გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2019
საქმის ნომერი
330310019003003927
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3805-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და---- წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - და---- ზა--–-–---–ი

წარმომადგენელი - მა-–---- ბე---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მა----- კე------–--ე

 

მესამე პირი (16.2) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - თი------ ჩხ---ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „და---- ზა--–-–---–ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის №M---------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და---- ზა--–-–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, თანამდებობაზე მუშაობდა.

 

საქართველოს შინაგან მინისტრის 2019 წლის 6 მაისის NM---------------- ბრძანებით, მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

 

აღნიშნულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის NM---------------- ბრძანება (ს.ფ. 22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

4.1.2. მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი და---- ზა--–-–---–ი 2019 წლის 27-28 თებერვალს, 01-06-11-15-21-25-26-29 მარტს და 03-04-05-08-10 აპრილს არ გამოცხადდა სამსახურში, 2019 წლის 14 მარტს სამსახურიდან თვითნებურად წავიდა სამუშაო საათების დასრულებამდე, ხოლო 20 მარტს სამსახურში გამოცხადდა საათ ნახევრის დაგვიანებით, რის თაობაზეც არ აცნობა უშუალო ხელმძღვანელს.

 

მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მუშაობის კეთილსინდისიერების შესწავლის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოთხოვილ იქნა 01 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით და---- ზა--–-–---–ზე განპირობებული გენერირების მოწყობილობა “DIGIPASS” -ის საშუალებით, დაცულ კომპიუტერულ ბაზაში გადამოწმებული პირების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მოკლე პერიოდში მოძიებული აქვს დიდი რაოდენობის პერსონალური მონაცემები, რომელთაგან დიდ ნაწილზე ვერ ხსნის მოძიების მიზეზს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის ფაქტებს საფუძვლად უდევს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული N5------------------------------------------------------------------------------------------ სამსახურეობრივი ბარათები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ -ტექნიკური სააგენტოდან 2019 წლის 11 აპრილს შემოსული N6---- სამსახურეობრივი ბარათი, შს სამინისტროს მოსამსახურეების მათ შორის მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის ახსნა- განმარტებები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის NM---------------- ბრძანება (ს.ფ. 22);

- ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 130-145);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და---- ზა--–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია; "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი „და---- ზა--–-–---–ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის №M---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასამართლო, აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განა----აროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენდა დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენდა საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავდა მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო, სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონი, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის მიხედვით, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას. პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში. პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. პოლიციელი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა ღირსების პატივისცემა, სიცოცხლის უფლება, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საკუთრების უფლება, აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით.

 

მითითებული კოდექსის მე-2 მუხლის, 2.7, 2.8, 2.13 და 2.18 პუნქტების თანახმად, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, პოლიციელი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებსა და იმ ბრძანებებზე, რომლებსაც ის აძლევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს. პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. ამასთანავე, პოლიციელმა არ უნდა შესთავაზოს საზოგადოების წევრებს გარკვეული სამსახურის გაწევა რაიმე სახის სარგებლის მიღების სანაცვლოდ. პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისმე-8 მუხლის შესაბამისად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

"პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები - შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა, სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, თანამდებობიდან ჩამოქვეითება, სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება” განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი, ხოლო მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახეა - მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ამავე წესდების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური სახდელის სახეები, მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნა.

 

მითითებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი, რაც მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, პოლიციის მაიორის თანამდებობაზე მუშაობდა. საქართველოს შინაგან მინისტრის 2019 წლის 6 მაისის NM---------------- ბრძანებით, მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ მოსამსახურის შეუფერებელი ქმედებისათვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. აღნიშნულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში. ამასთან, დაუშვებელია სხვა ნებისმიერი ორგანოსა თუ პირის ჩარევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რასაც შეიძლება საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებაში მისთვის დაბრკოლების შექმნა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ საჯარო-სამართლებრივ ვალდებულებას - საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, მიღების, გამოცემის თაობაზე ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამგვარი აქტი ექვემდებარება გასაჩივრების პირობებში სასამართლოს მხრიდან სრულ სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს ამოცანას იმის შეფასება წარმოადგენდა, თუ როგორ განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მიმართ, სწორად იქნა, თუ არა ბალანსი დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება, დაცვა, ასევე პოლიციის კანონიერად და ეთიკურად ფუნქციონირება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების - პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცავს პირის პერსონალურ მონაცემებს გამჟღავნებისაგან თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, კერძოდ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ს/ნ 2/3/406, 408), სადაც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მთავარი სუბიექტი არის პირი, რომლის კერძო სფეროს მიკუთვნებული მონაცემებიც დაცულია ოფიციალურ წყაროებში. შესაბამისად, ამ პუნქტით დაცული სიკეთე არის კერძო, პრივატული ხელშეუხებლობა, პირადი მონაცემების საიდუმლოება. ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტურ უფლებას მოითხოვოს სახელმწიფოსაგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება - არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია ძირითადი უფლების პროპორციული შეზღუდვისთვის ტიპიური პირობები - შეზღუდვა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული და ამ პუნქტში ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს მაინც უნდა ემსახურებოდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მაიდენტიფიცირებელი, ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა, პირადი ცხოვრების დაცვის უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია, რადგან იგი დაკავშირებულია პირის ავტონომიასთან პირადი ნების საფუძველზე გახადოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის მის შესახებ ინფორმაცია.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვით პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) დაცული სფეროს ნაწილად არის განმარტებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, CASE OF VON HANNOVER v. GERMANY, (Application no. 59320/00 , 24/09/2004, p.50).

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობა, ადამიანის ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით არის დაცული, რაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების შემთხვევაში, ჩადენილი ქმედების მძიმე ხარისხს განაპირობებს, რომლის შემთხვევაშიც სამსახურიდან დათხოვნა თანოზომიერ საშუალებად უნდა ჩაითვალოს, ხოლო მის განსაკუთრებულ ხასიათს, მოცემულ შემთხვევაში განსაზღვრავს ასევე ის გარემოება, რომ პერსონალური მონაცემები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამუშავებულია პოლიციელის (სუბიექტი) მიერ, პირადი მოტივებით (მოტივი).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მუშაობის კეთილსინდისიერების შესწავლის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოთხოვილ იქნა 01 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით და---- ზა--–-–---–ზე განპიროვნებული გენერირების მოწყობილობა “DIGIPASS” -ის საშუალებით, დაცულ კომპიუტერულ ბაზაში გადამოწმებული პირების და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას მოკლე პერიოდში მოძიებული აქვს დიდი რაოდენობის პერსონალური მონაცემები, რომელთაგან დიდ ნაწილზე ვერ ხსნის მოძიების მიზეზს. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის ფაქტებს საფუძვლად უდევს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული N5------------------------------------------------------------------------------------------ სამსახურეობრივი ბარათები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ - ტექნიკური სააგენტოდან 2019 წლის 11 აპრილს შემოსული N6---- სამსახურეობრივი ბარათი და შს სამინისტროს მოსამსახურეების, მათ შორის მოსარჩელის ახსნა- განმარტებები.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არის დადასტურებული მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მიერ მთელი რიგი პირების შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტი და საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 2019 წლის 24 აპრილის ცნობით, აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავება განპირობებული არ იყო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საქმის წარმოებით.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მას არ ახსოვს რა მიზნებით დაამუშავა მოცემული პერსონალური მონაცემები და ისინი სავარაუდოდ სამსახურებრივი მიზნებით განხორციელდებოდა, ხოლო მისი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები პირადი მიზნებით დაამუშავა.

 

სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მონაცემთა დამუშავებაზე მონაცემთა სუბიექტის თანხმობის არსებობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების მტკიცების ტვირთი, დავის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელს ეკისრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა ვერც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დროს და ვერც სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში.

 

სასამართლო, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არსებობდა დადასტურებული ობიექტური საფუძველი იმის მიჩნევისათვის, რომ მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის მიერ ჩადენილი იქნა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. პირის სამსახურიდან დათხოვნით ბუნებრივია ხორციელდება მის შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, თუმცა კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნისა და ჩარევის ინტენსივობის (ჩადენილი ქმედების სიმძიმის) გათვალისწინებით, ასეთი ჩარევა მართლზომიერად ჩაითვლება, რის გამოც აღნიშნული ჩარევა კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალებაა. შესაბამისად, დაცულ სფეროში ჩარევის ინტენსივობის ხარისხი, კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულია.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „და---- ზა--–-–---–ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 6 მაისის NM---------------- გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 30 მაისის №1272909 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.7. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამსახურიდან დათხოვნამდე, მის მიერ დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ;

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის, თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას, ასევე ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამსახურიდან დათხოვნამდე, მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.8. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე და---- ზა--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. და---- ზა--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისში, და---- აღმაშენებლის ხეივანი N64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე და---- წერეთელი