გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/576-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს "გ-–------ი"
წარმომადგენელი თეონა კავთელაძე
მოპასუხე ლ-–- მ-----–-–---–ი
დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ-–- მ-----–-–---–ისთვის 4152.05 ლარის დაკისრება;
სარჩელის საფუძვლები
შპს „ს---–--სა“ და ლ-–- მ-----–-–---–ს შორის 2017 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება № 20475_7, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 3000 ლარის ოდენობით 90 დღის ვადით. სესხის პროცენტი შეადგენდა წლიურ 71.18%-ს. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურად თანხის გადახდას 1112.29 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.41%-ს.
მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან რამდენჯერმე გადაიხადა სესხის გადავადების საკომისიო, ბოლოს გადავადების საკომისიო გადაიხადა 2017 წლის 13 სექტემბერს. მოპასუხის დავალიანებაა: ძირითადი თანხა 3000 ლარი, სარგებელი 152.05 ლარი და პირგასამტეხლო 1499.30 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 28 აგვისტოდან მოყოლებულ ვადაგადაცილებულ დღეეებზე 2018 წლის 8 თებერვლამდე. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო 1000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა მოსარჩელეს დაუბრუნოს 3000 ლარი. სესხის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა. ხელშეკრულება დადებულია ელექტრონული ფორმით, რაც წერილობით ფორმით ხელშეკრულების დადებას არ ნიშნავს და ამის გამო პირგასამტეხლოს გადახდა არ ევალება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ს---–--სა“ და ლ-–- მ-----–-–---–ს შორის 2017 წლის 26 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება № 20475_7, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა თანხა 3000 ლარის ოდენობით 90 დღის ვადით. სესხის პროცენტი შეადგენდა წლიურ 71.18%-ს. ხელშეკრულებით შეთანხმებულია თანხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც ითვალისწინებს ყოველთვიურად თანხის გადახდას 1112.29 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.41%-ს. ხელშეკრულება ორმხივად ხელმოწერილი არ არის, იგი დადებულია დისტანციურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-31)
- სესხის განაცხადი (ს.ფ. 36-37. ტომი 1)
3.2. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მან რამდენჯერმე გადაიხადა სესხის გადავადების საკომისიო. 2017 წლის 24 აგვისტოს გადაიხადა 41 ლარი, გადავადდა 7 დღით; 2017 წლის 1 სექტემბერს გააიხადა 82 ლარი 14 დღით გადავადებისათვის. 2017 წლის 13 სექტემბერს გააიხადა 165 ლარი 28 ღით გადავადებისათვის. მოპასუხის დავალიანებაა: ძირითადი თანხა 3000 ლარი, სარგებელი 152.05 ლარი და პირგასამტეხლო 1499.30 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2017 წლის 28 აგვისტოდან მოყოლებულ ვადაგადაცილებულ დღეეებზე 2018 წლის 8 თებერვლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 33-34. ტომი 1)
3.2.3. შპს „ს---–--სა“ და შპს „აიდიეფ ჯორჯიას“ შორის 2018 წლის 31 დეკემბერს დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს---–--მ“ შპს „აიდიეფ ჯორჯიას“ დაუთმო ლ-–- მ-----–-–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნის უფლება. 2019 წლის 24 იანვარს დადებული მოთხოვის დათმობის ხელშეკრულებით, შპს „აიდიეფ ჯორჯიამ“ ლ-–- მ-----–-–---–ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს გ-–------ს, რომელიც 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ცნობილია შპს „ს---–--ს“ უფლებამონაცვლედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 109-110. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 328-ე, 68-ე, 420–ე, 361-ე მუხლები
- „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული N151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებული რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი; 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა; 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა; 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე; 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
მოპასუხემ დაადასტურა, რომ მან შპს „ს---–--საგან“ მიიღო 3000 ლარი, თუმცა მოპასუხე სადაოდ მიიჩნევს მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წერილობითი ფორმით არსებობას. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, მოსარჩელის ვებგვერზე განთავსებული სტანდარტულ პირობებს არ გასცნობია.
მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, შესაბამისად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა ხელშეკრულების წერილობითი ფორმა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების აუცილებელი პირობაა მხარეთა მიერ შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვა, რადგან მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულება წარმოშობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმის დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
ამდენად, ამ ნორმის თანახმად, შეთანხმების წერილობითი ფორმის დაცვისათვის საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით; გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.
შპს „ს---–--ს“ მიერ სესხის ხელშეკრულების პირობები შემუშავებულია როგორც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომლებიც განთავსებულია მის ვებგვერდზე და არსებობს ვებგვერდზე მისი ელექტრონული ფორმით გაცნობის შესაძლებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია სესხის ხელშეკრულების სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების შემუშავების დროს საფინანსო ორგანიზაციებისათვის შესასრულებლად სავალდებული წესები, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისათვის ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შესახებ ინფორმირების ვალდებულებას და ამავდროულად ადგენს ამ ინფორმაციის მიწოდების, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ფორმებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს მიღებული N151/04 ბრძანებით დამტკიცებულია „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომლის 1-ლი მუხლის მიხედვით, ეს წესი არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს.
ბრძანებით სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი განმარტებული, როგორც კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი, რომლის მთლიანი თანხა აღემატება 300 ლარს და ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე, დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 200 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში. ამასთან, მიუხედავად მოცულობისა, არ გაითვალისწინება იურიდიულ პირზე, ასევე, დაკავშირებულ საწარმოში შემავალ პირებზე გაცემული კრედიტი/დეპოზიტი, თუ ამ პირზე/პირებზე იმავე საფინანსო ორგანიზაციაში უკვე გაცემული და აქტიური კრედიტების ან დეპოზიტების ჯამური მოცულობა აღემატება 200 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“
ბრძანების მე-5 მუხლით დადგენილია, რომ ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებას უნდა ჰქონდეს ხელშეკრულების თავსართი. ამ ნორმის მიხედვით, 1. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფონტის ზომით, მაგრამ არანაკლებ 12-ისა. ხელშეკრულების თავსართში ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406”; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ნიმუშების ზოგადი სტილი და მასში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა. ხელშეკრულების თავსართში არ უნდა მიეთითოს ის საკომისიოები, რომლის გადახდაც კონკრეტულ მომხმარებელს არ ეკისრება. ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად უნდა იყოს ასახული, დაუშვებელია სავალდებულო ინფორმაციის ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე. მე-4 პუნქტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, პრეტენზიის წარდგენის ფინანსურ ორგანიზაციაში არსებული ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. 5. ფინანსური ორგანიზაცია, საკრედიტო ხელშეკრულებების თავსართში ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ვალდებულია, ასევე: ა) მიუთითოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია; მე-9 პუნქტის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.“
ბრძანების მე-6 მუხლით დადგენილია მომხმარებლებთან სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ხელშეკრულებაში სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციის ფორმა. კერძოდ, 1. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტების გარდა მოცემული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია.
2. სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე, თითოეული გარემოების მითითებით;
ბ) საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი და ვადა;
გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსი, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ;
ვ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;
ზ) ფინანსური პროდუქტის გაცემასთან, შენარჩუნებასა და დასრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;
თ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
ი) დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
კ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებულ, სულ მცირე, მეათედამდე;
ლ) ფინანსურ ორგანიზაციაში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.
3. საკრედიტო ხელშეკრულებაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:
ა) კრედიტის ვადა;
ბ) კრედიტის მთლიანი თანხა;
გ) კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა;
დ) საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში დანართი №1-ით გათვალისწინებული ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ე) უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №1-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ვ) უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებული განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ზ) სადაც შესაძლებელია, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა, შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს, სულ მცირე, თანხობრივად;
თ) შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;
ი) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
კ) კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი;
ლ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ საქონლის /მომსახურების პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი, რომლის შესყიდვასაც აფინანსებს დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი. ასევე, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად;
მ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსური ორგანიზაციისგან იღებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო მომსახურების მიღებისათვის სავალდებულო სხვა სახის დამატებით მომსახურებას, ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დამატებითი მომსახურების მიღებასთან;
ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ფინანსურ ინსტიტუტთან აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას, სადაც მსესხებელი ფინანსური ინსტიტუტია, ხელმოწერის თავზე ხელშეკრულებაში უნდა განთავსდეს გამჟღავნების ტექსტის სრული ვერსია.
ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს, ხოლო მომხმარებლის თანხმობის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა ზოგადი მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან/დაინტერესებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულების ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი ნიმუში მომხმარებლისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით. მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით, ამასთან ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.
ეროვნული ბანკის ამ ბრძანებით დადგენილია ის სავალდებულო წესები, რომელიც საფინანსო ორგანიზაციამ უნდა დაიცვას სპეციფიკურ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების დროს. კერძოდ, ამ ბრძანებით ხელშეკრულება წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს, რადგან დადგენილია, რომ ხელშეკრულება უნდა იყოს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სახელშეკრულებო ინფორმაცია. ხელშეკრულებას უნდა შეიცავდეს თავფურცელი, სადაც მითითებული უნდა იყოს ძირითადი სახელშეკრულებო პირობები – სესხის თანხა, ვადა, სარგებლის პროცენტი, თანხის დაბრუნების წესი, თანხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი.
მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება მატერიალური ფორმით დადებული არ არის – იგი არ არის მხარეების მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, ხელშეკრულების წერილობითი ფორმა არ არის უზრუნველყოფილი ხელშეკრულების ტექსტზე მხარეთა ხელმოწერით, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის და ეროვნული ბანკის მითითებული ბრძანების საფუძველზე ეს წერილობითი ფორმის დაუცველობას არ ადასტურებს.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალაშია 2017 წლის 10 მაისიდან) 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფლებას, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. ამ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ბ) მატერიალური დოკუმენტი არის ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა;
ზემოთმითითებული კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტში, სპეციალურად არის მითითებული იმის შესახებ, რომ ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტთან ხელშეკრულების დადებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სავალდებულო არ არის, ამგვარი ხელმოწერის გამოყენება დადგენილი არ არის ასევე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციებით.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის განხორციელებისას ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით შესრულებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
შესაბამისად, დისტანციურად ხელშეკრულების დადება ელექტრონული წესით, ელექტრონული დოკუმენტების გამოყენებით ხელშეკრულების წერილობითი ფორმის უზრუნველყოფისათვის საკმარისია და ასეთი წესით სესხის ხელშეკრულების დადებაზე ნების გამოვლენას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, რომ მან მოსარჩელისაგან სესხად მიიღო თანხა. ამ შემთხვევაში სესხის მიღებაზე ოფერტი (წინადადება ხელშეკრულების დადებაზე) გაკეთებულია მოპასუხე ლ-–- მ-----–-–---–ის მიერ, მის მიერ მოთხოვნილია სესხის კონკრეტული თანხა. ოფერტი გაკეთებულია მოსარჩელის ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით, რის შემდეგ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის შესახებ ეცნობა მსესხებლის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომერზე შეტყობინებით, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა მოთხოვნილი სესხის თანხა.
მოპასუხე ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რითიც ადასტურებს, რომ მან მის მიერვე შევსებულ განაცხადში მითითებული სესხის თანხა მიიღო და რომ სესხი იყო სარგებლიანი. მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ სამჯერ გადაიხადა სესხის გადავადების საკომისიოს თანხა. მოპასუხის მიერ გადავადების საკომისიოს გადახდა ადასტურებს, რომ იგი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს და დაეთანხმა მათ, რადგან სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის საკომისიოს გადახდა და საკომისიოს ოდენობა შპს „ს---–--ს“ მიერ შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობაა. ხელშეკრულების თავფურცელში ასევე მითითებულია სარგებლის დარიცხვა, სარგებლის ოდენობა, რაც ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობაა.
ამდენად, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ მოპასუხე ინფორმირებულია გამსესხებლის ვებგვერდზე გამსესხებლის მიერ შეთავაზებული სტანდარტული პირობებით, რაზეც იგი თანხმობას აცხადებს, რაც ელექტრონულად სესხის ხელშეკრულების გაფორმებაში ვლინდება. ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი ყველა მოქმედება სრულება გამსესხებლის ვებგვერდზე ინფორმაციის მითითებით და გამსესხებლის მიერ დადგენილი წესით შესაბამის ველში განთავსებულ ინფორმაციაზე მსესხებლის მიერ თანხმობის დადასტურებით. ამდენად, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია დისტანციური წესით, რაც ხელშეკრულების წერილობითი ფორმის ნაირსახეობაა, საფინანსო ორგანიზაციასთან ასეთი ფორმით ხელშეკრულების დადება გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის ბრძანებით და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, შეთანხმება წერილობითი ფორმის დაცვით დადებულად მიიჩნევა, თუ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია სატელეგრაფო შეტყობინების, ტელეასლის ან წერილების გაცვლით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსი აუცილებლად არ მიიჩნევს ხელშეკრულების წერილობით გასაფორმებლად შეთანხმების საბოლოო ტექსტზე მხარეთა ხელმოწერას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია დისტანციური წესით ხელშეკრულებების დადება, რაც ამარტივებს შეთანხმების მიღწევას და ამცირებს სახელშეკრულებო ხარჯებს. დისტანციური წესით ხელშეკრულების გაფორმების დროს მხარეთა შეთანხმება არ ფორმდება ფურცელზე წერილობითი სახით, სადაც ხელს აწერენ მხარეები. 328-ე მუხლით გათვალისწინებულია წერილების გაცვლის გზით ხელშეკრულების დადება, რაშიც ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ ელექტრონული ფორმით წერილების ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასევე ვებგვერდზე ელექტრონულად განთავსებული სახელშეკრულებო ინფორმაციის, ხელშეკრულების ტექსტის გაცნობა და მასზე თანხმობის განცხადება ვებგვერდზე შესაბამის ველში დადასტურების ფუნქციის მონიშვნით.
ამდენად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დისტანციური წესით სესხის ხელშეკრულების დადებით დაცულია ხელშეკრულების წერილობითი ფორმა, რის გამოც იგი მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს.
ამდენად, მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.41%-ის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია სესხის გადაუხდელი ნაწილის ნახევარი. მართალია, მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება საერთოდ არ შეასრულა, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი ოდენობით პირგასამტეხლოს ანაზღაურება უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის შესაძლო ზიანის პრევენციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობაში იგულისხმება ისეთი თანხის დაკისრება, რაც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოვალეს და არ გაართულებს ვალდებულების შესრულებას.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში, დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის პერიოდი. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მსესხებელმა რამდენჯერმე გადაიხადა სესხის გადავადების საკომისიო ჯამში 288 ლარი, რითიც მან გამოამჟღავნა გულისხმიერება ვალდებულების მიმართ, რის გამოც არაგონივრულია მას დაეკისროს იმდენივე პირგასამტეხლო, რაც ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის პირობებში.
გადაუხდელი სესხის თანხა არ არის მცირე ოდენობის თანხა, ვალდებულება 2 წელზე მეტი დროის მანძილზე არ შესრულებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითად თანხის დავალიანების 0.15%-ით, რაც შეადგენს დღეში 4.5 ლარს. მსესხებელმა სესხის გადავადების საკომისიო ბოლოს გადაიხადა 2017 წლის 13 სექტემბერს 28 დღით გადავადებისათვის. შესაბამისად, სესხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელმა დაარღვია მას შემდეგ, რაც გადავადებისათვის განსაზღვრული 28 დღიანი ვადა ამოიწურა ისე, რომ ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, სესხის დაბრუნების ვადა გადაცილებულია 2017 წლის 11 ოქტომბრიდან. პირგასატეხლოს დარიცხვა მოსარჩელემ შეწყვიტა 2018 წლის 8 თებერვალს, ეს პერიოდი 120 დღეს მოიცავს, რა დროში გადასახდელი პირგასამტეხლოა 540 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის, ისე ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, საერთო ჯამში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულებაა 3692.05 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილებით დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნის 87%, რის გამოც მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 124.56 ლარის 87%, რაც არის 108.36 ლარი. დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ ცნო 3000 ლარის მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 82%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 108.36 ლარის 82% არის 88.85 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 19.51 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა დაკისრებული თანხის გადახდის განწილვადების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების ან გადავადების საფუძველია მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც გამართლებულია აღსრულების საკითხში მოვალისათვის შეღავათის გაწევა. მოპასუხე აღსრულების განწილვადებას მოითხოვს ქონებრივი მდგომარეობის გამო, თუმა საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი შემოსავლების შესახებ მტკიცებულებები. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასაბუთებული არ არის მოპასუხის ისეთი ქონებრივი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არა აქვს დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდის შესაძლებლობა, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო განუმარტავს მოპასუხეს, სსსკ 263-ე მუხლის საფუძველზე იგი უფლებამოსილია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძულებითი აღსრულების დაწყების შემთხვევაში მოითხოვოს გადახდის განწილვადება ან აღსრულების გადავადება თუკი სასამართლოში წარადგენს შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „გ-–------ის“ სარჩელი;
2. 1.1. ლ-–- მ-----–-–---–ს დაეკისროს შპს „გ-–------ისათვის“ 3692.05 ლარის გადახდა;
3. 1.2. არ დაკმაყოფილდეს შპს გ-–------ის მოთხოვნა პირგასანტეხლოს 460 ლარის დაკისრების ნაწილში;
4. შპს „გ-–------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში შპს ს---–--ს მიერ 2018 წლის 14 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 88.85 ლარი (საგადასახადო დავალება N30) თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
5. ლ-–- მ-----–-–---–ს დაეკისროს შპს „გ-–------ისათვის“ სახელმწიფო ბაჟის 19.51 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი