გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.11.2019
საქმის ნომერი
831210019003238502
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019003238502

საქმე № 2/150-19 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ე-- ხუ–--ე

მოპასუხე - სპს ,,ნ-----------“

წარმომადგენელი - ზ----- ნე-----ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სპს ,,ნ------------ს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს - 1377.43 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ენერგია XXI”-ის გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებოტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სპს ,,ნ------------“ დავალიანების 1377.43 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

1377.43 ლარის დავალიანება სპს ,,ნ-----------ს“ წარმოეშვა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით და ქვითრით. ვინაიდან სპს ,,ნ------------“ მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად სამინისტროს მოთხოვნაა მოპასუხეს დაეკისროს არსებული დავალიანების 1377.43 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სპს ,,ნ------------“ წარმომადგენელმა არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას არანაირი დავალიანება არ გააჩნია, მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადახდილი აქვს სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო თვეებში არ მოხდებოდა მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2006-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,რიონჰესის“, სს ,,გუმათჰესების კასკადის“, სს ,,ლაჯანურჰესის“, სს ,,ძევრულჰესის“, სს ,,შაორჰესის“ შპს ,,აწჰესის“, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“, შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის“ ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,ენერგია XXI”, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანება (იხ. ს.ფ. 21-22);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 23-28);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,ენერგია XXI”-ის გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სპს ,,ნ------------“ დავალიანების 1377.43 ლარის მოთხოვნის უფლება. 1377.43 ლარის დავალიანება სპს ,,ნ-----------ს“ წარმოეშვა სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით და ქვითრით. ვინაიდან სპს ,,ნ------------“ მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად სამინისტროს მოთხოვნაა მოპასუხეს დაეკისროს არსებული დავალიანების 1377.43 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 29-31);

- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ.32-33);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა სააბონენტო ბარათი (აბონენტის დასახელება: სპს ,,ნ-----------“, აბონენტის №1710051532; მისამართი: ბაღდათი, დიმი), აბონენტის ბარათში ასახულია მონაცემები 30.11.2009-ს მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ.37);

 

3.2.3. დადგენილია, რომ აბონენტის დავალიანება დაგროვდა 2006 წლის 01 აპრილიდან მოყოლებული და 2007 წლის 25 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1377.43 ლარს, შესაბამისად სს ,,ენერგია XXI”-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოცემული პერიოდიდან. ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის უფლება მოსარჩელე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმოეშვა 2010 წლის 11 მარტს, თუმცა მხოლოდ 2019 წლის 18 ოქტომბერს მომართა სასამართლოს მოპასუხე სპს ,,ნ------------“ დავალიანების დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სპს ,,ნ------------“ აბონენტის ბარათი (იხ. ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 207, 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მუხლი.

- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი “

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამოსილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ფომინი მოლდოვას წინააღმდეგ’’ აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში ,,Suominen v. Finland ‘’ §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.

 

შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.( საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას, თუმცა სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდა, თუმცა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.

 

6.2 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისმენს რა მხარეთა პოზიციებს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" ელექტროენერგიას აწვდიდა სპს ,,ნ-----------ს“, ხოლო მოპასუხეა ვალდებული წარმოადგინოს მტკიცებულებები და ამტკიცოს, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს, და რომ, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე სპს ,,ნ-----------ს“ და სს ,,საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას" შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დავალიანების წარმოშობის პერიოდად მიუთითა 2006-2007 წლები, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით, ქვითრით და ბილინგის ამონაწერით. მხარეთა განმარტებით უდავოა და დადგენილია, რომ სპს ,,ნ-----------ს“ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოპასუხეს, იმის დასადასტურებლად, რომ მას სრულად აქვს გადახდილი 2006-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2006 წლის 04 აპრილიდან 2007 წლის 25 ივნისამდე პერიოდში მოპასუხემ მოიხმარა 1377.43 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და თანხა არ გადაუხდია.

 

2007 წლის 30 მაისამდე სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის ” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის “ მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა გაფორმებულიყო შედარების აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენდა და მომხმარებელს წარუდგენდა ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავდა ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას“ წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

6.5. სსიპ „საწარმოთა მართვის “ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რიონჰესის“, სს „გუმათჰესების კასკადის“, სს „ლაჯანურჰესის“, სს „ძევრულჰესის“, სს „შაორჰესის“, შპს „აწჰესის“, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა“ და შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ენერგია XXI“-ე, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია. შესაბამისად სს ,,ენერგია XXI”-ის მიმართ, რომელიც შეიქმნა სსიპ ,,საწარმოთა მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N1-3/736 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე სპს ,,ნ-----------ს“ გააჩნდა დავალიანება 2006 წლის 01 აპრილიდან 2007 წლის 25 ივნისამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება 1377.43 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და, მეორე მხრივ, სს „ენერგია XXI“ -ის გაკოტრების მმართველს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდა კრედიტორისათვის, აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. 2010 წლის 11 მარტს, ერთი მხრივ, სს „ენერგია XXI“-ს და მეორე მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს (კრედიტორი) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ქონების მიმღები) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც, მიმღებს გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის სპს ,,ნ------------“ დავალიანება 1377.43 ლარის ოდენობით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების შეძენის შესახებ წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობა ესაა უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლა, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის იმ მოცულობით დაკავება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო.

 

მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. უფლებამონაცვლისათვის მოთხოვნის დათმობამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მოთხოვნის დათმობის შედეგად მოთხოვნა ან უფლება საკუთრებად გადაეცემა სხვა პირს და შესაბამისად, ის სამართლებრივი შედეგები რაც დათმობილ მოთხოვნას ახლავს თან უფლებამონაცვლისათვის წარმოიშვება.

 

როგორც აღინიშნა მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 199-ე მუხლების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, მაგრამ იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე ანუ ხანგრძლივი დროის გასვლამ განსაზღვრული სახით გავლენა მოახდინა პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის სპს ,,ნ------------“ მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის სახელზე ირიცხება 2006 წლის 01 აპრილიდან 2007 წლის 25 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 1377.43 ლარის დავალიანება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე უნდა იქნეს განხილული.

 

საქმეზე თანდართული ბრუნვის ისტორიის თანახმად, მოპასუხე მხარეს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა უნდა ეწარმოებინა ყოველ მომდევნო თვეში.

 

6.8. მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა, როგორც ზემოთ აღინიშნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სადავო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოიშვა სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე.

 

ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები კი პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული) შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს, დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. პროცესუალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა თუ ვინ ითვლება დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც სასამართლოსათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ განცხადება შეუძლია. დავის მხარე, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის დავალიანება. 2007 წლიდან კი გასულია სამ წელზე ბევრად მეტი დრო. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ცალსახად ხანდაზმულია. რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი სპს ,,ნ------------“ მიმართ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე