გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1713-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე - შ-----------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ-----------ე
მოპასუხე - შ------------ XXI''
მოპასუხის წარმომადგენელი- მ----–----–--ა
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული N180416694 სააღსრულებო ფურცელი.
1.2. გაუქმდეს 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–-----------------------–-------------------–--------------------------------------, საჯარო რეესტრში 2015 წლის 01 ოქტომბერს რეგისტრირებული იპოთეკა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 25 სექტემბერს შ-----------ეს და შ------------ XXI''-ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შ-----------ემ პრისეილერ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, ხელშეკრულების მიხედვით, შ-----------ეს ეკისრებოდა ვალდებულება შეესრულებინა დისტრიბუტორის მოვალეობები, კერძოდ, მისთვის გადაცემული საქონელი მიეწოდებინა შემკვეთისათვის მაღაზიაში და მყიდველის მიერ მისთვის გადაცემული საქონლის ღირებულება შეეტანა დამსაქმებლის ანგარიშზე, მას ასევე უფლება ჰქონდა საქონელი მყიდველისათვის მიეწოდებინა ე.წ. კონსიგნაციის წესით. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი ქობულეთი, სოფელი ზედა სამება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 1300 კვ.მ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ შ-----------ე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შ------------ XXI''-ში და ამ პერიოდის განმავლობაში იგი ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი მას შეპირდა რომ გააუქმებდა ნოტარიუსთან გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებას, თუმცა როგორც მოგვიანებით მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, მისი კომპანიაში მუშაობის პერიოდში კომპანიებს-შპს ,,ფ------------ს'' და შპს ,,ბ------ა''-ს დაგროვილი ჰქონდათ დავალიანება. 2018 წლის 03 აპრილს შ-----------ეს და მისი ოჯახის წევრებს სააღსრულებო ბიუროდან ჩაბარდათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ნოტარიუს ნ------------ის მიერ 18.04.2018 წელს გაცემული #180416694 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება, კრედიტორის მოთხოვნას წარმოადგენს შ-----------ისათვის 5836.91 ლარის დაკისრება, საიდანაც 5696.39 ლარი არის შესასრულებელი ვალდებულება, ხოლო 140.52 ლარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფასური, ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ შ-----------ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2017 წლის 31 აგვისტოს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავალიანების მისთვის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-----------ის მოთხოვნას წარმოადგენს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული N180416694 სააღსრულებო ფურცელი.
2. გაუქმდეს 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–-----------------------–-------------------–--------------------------------------, საჯარო რეესტრში 2015 წლის 01 ოქტომბერს რეგისტრირებული იპოთეკა.
2. მოპასუხის პოზიცია
შ------------ XXI''-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ-----------ეს დისტრიბუტორის მოვალეობის გარდა ეკისრებოდა მატერიალური პასუხისმგებლობა საქონლის რეალიზაციაზე, დებიტორული დავალიანების მოცულობის კონტროლზე და კლიენტებთან მოსალოდნელი ზარალის საფრთხის თავიდან აცილებასა და დროულად ჩარევის მიზნით აღნიშნულის აღმოფხვრაზე. იგი ვალდებული იყო გაეკონტროლებინა ობიექტზე მისი წილი გაყიდვები და მოსალოდნელი დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში მიეღო მკაცრი ზომები, რომლითაც შეძლებდა ზარალის თავიდან აცილებას. დისტრიბუტორი ვალდებული იყო ეკონტროლებინა დებიტორები, მოპასუხემ გამოიჩინა კეთილი ნება და შეეცადა საკუთარი ძალებით დახმარებოდა შ-----------ეს დებიტორული დავალიანების ნაწილობრივ ამოღებაში, შ-----------ეს კომპანიის წინაშე კვლავ რჩება დავალიანება 5696.39 ლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით, შ-----------ე წერილობით გაფრთხილებული იქნა ვალის არსებობის შესახებ, მიუხედავად ამისა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 01 აგვისტოს შ-----------ეს და შ------------ XXI''-ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შ-----------ე შ------------ XXI''-ში დაინიშნა დისტრიბუტორის პოზიციაზე 2016 წლის 01 აგვისტომდე, ხოლო 2016 წლის 03 იანვრის შეთანხმებით, აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-01.08.2015 წელს გაფორმებული შრომის ხელშეკრულება, 03.01.2016 წ. შეთანხმება
3.1.2. შ-----------ე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას კომპანიებთან პროდუქციის მიწოდების შესახებ ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებების გაფორმების გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები
3.1.3. 2015 წლის 25 სექტემბერს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული სანოტარო აქტის თანახმად, შ-----------ემ შრომითი ხელშეკრულებით (გაფორმებული 01.08.2015 წელს #01082015) გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სხვა მესაკუთრეებთან ერთად იპოთეკით დატვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ------–-----------------------–-------------------–--------------------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ------------ის მიერ 25.09.2015 წელს გაცემული სანოტარო აქტი #151065697
3.1.4. 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აუქციონის წესით უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნოტარიუს ნ------------ის მიერ 18.04.2018 წელს გაცემული სანოტარო აქტი #180416694
3.1.5. თბილისის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორ-აღმასრულებლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე შ-----------ეს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადასახდელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.04.2018 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, მუხლები;
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე , მე-40 მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული შრომის და 2015 წლის 25 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად, შ-----------ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სხვა მესაკუთრეებთან ერთად იპოთეკით დატვირთა მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ------–-----------------------–-------------------–--------------------------------------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად აუქციონის წესით უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზე განმცხადებელი მოითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსის უფლებამოსილებათა სფერო არ მოიცავს კრედიტორის მიერ წარდგენილი მოთხოვნის ოდენობის შემოწმების ვალდებულებას, რაც ბუნებრივია არ გამორიცხავს დავას ამ საკითხთან დაკავშირებით და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის განხორციელებას სასამართლო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული N180416694 სააღსრულებო ფურცელი, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს შ------------ XXI''-ს მიმართ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია, რაც შესაძლებელია გამხდარიყო ნოტარიუსის მხრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
აღნიშნული დავის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და რამდენად გააჩნდა შ-----------ეს დავალიანება კომპანიის მიმართ.
მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების თანახმად, შ-----------ე შ------------ XXI''-ში დასაქმდა დისტრიბუტორის პოზიციაზე, მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა სამუშაოს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, შრომის დისციპლინის შესრულება, თანამდებობრივი ინსტრუქციის დაცვა, საქონლის დანაკლისის ან დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში დამსაქმებელზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე მხარის განმარტებით, შ-----------ის ვალდებულებას ასევე წარმოადგენდა ,,ნისიად'' რეალიზებული პროდუქციის თანხის ამოღება, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული, იგი ისე წავიდა სამსახურიდან რომ აღნიშნული თანხები არც კომპანიებისაგან ამოუღია და არც თვითონ დაუფარია დავალიანება.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის ბათილობის და რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ვალდებულების არ არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ თავის მხრივ, უნდა დაადასტუროს, რომ შ-----------ეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ------------ XXI''-ს მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნია დავალიანება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------------ XXI''-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ შ-----------ის ვალდებულებას წარმოადგენდა სხვადასხვა კომპანიების დავალიანებების ამოღება, ვინაიდან აღნიშნულ მოვალეობას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, მოპასუხე ასეთ ვალდებულებაში მოიაზრებს ხელშეკრულების 5.2 მუხლის ,,გ'' ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას, ფასეულობებს, ღირსებას, პატივს, საქმიან რეპუტაციას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს შ-----------ის ვალდებულებად ამოიღოს კომპანიებიდან შ------------ XXI''-ს მიმართ შესასრულებელი დავალიანებები, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელე კომპანიებს პროდუქციას აწვდიდა სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით, შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო საქონელის ადრესატებისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა მათი მხრიდან სანაცვლო ანაზღაურების მიღებაზე პრეტენზია შ-----------ის მუშაობის პერიოდში არ გამოხატულა, რაც ცხადყოფს, რომ შ------------ XXI''-ს ხელმძღვანელებისათვის მისაღები იყო პროდუქციის მიწოდება შემდგომში გადახდის პირობით. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სოსო წითელაძემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში შ------------ XXI''-ში მუშაობდა შ-----------ესთან ერთად და დისტრიბუტორების საქმიანობაზე ახორციელებდა ზედამხედველობას, მოწმის განმარტებით, შ-----------ის უფლება-მოვალეობებში გარდა დისტრიბუტორის ფუნქცია-მოვალეობისა, შედიოდა მეწარმეებისაგან ,,ნისიად'' დატოვებული საქონლის ღირებულების ამოღება, აღნიშნულში მას თავადაც ეხმარებოდა, მოწმის ჩვენებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ შ-----------ეს დავალიანება გააჩნდა სხვადასხვა კომპანიების მიმართ, რის გამოც ხშირად უთითებდა ამოეღო აღნიშნული თანხები, რაც მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის ფუნქციებში შედიოდა ყოველდღიურად ნავაჭრი საქონელის ნაშთის შემოწმება და მისი აღრიცხვა ჟურნალში, შესაბამისად, მას ჰქონდა ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი დისტრიბუტორების ნავაჭრის შესახებ, მიუხედავად ამისა, მას მოსარჩელისათვის შენიშვნა არ გამოუცხადებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომშ------------ XXI''-ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შ-----------ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხე მხარეს მიადგა ზიანი, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ გააჩნდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სააღსურლებო ფურცლის ბათილად ცნობის და რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შ------------ XXI''-ს შ-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 176 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით შ-----------ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე,249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შ-----------ის სარჩელი მოპასუხე შ------------ XXI''-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის და უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს 2015 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ------–-----------------------–-------------------–--------------------------------------, საჯარო რეესტრში 2015 წლის 01 ოქტომბერს რეგისტრირებული იპოთეკა. 3. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 18 აპრილს ნოტარიუს ნ------------ის მიერ გაცემული N180416694 სააღსრულებო ფურცელი. 4. მოპასუხე შ------------ XXI''-ს შ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 176 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი