დ--------------ს სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 8 თებერვლის №01-0--------- წერილი, დანართით (ს.ფ. 366-370);
3.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული საანკეტო მონაცემებით დგინდება, რომ ი-----–-------–-----ამ 2013 წლის 19 ნოემბერს გააკეთა №-4 განაცხადი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იგი დამისამართებულია ქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. №-0ა. წინასწარი მონაცემებით ი-----–-------–-----ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 1,5 ქულით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული საანკეტო მონაცემებით დგინდება, რომ ჟ-------------ამ 2013 წლის 13 ნოემბერს გააკეთა განაცხადი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იგი დამისამართებულია ქ. ზ---------, ს. რ----. წინასწარი მონაცემებით ჟ-------------ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 4,5 ქულით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში არსებული საანკეტო მონაცემებით დგინდება, რომ ნ-----–-----------–---–მა 2015 წლის 5 მაისს გააკეთა განაცხადი დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იგი დამისამართებულია ქ. კ--–-----, ვ----------- ქ. №6, „კ------ა“. წინასწარი მონაცემებით ჟ-------------ას ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5,5 ქულით. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 28 აპრილის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №40), ნ-----–-----------–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, საფუძვლით: „ამ ეტაპზე არ საჭიროებს განსახლებას (1.5 ქულა დააკლდა შემოსავლის მაჩვენებელში)“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-----–-------–-----ას 2013 წლის 19 ნოემბრის განაცხადი თანდართული დოკუმენტებით, მისი შეფასების ელექტრონული ფორმები (ს.ფ. 233-258);
- ჟ-------------ას 2013 წლის 13 ნოემბრის განაცხადი თანდართული დოკუმენტებით, მისი შეფასების ელექტრონული ფორმები (ს.ფ. 259-287);
- ნ-----–-----------–---–ის 2015 წლის 5 მაისის განაცხადი თანდართული დოკუმენტებით, მისი შეფასების ელექტრონული ფორმები (ს.ფ. 295-344);
- ამონარიდი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 28 აპრილის №40 სხდომის ოქმიდან (ს.ფ. 288-294);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. კერძოდ, კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ეს ქონება.
მითითებული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ჰ6) დაინტერესებული პირების მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს, როგორც თანამესაკუთრის, მიერ თანხმობის გაცემას; ჰ7) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებია, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ როგორც დევნილ, ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც თვითნებურად, მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაკავებული აქვთ ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში (ქ--------–-ს ქ. №--ში) მდებარე შენობა. საქმეში არსებული მასალების თანახმად, მითითებული ობიექტის მესაკუთრე არის სახელმწიფო, რომელსაც მხარის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ სხვა შენობებთან ერთად სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლისთვის. ამასთან, სადავო ობიექტი რეესტრში რეგისტრირებულია მშენებარე ობიექტის სტატუსით და ის არ არის კომუნალური სერვისით უზრუნველყოფილი. აღნიშნულ გარემოებებს მხარეები არ ხდიან სადავოდ და თავად ადასტურებენ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა დაწესებულებას, მათ შორის, შენობის კანონიერ მოსარგებლეს, უძრავი ქონების მესაკუთრეს, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს, მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანების მოთხოვნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლიდან მოიძია მათი მოსაზრებები და გადაწყვეტილება დააფუძნა მოძიებულ ინფორმაციაზე/მოსაზრებებზე. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა რა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილი, განმცხადებლებს უარი უთხრა ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში (ს/კ 01.12.11.0--.0--) მდებარე უძრავი ქონების ელექტროენერგიით, წყლით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიზნით თანხმობის გაცემაზე, მიზანშეუწონლობის საფუძვლით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 18 ოქტომბრის M---------------- წერილზე, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 2 თებერვლის და 2017 წლის 3 მარტის №-05 ბრძანებებით დამტკიცებული - ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 და 2017 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული იყო ახალი, 800 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სსიპ ქალაქ თბილისის №-- საჯარო სკოლის შენობის პროექტირების სამუშაოები, რაც ვერ განხორციელდა სკოლის შენობაში მცხოვრებ პირთა გამო. ამასთან, სამინისტროს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო ახალი სკოლის მშენებლობა, რომელიც უნდა დაწყებულიყო ამ სკოლაში მცხოვრები დევნილებისა და თვითნებურად შეჭრილ პირთა განსახლებისთანავე, შესაბამისად, სამინისტროს მიუღებლად მიაჩნდა ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლიდა ამ პროცესს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ, მათ შორის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო მოიხმობს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან), რომლის პრეამბულის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობის და მშვიდობის საფუძველია; აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან; აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად, შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი თავისუფალი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ისეთი პირობები, სადაც ყველას შეეძლება თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა; ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიხედვით სახელმწიფოების ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას.
მითითებული საერთაშორისო პაქტის მიხედვით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ხალხის კეთილდღეობაზე, სოციალური დაცვის გაძლიერებაზე. პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. ხოლო მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი, კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრობლობის დიდ მნიშვნელობას.
სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.
ამდენად, კონსტიტუციის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა ამ უფლებათა დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც რომ უზრუნველყოს. სხვანაირად, აზრი ეკარგება სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოს მოქმედებანი ამ მიმართულებით სტაბილურ, ევოლუციურ ხასიათს უნდა ატარებდეს და დადებითი დინამიკით გამოირჩეოდეს“ (ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინაძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/126,129,158, 18 აპრილი, 2002 წელი).
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მოკლებულნი არიან თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობას და მათი სოციალური მდგომარეობა ძირითადად სახელმწიფო უზრუნველყოფაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ პირთა მიმართ სახელმწიფოს გააჩნია მეტი პასუხისმგებლობა კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპის დასაცავად და საზოგადოებაში/სახელმწიფოში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, როგორც საკასაციო სასამართლომ 2014 წლის 30 ოქტომბრის №ბს308-304 (2კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერსების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში.“
განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეები, რომელთა ნაწილი სარგებლობს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსით, თვითნებურად არიან შეჭრილები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ისეთ ობიექტში, რომელიც არ არის აღჭურვილი კომუნალური სისტემით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ალტერნატიული ფართის ქონის შემთხვევაში, მოქალაქეები არ დაიკავებდნენ ასეთ ფართს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ კონკრეტულ პირთა მიმართ სახელმწიფომ არ განახორციელა ნაკისრი ვალდებულებები მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ თვითნებურად დაეკავებინათ ისეთი მშენებარე ობიექტი, სადაც არ არის არანაირი კომუნალური მომსახურება/სერვისი. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის შინაარსზე და აღნიშნავს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, არამედ დაკავებული საცხოვრებელი ფართების გამრიცხველიანება, რითაც რეალურად გაუმჯობესდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლითაც დროებით სარგებლობს მხარე. ამასთან, კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობით, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლება სათანადო საცხოვრებელზე, რომელიც ცხოვრების სათანადო დონეზე ხელმისაწვდომობის უფლებით არის აღიარებული.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის აპელირებას მოქალაქეების მიერ მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ, მართალია, მოსარჩელეებმა სადავო ობიექტი დაიკავეს თვითნებურად, თუმცა მათი სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა წარმოადგენდა სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც არ განხორციელდა. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილ პირთა უფლებები და „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდება მის წინაშე არსებული ვალდებულებისაგან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე უზრუნველყოს ის სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების ნაწილს რამდენიმე წლის მანძილზე უშედეგოდ აქვს მიმართული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება უზრუნველყოს ის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით, მათ შორის, კომუნალური მომსახურებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო, რომელიც, ერთის მხრივ, წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს, და მეორეს მხრივ, ვალდებულია ამ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფაზე, არც საკუთრების უფლებით სარგებლობს, არ ითხოვს მათ მიერ შენობის გათავისუფლებას და არც ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს. შესაბამისად, თავისი უმოქმედობით ხელს უწყობს მოსარჩელეებს გააგრძელონ ცხოვრება თვითნებურად დაკავებულ ფართში, თუმცა ამავე დროს არ ეხმარება მათ შედარებით უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაში. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, უშუალოდ განსახორციელებელი სამუშაოებით, რასაც ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თანხმობის გაცემის შემთხვევაში, რა ზიანი შეიძლება მიადგეს შენობას ან იქ მცხოვრებ პირებს.
რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 8 აპრილის №0--7----- დასკვნაზე, მითითებული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ღ------------ის ქ. №---ში მდებარე №-- საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის და გვერდითი ფლიგელის ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მათი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის. ამასთან, აღნიშნული ნაგებობები იმყოფება დეფორმირებულ მდგომარეობაში და მათი „სრულ, საიმედო დონემდე“ აღდგენისათვის აუცილებელია ყველა მზიდი კონსტრუქციის მოქმედ, მათ შორის, სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, პრაქტიკაში არსებული და მიღებული მეთოდებით, შენობის ფაქტიური დაზიანებებისა და მასშტაბებიდან გამომდინარე არარენტაბელურია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე“, რომლის 52-ე მუხლი მესაკუთრეს აკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამასთან, თუ მესაკუთრისათვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრეს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ განახორციელებს ამ შენიშვნით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში მესაკუთრეს, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს, აკისრია ვალდებულება საკუთრებაში არსებული ობიექტის ფიზიკური მდგომარეობით არ შეუქმნას საფრთხე მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო გასცემს თუ არა თანხმობას მოთხოვნილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ვინაიდან მისთვის ცნობილია მოსარჩელეთა ავარიულ მდგომარეობაში არსებულ მის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი, მას, როგორც ობიექტის მესაკუთრეს, ეკისრება ვალდებულება მიმართოს ყველა ღონისძიებას ყოველგვარი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
სასამართლოს დასკვნით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სადავოდ გამხდარი თანხმობის გაცემის პირობებში ექნება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რაიმე არასასურველი შემთხვევის დადგომის შემთხვევაში.
რაც შეეხება მესამე პირის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო, ერთის მხრივ, არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას იმ პირთა წინაშე, ვისაც სოციალური მდგომარეობის გამო მისი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება და, მეორეს მხრივ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახით აპელირებს სხვა პირთათვის ისეთი სოციალური გარანტიის შექმნაზე, როგორიცაა განათლების უფლება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამინისტროს მოსაზრება სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გამო მოსარჩელეებისათვის მინიმალურ დონეზე მაინც, უკეთესი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაზე უარის თქმა, არის დაუსაბუთებელი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, რომელიც თავის უფლებამოსილებას, მათ შორის, ნაკისრ ვალდებულებებს მოქალაქეების სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ახორცილებს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პრეროგატივაა მის კომპეტენციაში შემავალი საკითხი გადაწყვიტოს არა მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით, არამედ მან უნდა იხელმძღვანელოს მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც. მიზანშეწონილობა კი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, საჯარო და კერზო ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გადაწყვიტოს სადავო საკითხი და განახორციელოს შესაბამისი მმართველობითი ღონისძიება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარი თანხმობის გაცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს გასცეს თანხმობა ქ. თბილისში, ქ--------–-ს ქ. №---ში (ღ------------ის ქ. №---ში) მცხოვრებ მოსახლეობაზე (მოსარჩელეებზე) კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“, ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჟ-------------ას, ირ---–----------ას და სხვების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გასცეს თანხმობა ქ. თბილისში, ქ--------–-ს ქ. №---ში მცხოვრებ მოსახლეობაზე (მოსარჩელეებზე) კომუნალური სერვისების მიწოდების თაობაზე.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი