გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/44-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური, ზაზა შველიძე
მოსარჩელე: ა-----–-------–---–ი
წარმომადგენელი: ლ--–-----–---ე
მოპასუხე: მ---------------–---ი
წარმომადგენელი: ნ------------ია
დავის საგანი: პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს #1-------- სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ათჯერ და ნაცვლად მითითებული 7.356 აშშ დოლარისა პირგასამტეხლოს თანხად განისაზღვროს 735 აშშ დოლარი.
1.2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს თანხად ნაცვლად 7.356 აშშ დოლარისა განისაზღვროს 735 აშშ დოლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2016 წლის 14 ოქტომბერს ა-----–-------–---–სა და მ---------------–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ა-----–-------–---–მა მ---------------–---ისაგან ისესხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3%-ის დარიცხვით, 6 თვის ვადით; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ---–--ი, ო--------ს ქუჩა N1-, დაზუსტებული ფართობი: 1-6--- კვ.მ, შენობა ნაგებობა: #1, #2,#3 - საერთო ფართით 99.82 კვ.მ (მათ შორის #1-ში ნახევარსარდაფი 30.38 კვ.მ) ს/კ 0---------------- ექვსი თვის განმავლობაში მოვალის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა. 2018 წლის 03 მაისს კრედიტორ მ---------------–---ის განცხადების საფუძველზე ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი N1--------, რითაც ა-----–-------–---–ს დაეკისრა ძირი თანხის 10 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2017 წლის 15 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე ძირი თანხის 0,12%-ის გადახდა, კერძოდ, 7.356 აშშ დოლარისა და აღსრულების ხარჯის 126.72 ლარის ოდენობით. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს კერძო აღმასრულებელ ე-----–-------------ს სააღსრულებო ბიუროში N1---------------. მოსარჩელეს გაცნობიერებული აქვს მისი, როგორც მოვალის პასუხისმგებლობა და მზად არის გადაიხადოს ძირი თანხა, სარგებელთან ერთად, თუმცა კაბალურად მაღალი პირგასამტეხლოს 0.12% გადახდის საშუალება არ გააჩნია. მოსარჩელე ცდილობს დიდი მატერიალური ზიანის თავიდან აცილებას, რომელიც აუცილებლად დადგება სადავო სააღსრულებო ფურცლის აღსრულების პროცესში. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დისკრეციის ფარგლებში შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი არცერთი ვალდებულება არ შეუსრულებია, არ გადაუხდია ძირი თანხა და სარგებელიც გადაიხადა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში. დასახელებული არგუმენტების მხედველობაში მიღებით არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს 10-ჯერ, 735 აშშ დოლარამდე შემცირების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი);
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2016 წლის 14 ოქტომბერს ა-----–-------–---–სა და მ---------------–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ.თ---–--ი, ო--------ს ქუჩა N1-, დაზუსტებული ფართობი: 1-6--- კვ.მ, შნობა ნაგებობა: #1, #2,#3 - საერთო ფართით 99.82 კვ.მ (მათ შორის #1-ში ნახევარსარდაფი 30.38 კვ.მ) ს/კ 0----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 24-28;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 22-33;
3.1.2. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითად თანხად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის სარგებლის დარიცხვით და გადახდით, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლოს რაოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.12%-ის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება ს.ფ 24-28;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3 2018 წლის 03 მაისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაცემული იქნა #1-------- სააღსრულებო ფურცელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 03 მაისის #1-------- სააღსრულებო ფურცელი ს.ფ 15-17 ;
3.1.4. მოპასუხე მხარემ უდავოდ გახადა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს #1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით პირგასამტეხლოს თანხად დაანგარიშებულია 7356 აშშ დოლარი, რაც მოცემულია გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.12.2018 წლის სააღსრულებო ბიუროს #A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ს.ფ 29-31;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სააღსრულებო ფურცლით ა-----–-------–---–ს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 7.356 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოსარჩელის განმარტებით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას ძირ თანხასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 03 მაისის #1-------- სააღსრულებო ფურცელი ს.ფ 15-17 ;
3.2.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.2.3 სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ა-----–-------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილისა და მისი ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, მოვალე ა-----–-------–---–სა და კრედიტორ მ---------------–---ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება # 1--------. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თ---–--ი, ო--------ს ქუჩა N1-, დაზუსტებული ფართობი: 1-6--- კვ.მ, შნობა ნაგებობა: #1, #2,#3 - საერთო ფართით 99.82 კვ.მ (მათ შორის #1-ში ნახევარსარდაფი 30.38 კვ.მ) ს/კ 0---------------- ამავე გარიგების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელს გასცემს ნოტარიუსი იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება,თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მსესხებლის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 10.000 აშშ დოლარის ოდენობით; მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა გადაუხდელი თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო ჯამში - 7356 აშშ დოლარი;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ მითითებული ხელშეკრულებით, შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ძირი თანხის 0,12 %-ის ოდენობით. ამდენად, მხარეთა მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც ამ უკანასკნელის მიერ დარღვეული იქნა. ასევე დადგენილია, რომ მოვალის მხრიდან არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორს, მ---------------–---ს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
6.5. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული ხელშეკრულებით. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგასამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.1-.2015წ.).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა მისი გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ვინაიდან, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან. შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე და განისაზღვროს 735 აშშ დოლარით. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელშიც.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 520 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----–-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. შემცირდეს 2018 წლის 03 მაისს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცელში დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა;
1.2. ცვლილება შევიდეს ქ. თ---–--ის ნორატიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 2018 წლის 03 მაისის #1-------- სააღსრულებო ფურცელში, #1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებდან გამომდინარე ა-----–-------–---–ისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით ა-----–-------–---–ის ვალდებულება მ---------------–---ის წინაშე განისაზღვროს 735 აშშ დოლარით.
2. მოპასუხე მ---------------–---ს ა-----–-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 520 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა