გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.11.2019
საქმის ნომერი
010210018002728389
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002728389

საქმე №2-4798/18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ლ---–----ე

წარმომადგენელი - პ----------–----ე

მოპასუხე - გ--------–--ე

წარმომადგენელი - კ-----------–------ე

მცირეწლოვანი ე------ ა----–--ის და მ----–- ა----–--ის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი (წარმომადგენელი გ---–-------–-------ე)

დავის საგანი - შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

დავალდებულდეს გ--------–--ე ხელი არ შეუშალოს ლ---–----ეს მშობლის უფლების განხორციელებაში და განესაზღვროს ლ---–----ეს მისი მცირეწლოვანი შვილების მ----–- ა----–--ის (პ/ნ 6---------- დაბ: 2013 წლის 25 მაისი) და ე------ ა----–--ის (პ/ნ 6---------- დაბ:2016 წლის 27 ივნისი) ნახვის დღეები შემდეგი გრაფიკით: პარასკევს დილის 18:00 საათიდან კვირას საღამოს 18:00 საათამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ ლ---–----ეს არ გააჩნია სათანადო საცხოვრებელი პირობები, მცირეწლოვანი შვილები დედის მიმართ არიან გაუცხოებული, რის გამოც მოპასუხე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დედამ შვილებთან უნდა იქონიოს ურთიერთობა, ღამის თევის გარეშე.

მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მცირეწლოვან ე------ ა----–--ეზე და მ----–- ა----–--ეზე არ უნდა განხორციელდეს არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში. დაცული უნდა იყოს ბავშვების უფლებები და დედასთან ურთიერთობა უნდა აღდგეს ეტაპობრივად.

წარმომადგენელს მიაჩია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აუცილებელია დედასთან ურთიერთობა აღდგეს ეტაპობრივად და ამ ეტაპზე დედას მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობა უნდა განესაზღვროს ღამის თევის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ლ---–----ეს და გ--------–--ეს არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები მ----–- ა----–--ე (პ/ნ 6---------- დაბ: 2013 წლის 25 მაისი) და ე------ ა----–--ე (პ/ნ 6---------- დაბ: 2016 წლის 27 ივნისი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მ----–- ა----–--ის და ე------ ა----–--ის დაბადების მოწმობების ასლი;

 

3.1.2. ლ---–----ე და გ--------–--ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მცირეწლოვანი შვილების ე------ და მ----–- ა----–--ის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია მამის საცხოვრებელი ადგილი, ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188, ბარაკი N116. ე------ და მ----–- ა----–--ეებს ფაქტობრივად ზრდის ბებია მ----------–--ე, დედინაცვალი ს-------- გ-------ე და მამა გ--------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3551 დასკვნა 15/05/2019წ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების წარმომადგენლის და საქმეში წარმოდგენილი ამავე განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ---–----ის დროებით საცხოვრებელია ქ.ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188, ბარაკი N649 „ა“-ში მდებარე დის - ი--–----ის საცხოვრებელი სახლი. ლ---–----ე ამჟამად რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--------------–---–თან. ლ---–----ეს სურვილი აქვს დაიბრუნოს შვილები და იცხოვროს მათთან ერთად. ლ---–----ე შვილებს ნახვის საათებში წაიყვანას დის ი--–----ის ოჯახში, ი--–----ის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბარაკის ტიპის სახლს, ოთახები რაოდენობა სამი: სამზარეულო, მისაღები და ერთი საძინებელი, სველი წერტილი. საცხოვრებელ სახლში სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ბაზაში. იქვე ახლოს ცხოვრობენ მისი მშობლები. ლ---–----ეს აქვს საშუალო განათლება მიღებული, ამჟამად არ მუშაობს არსად და არ აქვს სტაბილური შემოსავალი. ლ---–----ეს და მისი ოჯახის წევრებს სურვილი აქვთ ბავშვები ცხოვრობდნენ ლ---–----ესთან და ყოველთვის მზად არიან იზრუნონ ბავშვებზე, მონაწილეობა მიიღონ მათ მოვლა პატრონობაში, ასევე ბავშვების გარეგნობაზე, ჰიგიენაზე და ჯანმრთელობაზე. ლ---–----ეს სურვილი აქვს თავისი არასრულწლოვანი შვილები წაიყვანოს მასთან შაბათ-კვირას და იზრუნოს მათზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3551 დასკვნა15/05/2019წ;

 

3.2.2. სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების წარმომადგენლის და საქმეში წარმოდგენილი ამავე განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--------–--ის ოჯახში (ქ. ბათუმი, ფ------------–--–ის გამზირი N188, ბარაკი N116) დამაკმაყოფილებელია ბავშვების პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები, მამა გ--------–--ე ოჯახში ცდილობს შვილებს შეუქმნას საჭირო პირობები, რათა ხელი შეეწყოს მ----–-ს და ე------ს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვების თვითშეფასება ადეკვატურია, ბავშვების ქცევაში არ აღნიშნება რაიმე სახის სირთულე, ბავშვების განვითარება მიმდინარეობს შეფერხების გარეშე, ბავშვები კარგად არიან ადაპტირებული გარემოსთან. მ----–- ამჟამად ჩართულია საგანმანათებლო დაწესებულებაში საბავშვო კერძო ბაღში- „ჩიორაში“, გ--------–--ეს დაგეგმილი აქვს ე------ ა----–--ის საბავშვო ბაღში შეყვანა. გ--------–--ეს აქვს საშუალო განათლება, მუშაობს მამასთან ერთად მშენებლობაზე და აქვს სტაბილური შემოსავალი. გ--------–--ის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბარაკის ტიპის სახლს, ოთახები რაოდენობა ორი. საცხოვრებელ სახლში სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურ დაუცველთა ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3551 დასკვნა15/05/2019წ;

 

3.2.3. სასამართლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების წარმომადგენლის და საქმეში წარმოდგენილი ამავე განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი სირთულე ბავშვების ფსიქიკაში არის დედასთან განრიდება. ბავშვებს აქვთ ძლიერი მიჯჭვულობა მამასთან და ბებია ბაბუასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტება;

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის N04-15-01/3551 დასკვნა15/05/2019წ;

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვების ხანგრძლივი დროით დედასთან ურთიერთობის არ ქონამ გამოიწვია დედასთან ურთიერთდამოკიდებულების ცვლილება, დედა არ წარმოადგენს ბავშვებისთვის საშიშროებას და ასეთი ხარისხის შფოთვა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ ქცევად. მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ხელი შეეწყოს დედასთან ურთიერთობის პროცესს, რადგან დედასთან ურთიერთობის არ ქონა ამ ასაკის ბავშვებში გამოიწვევს მთელ რიგ სურთულეებს. აქედან გამომდინარე აუცილებელია ხელი შეეწყოს დედასთან ურთიერთობის გაღრმავებას, რომ არ მოხდეს გაუცხოების პროვოცირება. სამომავლოდ უნდა მოხდეს მამის მხრიდან ბავშვების ფსიქოლოგიური მზაობა, შეეწყოს ხელი დედისა და შვილების ურთიერთობას, უნდა აეხსნათ ბავშვებს დედასთან ურთიერთობის საჭიროება. მნიშვნელოვანია მშობლებს შორის ნეიტრალური ურთიერთობის ჩამოყალიბება და საერთო ენის გამონახვა ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობა. ამრიგად არ უნდა მოხდეს ბავშვებით მანიპულირება, არ უნდა გამოიყენონ მხარეებმა დამაშორებელი ქცევები, ხელი შეეწყოს დედასთან ურთიერთობის გაღრმავებას. აუცილებელია მშობლები გონივრულად მიუდგნენ შექმნილ სიტუაციას, არ გაზარდონ ბავშვებში განქორწინებით გამოწვეული რისკები, იმოქმედონ ბავშვების ინტერესებიდან და უფლებებიდან გამომდინარე, შექმნან შვილებისთვის ემოციურად სტაბილური და არაკონფლიქტური გარემო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფსიქოლოგის დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მიიჩნევს, რომ ლ---–----ის სასარჩელო განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: დავალდებულდეს გ--------–--ე ხელი არ შეუშალოს ლ---–----ეს მცირეწლოვან შვილებთან ე------ და მ----–- ა----–--ეებთან ურთიერთობაში. ლ---–----ეს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილებთან მ----–- ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ: 2013 წლის 25 მაისი) და ე------ ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ:2016 წლის 27 ივნისი) და მიიღოს მონაწილეობა მათ აღზრდაში; შესაბამისად ლ---–----ეს განესაზღვროს მცირეწლოვან შვილებთან მ----–- ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ: 2013 წლის 25 მაისი) და ე------ ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ:2016 წლის 27 ივნისი) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, შემდეგი წესით: სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, წაიყვანოს შვილები ყოველი კვირის შაბათს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე და კვირას 11:00 საათიდან 19:00 საათამდე წაყვანის უფლებით და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით; სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ კი ყოველი კვირის შაბათ 11:00 საათიდან კვირას 19:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლებით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცით და ბავშვის უფლებათა კოდექსით 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრიოს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისათვის. ამავე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მშობლის მიერ მშობლის უფლებების ისე განხორციელება, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ზიანი მიადგეს.

 

ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.

 

6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ მ----–- და ე------ ა----–--ეებს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მათი, როგორც ბავშვების უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს იყვნენ ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვებს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მათი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება და მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელთანაც იზრდებიან ბავშვები უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.

 

6.5. ბავშვის უფლებათა კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ბავშვი ისე აღზარდოს, რომ ბავშვი თავისი ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისად: პატივისცემით ეპყრობოდეს მშობელს, ოჯახის სხვა წევრებს, მეურვეს, მინდობით აღმზრდელს, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელ სხვა პირს;

 

სასამართლომ გაითვალისწინა ფსიქოლოგის დასკვნა და დადგენილად მიიჩნია, რომ სამომავლოდ უნდა მოხდეს მამის მხრიდან ბავშვების ფსიქოლოგიური მზაობა, შეეწყოს ხელი დედისა და შვილების ურთიერთობას, უნდა აეხსნათ ბავშვებს დედსთან ურთიერთობის საჭიროება. მამამ არ უნდა განახორციელოს ბავშვებით მანიპულირება და ხელი შეეწყოს დედასთან ურთიერთობის გაღრმავებას, რადგან დედასთან ურთიერთობის არ ქონა ამ ასაკის ბავშვებში გამოიწვევს მთელ რიგ სურთულეებს.

 

6.6. ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

 

6.7. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს მცირეწლოვან მ----–- და ე------ ა----–--ესთან.

 

მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვების ნახვით ლ---–----ე მიაყენებს ზიანს ბავშვების კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, ხელი უნდა შეეწყოს დედასა და ბავშვებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, მიზანმიმართულად და გონივრულად იურთიერთოს შვილებთან, რათა ე------ და მ----–- ა----–--ეებმა შეძლონ არსებული სირთულეების დაძლევა.

 

6.8. ზ/ემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მშობლის მიერ მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა განმარტებების და ასევე თავად ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლ---–----ეს უნდა მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილებთან მ----–- და ე------ ა----–--ეებთან და მიიღოს მონაწილეობა მათ აღზრდაშიც. შესაბამისად მას უნდა მიეცეს საშუალება: სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, წაიყვანოს შვილები ყოველი კვირის შაბათს დღეს დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე და კვირას დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წაყვანის უფლებით და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით; სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ კი ყოველი კვირის შაბათ დილის 11:00 საათიდან კვირას საღამოს 19:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე გ--------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ---–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. მოპასუხე გ--------–--ე დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს მოსარჩელე ლ---–----ეს მცირეწლოვან შვილებთან მ----–- და ე------ ა----–--ეებთან ურთიერთობაში;

 

1.2. ლ---–----ეს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის მცირეწლოვან შვილებთან მ----–- ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ: 2013 წლის 25 მაისი) და ე------ ა----–--ესთან (პ/ნ 6---------- დაბ:2016 წლის 27 ივნისი) და მიიღოს მონაწილეობა მათ აღზრდაში;

 

2. განესაზღვროს ლ---–----ეს მცირეწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, შემდეგი წესით:

 

2.1. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, წაიყვანოს შვილები ყოველი კვირის შაბათ დღეს დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე და კვირას დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე წაყვანის უფლებით და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

2.2. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ კი ლ---–----ეს მიეცეს საშუალება წაიყვანოს მისი არასრულწლოვანი შვილები მ----–- და ე------ ა----–--ეები ყოველი კვირის შაბათ დღეს დილის 11:00 საათიდან კვირას საღამოს 19:00 საათამდე, წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და მამასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით;

 

3. მოპასუხეს გ--------–--ეს მოსარჩელის ლ---–----ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე