გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/343-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი სოფიო ქავთარაძე
მოსარჩელე - მი------ ზა------
წარმომადგენელი ბ------ შე---–--ე
მოპასუხე - დ----- ძე----–---–ი
წარმომადგენელი - ც----- ცქ-----–---–ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. დ----- ძე----–---–ისათვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით 12000 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები:
2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით მოსარჩელე იყო ინდ.მეწარმე და ეწეოდა სხვადასხვა საქონლით ვაჭრობას ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------ში მდებარე დრაივ ჯიხურში. 2017 წლის 10 აპრილს 17 საათსა და 35 წთ-ზე მოპასუხე დ----- ძე----–---–მა, რომელიც მართავდა ფოლკსვაგენის მარკის ა/მანქანას სახ. ნომრით J------, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ, არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერს, გამოიწვია ავარია, შეეჯახა ვი----------------ის მართვის ქვეშ მყოფ „ლექსუსის’’ მარკის ა/მანქანას, რომელიც თავის მხრივ შეეჯახა მოსარჩელის ჯიხურს, დაამტვრია მისი სახურავი, ვიტრინები, ჯიხურში არსებული დანადგარები და სარეალიზაციო პროდუქცია, დ.ძე----–---–ის მიერ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 12000 ლარი, რაც დ----- ძე----–---–ს დაპირების მიუხედავად არ გადაუხდია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მისი განმარტებით, ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც დაზიანდა მხოლოდ და მხოლოდ ჯიხურის ფასადი. რის აღსადგენადაც მოსარჩელის შვილს არჩილ ზა------ს მოპასუხემ გადაუხადა 800 ლარი, რაც იმ კონკრეტულ მომენტისათვის იქნა მოთხოვნილი. მოსარჩელე მხარეს კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
მოპასუხემ, მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით დარჩენილი ნაწილის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოდ მიაჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2. 2017 წლის 10 აპრილს მოპასუხე დ----- ძე----–---–მა, რომელიც მართავდა ფოლკსვაგენის მარკის ა/მანქანას სახ. ნომრით J------, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, კერძოდ, არ დაემორჩილა შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერს, გამოიწვია შეჯახება ვი----------------ის მართვის ქვეშ მყოფ „ლექსუსის’’ მარკის ა/მანქანაზე, რომელიც ინერციით დაეჯახა ჯიხურს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა დ----- ძე----–---–ი, რომელსაც დაეკისრა ჯარიმის 250 ლარის გადახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, მის სარგებლობაში არსებულ ჯიხურში, დალაგებული იყო დაახლოებით 30000 ლარის პროდუქტი. დ----- ძე----–---–ის ბრალით გამოწვეული ავტოავარიის შედეგად, დაზიანდა ჯიხურის კარკასი, განადგურდა ვიტრინები, დაზიანდა და უვარგისი გახდა სარეალიზაციო საქონელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 ნაწილით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, დამოუკიდებლად განსაზღვროს მოთხოვნის სახე და ფარგლები. აღნიშნული პრინციპი სრულიად გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას ჩაერიოს მოსარჩელის მოთხოვნის საზღვრებში ან თავად განავითაროს სასარჩელო მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (სუსგ №ას-1023-2018 30/11/18 წ.).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ დ----- ძე----–---–ის ბრალით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, არ არის საკმარისი იმის მტკიცებისათვის, რომ მი------ ზა------ს აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიადგა 12000 ლარის ოდენობის ზიანი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად რომელი ნივთი დაზიანდა, ნამდვილად დაზიანდა თუ არა და რა ღირებულებისაა ეს ნივთები. მათი ღირებულების დასადასტურებლად არ არის სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი (ექსპერტის, აუდიტის, სპეციალისტის დასკვნა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მისთვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობას.
მოპასუხე დ----- ძე----–---–მა ცნო მოსარჩელის მოთხოვნა 800 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ნაწილში, კერძოდ, განმარტა, რომ შეჯახების შედეგად დაზიანდა მხოლოდ ჯიხურის ფასადი, რის აღსადგენადაც მოსარჩელის შვილს გადაუხადა 800 ლარი, თუმცა დ----- ძე----–---–ს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო სასამართლოში მოსარჩელისთვის 800 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოპასუხის ბრალეული ქმედებით მოსარჩელეს მიდგა ზიანი 800 ლარის ოდენობით, რომელიც მას მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი
- შესაგებელი
- მხარეთა-ახსნა განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო მას უნდა დაეკისროს 800 ლარის გადახდა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში რაც მოპასუხემ ცნო. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის სახით 11200 ლარის დაკისრების ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი,408-ე, 409-ე, 412-ე, 413-ე, 992-ე,- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ზიანის მიყენება - დელიქტი, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებულია ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე,ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
მოპასუხე დ----- ძე----–---–მა ნაწილობრივ ცნო მი------ ზა------ს სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, მოპასუხემ ცნო სარჩელი 800 ლარის ნაწილში, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ მან აღნიშნული თანხა გადაუხადა მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება დ----- ძე----–---–ისათვის იმ თანხის დაკისრების შესახებ, რა ნაწილშიც მან ცნო სარჩელი.
6.2. განსახილველ დავაში მოთხოვნის ძირითადი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ პირის პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, კერძოდ, უნდა დადასტურდეს შემდეგი გარემოებები: ზიანის არსებობის ფაქტი - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგი ქმედება, ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, 1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა ავტო-საგზაო შემთხვევას. კერძოდ, 2017 წლის 10 აპრილს მოპასუხე დ----- ძე----–---–მა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შეეჯახა ვი----------------ის მართვის ქვეშ მყოფ „ლექსუსის’’ მარკის ა/მანქანას, რომელიც ინერციით დაეჯახა მი------ ზა------ს სარგებლობაში არსებულ ჯიხურს. აღნიშნული შემთხვევის შედეგად, სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა დ----- ძე----–---–ი.
ამგვარად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ძე----–---–ი წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირს.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნული ელემენტი დადასტურებულად ითვლება, თუკი იგი განაჩენში ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოცემულ აქტში მითითებული და გაანგარიშებულია (როგორც წესი, როცა ზიანის ოდენობა დანაშაულის/გადაცდომის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს), სხვა შემთხვევაში კი ზიანის ოდენობა სამოქალაქო დავის ფარგლებში მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.
ამგვარი განმარტება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის შინაარსიდან, რომელმაც ცალკე გამოჰყო განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის მიზნით დასადგენი ერთ-ერთი გარემოების - ზიანის მოცულობის მტკიცების ნაწილში. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ დოკუმენტი არ შეიცავს დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ მსჯელობას. შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ მოპასუხის ვალდებულება უნდა განისაზღვროს დაზიანების შედეგად რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობის ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები ზიანის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის (11 200 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილებაზე.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს:
სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილით, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვის ქონებრივი ზიანის და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოყვანილი ნორმის ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი შეიძლება მდგომარეობდეს ფიზიკურ ტკივილში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის ან სხვაგვარი ვნების მიყენებასთან. ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე, სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. ზიანის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს ტრავმის, ჯანმრთელობის სხვა დაზიანების სიმძიმის ხარისხიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის მიერ გადატანილ ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვას. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ზიანის ანაზღურებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფაქტს, არამედ არც მიუთითებია ასეთი ფაქტების შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა დავის საგნის ღირებულების 3%. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი - დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის შემთხვევაში განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
მოსარჩელე, როგორც შემწეობის მიმღები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე დ----- ძე----–---–ს
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 30921, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მი------ ზა------ს სარჩელი;
2. დ----- ძე----–---–ს დაეკისროს მი------ ზა------ს სასარგებლოდ 800 ლარის გადახდა
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მატერიალური და მორალური ზიანის სახით 11200 ლარის ანაზღაურების ნაწილში;
4. დ----- ძე----–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია