განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110140019003147523
N1/210-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ნ---- ქ---–---, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ა---------–----–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ბაქოს ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 24 მაისს, ქ.საჩხერეში, გომართელის ქუჩა N3-ში მდებარე მაღაზიაში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ და მეტჯერ ნასამართლევი ნ---- ქ---–---, დაახლოებით 13:00 საათზე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზიაში მყოფი ნ---- ბ----------ს საფულეს, მასში არსებული 140 ლარის ოდენობის თანხით და სხვა პირადი ნივთებით. ჩადენილი ქმედებით ნ---- ბ---------ს მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ნ---- ქ---–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე, მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ქ---–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ნ---- ბ----------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების ლ--- ი---------, ზ---- ც---–---- და ზ---- ა---–----- გამოკითხვის ოქმები; ნ---- ქ---–---ს გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის და 2019 წლის 21 მარტის განაჩენები ნ---- ქ---–---ს მიმართ; საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.
8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ნ---- ქ---–---ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრებას და მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. იგი სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ძალადობას და სხვა. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისათვის. დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, იგი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა მისი მოქმედება აშკარა ხასიათს ატარებს. ქურდობა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს (ქონებას), ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.
ქურდობას აქვს მთელი რიგი დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ქმედება - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა მითითებულია სსკ 177-ე მუხლის შენიშვნაში. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის (ქონების) ღირებულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებას ქმნის ქურდობა ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის. ესაა პერსონალური ნიშნით დამძიმებული შემადგენლობა. მუხლის ამ ნაწილით ფაქტობრივად აღიარებულია ერთგვაროვან დანაშაულთა საშიში რეციდივი. კანონი სწორედ ამ პრინციპით ამკაცრებს ასეთ პირთა პასუხისმგებლობას. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ნ---- ქ---–---მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
11. ნ---- ქ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა გადავადებული სასჯელის პირობებში.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ---- ქ---–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ბრალდებული გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან და მცირეწლოვან (1 წლის და 11 თვის) შვილთან ერთად. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ნ---- ქ---–---ს საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
14. საქართველოს სსკ 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სსკ 61-ე მუხლის შესაბამისად კი, დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება: ა) შინაპატიმრობის ორი დღე; ბ) გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შინაპატიმრობისთვის ან თავისუფლების აღკვეთისთვის მიმატების შემთხვევაში დამოუკიდებლად გამოიყენება. აღნიშნული დანაწესის თანახმად, ნათელია, რომ სსკ 61-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეჯამება ეხება ისეთ გარემოებას, როდესაც სახეზეა ერთი არასაპატიმრო და ერთი საპატიმრო სასჯელი (განაჩენი). რაც შეეხება ისეთ ვითარებას, როდესაც სახეზეა გადავადებული, საპატიმრო სასჯელი (განაჩენი) და ამ პერიოდში ბრალდებული კვლავ ჩადის დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო უალტერნატივოდ დგას მეორე შემთხვევაშიც საპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაშე, ბრალდებულს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით (განაჩენთა ერთობლიობით), ვინაიდან, დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა განსაზღვრისას, სსკ 61-ე მუხლი, თავის თავში მოიცავს სსკ 59-ე მუხლს (განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა განსაზღვრას). მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოდგენს, რომ ნ---- ქ---–--- მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და სასჯელად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც გადავადებული აქვს მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამარტოს მიაჩნია, რომ საბოლოოდ, ნ---- ქ---–---ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სასჯელთა შთანქთმის პრინციპით, კერძოდ: ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 8 (რვა) წლის ვადით, უნდა შთანთქას წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
15. საქართველოს სსკ 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსსკ 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ფიზიკურ მდგომარეობის (ორსულობა) გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია სსკ 75-ე მუხლის საფუძველზე, ნ---- ქ---–---ს დანიშნული სასჯელი გადაუვადდეს მშობიარობის შემდეგ ერთ წლამდე.
ნივთიერი მტკიცებულებები:
16. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---- ქ---–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ნ---- ქ---–---ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენებით, ნ---- ქ---–---ს დანიშნული სასჯელის მოხდა გადაუვადდეს მშობიარობის შემდეგ 1 (ერთი) წლამდე;
ნ---- ქ---–---სათვის განსაზღვრული სასჯელის გადავადების პერიოდში, მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
მსჯავრდებულ ნ---- ქ---–---ს დაევალოს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს);
ნ---- ქ---–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნ---- ბ----------ს კუთვნილი საფულე, დაუბრუნდეს ნ---- ბ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე