გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210019002891541
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/5029-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე- შპს „ვო---–-------------------ი’’

წარმომადგენელი - ელ----------–-ა

მოპასუხე - სა-–--------------------ი

წარმომადგენელი - რე------------ა

დავის საგანი -პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე სა-–--------------------ის შპს ,,ვო---–-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკოსროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სა-–--------------------იმ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ვო---–-------------------სა“ და სა-–--------------------ის შორის 2018 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა იკისრა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სუროგაციის გაწევის ვალდებულება. სუროგატის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 41-45)

 

3.1.2. მოპასუხე სა-–--------------------ის მხოლოდ ერთხელ გაუკეთდა ანალიზები, შემდგომში კი მან შეწყვიტა გამოკვლევაზე გამოცხადება და შესაბამისად, სუროგაცია არ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება( სარჩელი)

 

3.1.3 შპს ,,ვო---–-------------------ის“ მიერ 2019 წლის 15 თებერვალს სა-–--------------------ის გაეგზავნა გაფრთილების წერილი ხელშეკრულების დარღვევის გამო ჯარიმის 5 000 ლარისა და დამატებით გაწეული ხარჯების გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილი (ს.ფ 50)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს, რომ მოპასუხე სა-–--------------------იმ დაარღვია ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ხელშეკულრბით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით შეწყვიტა კომუნიკაცია მოსარჩელესთან, შესაბამისად, აღარ დაემორჩილა ამ უკანასკნელის მიერ შერჩეული კლინიკის ექიმების მიერ მიცემულ მითითებებს გამოკვლევების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან დაიცვა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წამოუდგინა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვო---–-------------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ შპს ,,ვო---–-------------------სა“ და სა-–--------------------ის შორის 2018 წელს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა იკისრა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სუროგაციის გაწევის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 2018 წლის ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ორმხირივი შეთანხმების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 3.1.14 პუნქტის შესაბამისად, სუროგატი ვალდებულია სააგენტოს ბაზიდან ამოღების სურვილის შემთხვევაში სააგენტოს აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკულების შეწყვეტის თაობაზე წერილობით არ მიმართა მოსარჩელეს. ამასთან, მან აღარ ჩაიტარა შემდგომი გამოკვლევები და საერთოდ შეწყვიტა კავშირი შპს „ვო---–-------------------თან“. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტი, რომლის შესაბამისად სუროგატის ვალდებულებას წარმოადგენდა შპს „ვო---–-------------------ის“ მიერ შერჩეული კლინიკის ექიმების მიერ მიცემული დანიშნულებისა და მითითებებისადმი დამორჩილება.

 

ხელშეკრულების 3.1.11 პუნქტის მიხედვით, ამ ხელშეკრულების 3.1.3, 3.1.5, 3.1.6, 3.1.8, 3.1.9, 3.1.10 და 3.1.12 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუროგატი ვალდებული იყო მოსარჩელისთვის გადაეხადა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დადგენილია, რომ დაირღვა ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტი, არსებობს ჯარიმის დაკისრების საფუძველი.

 

6.2 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მხარეები ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმებისას პირგასამტეხლოს ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.

 

პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება უნდა ირღვეოდეს, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია.

 

როგორც აღინიშნა მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ სუროგატის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 5 000 ლარის ჯარიმის სახით გადახდევინების თაობაზე. აღნიშნული ჯარიმა თავისი შინაარსით წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. ამდენად, მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს აღნიშნული კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხე სა-–--------------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ვო---–-------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სა-–--------------------ის შპს „ვო---–-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა.

 

3. სა-–--------------------ის შპს „ვო---–-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი