გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2019
საქმის ნომერი
611210019003191523
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210019003191523

N2/475-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.11.2019 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი ნათია მიქელაძე

მოსარჩელე - ბ--–------ მ--------

მოსარჩელის წარმომადგენელი - ე-–--- ლ---------

მოპასუხე - გ-–-- ს-------ი

არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მამუკა შუბითიძე

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბ--–------ მ-------- ითხოვს გ-–-- ს-------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, ასევე მისთვის ალიმენტის დაკისრებას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ბ--–------ მ-------- და გ-–-- ს-------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2016 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 27 ნოემბრამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული ლ---- ს-------ა. გ-–-- ს-------მა განქორწინების შემდეგ შეწყვიტა შვილთან ურთიერთობა. მოსარჩელეს დამოუკიდებლად ბავშვის აღზრდა უჭირს, რაშიც ეხმარებიან მშობლები. მისი დედა მუშაობს და დროებით ცხოვრობს ბაქოში, მას დედის და სხვა ნათესავების მოსანახულებლად ხშირად უწევს საზღვრის კვეთა. ის ბავშვს მეთვალყურეობის გარეშე ვერ ტოვებს და უნდა, რომ თან ჰყავდეს საქართველოდან გასვლის შემთხვევაში, რისთვისაც ბავშვს ესაჭიროება საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ბ. მ--------მ რამდენჯერმა სთხოვა მოპასუხეს თანხმობის გაცემა პასპორტის ასაღებად, მაგრამ იგი პრინციპულად ეუბნება უარს. გ-–-- ს-------ს აქვს კარგი ფინანსური შესაძლებლობა. ის დაკავებულია მცირე ბიზნესით, ვაჭრობს მარნეულის ბაზარში, ასევე ეწევა სოფლის მეურნეობას, აქვს საკმაოდ კარგი შემოსავალი, ჰყავს ავტომანქანა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გ-–-- ს-------ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა იმგვარად, რომ ბ--–------ მ--------ს მიეცეს მისი თანხმობის გარეშე ბავშვისათვის პასპორტის აღებისა და მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის უფლება წლის განმავლობაში სამი თვის ვადით, ასევე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ კოლეჯში და სურს ბაღის აღმზრდელი გახდეს. ამჟამად არ მუშაობს, მას არჩენს მამა, რომელიც ხელოსანია. მოპასუხე მათი თანაცხოვრების პერიოდში მუშაობდა ბაზარში, ჰყიდიდა სპორტულ ფეხსაცმელს, ასევე ასწავლიდა ავტომანქანის ტარებას. მოპასუხის სახელზე ავტომანქანა რეგისტრირებული არ არის, თუმცა ოჯახში სამი მსუბუქი ავტომანქანა ჰყავთ, ერთით სარგებლობს მოპასუხე, მეორეთი - მისი მამა, ხოლო მესამეთი - ძმა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გ-–-- ს-------მა სასამართლოში წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე არ მიუთითებია (დამატებით ფაქტობრივ გარემოებასთან, რომ მოსარჩელე განსაკუთრებით აგრესიულად იქცევა ბავშვთან მიმართებაში, დაკავშირებით მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ამგვარი რამ მას არ უთქვამს იმ პირისთვის, ვინც შესაგებელი შეუდგინა).

 

სასამართლო სხდომაზე გ-–-- ს-------მა წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, კერძოდ, თავდაპირველად ის აცხადებდა, რომ არ მუშაობს და ხელფასი არ აქვს, შემდეგ განმარტა, რომ ისიც და მისი მამაც მუშაობენ; ადრე, ნახევარი წლის წინ მუშაობდა, ამჟამად წითელ ხიდზე დადის სამუშაოდ, მუშად; ზაფხულში ბევრი სამუშაო აქვთ (იგულისხმება მანქანის შეკეთება), ზამთარში სამუშაო ჭირს. ოჯახს თვეში 400-600 ლარის ხარჯი აქვს.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ალიმენტს გადაიხდის იმის მიხედვით, რისი შესაძლებლობაც ექნება, მაქსიმუმ 50-60 ლარს, ხოლო ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე უარს აცხადებს, ვინაიდან ის და მოსარჩელე ერთსა და იმავე სოფელში ცხოვრობენ და ბავშვს ხედავს-ხოლმე, თუმცა ურთიერთობა არ აქვთ. საქართველოში მან იცის, ბავშვის როგორ არის, ხოლო თუ წავლენ, არ ეცოდინება.

 

2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

არასრულწლოვანების წარმომადგენელმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარნეულის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მამუკა შუბითიძე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვნის პასპორტის აღებასთან და მის საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე დაეთანხმა და განმარტა, რომ მცირეწლოვანი ლ---- ს-------ა ცხოვრობს დედასთან, სადაც საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია და ბავშვის უფლებები დაცულია. ამასთან, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ნათესავების მონახულების მიზნით სურს დროებით გადაკვეთოს საზღვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მას მიაჩნია, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს სამგზავრო დოკუმენტი და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დაბრუნდეს უკან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ბ--–------ მ-------- და გ-–-- ს-------ი 2016 წლის 11 აპრილიდან 2017 წლის 27 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 16 ივლისს დაბადებული ლ---- ს-------ა. მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 40; 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:50:33-16:55:50 სთ; 16:56:00-16:56:42 სთ);

- ქორწინების და განქორწინების მოწმობები (ს. ფ. 23, 24);

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 22).

 

3.1.2. დაშორების შემდეგ ბ--–------ მ-------- არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისი მშობლების ოჯახში. ის არ მუშაობს, ამჟამად სწავლობს საზოგადოებრივ კოლეჯში.

მტკიცებულებები:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:50:33-16:55:50 სთ.; 16:56:00-16:56:42 სთ.);

- ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმები (ს. ფ. 49-61).

 

3.1.3. გ-–-- ს-------ს არ აქვს ურთიერთობა შვილთან და ყოფილ მეუღლესთან, არ იღებს მონაწილეობას ბავშვის რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მას მატრიალურად.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:50:33-16:55:50 სთ.; 16:56:00-16:56:42 სთ.).

 

3.1.4. ბ--–------ მ--------ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰყავს ახლო ნათესავები.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:50:33-16:55:50 სთ.).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გ-–-- ს-------ს აქვს შემოსავალი, კერძოდ, ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმის თანახმად, მის მამას გასან ს-------ს, მათივე განმარტებით, აქვს სახელოსნო და მისი შემოსავალი არის თვეში 600 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემაც მიუთითა და მოპასუხემ დაადასტურა სახელოსნოს არსებობა და რომ თავადაც მუშაობს იქ. გარდა ამისა, მოპასუხის მამის გადმოცემის თანახმად, მათ აღებული აქვთ კრედიტი 12000 ლარი და ყოველთივურად იხდიან 510 ლარს. ამ ოდენობის სესხის აღება ასევე მეტყველებს მათ შემოსავალსა და გადახდისუნარიანობაზე. ამასთან, მოპასუხე, მისივე განმარტების თანახმად, პერიოდულად მუშაობს წითელ ხიდზეც.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4, 2019 წლის 7 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:50:33-16:55:31 სთ.; 16:56:00-16:56:42 სთ);

- ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმა (ს. ფ. 55-61).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--–------ მ--------ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-199-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ბ--–------ მ--------ს სარჩელი გ-–-- ს-------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 ლარის დაკისრებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე სწავლობს, არ აქვს შემოსავალი და შვილთან ერთად იმყოფება მშობლების კმაყოფაზე, რომელთაც თავადაც უჭირთ მატერიალურად, ხოლო მოპასუხე დასაქმებულია მისი მამის ავტოსახელოსნოში, აქვთ ავტომანქანები, ასევე მუშაობს წითელ ხიდზე, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2016 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ლ---- ს-------ას რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 200 ლარის ოდენობით ალიმენტი, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. მ--------ს მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია.

საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.

სასამარლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულით აღიარებულ ბავშვის სპეციალური დაცვისა და ზრუნვის საჭიროებაზე, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.

ანალოგიური სულისკვეთებითაა განმსჭვალული საქართველოს სამოქალაქო კოდექსშის შესაბამისი დებულებები, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, როგორც უკვე აღინიშნა, პირდაპირ მიუთითებს შვილების მიმართ მშობლებს თანაბარ უფლება-მოვალეობებზე. აღიარებულია პრინციპი, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. თუმცა ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგომარეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.

ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

მოცემულ შემთხვევაში, ბ. მ-------- ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვს პასპორტი და წაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემოიყვანოს საქართველოში მამის თანხმობის გარეშე, წლის განმავლობაში სამი თვით.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, 16 წლამდე არასრუწლოვნის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, ბავშვისათვის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის გაცემაზე უარს აცხადებდა მათი მამა. უარის თქმის საფუძვლად ის უთითებს, რომ თუ ბავშვი საქართველოში არ იქნება, ის ვერ გაიგებს, თუ როგორ არის.

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრულწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის საქართველოს მოქალაქე, ამასთან, ცხოვრობს საქართველოში. ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ მას პასპორტი არ აქვს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბ. მ-------- პერიოდულად მისი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რაც უკავშირდება მისი დედისა და ნათესავების მონახულებას.

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვის ინტერესებს შეესაბამება არ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება (რაც საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა), არამედ ასევე დასვენება, განვითარება, სხვა ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა, ნათესავებთან ურთიერთობა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მათივე სხვა, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც შეიძლება იყოს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ს-------ა მუდმივად იმყოფება დედის მზრუნველობაში და ზედამხედველობის ქვეშ. ასევე უდავოა, რომ მოპასუხეს მეუღლესთან დაშორების შემდეგ შვილთან არავითარი კონტაქტი არ აქვს, როგორც ირკვევა, მას ამის სურვილი არც გამოუთქვამს.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი ინტენსივობით ჰქონდა მოცემულ პერიოდამდე ურთიერთობა გ. ს-------ს შვილთან, კანონმდებლობა, და შესაბამისად, სასამართლოც, აღიარებს მამის უფლებას ჰქონდეს სისტემატური კავშირი თავის შვილებთან, მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში, თავისი წვლილი შეიტანოს მათ სრულყოფილ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, თუმცა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდი შეზღუდული იქნება სამი თვით წლის განმავლობაში. შესაბამისად, ეს ხელს ვერ შეუშლის გ. ს-------ს შვილთან ურთიერთობაში. ხოლო ბავშვის მიმართ დედის არასათანადო მოპყრობის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება და ამაზე არც მოპასუხე მიუთითებს.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი იძულებით აღსრულება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის. გარდა ამისა, ბავშვთან დაკავშირებული უფლებების რეალიზებისათვის გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ მოსარჩელის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ვადა გადააჭარბებს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--–------ მ--------ს ეს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გ-–-- ს-------ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ლ---- ს-------ას მიმართ საქართველოს პასპორტის აღებისა და მამის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში ბ--–------ მ--------ს სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე გ-–-- ს-------ს ბ--–------ მ--------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. შესაბამისად, მისი ამ მოთხოვნის ფასი შეადგენდა (130+130+130X12) 3000 ლარს, რომლის 3%-ია 90 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს (90/2=45 ლარს). შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის უნდა განსაზღვრულიყო მისი მინიმალური ოდენობით- 50 ლარით. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 200 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის პოროპორციულად - 40 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ--–------ მ--------ს სარჩელი გ-–-- ს-------ის მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის და ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ-–-- ს-------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება 2016 წლის 10 ნოემბერს დაბადებულ ლ---- ს-------ას მიმართ, იმგვარად, რომ ბ--–------ მ--------ს მიეცეს უფლება ლ---- ს-------ას (პნ 2----------) აუღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიყვანოს ის საქართველოს ფარგლებს გარეთ წლის განმავლობაში არაუმეტეს სამი თვის ვადით.

 

3. გ-–-- ს-------ს ბ--–------ მ--------ს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - 2016 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ლ---- ს-------ას რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 200 ლარის გადახდა, 2019 წლის 18 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

4. გ-–-- ს-------ს ბ--–------ მ--------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

5. გ-–-- ს-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი