გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2019
საქმის ნომერი
330210119002979467
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/9788-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ა-----------’’

წარმომადგენელი - თ---------- ნ--------, დ-------ი გ----------ი

 

მოპასუხე - შპს ,,ა----------------------ი’’

წარმომადგენელი - გ------------–---–ი, გ--- ქ---------ი, გ-------------–--ე

 

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ა----------------------ს“ შპს „ა-----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 69447,86 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

მოსარჩელე შპს ,,ა-----------’’-ის მიერ მოპასუხე შპს ,,ა----------------------ი’’-ს ანგარიშზე 2014-2015 წლებში ჩარიცხული იქნა საიჯარო ქირა 69447,86 ლარის ოდენობით, რომელიც ქირაში არ ჩაუთვალა შპს ,,ა----------------------მა’’ და მიმართა სასამართლოს სარჩელით 24286,60 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,ა-----------ს’’ მოსარჩელე შპს ,,ა----------------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 06 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24286, 60 ლარის გადახდა.

 

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რაზეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 27 სექტემბერს გამოიტანა განჩინება და ძალაში დატოვა ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისე შევიდა კანონიერ ძალაში, რომ არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ მოპასუხისთვის 69447,86 ლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად გადასცა რაიმე, შეუძლია ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ამდენად, შპს ,,ა-----------ს’’ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბერს წარმოეშვა მოთხოვნის მომენტი, რადგან დარწმუნებული იყო სასამართლო გააუქმებდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც მომართა სასამართლოს სასარჩელო წესით.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას პრიორიტეტი მიანიჭა პირის გამოუცხადებლობას და არა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იურიდიულად გამართულ მოთხოვნას, რაც ეწინააღმდეგება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,ა----------------------ს’’ მის სასარგებლოდ დაეკისროს 69447,86 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ დამატებით წარმოადგინა თავისი მოსაზრება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელზე და განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ და სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად უნდა იქნეს მიჩნეული 2018 წლის 27 სექტემბერი ანუ ის დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ დაეკისრა 24286,60 ლარი შპს ,,ა----------------------ი’’-ს სასარგებლოდ ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული მსი მიერ მოპასუხეზე ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 69447,86 ლარის ოდენობით თანხის გადახდის ფაქტი. სწორედ მითითებული თანხის დაბრუნებას ითხოვს ამჟამად იგი, რადგან სწორედ აღნიშნული თანხის ოდენობით მოხდა მოპასუხის გამდიდრება, რის გამოც სარჩელი კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ა----------------------ი’’-ს წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ა----------------------ი’’-ს სარჩელი. აღიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ შპს “ა----------------------სა“ და შპს „ა-----------ის“ დირექტორს დ-------ი გ----------ს შორის 2014 წლის 06 ოქტომბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, თბილისში, დ-----------–-----–--------ის მ----------------–--------ზე მეიჯარის შპს “ა----------------------ი“-ს კუთვნილ N10-ე საწარმო კორპუსში 1000 მ/კ ფართზე. 2014 წლის 31 დეკემბრამდე საიჯარო ქირა განისაზღვრა 2857 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე - 3430 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საანგარიშო თვის ბოლოს არსებული კურსით, დღგ-ეს ჩათვლით. საიჯარო ქირის გადახდას მოიჯარე აწარმოებდა ყოველთვიურად თვის ბოლოს წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით ფაქტურის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 2015 წლის აპრილისა და მაისის თვეში საიჯარო ქირის ამსახველი ფაქტურები მას გაეგზავნა, თუმცა დადასტურება აღნიშნულისა ვერ განხორციელდა.

 

2015 წლის ივნისის ბოლოს შპს „ა-----------მა“ დაცალა დაქირავებული ფართი, რა დროსაც მას ერიცხებოდა 2015 წლის აპრილის, მაისის, ივნისის და მარტის თვის ნაწილის (1013.72 ლარი საიჯარო ქირა სულ 24286.60 ლარის ოდენობით. აქედან 2015 წლის მარტის თვის საიჯარო ქირა შეადგენდა -1013.72 ლარს, 2015 წლის აპრილის თვის -7640.32 ლარს, 2015 წლის მაისის თვის -7920.89 ლარს, ივნისის თვის -7711.67 ლარს). შპს ,,ა-----------მა’’ დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ განახორციელა საიჯარო ქირის გადახდა, რაც გახდა მოსარჩელისათვის სასამართლოსთვის მომართვის საფუძველი.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სასამართლოში არსებულ 2017 წლის და 2019 წლის საქმეებს შორის იკვეთება იმგვარი კავშირი, რომ 2017 წლის საქმეზე დადგენილ ფაქტებს პრიუდიციული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს 2019 წლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს და შპს ,,ა-----------ი’’-ს სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილ უსაფუძვლო ბრალდებას არ მიეცეს ფაქტობრივი გარემოების მნიშვნელობა.

 

2019 წლის მაისს მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი შპს ,,ა----------------------ი’’-ს მიმართ არამხოლოდ უსაფუძვლო და უკანონოა, არამედ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია პირველ ფაქტობრივ გარემოებიდან გამომდინარე, სადაც წერია, რომ მოსარჩელე შპს ,,ა-----------’’-ის მიერ მოპასუხე შპს ,,ა----------------------ი’’-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საიჯარო ქირა 2014-2015 წლებში 69447,86 ლარის ოდენობით, რომელი თანხაც ქირაში არ ჩაუთვალა შპს ,,ა----------------------მა’’ და მიმართა სასამართლოს სარჩელით. 2014-2015 წლებში შპს ,,ა-----------ი’’-ს მიერ ჩარიცხული თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან 2015 წლიდან დღემდე გასულია 4 წელი.

 

მხარის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ა----------------------სა’’ და შპს ,,ა-----------ს’’ შორის 2014 წლის 06 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება 1000 მეტრ კვადრატი ფართის საწარმოს იჯარით გადაცემაზე. 2017 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ა-----------ს’’ შპს ,,ა----------------------ისთვის’’ უნდა გადაეხადა 2014 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე 12500 ლარი, ხოლო 2015 წელს - 3430 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში + კომუნალური გადასახადები. მოიჯარემ 2014 წლის 06 ოქტომბერს წინასწარ შეიტანა წლის ბოლომდე გადასახდელი თანხა 12500 ლარი.

 

2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 მარტამდე შპს ,,ა-----------ს’’ შპს ,,აგრორემმანქანასერვისი’’-სთვის უნდა გადაეხადა წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით 23333,89 ლარი. ფაქტიურად ამ პერიოდში 2015 წლის 11 მარტს შპს ,,ა----------------------ი’’-ს ანგარიშზე შპს ,,ა-----------ი’’-ს მიერ ჩაირიცხა 3000 ლარი და შპს ,,ა----------------------ი’’-ს მიმართ, როგორც დებიტორს გადასახდელი დარჩა 20333 ლარი. გადასადელი თანხიდან შპს ,,ა-----------მა’’ 2015 წლის 08 აპრილს შპს ,,ა----------------------ი’’-ს ანგარიშზე ჩარიცხა 12850 ლარი და 2015 წლის 10 ივნისს - 7061 ლარი, ამდენად შპს ,,ა-----------მა’’ სამი თვის საიჯარო ქირა შპს ,,ა----------------------ს’’ ჩაურიცხა 22319 ლარი, ხოლო 2015 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვის საიჯარო თანხა კომუნალურ გადასახადებთან ერთად მოსარჩელეს კრედიტორისთვის საერთოდ არ გადაუხდია.

 

2015 წლის ივნისის ბოლოს შპს ,,ა-----------ი’’-ს დირექციამ ღამე შპს ,,ა----------------------ი’’-ს მალულად გადაიტანა თავისი ყველა ტექნიკა და როგორც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი უთითებს, ასევე მოპასუხის კუთვნილი საშემდუღებლო აპარატი, საზეინკლო მაგიდები 3 ერთეული და ავტომობილის აკუმულატორი. რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ აღნიშნული ნივთები ამოღებული იქნა თბილისის დიდი დიღმის პოლიციის სამმართველოს მიერ.

 

მოპასუხის წარმოადგენლის განმარტებით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ა-----------ს’’ მათ სასარგებლოდ დააკისრა თანხის გადახა, რასაც ეს უკანასკნელი არ იხდის და კრედიტორს უსაფუძვლოდ აზარალებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია მოსარჩელე იჯრის თანხებს იხდიდა, მაგრამ რეალურად ხდებოდა იმ პერიოდისათვის არსებული ძველი დავალიანებების დაფარვა. მაგალითად, 2015 წლის 11 მარტს გადახდილი 3000 ლარი არის არა მარტის თვის საიჯარო ქირა, არამედ აღნიშნული თანხით რეალურად მოხდა იმ პერიოდისათვის არსებული წინა დავალიანების დაფარვა. მოსარჩელეს 2015 წლის 1 იანვრიდან მოიჯარისთვის ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს უნდა ჩაერიცხა იჯარის თანხა 3400 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც იანვარში შეადგენდა 7051 ლარს + 300 ლარი მოსაკრებელი, სულ გადასახდელი თანხა შეადგენდა 7351 ლარს. 2015 წლის თებერვალში უნდა ჩაერიცხა 7427 ლარი. 2015 წლის მარტში 7640 ლარს + 300 ლარი მოსაკრებელი + 35 ლარი წყლის გადასახადი + 100 ლარი დენის გადასახადი, სულ 8075 ლარი.

 

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს სულ ჯამურად გადაიხადა 23319 ლარი, აქედან მარტის თვეში ჩარიცხა 3000 ლარი, 2015 წლის 8 აპრილს - 12258 ლარი და 2015 წლის 10 ივნისს - 7061 ლარი. აღნიშნული თანხებით გაიქვითა ძველი დავალიანება.

 

მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელის მიერ ნამდვილად არის ჩარიცხული თანხები და აღნიშნული თანხების გადახდა ხდებოდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იყო ის თანხა, რაც შპს ,,ა-----------ს’’ დაერიცხა ფართის გამოყენების შედეგად.

 

საქმეში წარმოდგენილი ჩეკებით მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა იმას უნდა შეადგენდეს, რაც ჯამურად მოითხოვეს, პრაქტიკულად მოთხოვნა და გადახდილი თანხა ერთი და იგივეა, სხვაობა მხოლოდ 1000 ლარია. ეს გამოწვეულია იმით, რომ 2015 წლის მაისის თვეში შეიტანეს 7061 ლარი, ამით ანაზღაურდა იანვარი, თებერვალი, მარტის საიჯარო გადასახადი. ანუ იანვრიდან მარტამდე გადასახდელი თანხა შეადგენდა 23333 ლარს ჯამურად და გადახდილია 22319 ლარი.

 

რაც შეეხება აპრილი, მაისი, ივნისის თვის გადასახადს - 24286, 60 ლარს, ანუ როცა ფართში იყვნენ და სარგებლობდნენ - საერთოდ არ გადაუხდიათ და სწორედ ეს თანხა დააკისრა დაუწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე შპს ,,ა-----------ს’’.

 

მოპასუხე განმატავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი თანხა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან აღნიშნული თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ჯერ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოხდა აღნიშნული თანხის ჩარიცხვა და შემდგომ გაირკვეს რამდენად უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე სმიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. შპს “ა----------------------სა“ და შპს „ა-----------ი’’-ს დირექტორს დ-------ი გ----------ს შორის 2014 წლის 06 ოქტომბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, თბილისში, დ-----------–-----–--------ის მ----------------–--------ზე მეიჯარის შპს “ა----------------------ი’’-ს კუთვნილ N10-ე საწარმო კორპუსში 1000 მ/კ ფართზე.

 

2014 წლის 31 დეკემბრამდე საიჯარო ქირა განისაზღვრა 2857 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე - 3430 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საანგარიშო თვის ბოლოს არსებული კურსით, დღგ-ეს ჩათვლით.

 

საიჯარო ქირის გადახდას მოიჯარე აწარმოებდა ყოველთვიურად თვის ბოლოს წარდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით ფაქტურის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 27-29)

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს „ა----------------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა-----------“-ის მიმართ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 06 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 24286,60 ლარის გადახდა.

 

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

მოგვიანებით წარმოდგენილი იქნა განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაზეც შპს „ა-----------ს“ უარი ეთქვა და რომელიც გასაჩივრდა კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 27-29)

- საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 30)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივლისის გაჩინება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 31-33)

- კერძო საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 34-35)

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 36-38)

- სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ. 64)

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით, 2015 წლის ივნისის ბოლოს შპს „ა-----------მა“ დაცალა დაქირავებული ფართი, რა დროსაც ერიცხებოდა 2015 წლის აპრილის, მაისის, ივნისისა და მარტის თვის ნაწილის საიჯარო ქირა, სულ 24286.60 ლარის ოდენობით. აქედან 2015 წლის მარტის თვის საიჯარო ქირა შეადგენდა -1013.72 ლარს, 2015 წლის აპრილის თვის - 7640.32 ლარს, 2015 წლის მაისის თვის - 7920.89 ლარს, ივნისის თვის - 7711.67 ლარს.

 

ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, 2015 წლის აპრილისა და მაისის თვეში საიჯარო ქირის ამსახველი ფაქტურები შპს „ა-----------“-ს გაეგზავნა, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ვერ განახორციელა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 27-29)

 

3.5. უდავო გარემოებაა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა ვადამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი საგადასახდო დავალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 06 ოქტომბერს შპს „ა-----------“-ის მიერ შპს „ა----------------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 12 500 ლარი, რაც შეადგენდა „იჯარის საფასურს ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეების“.

 

ამავე თანხაზე გამოწერილი იქნა ანგარიშფაქტურები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო დავალება (ტ.1, ს.ფ. 18)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 19-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2015 წლის 08 აპრილის საგადასახადო დავალებით დგინდება, რომ შპს „ა-----------“-ის მიერ შპს „ა----------------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 12258,37 ლარი, ხოლო დანიშნულებაში კი მიეთითა „საიჯარო და კომუნალური გადასახადები - ა---------------- და ა----------------“.

 

ამავე თანხაზე გამოწერილი იქნა საგადასახდო ანგარიშფაქტურები, სადაც მითითებული იყო როგორც 2015 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების საიჯარო ქირაზე, ასევე კომუნალურ მოსაკრებლებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო დავალება (ტ.1, ს.ფ. 24)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1, ს.ფ. 22-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. 2015 წლის 21 აპრილის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით, შპს „ა-----------“-ს შპს „ა----------------------ის“ სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 8075,52 ლარი, რაშიც შედიოდა როგორც 2015 წლის მარტის თვის საიჯარო ქირა, ასევე კომუნალური გადასახადები.

 

2015 წლის 10 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერისა და ჩეკის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა იჯარის თანხა 7061,80 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2015 წლის მარტის თვის საიჯარო ქირისა და კომუნალური გადასახადების ნაწილი სწორედ მითითებული თანხიდან იქნა გაქვითული, რის შემდეგაც შპს „ა-----------“-ს შპს „ა----------------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელი დარჩა 1013,72 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში 2015 წლის მარტის თვის გადასახდელ საიჯარო ქირად სწორედ 1013,72 ლარია მითითებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ტ.1, ს.ფ. 25)

- სალაროს შემოსავლის ორდერი და ჩეკი (ტ.1, ს.ფ. 26)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 27-29)

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითარი-სალარო შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ 2015 წლის 11 მარტს შპს ,,ა----------------------ი’’-ს ანგარიშზე შპს ,,ა-----------’’-ს მიერ ჩაირიცხა 3000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სალაროს შემოსავლის ორდერი და ჩეკი (ტ.1, ს.ფ. 26)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 128-130-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნებას.

 

სამოქალაქოკოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების, ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) მიღება, რითაც უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, სსკ-ის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

 

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებულიყო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა ყოფილიყო გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხს გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავდა უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ამდენად, აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შპს ,,ა----------------------მა’’ მოსარჩელე შპს ,,ა-----------ს’’ იჯარით გადასცა 1000 კვ.მ. ფართი, ხოლო შპს ,,ა-----------მა’’ გადაიხადა საიჯარო ქირა. გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხდებოდა საიჯარო თანხების ჩარიცხვა, მაგრამ ჩარიცხული თანხით იფარებოდა ძველი დავალიანებები, შესაბამისად, სულ ჩარიცხული 22319 ლარიდან დაიფარა იანვარი, თებერვალი, მარტის თვის ნაწილის საიჯარო ქირის დავალიანება კომუნალურ გადასახადებთან ერთად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ეკისრება მოსარჩელეს, შესაბამისად, მას წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში უნდა განეხორციელებინა იმ გარემოების დამტკიცება, რომ მოპასუხისთვის თანხის ჩარიცხვა მოხდა უსაფუძვლოდ, შეცდომის საფუძველზე, რაც მან ვერ უზრუნველყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად,მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს;

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 03 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 2321-ე მუხლების შესაბამისად) დადასტურებულად ჩაითვალა. მითითებული გადაწყვეტილება ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც 2017 წლის მდგომარეობითაც და ასევე 2019 წლის მდგომარეობით ერთსა და იმავე მხარეს შორის მიმდინარეობს დავა სწორედ 2014 წლის 06 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გაქტობრივი გარემოებები, რაც ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში არის მოყვანილი ფაქტების სახით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა საქმეში წარმოდგენილი იყო თუ არა ამჟამად სარჩელზე დართული გადახდის ქვითრები და სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ შპს „ა-----------“-ს შპს „ა----------------------“ წინაშე შესასრულებელი ვალდებულება იყო 24286,60 ლარი, რაც შეადგენდა 2015 წლის მარტვის თვის საიჯარო ქირის ნაწილი, 2015 წლის აპრილის თვის, მაისის თვისა და ივნისის თვის საიჯარო გადასახადები სრულად, ასევე კომუნალური გადასახადები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხესთვის სწორედ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე სულ ჯამურად გადაიხადა 23319 ლარი, კერძოდ, 2015 წლის მარტში ჩარიცხა 3000 ლარი, 2015 წლის 8 აპრილს - 12258 ლარი და 2015 წლის 10 ივნისს - 7061 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ აღნიშნული თანხებით გაიქვითა ძველი დავალიანება, რის შემდეგაც სწორედ ის თანხა დარჩა შპს „ა-----------“-ს გადასახდელი, რაც მითითებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

ამავე კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონი სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ფაქტორს, ანუ მომენტს, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. თუკი მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართლია სადავო საკითხი შეეხება 2014-2015 წლებში მხარეთა შორის არსებულ საიჯარო გადასახადებს, თუმცა მსასამართლოსმიაჩნია,რ ომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აღსანიშნავია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა----------------------ის“ მოთხოვნა საიჯარო ქირის დარჩენილი ნაშთის შპს „ა-----------“-ზე დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, ამასთან სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა შპს „ა-----------“-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადების ათვლა უნდადაიწყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებიდან. მოცემულ საქმეზე სარჩელი წარმოდგენილია 2019 წლის 06 მაისს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2083.44 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დარჩეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მხოლოდ 50 ლარი, ხოლო 100 ლარი კი დაუბრუნდეს მოსარჩელეს როგორც ზედმეტად გადახდილი. ასევე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივარზე ზედმეტად გადახდილი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა-----------’’-ის სარჩელი შპს „აგრორემმექანსერვისის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ 06/05/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2083,44 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელე შპს „ა-----------“-ს დაუბრუნდეს თ---------- ნ--------ს (პ/ნ N0----------) მიერ 06/05/2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) გადახდილი 150 ლარიდან 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელე შპს „ა-----------“-ს დაუბრუნდეს თ---------- ნ--------ს (პ/ნ N0----------) მიერ 14/05/2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 100 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე