გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.04.2019
საქმის ნომერი
140210018002403004
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/753-18 (140210018002403004)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - მ-------–--–---–ი

მოპასუხე - მ-----–--------–---–ი

წარმომადგენელი - გ-------------–---–ი

დავის საგანი - მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს (პირადი N-----------) მამად მ-----–--------–---–ის (პირადი N-----------) აღიარება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა ე-–-----------–--–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში N-----------;

 

1.2. მ-----–--------–---–ისათვის (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ-------–--–---–ი და მ-----–--------–---–ი 2017 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 5 ივლისს მოსარჩელე წავიდა დედასთან რა დროსაც მეუღლისაგან სატელეფონო კავშირის მეშვეობით მიიღო ინფორმაცია, რომ აღარ დაბრუნებულიყო ოჯახში.

 

თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ, ნაადრევი მშობიარობის შედეგად, 2018 წლის 20 იანვარს შეეძინათ შვილი ე-–-----------–--–---–-, ვინაიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ბავშვის სამშობიაროდან გამოყვანა მოხდა დედის გვარით.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მ-----–--------–---–ი არ ცდილობს ბავშვის ნახვას, არ მონაწილეობს შვილის აღზრდა-განვითარებაში და არ უწევს მატერიალურ დახმარებას, მოსარჩელე კი არ მუშაობს და შემოსავალი არ აქვს. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მას შესაბამისი კვება და შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რისი საშუალებაც მას არ აქვს და მშობლები ეხმარებიან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხე დასაქმებულია შპს "ე----–--–-" სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოზე და სტაბილური შემოსავალი აქვს. შესაბამისად, მ-----–--------–---–ი, როგორც მშობელი, ვალდებულია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდაში თანაბრად მიიღოს მონაწილეობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-----–--------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ იგი არის 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს მამა. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, განაცხადა, რომ იგი ოჯახთან ერთად სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით და მუდმივი სამუშაო ადგილი არ აქვს, ხოლო ბავშვის აღზრდაში ხელი შეუშალეს მოსარჩელის ოჯახის წევრებმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ-------–--–---–ი და მ-----–--------–---–ი 2017 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯვრისწერის მოწმობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მ-------–--–---–სა და მ-----–--------–---–ს 2018 წლის 20 იანვარს შეეძინათ შვილი, ე-–-----------–--–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა №-----------;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მ-------–--–---–ი და მ-----–--------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, ე-–-----------–--–---–- ცხოვრობს დედასთან, მ-------–--–---–თან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 12 მარტის ცნობის თანახმად, 2019 წლის 4 მარტის მდგომარეობით, მ-------–--–---–ს არ უფიქსირდება შემოსავალი 2018 წლის აპრილიდან მიმდინარე პერიოდამდე, ხოლო მ-----–--------–---–ს 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 8274 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე მ-------–--–---–ი არ მუშაობს და შემოსავალი არ ერიცხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

3.2.2. მოპასუხე მ-----–--------–---–ს სტაბილური სამსახური არ გააჩნია და 2019 წლის იანვრის შემდგომ შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- შემოსავლების სამსახურის ცნობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს შესწევს უნარი იხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი ოდენობა, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაექარწყლებინა.

 

შემოსავლების სამსახურის ცნობით დგინდება, რომ მ-----–--------–---–ს 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით მიღებული აქვს შემოსავალი 8274 ლარის ოდენობით, თავად მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოცემული დროისათვის მას არ გააჩნია სტაბილური სამსახური და ფაქტობრივად უმუშევარია.

 

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მის მარწმუნებელს გააჩნია საბანკო ვალდებულებები, მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. გარდა ამისა სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს ალიმენტის გადახდისაგან გასანთავისუფლებლად, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა დასკვნის იმგვარად გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოპასუხეს შესწევს უნარი, უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილის რჩენა აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის თავისებურებიდან გამომდინარე, ორივე მშობელია ვალდებული უზრუნველყოს თავიანთი არასრულწლოვანი შვილი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, შესაბამისად, ერთ-ერთი მშობლის შემოსავალი მეორე მშობლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებას საფუძვლად ვერ დაედება - უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო აუცილებელი მოთხოვნილების ფარგლებში, თუ მას აქვს ამის პოტენციალი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები;

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს მამად მ-----–--------–---–ის აღიარება და ე-–-----------–--–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 

მოპასუხე მ-----–--------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა მამად აღიარების ნაწილში ცნო, ამდენად, მ-------–--–---–ს სარჩელი მ-----–--------–---–ის მიმართ, ე-–-----------–--–---–-ს მამად მ-----–--------–---–ის აღიარებისა და ე-–-----------–--–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს როგორც ალიმენტის მიმღების, ისე მისი გადამხდელი პირების როგორც მატერიალურ, ისე ოჯახურ მდგომარეობაში. შესაძლებელია დამატებიტი შემოსავლის წყაროს გაჩენა, კმაყოფაზე მყოფი პირის გარდაცვალება ან ოჯახის ახალი წევრის გაჩენა, პირის ქმედუნარიანად აღიარება, ავადმყოფობა და სხვა. თითოეული გარემოება შეიძლება ალიმენტის ადრე დადგენილ ოდენობაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდეს. სასამართლოს შეუძლია ალიმენტის მიმღები პირის ან მისი გადამხდელის სარჩელის საფუძველზე შეამციროს ან გაზარდოს ალიმენტის ადრე დადგენილი ოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, ამ ეტაპზე მოპასუხეს უდასტურდება თუ არა შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოპასუხის შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილი აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება მ-------–--–---–თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის თებერვლის თვეში - 158.7 ლარს, მარტის თვეში 165.5 და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ-----–--------–---–ს არასრულწლოვანი შვილის - ე-–-----------–--–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ-------–--–---–ი ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო 49.3 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 60 ლარი, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას მ-------–--–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 15 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 169-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------–--–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მ-----–--------–---–ი (პირადი №-----------; დაბადებული 04.06.1983 წ.), ცნობილ იქნეს 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს (პირადი №-----------) მამად. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შეიტანოს ცვლილება 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს დაბადების სააქტო ჩანაწერში №67181000116 და გასცეს დაბადების მოწმობა, სადაც მამის გრაფაში მითითებული იქნება მამა - მ-----–--------–---–ი.

 

1.2. მ-----–--------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 20 იანვარს დაბადებული ე-–-----------–--–---–-ს (პირადი №-----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

 

2. მ-----–--------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს მ-------–--–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გაღებული სახელმწიფო ბაჟიდან 15 (თხუთმეტი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე მ-------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 85 (ოთხმოცდახუთი) ლარი, რაც 2018 წლის 18 აპრილს №8 საგადახდო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300843150, ბანკის კოდი: TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი