გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210019002978727
#2/182-2019წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.10.2019 წ ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი ხათუნა ხვთისავრიშვილი
მოსარჩელე: რ---- დ---–-–---–-
მოპასუხე: ვ-–- მ-------–---–-
მოსარჩელის წარმომადგენელი: ზ------ ც------–----
მოპასუხის წარმომადგენელი: ლ------- კ----–---
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ვ-–- მ-------–---–-ს უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდი 5-.0-.7-.0-- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს დაუყოვნებლივ.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს საკუთრებაში არსებობს უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდით 5-.0-.7-.0--, რომელიც მოსარჩელემ 2018 წლის 26 ნოემბერს შეიძინა აუქციონის წესით და შემდგომ საკუთრებაში დაარეგისტრირა. მოსარჩელის საკუთრებაში, კანონიერი საფუძველის გარეშე, ცხოვრობს ყოფილი მესაკუთრე ვ-–- მ-------–---–-, რომელიც უარს აცხადებს რ---- დ---–-–---–-სათვის საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემაზე. მოსარჩელე ვერ სარგებლობს უძრავი ქონებით.
მოსარჩელე ასევე ითხოვს განხორციელდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ სცნო და აღნიშნა, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად და არანაირ უკანონო ფლობას მისი მხრიდან ადგილი არ აქვს.
სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელს - ვ-–- მ-------–---–- მოსარჩელისაგან აღებული ჰქონდა სესხი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, რომლის ნაწილიც 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარი გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის. რ---- დ---–-–---–-- მოპასუხე - ვ-–- მ-------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება შეიძინა აუქციონის წესით 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარად. აღნიშნულის თაობაზე დავა არც საჯარო რეესტრში და არც სასამართლოში არ მიმდინარეობს.
მოპასუხე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ მოხდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რადგან მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი, არის უმუშევარი, ჰყავს სამი შვილი, რძლები და შვილიშვილები, რომლებიც მასთან ცხოვრობენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდით 5-.0-.7-.0--, რომელიც მოსარჩელემ განკარგულების საფუძველზე შეიძინა 2018 წლის 26 ნოემბერს და საჯარო რეესტრში საკუთრებად დაარეგისტრირა 2018 წლის 05 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის საკუთრებაში, კანონიერი საფუძველის გარეშე, ცხოვრობს ყოფილი მესაკუთრე ვ-–- მ-------–---–-, რომელიც უარს აცხადებს საცხოვრებელი სახლის მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემაზე. მოპასუხე ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელეს უძრავ ქონებას, მდებარეს: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდით 5-.0-.7-.0--, რომელსაც ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
განსახილველ შემთხვევაში აუქციონის შედეგები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განკარგულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი, მოსარჩელის საკუთრების უფლება - მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- სასამართლო სხდომის ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 158-ე, 183-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის დავებისას, მტკიცების ტვირთი აწევთ საკუთრივ მხარეებს და ისინი არიან ვალდებული დაამტკიცონ გარემოებანი, რასაც სარჩელს, ან სარჩელის საწინააღმდეგო შესაგებელს ამყარებენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხემ, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.“ ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.“
აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტავს, რომ არა მფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი „ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.“
მითითებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვლინდებოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.“
მოცემულ შემთხვევაში უძრავ ქონება, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდით 5-.0-.7-.0-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ითხოვს სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობიდან გათავისუფლებას და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. მოსარჩელის მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა ასევე, რომ მოპასუხე ვ-–- მ-------–---–- ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის უძრავი ქონებით და ამავე დროს არ გააჩნია ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი და კანონიერი უფლება.
მოპასუხე მხარემ სასამართლო წესით სადავოდ არ გახადა რ---- დ---–-–---–-ს საკუთრების უფლებას ამ ქონებაზე. ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის თაობაზე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ გააჩნია სადავო ნივთის ფლობის უფლება. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა მოსარჩელე (მესაკუთრე) შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხე მხარე უძრავ ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას ახორციელებს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამით კი, როგორც არამართლზომიერი მფლობელი, ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვის და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. რაც შეეხება შუამდგომლობას ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად გადაცემაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1 “ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. აღნიშნული მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ სასამართლოს უფლება და არა ვალდებულება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხარეთა პოზიციების გათვალისწინებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იმგვარად, რომ დაცული იქნას თანაზომიერების პრინციპი. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია არსებობდეს მოსარჩელის უპირატესი ინტერესი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი დაუყოვნებლივ აღსრულებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. არ დასტურდება ისეთი გარემოებები, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან მოსარჩელეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხე არ აპირებს მისთვის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სახლში მისი ნათესავების (შვილები, რძლები, შვილიშვილები) ცხოვრების ფაქტის შესახებ, ასევე მოსარჩელის მტკიცებას, რომ მოპასუხის შვილები ცხოვრობენ თბილისში - აღნიშნული გარემოებები ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და მძიმე შედეგები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება „4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“
7.2. განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 (ას ოცი) ლარი, შესაბამისად მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 (სამოცი) ლარის ოდენობით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 60.00 (სამოცი) ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 38-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 259-ე, 268-270, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რ---- დ---–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გამოთხოვილი იქნეს მოპასუხე ვ-–- მ-------–---–-ს (პირადი ნომერი: 0----------) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს (პირადი ნომერი: 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი კ--------, საკადასტრო კოდით 5-.0-.7-.0-- და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-.
3. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოს მეშვეობით.
5. მოპასუხე ვ-–- მ-------–---–- მოსარჩელე რ---- დ---–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელე - რ---- დ---–-–---–-ს წარმომადგენელს - ზ------ ც------–---- დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (120 ლარის) ნაწილი - 60 (სამოცი) ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: გადამხდელის ბანკი: სს თიბისი ბანკი; ბანკის კოდი: TBCBGE22; ინფორმაცია პირზე, რომლის მაგივრადაც სრულდება გადახდა - დასახელება ზ------ ც------–----, 1----------; საიდენტიფიკაციო კოდი: 1----------; მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები (თვითმმართველი თემი საგარე; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300553150; მიმღები ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი: TRESGE22; საგადასახადო დავალება #0; 25 აპრილი, 2019 წელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი