გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
330210019002961863
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8916-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.11.2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

მოსარჩელე მ------ ხ-------ე,წარმომადგენელი ბ---- ღ--------,მოპასუხე მ--- ბ-------–---–ი,წარმომადგენელი ლ---- კ----------, გ------- ზ-----–-–---–-,დავის საგანი: პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფის დავალდებულება, მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს გამოქვეყნებულ ცნობაში (ფეისბუქ პოსტში) მითითებული ინფორმაციის უარყოფა, კერძოდ მოპასუხემ ნებისმიერ მედიაში ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტის კონტექსტში, კერძოდ: მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვით ან ელექტრონულ საშუალებებში ან ინტერნეტში უარყოს შემდეგი ინფორმაცია: მ------ ხ-------ე არის ქურდი და რომ მან გერმანიაში სახლის პატრონისგან მოიპარა მთელი საგვარეული განძი (სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მითითებით).

 

1.2. მოპასუხე მ--- ბ-------–---–ს მოსარჩელე მ------ ხ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის სახით 30 000 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხე მხარის პოზიციით მოსარჩელს ჰყავს მეგობარი საზღვარგარეთ, რომელმაც დაურეკა მას და უთხრა, რომ მას სახლიდან ქართველებმა მოპარეს ნივთი. აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირფასი და ძვირადღირებული ნივთი. ამგვარმა ინფორმაციამ მოპასუხე ააღელვა და გააღიზიანა. მოპასუხე ფეისბუქ აპლიკაციის მომხმარებელია და როგორც მიუთითებს საკმაოდ ხშირად წერს პოსტებს, შესაძლებელია დღეში 3-4 პოსტიც გამოაქვეყნოს. მოპასუხემ, რომელიც საკმაოდ აღელვებული იყო ზემოაღნიშნულის გამო ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დააფიქსირა საკუთარი გულისწყრომა ქართველების მხრიდან ზოგადად ქურდობის ფაქტების მიმართ. აღნიშნულის დაპოსტვიდან რამდენიმე წუთში ის დაუკავშირდა თავის მეგობარს და აცნობა, რომ დაწერა პოსტი. მეგობარმა უთხრა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო არ იყო საჭირო ამგვარი პოსტის გამოქვეყნება და სთხოვა პოსტის წაშლა, შედეგად მოსარჩელემ გამოქვეყნებული პოსტი დაუყოვნებლივ წაშალა. მოპასუხემ როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო იმგვარი შინაარსით პოსტის და მოსარჩელის ფოტოსურათების გამოქვეყნება, რაზეც მოსარჩელემ მიუთითა და აღნიშნა, რომ გამოქვეყნებული პოსტი შეიცავდა ზოგად მითითებას ქურდობის შესახებ მოპასუხე მოსარჩელეს არ იცნობს და მასთან შეხება არ ქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სიტყვისა და გამოხატვით თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არის კერძო პირი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.2. მოსარჩელე დასაქმებული იყო გერმანიაში, კერძო პირთან/დამქირავებელთან. გერმანიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას დაუკავშირდა ყოფილი დამქირავებელი და შეატყობინა, რომ მისი სახლიდან დაიკარგა საოჯახი განძი, რაზეც მოსარჩელემ მას განუცხადა, რომ ამ ფაქტთან მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.3. მოპასუხე სიტყვისა და გამოხატვით თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არის შოუ ბიზნესის, ჯაზის ცნობილი ქართველი წარმომადგენელი - შემსრულებელი, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია იგი მიიჩნეულ უნდა იქნეს საჯარო პირად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლი.

 

3.1.4. მოპასუხემ სოციალურ ქსელში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დააფიქსირა თავისი შეხედულება ქართველების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილ ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მალევე მეგობრის რჩევის გათვალისწინებით თავადვე წაშალა. ამჟამად მოპასუხის აღნიშნულ პოსტი სოციალურ ქსელში არ იძებნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

11.07.2019 წლის სანოტარო აქტი, დისკი ს. ფ. 94-116.

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (მტკიცებულება) მოპასუხის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს პირველადი წყაროს (მოსარჩლის პუბლიკაციას - პოსტს), არამედ სხვადასხვა ელექტრონული საინფორმაციო მედია საშუალებების მიერ მოპასუხის პოსტზე „დაყრდნობით“ გავრცელებულ მეორად ინფორმაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერები ვებ-გვერდებიდან ს. ფ. 23-31;

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.1.6. საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე საქართველოში ან გერმანიაში ქურდობისათვის ნასამართლებ პირს არ წარმოადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.

მხარეები სადავოდ არ ხდიან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ტექსტით პოსტი - ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია - გაუვრცელებია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

სასამართლო, წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების განსაკუთრებულ - სპეციალურ წესზე გაამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს შემდეგს:

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ამდენად, მოსარჩელემ უპირველესად სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

სასამართლო იზიარებს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და განმარტავს, რომ კერძო პირის მიმართ ცილისწამებისათვის მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ეკისრება ტვირთი დაამტკიცოს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიჩნევს, რომ მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს. კერძოდ, ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელში მითითებული სახით კონკრეტულად მოსარჩელის მითითებით მოახდინა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსის გამოქვეყნება და შემდეგ მოხდა მეორადი წყაროების ანუ საინფორმაციო საშუალებების მიერ მისი უცვლელი სახით ნიუსებში გადმოტანა აღნიშნული ინფორმაციის. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ თუნდაც მოპასუხეს მის მიერ სარჩელში მითითებული ფორმით სოციალურ ქსელში მოეხდინა ინფორმაციის გამოქვეყნება იგი არ წარმოდგენს საქართველოში ან/და გერმანიაში პოსტში მითითებული ქმედებისათვის გასამართლებულ პირს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ ხ-------ის სარჩელი მ--- ბ-------–---–ი მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9-ე, მე-17, 31-ე მუხლები;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი;

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW);

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-7, მე-13 მუხლები;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სამოქალაქო საქმე განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცენდენტული სამართლით, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოველმხრივად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლიდან გამომდინარე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი ღირებულების - გამოხატვის თავისუფლების, კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი მოვლენის ზოგად და ისტორიულ შეფასებას ასევე ღირსებისა და რეპუტაციის დაცულ უფლებას;

 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 9.1 მულით ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამავე კონსტიტუციის 17.1 მუხლით აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო 17.2 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31.1 მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

საქართველოს კონსტიტუციის 17.5 მუხლით აზრის გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, არასწორი ფაქტების გავრცელება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს ცილისწამების დეფინიციას, რომლის მიხედვითაც, ცილისწამება ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება, რომელიც მტკიცებას ექვემდებარება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა ანუ შესაძლებელია ფაქტების საწინააღმდეგოს დამტკიცება და 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირს ადგება ზიანი ან/და იგი იწვევს მის პატივისა და ღირსების შელახვას.

 

კანონმდებელმა განცალკევებულად გამოყო ცილისწამება კერძო პირის მიმართ საჯარო პირის ცილისწამებისაგან და განსხვავებული კრიტერიუმები დაადგინა თითოეულისათვის. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო პირი არის „ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო“. უდაოა, რომ მოსარჩელე კერძო პირია. ხოლო რაც შეეხება მოპასუხეს სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 7.3 მუხლზე დაყრდნობით მოპასუხე მიჩნეულ უნდა იქნეს ამ კანონის მიზნებისათვის საჯარო პირად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს მოპასუხე წარმოადგენს საზოგადოებისათვის ცნობილ შოუ - ბიზნესის წარმომადგენელს და მისი პირადი ცხოვრებისაკენ ყოველთვის მიმართულია საზოგადოების ყურადღება.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე კანონის 16-ე მუხლით პირს ცილისწამებისათვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. აზრი კი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, არის შეფასებითი მსჯელობა, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება. ამავე კანონის პირველი მიხლის "ღ" ქვეპუნქტით მედიაა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის ინტერნეტი.

 

პრეცენდენტული სამართლის თანახმად გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადეობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ - ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. 10.2 მუხლის საფუძველზე იგი ეხება არა მხოლოდ „ინფორმაციას“ და „იდეებს“ რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გრეშე „დემოკრატიული სააზოგადოება“ არ არსებობს. მე-10 მუხლის შესაბამისად თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც . . . უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს . . . 10.2 მუხლის მიზნებისატის „აუცილებელი“ გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილება გარკვეულ ფარგლებში ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდოროდ არის დაკავშირებეული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომლების ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

 

სასამართლომ დავის გადაწყვეტის ჭრილში უნდა განიხილოს საჭიროა თუ არა მოსარჩელის მიერ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე ჩარევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თვალაზრისით და თუ საჭიორა ის რამდენად ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი, სათანადო და საკმარისია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლომ უპირველესად განსახილველ საკითხად დააყენა იმის დადგენა, მოპასუხემ გაავრცელა კონკრეტული ფაქტი თუ მისი გამონათქვამი იყო მხოლოდ მისი პირადი აზრი და შეფასებითი მსჯელობა და რამდენად ყურადღებას იმსახურებდა მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებაში და ამით ხომ არ მიადგა მოსარჩელეს ზიანი.

 

კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს. თუმცა, როგორც ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული მიდგომებიდან გამომდინარეობს, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეზები უნდა განიმარტოს ძალიან ვიწროდ. საქმეში - OBSERVER AND GUARDIAN VS THE UNITED KINGDOM, სასამართლომ განმარტა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება რიგ გამონაკლისებს, რომლებიც განმარტებული უნდა იყოს ვიწროდ. ამა თუ იმ „შეზღუდვის აუცილებლობა სარწმუნოდ უნდა იყოს დადგენილი“. მთავარი კონცეპტუალური მიდგომა, რომელიც ევროპის სასამართლომ შეიმუშავა, მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, და ის წარმოადგენს დემოკრატიის საყრდენს, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების წინაპირობას. აღნიშნული ფუძემდებლური დეფინიცია სასამართლომ ყველაზე უფრო სრულყოფილად გადმოსცა საქმეში -HANDYSIDE VS THE UNITED KINGDOM; მასში სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა გამოხატვის თავისუფლების ორმაგი დატვირთვა და მისი დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობა (აღნიშნული განჩინება ევროპის სასამართლოს ყველაზე უფრო ციტირებად განჩინებას წარმოადგენს). ევროპული სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა - ლუციუს ვილდჰაბერმა მას „ზარის რეკვასავით ხშირად განმეორებადი დეკლარაცია“ უწოდა (იხ. „გამოხატვის თავისუფლება“; ევა გოცირიძე; თბილისი 2008წ.).

 

სწორედ ჰენდისაიდის საქმეში გამოიყენა ევროპის სასამართლომ ცნობილი ფრაზა - “offend, shock or disturb”; აღნიშნულით სასამართლომ განმარტა, რომ დაცულია არა მხოლოდ ისეთი გამოხატვა, ანუ ისეთი ინფორმაციებისა და იდეების გავრცელება, რომლებსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, არამედ ისეთიც, რომელიც ყველაზე შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელია, ვინაიდან, „ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის მოთხოვნა, ურომლისოდაც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“. ევროპის სასამართლო, საზოგადოდ შემწყნარებელია ისეთი იდეებისა და ინფორმაციის მიმართ, რომლებიც ზიანს აყენებენ იმ პირთა უფლებებს, რეპუტაციას ვისკენაც არის ისინი მიმართული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ დროს, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული პრესა და ევროპის სასამართლოს მიერ შემუშავებული ცნება - „საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხებზე საჯარო დისკუსია“ (განსახილველ დავაშიც ხომ ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის მონაწილეობა გვაქვს სახეზე). თუმცა, ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით, კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში „ჩარევა“ სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფორმულა - offend, shock, disturb, გაგებული უნდა იქნას არა ისე, რომ შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია თუ იდეა ყოველთვის და აბსოლუტურად დაცულია, არამედ ისე, რომ ასეთი ინფორმაციაც და იდეაც, გარკვეული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული.

 

იმისათვის, რომ შეზღუდვა, ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია რომ ასეთი შეზღუდვა იყოს გათვალისწინებული - ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით. ანუ, გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტის მაღალი დაცვისათვის, აუცილებელია გარკვეული შემუშავებული რეგულაციები სახელმწიფოს მიერ, რომელიც პირს ნათლად დაანახებს რა წესითაა გათვალისწინებული ამა თუ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი თავისუფლების შეზღუდვა. საქმეში - SILVER AND OTHERS VS THE UNITED KINGDOM, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებაში ჩარევა, ვერ ჩაითვლებოდა გამართლებულად, თუ ის კანონზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე ნორმის საფუძველზე განხორციელდა. ნათელი და განჭვრეტადი კანონის თაობაზე რეგულაციას ასევე შეიცავს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი საქმეებია CASE OF MALONE VS THE UNITED KONGDOM და CASE OF WINGROWE VS THE UNITED KONGDOM და სხვა.

 

ასევე, იმისათვის, რომ შეზღუდვა გამართლებულად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია რომ ეს „კანონით“ გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში; ესენია: სახელმწიფო უშიშროება, დანაშაულის თავიდან აცილება, სასამართლოს ავტორიტეტი, სხვათა რეპუტაცია, სხვა უფლებები და ა.შ.

 

თუ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდა შესაბამისი კანონის გარეშე, ასევე ეს ჩარევა არ ემსახურება ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს, სასამართლო თავისთავად ადგენს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას (ისე რომ აღარც გადადის ჩარევის აუცილებლობისა და თანაზომიერების შეფასებაზე).

 

რაც მთავარია, ამ ორი ასე ვთქვათ - წინარე ეტაპების გადალახვის შემთხვევაში (სასამართლოს პრაქტიკა მოწმობს, რომ უმრავლესობა საქმეებისა გადალახავს ხოლმე ამ ორ მოცემულობას), ევროპული სასამართლო უკვე მსჯელობს თუ რამდენად აუცილებელი იყო ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in the democratic society). აღნიშნული, ასევე გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ევროპის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, სწორედ ამა თუ იმ ჩარევის შეუსაბამობა ზემოაღნიშნულ - „აუცილებლობასთან“ იქცევა ხოლმე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის განმაპირობებელ ძირითად ასპექტად. მოპასუხე სახელმწიფოები - ხელშემკვრელი მხარეები, სწორედ მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებაში განხორციელებული ჩარევის დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებლობას ვერ ასაბუთებენ იმ შემთხვევებიდან უმრავლესობაში, რომლებშიც სტრასბურგი ადგენს მე-10 მუხლის დარღვევას. სწორედ ამიტომ, უმრავლესობა შემთხვევებში, ევროპის სასამართლოს მიერ არ არის ხოლმე შეწყნარებული სახელმწიფოთა მითითებანი შეზღუდვის აუცილებლობასთან (დემოკრატიულ საზოგადოებაში) მიმართებაში.

 

თავის მხრივ, შეფასება - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, მოიცავს ორ კომპონენტს: უფლებაში ჩარევის „აუცილებობისა“ და ჩარევის „თანაზომიერების“ შეფასებას.

 

ევროპის სასამართლო, ჩარევის თანაზომიერების საკითხის უარყოფით გადაწყვეტას, როგორც წესი გამოხატვის თავისუფლებისათვის შეუსაბამოდ მაღალი სანქციით, ან სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყების არაპროპორციული ხასიათით ხსნის; მაგ: საქმეში CUMPANA AND MAZARE VS ROMANIA, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო მოხელეთა დიფამაციას, ევროპულმა სასამართლომ აღიარა უფლებაში ჩარევის აუცილებლობა და მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ სისხლისსამართლებრივი მსჯავრდება და გამოყენებული სანქციები (თავისუფლების აღკვეთა და სხვა), ნამდვილად არ იყო პროპორციული და შესაძლოა მათ ექონიათ „მსუსხავი ეფექტი“ პრესის თავისუფლებაზე. აღნიშნული გამო, სტრასბურგმა მე-10 მუხლის დარღვევა სცნო (მსგავსი მიდგომებია გამოყენებული საქმეებში - KYPRIANOU VS CYPRUS, PEDERSEN AND BAADSGAARD VS DENMARK, RADIO FRANCE VS FRANCE და სხვა).

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ფორმულიდან - „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ყურადღებას გაამახვილებს სწორედ პირველ კომპონენტზე: უფლებაში ჩარევის „აუცილებობა“. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს საამისოდ „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (pressing social needs), რომლის აღიარებისთვისაც თავის მხრივ საჭიროა „შესაბამისი და საკმარისი“ (relevant and sufficiant) საფუძვლის არსებობა. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის სათანადოდ შეფასება წყვეტს ხოლმე ევროპის სასამართლოში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართებულობის საკითხს და ასევე ეს ცნება იქნება განმაპირობებელი წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მსჯელობისას.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად უნდა განიხილებოდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ამა თუ იმ გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფის დავალება, როგორც ამას ითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული მიდგომის საფუძვლიანობას ადასტურებს თუნდაც ევროპის სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება საქმეში - STEEL AND MORRIS VS THE UNITED KINGDOM, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულ სამეფოში გამართული „დიფამაციური პროცესი და მისი შედეგები“ (იგულისხმება სასამართლო სამართალწარმოება და ამის შედეგად განმცხადებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სასამართლოს მიერ), წარმოადგენდა მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, რისთვისაც სახელმწიფო პასუხისმგებელი იყო. შესაბამისად, ნათელია, რომ სანამ სასამართლო ასეთი ფორმით „ჩაერევა“ და „შეზღუდავს“ გამოხატვის თავისუფლებას (განსახილველ შემთხვევაში - მედიის გამოხატვის თავისუფლებას), მან უნდა შეაფასოს და გაიაროს ის ტესტი, რომლითაც აფასებს ევროპის სასამართლო სწორედ ჩარევისა და შეზღუდვის აუცილებლობას.

 

ევროპის სასამართლოს მიერ, პრეცედენტული სამართლით შემუშავებულია გარკვეული მიდგომები და კრიტერიუმები, გარკვეული გამოკვეთილი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ზემოაღნიშნული „ჩარევის აუცილებლობის“ შეფასებაზე; ასეთი ფაქტორები, იმის გათვალისწინებით თუ რომელი ფაქტორი რა მიმართებაშია სხვა ფაქტორთან, ხშირად წარმოქმნილი ღირებულებათა კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტის სხვადასხვა ბალანსს სვამენ:

 

სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელობა ენიჭება აზრისა და ფაქტის დეფინიციებს. აზრი, რომელიც არის შეფასებითი კატეგორია და ნაკლებად ექვემდებარება მტკიცებას, შედარებით უფრო დაცულია. თუმცა არც ეს დაცვაა აბსოლუტური: ევროპის სასამართლო განმარტავს, რომ რაც უფრო უხეში და სერიოზული ბრალდების შემცველია აზრი, და ამავე დროს რაც უფრო დაუცველი პირის მიმართ არის ის გამოთქმული, მით მეტია ალბათობა ასეთი გამოხატვის შეზღუდვისა. მეორეს მხრივ, შედარებით ნაკლებად შეიძლება იყოს დაცული ფაქტების გავრცელება. თუმცა აბსოლუტური და ერთობლივი მიდგომა არც აქ არსებობს; ევროპის სასამართლო. მოწოდებულია შეიწყნაროს გარკვეული - თუნდაც მცირე ფაქტობრივი მონაცემების შემცველი ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც ღირებულებათა კონფლიქტში ერთვება ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორებიცაა „საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხები“ და პრესის თავისუფლება; ასევე როდესაც გამოხატვა მიმართულია ნაკლებად დაცვადი (ანუ სახელმწიფოს დაცვის ნაკლები მოთხოვნილების მქონე) პირისადმი - ხელისუფლების ორგანოს, ძლიერი ეკონომიკური სუბიექტის, პოლიტიკოსის მიმართ (აღნიშნულზე ზემოთ დეტალურად უკვე ვისაუბრეთ).

 

ყოველი ზემოაღნიშნული მსჯელობა და მათში გაკეთებული დასკვნები, თავისთავად განაპირობებს წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგალურ საფუძვლებს და სასამართლო, ამ საქმის კონკრეტული პერიპეტიების თაობაზე მსჯელობისას, რათქმაუნდა აღარ გაიმეორებს ყველა იმ მიდგომებსა თუ კონკრეტულ საქმეებს (CASE LAW), რაც ზემოთ უკვე ჩამოვაყალიბეთ.

 

მოცემულ საქმეში, შესაძლო დიფამაციური - ცილისმწამელური განცხადების წინააღმდეგს სარჩელი შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ და მოთხოვნილია გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა; ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სარჩელის ასეთი ფორმულირების დაკმაყოფილებით, სასამართლო თავისთავად განახორციელებდა „ჩარევას“ გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, გადმოვიტანოთ ჩარევის დასაბუთებულობის ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებზეც ზემოთ ვიმსჯელეთ და მივყვეთ თანმიმდევრობით:

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული - მე-18 მუხლი, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლები ითვალისწინებენ ამა თუ იმ სუბიექტის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო სამართალწარმოების გზით. შესაბამისად, კონვენციის მე-10 მუხლის ასე ვთქვათ „ფორმულის“ (რომელიც გათვალიწინებულია მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით) პირველი ელემენტი - „ ჩარევა გათვალისწინებულია კანონით“, სახეზე გვაქვს და ეს სადავო არ არის.

 

სასამართლო ასევე თვლის, რომ ამ „ფორმულის“ მე-2 ელემენტი - „ჩარევა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს“, ასევე გვაქვს სახეზე. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამენტირებული ლეგიტიმური მიზნებიდან ერთ-ერთს სწორედ საქმიანი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენს და განსახილველი სარჩელიც სწორედ ამ საკითხის ირგვლივ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ორი ასე ვთქვათ „პირველადი კრიტერიუმები“, როგორც ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ უმრავლესობა საქმეებში, აქაც გადალახულია.

 

აქვე სასამართლო, ისევ აღნიშნავს, რომ სარჩელის უარყოფითად გადაწყვეტის უმთავრეს წინაპირობას, სასამართლოს აზრით სწორედ „ჩარევის აუცილებლობის“ არარსებობა წარმოადგენს.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დაადგინა, რომ მოპასუხეს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ტექსტით პოსტი და მოსარჩელის ფოტოსურათები არ დაუდია - გამოუქვეყნებია, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი იყო ზოგადი, მასში არ იყო მოხსენიებული კონკრეტული პირების მაიდენთიფიცირებელი მონაცემები მათ შორის მოსარჩელის შესახებ და რომელიც ეხებოდა ზოგადად ქართველების მიერ საზღვარგარეთ ქურდობის ჩადენასთან დაკავშირებით მის მოსაზრებებს, რადგან როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი მხარეებს ერთმანეთთან მანამდე შეხება არ ქონიათ და ისინი ერთმანეთა არ იცნობენ, ამასთან გავრცელებული პოსტი მალევე მოპასუხის მიერვე იქნა წაშლილი, ხოლო მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის პოსტთან დაკავშირებით ეყრდნობა არა პირველად არამედ მეორად ელექტრონული მედიასაშვალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის ავთენტურობაც ასევე სადავო იყო და მოსარჩლის მიერ საქმის განხილვისას ვერ დადასტურდა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით, სასამართლოს შეთავზების მიუხედავად.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

კერძო პირის ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისთვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიჩნევს, რომ მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს. კერძოდ, ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელში მითითებული სახით კონკრეტულად მოსარჩელის მითითებით მოახდინა თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსის გამოქვეყნება და შემდეგ მოხდა მეორადი წყაროდან ანუ საინფორმაციო საშუალებებიდან უცვლელეად გადმოტანა აღნიშნული ინფორმაციის. ასევე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ თუნდაც მოპასუხეს მის მიერ სარჩელში მითითებული ფორმით მოეხდინა ინფორმაციის გამოქვეყნება იგი არ წარმოდგენს საქართველოსა ან/და გერმანიაში, ვინაიდან ქმედება გერმანიაში უნდა მომხდარიყო, პოსტში მითითებული ქმედებისათვის რომელიც შეიძლება დანაშაულის ჩადენის დაბრალებად განვიხილოთ ნასამართლობის არმქონე პირს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს უკანასკნელი გარემოებებიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ეყრდნობა არა პირველადი წყაროდან მიღებული ინფორმაცია, არამედ საინფორმაციო საშუალებების მიერ „შესაძლო უცვლელად“ გადმოტანილი ნაწარმოებ მეორად ინფორმაციას, რომელიც მოპასუხემ ვითომდა განათავსა სოციალურ ქსელში თავის ფეისბუქ-გვერდზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნული პოსტი როგორც პირველადი ასევე მეორადი დღეის მდგომარეობით საინფორმაციო სივრცეში არ იძებნება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელემ მის შესახებ მოპასუხის მხრიდან ცილისწამების ფაქტი ვერ დაადასტურა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო აღარ მსჯელობს მოსარჩელის მე-მე-8-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევის საკითხზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც არ ვრცელდება მოპასუხის მხრიდან ცილისწამების შემცველი განცხადება, შეფასებას აღარ ექვემდებარება სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი